საქართველოში ირანის პრეზიდენტის ვიზიტი არ იგეგმება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არა აქვს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ირანული მასმედიის ინფორმაციის კომენტარისას, სადაც საუბარია აჰმადინეჯადის შესაძლო ვიზიტის შესახებ აზერბაიჯანში.

”ირანის პრეზიდენტი რეგიონულ ვიზიტს რომ აპირებდეს, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გვექნებოდა. ყოველ შემთხვევაში, აჰმადინეჯადის რეგიონულ ტურნეში საქართველო არ იგულისხმება”, - განაცხადა კალანდაძემ.

ორშაბათს ირანული მასმედია იუწყება, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის ვიზიტი აზერბაიჯანში.

სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანის” ინფორმაციით, ბაქოში ირანის საელჩოში ვიზიტის შესაძლებლობა დაადასტურეს, მაგრამ ზუსტი თარიღი არ მიუთითებიათ.

ამასთან, ირანული მასმედიის მონაცემებით, დადასტურებულია აზერბაიჯანში ირანის თავდაცვის მინისტრის აჰმად ვაჰიდის ვიზიტის თარიღი - 11 ოქტომბერი. ორდღიანი ვიზიტის მიზანია ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაფართოება.

ყველა ახალი ამბავი
0