საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის პროექტის განხილვას კომიტეტებში იწყებს

© фото - Александр Имедашвили, NEWSGEORGIAпарламент
парламент - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვას და პლენარულ სხდომაზე გატანისთვის მომზადებას იწყებს.

 

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვას და პლენარულ სხდომაზე გატანისთვის მომზადებას იწყებს, განუცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ორშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ.

”გამორიცხული არაა, რომ ამ კვირაში პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტს მიიღებს პირველი მოსმენით, თუ იურიდიული კომიტეტი ამ დროისთვის კანონპროექტის მომზადებას შეძლებს”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

”სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ახალი კონსტიტუციის პროექტზე 15-თვიანი მუშაობის და საქართველოში ვენეციის კომისიის წევრების ვიზიტის შემდეგ, ვფიქრობ, დადგა დრო, დაიწყოს კონსტიტუციის პროექტის განხილვა”, - განაცხადა მაჭავარიანმა. 

საპარლამენტო ოპოზიციამ წინადადებაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტის პირველი მოსმენით მიღების თაობაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ მისმა წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საბოლოოო მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას უნდა დაელოდონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგნენ დოკუმენტის განხილვას მეორე მოსმენით.

პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების მიმართ თავის თანხმობას გამოხატავს და მხოლოდ მეორე მოსმენით დაიწყებს ახალი კონსტიტუციის მუხლობრივ განხილვას. მესამე მოსმენით დეპუტატებს დოკუმენტში მხოლოდ სარედაქციო ცვლილებები შეაქვთ და საბოლოოდ იღებენ კანონს.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  ”ქრისტიან-დემოკრატების” ფრაქციიდან ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კონსტიტუციის საყოველთაო განხილვის კომისიის შემაჯამებელი სხდომის დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 12 შეუთანხმებელ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება.

”ეს 12 შეუთანხმებელი საკითხი ვენეციის კომისიის პოზიციას ემთხვევა და მიგვაჩნია, რომ ჯობს, საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით კომისიის შემაჯამებელ დასკვნას დაველოდოთ”, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მიხეილ მაჭავარიანი, თავის მხრივ, ვენეციის კომისიის წერილობითი დასკვნის დალოდებას საჭიროდ არ მიიჩნევს, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება წარმოდგენილი.

”ჩვენ ვიცით კომისიის ყველა რეკომენდაცია და არ ვფიქრობთ, რომ წერილობითი შემაჯამებელი დასკვნის დალოდება აუცილებელია, მით უფრო, რომ ვენეციის კომისიამ უკვე იცის, რომ მისი შენიშვნების უმეტესობის გათვალისწინებას ვაპირებთ”, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0