თბილისში საარჩევნო სიების პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
თბილისში ოფიციალურად გაიხსნა ევროპის ქვეყნების არჩევნების ორგანიზატორთა ასოციაციის XIX საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პრობლემატიკას ეძღვნება.

Избирательный кодекс, выборы

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. თბილისში ოფიციალურად გაიხსნა ევროპის ქვეყნების არჩევნების ორგანიზატორთა ასოციაციის XIX საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პრობლემატიკას ეძღვნება.

კონფერენციას მსოფლიოს 39 ქვეყნის დაახლოებით 160 წარმომადგენელი ესწრება. ის ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ზურაბ ხარატიშვილმა გახსნეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსთვის დემოკრატიული და გამჭვირვალე საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია.

”ბოლო დროს საქართველოში, ამომრჩეველთა უფრო ზუსტი სიების ჩამოყალიბების მიმართულებით, ბევრი გაკეთდა, მაგრამ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, რათა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიების პრობლემა საბოლოოდ გადაჭრილი იყოს”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა საარჩევნო სისტემისადმი საზოგადოებაში ნდობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

”ჩვენი ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ვაღიარებთ ქვეყნის საარჩევნო სისტემაში მიღწეულ პროგრესს”, - განაცხადა ევროპის ქვეყნების არჩევნების ორგანიზატორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ზოლტან ტოტმა (Zoltan Toth). მან იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოში გაიზრდება ისეთი ქვეყნების რაოდენობა, სადაც მთავრობას დემოკრატიული გზით ირჩევენ და არა ”ძალისმიერი გზით”.

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარემ უილიამ სუინიმ (William Sweeney) თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების დაცვა და პოლიტიკურ პროცესებში და კენჭისყრის პროცესში ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართვა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები.

სამი დღის განმკავლობაში კონფერენცია განიხილავს ”გარდამავალი დემოკრატიის” ქვეყნებში ამომრჩეველთა ზუსტი სიების ჩამოყალიბების, სამართლებრივ და პროცესუალურ საკითხებს, ასევე ევროპის ქვეყნების არჩევნების ორგანიზატორთა ასოციაციის ქვეყნებში არჩევნების სპეციფიკის საკითხებს. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების გამოფენა.

კონფერენციაში მონაწილეობისთვის მოწვეული იყო რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია, დღის წესრიგში იდგა კომისიის ხელმძღვანლის ვლადიმირ ჩუროვის სიტყვით გამოსვლა, მაგრამ, როგორც ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ცესკოს პრეს-სამსახურში აცნობეს, რუსეთის დელეგაცია თბილისში არ ჩამოსულა.

საქართველო ევროპის ქვეყნების არჩევნების ორგანიზატორთა ასოციაციას 2009 წელს შეუერთდა, ხოლო 2010 წელს ასოციაციის პრეზიდენტი გახდა.

0