საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა შესუსტდეს - ბაქრაძე

4
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, ახალი კონსტიტუციის მიღებისას პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტის შენარჩუნების შესახებ, მხარი დაუჭირა.

 

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, ახალი კონსტიტუციის მიღებისას პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტის შენარჩუნების შესახებ, მხარი დაუჭირა.

გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა,რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებას არ აპირებს, მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომლებიც უფლებამოსილების ნაწილის პრემიერისთვის გადაცემას ითვალისწინებს. სააკაშვილის თქმით, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყანას ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების ინსტიტუტი სჭირდება.

”თუ გავითვალისწინებთ იმ საფრთხეებს, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას და იმ რეალობას, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა გრძელდება, პრეზიდენტის ინსტიტუტი აუცილებლად ძლიერი უნდა იყოს”, - განაცხადა ბაქრაძემ ორშაბათს, კონსტიტუციის პროექტის მეცნიერებათა აკადემიაში განხილვისას.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი აუცილებლად პირდაპირი გზით უნდა აირჩეს.

”საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობის ნდობის ძლიერი მანდატი უნდა ჰქონდეს, რომ კრიტიკულ და კრიზისულ მომენტში მას პირდაპირი გადაწყვეტილების მიღება შეეძლოს”, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ეს რეალობა საკონსტიტუციო კომისიის მიერ გათვალისწინებულია და შემუშავებულია სახელმწიფოს მართვის სწორედ ის მოდელი, რომელიც პრეზიდენტს, პარლამენტს და მთავრობას შორის ფუნქციებს აბალანსებს, მაგრამ ეს რომელიმე ინსტიტუტის შესუსტების ხარჯზე არ მოხდება.

საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა და უახლოეს მომავალში, საყოველთაო განხილვის კომისიის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან და დიპლომატიურ წრეებთან შეხვედრის შემდეგ, კონსტიტუციის პროექტი განსახილველად პარლამენტში შევა.

4