საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით საკუთარი ქმედებებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიზანი სამხრეთ ოსეთში ომის დროს საერთაშორისო სამართლის საკუთარი უხეში დარღვევებისგან საზოგადოების ყურადღების გადატანაა.

 

МИД РФ

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიზანი სამხრეთ ოსეთში ომის დროს საერთაშორისო სამართლის საკუთარი უხეში დარღვევებისგან საზოგადოების ყურადღების გადატანაა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. თბილისი მოსკოვს ადანაშაულებს 1965 წლის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარვევაში და მის პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვს. საქართველო ამტკიცებს, რომ 1990 წლიდან მოყოლებული, რუსეთი უშუალოდ, ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობების მხარდაჭერით, ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციას ახორციელებს.

”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” მორიგი მოსმენები 13-17 სექტემბერს გაიმართება. რუსული მხარის მიერ წარდგენილ პროტესტთან დაკავშირებით, პროცესის ამ სტადიაზე სასამართლოს მოუწევს შეისწავლოს საკითხი, აქვს თუ არა მას იურისდიქცია, ანუ უფლებამოსილება, განიხილოს ქართული სარჩელი.

”ჩვენი პოზიციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს მიერ, თავისი არსით, ინიცირებულია ხელოვნური სასამართლო გარჩევა, რომლის მიზანიც საერთაშორისო სამართლის საკუთარი უხეში დარღვევებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანაა”, - აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების აზრით, ”სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ გადაწყვეტილების იმედის” საფუძველი არის და ”რუსული მხარის არგუმენტაცია ვითარებით წერილობით დასკვნაშია გადმოცემული, რომელიც, ალბათ, სასამართლოს სამდივნოს მიერ ზეპირი მოსმენების გახსნის დღეს გახმოვანდება”.

მოსმენების განრიგი ორ რაუნდს ითვალისწინებს: რუსეთის წარმომადგენლები სასამართლოში გამოდიან 13 და 15 სექტემბერს, საქართველოსი - 14 და 17 სექტემბერს. რუსეთის აგენტები მოცემული საქმის გარჩევის ფარგლებში არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი კირილ გევორგიანი და ნიდერლანდების სამეფოში რუსეთის ელჩი რომან კოლოდკინი, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

როგორც, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, თბილისს ამ სარჩელის განხილვისას წარმატების იმედი აქვს.

”ეს ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესია... იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ჩვენს არგუმენტებს გაითვალისწინებს. ჩვენ წარვადგინეთ სრულფასოვანი არგუმენტაცია აუცილებელ ვადებში და იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ”, - განაცხადა კალანდაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0