ბათუმში 9 მაისს „უკვდავი პოლკის“ საერთაშორისო აქცია გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა ხდებოდა ქალაქში ამ დღეს.
აჭარის დედაქალაქში გამართულ აქციაში ათობით ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მისი მსვლელობის დროს გარკვეულმა სირთულეებმა იჩინა თავი.
საქმე ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს მოწყობილი ბათუმის სანაპირო მემორიალი, რომელიც დიდ სამამულო ომს ეძღვნებოდა, და მარადიული ცეცხლი 2012 წლის თებერვალში მოხსნეს და მის ადგილზე მოქმედი საბაგიროს ქვედა სადგური აშენდა.
შემდეგ ბათუმის იუსტიციის სახლთან ახლოს გმირთა ხეივანი მოეწყო და დაიდგა ჟიული შარტავას ძეგლი, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა. ამის შემდეგ 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ძეგლიც აღიმართა. ამ ხეივანში დაიწყო ღონისძიების გამართვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დიდ სამამულო ომში დაღუპულ ქართველთა ხსოვნას ეძღვნებოდა.
„უკვდავი პოლკის“ მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს ჟიული შარტავას ძეგლამდე, სადაც მათ კონტრაქციის მონაწილეები ელოდნენ. შემდგომ მოვლენებში ჩაერია პოლიციაც, რომელმაც ორივე აქციის მონაწილეები კორდონით გაყო ერთმანეთისგან. გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთის მისამართით შეძახილების შემდეგ ორივე აქცია დაიშალა.
„უკვდავი პოლკი“ დიდ სამამულო ომში მონაწილე ჯარისკაცების თავდადების, ხსოვნისა და გმირობის უკვდავყოფის სამოქალაქო ინიციატივაა. ყოველ წელს აქციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მონაწილეობენ მეომართა შთამომავლები, რომლებსაც ხელში საკუთარი წინაპრების სურათები უჭირავთ.