აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში ჩამოვიდა - საელჩო

გამოწერა
პარასკევს დილით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში ტინა კაიდანოვი (Tina Kaidanow) ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს აშშ-ის საელჩოს პრეს-სამსახურში.

 

Грузия США

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. პარასკევს დილით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში ტინა კაიდანოვი (Tina Kaidanow) ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს აშშ-ის საელჩოს პრეს-სამსახურში.

ეს მისი გეგმიური სამუშაო ვიზიტია, რომლის ფარგლებშიც კაიდანოვი შეხვდება ქვეყნის ხელმძღვანელობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. კაიდანოვის ბოლო ვიზიტი საქართველოში ამა წლის მაისში შედგა.

გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კაიდანოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკოლოზ გილაურთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

”მისი ვიზიტის მთავარი თემა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის (საქართველოსა და აშშ-ს შორის დადებული) ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრის მომზადება გახდება”, - აღნიშნა მან.

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბათუ ქუთელიას განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ოქტომბერში იგეგმება.

საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას ხელი 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში მოეწერა. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას ორ ქვეყანას შორის თავდაცვის და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0