საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში რიგ შეხვედრებს გამართავს - კალანდაძე

გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც აშშ-ში ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში რიგ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში რიგ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს ბრიფინგზე.

კალანდაძის თქმით, ვაშაძე დახურულ ფორმატში შეხვედრას გამართავს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დეპარტამენტების დირექტორებთან. 

”შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღებენ”, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, ნიუ-იორკში ასევე ჩატარდება სუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო.

”შეხვედრაზე განიხილება სუამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები და მოხდება განხორციელებული პროექტების შეფასება. ამასთან, გაიმართება სუამის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას აშშ, იაპონია, პოლონეთი, ჩეხეთი და ვიშეგრადის ჯგუფი”, - აღნიშნა კალანდაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ორშაბათს ჩაბიდა.

ყველა ახალი ამბავი
0