რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას, დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რადარებიდან გაქრა Ту-154-ის ნიშანი, რომელიც ადლერის აეროდრომიდან გეგმიურ გადაფრენას ასრულებდა. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალა, თუ როგორ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კატასტროფის ადგილზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, Ту-154-ის კორპუსის ფრაგმენტები შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროდან 1,5 კილომეტრის დაშორებით 50-70 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.
სამხედრო უწყების მონაცემებით, თვითმფრინავში 92 ადამიანი იმყოფებოდა — ეკიპაჟის 8 წევრი და 84 მგზავრი, რომელთა შორის იყვნენ ალექსანდროვის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის 64 მსახიობი, რომლებიც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ჯგუფისთვის ახალი წლის მისალოცად მიფრინავდნენ სირიაში ჰმეიმიმის ბაზაზე. თვითმფრინავში ასევე იმყოფებოდა ჟურნალისტთა ჯგუფი და საქველმოქმედო ფონდ "სამართლიანი დახმარების" ხელმძღვანელი ელიზაბეტ გლინკა, რომელიც ცნობილია როგორც დოქტორი ლიზა.