Вальтер Келин

გაეროს წარმომადგენელმა დევნილების გადასახლების გამო საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში ვალტერ კელინმა პრესკონფერენციაზე საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა.

თბილისი, 16 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში ვალტერ კელინმა (Walter Kaelin) თბილისში ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა იმ ფაქტების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა დედაქალაქში დევნილების კოლექტიური ჩასახლების ადგილებიდან გასახლების დროს, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.

”იძულებით გადაადგილებული პირები ღირსეულ მოპყრობას იმსახურებენ, რაც მათი საცხოვრებელი ობიექტების დახურვის და ალტერნატიული პირობებით უზრუნველყოფის შესახებ ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს”, - განაცხადა კელინმა.

მან აღნიშნა, რომ ის ფორმები, რომლებიც ამ ადამიანების გასახლების დროს იქნა გამოყენებული, მიუღებელია, რადგანაც ”ადამიანებს ალტერნატიული წინადადებების გარეშე ასახლებდნენ”. ამასთან, გენერალური მდივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც დევნილები ”უზრუნველყოფილები არიან საცხოვრებელი პირობებით, მაგრამ არსებობის პირობები მათ არა აქვთ”.

”აუცილებელია ამ ორი ფაქტორის ერთად უზრუნველყოფა იმისთვის, რომ დევნილების უფელებები დაცული იყოს”, - აღნიშნა კელინმა.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის დროს ის ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და იმედი აქვს, რომ მომავალში, დევნილების გადასახლების დროს, ყველა წესი დაცული იქნება.

ამასთან, კელინმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ქმედებების გეგმა იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში, რომელიც, მისი თქმით, ორ ძირითად პრინციპს ითვალისწინებს - დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და მათი მშობლიურ სახლებში დაბრუნებისთვის მუშაობის გაგრძელებას.


0