სატვირთო ვაგონი

საქართველოს რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვები რეკორდულად გაზარდა

31
(განახლებულია 14:25 21.07.2021)
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2021 წლის პირველ ნახევარში სარკინიგზო ტრანზიტი 19%-ით გაიზარდა.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთბუნვა 2021 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა და 6 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის ორი კვარტლის შედეგები რეკორდულია ბოლო 11 წლის განმავლობაში.

2019 წელს კომპანიის ინიციატივით სხვადასხვა სარკინიგზო ადმინისტრაციასთან, საზღვაო გადამზიდავებსა და საპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელებთან ერთად შემუშავდა გადაზიდვების ერთიანი პირობები. კერძოდ, დაწესდა ერთიანი გამჭოლი და სეზონური ტარიფები. 

შედეგად – 95%-ით გაიზარდა თურქმენეთიდან ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის როგორც ნათობპროდუქტების, ისე მშრალი ტვირთების (მინერალური სასუქები, კარბამიდი, გოგირდი და სხვ.). მიმდინარე წლის ბოლო თვეებში გაზრდილია საქართველოს გავლით უზბეკური მშრალი ტვირთების გადაზიდვაც.

ასევე 70%-იანი მატება არის აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ტრანზიტში.

გარდა ამისა, რეკორდულად მაღალია ჩინეთი–ევროპის მიმართულების საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა. მიმდინარე წლის 6 თვეში გადაიზიდა 4.679 კონტეინერი (TEU), რაც წინა წლის მაჩვენებელზე 266%-ით მეტია.

ჯამურად საქართველოს კორიდორით სარკინიგზო ტრანზიტმა საანგარიშო პერიოდში 3,5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია.

გარდა სატრანზიტო გადაზიდვებისა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ადგილობრივი გადაზიდვები 21%-ით, შემოსავლები კი 14%-ით გაიზარდა. 

სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" ამჟამად როგორც სარკინიგზო გზების, ისე სარკინიგზო შემადგენლობების მფლობელია და თავად ადგენს მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის ტარიფებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს სარკინიგზო გადაზიდვები 10,9 მლნ-დან 11,1 მლნ ტონამდე გაიზარდა. რაც შეეხება მგზავრთნაკადს, კომპანიამ 800 ათასი ადამიანი გადაიყვანა.

საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლება ამ მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი–დასავლეთი, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო განშტოება ბაქო–თბილისი–ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

31
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1111)
ნათია თურნავა

იაპონური კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

31
(განახლებულია 20:36 29.07.2021)
ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილ კორპორაცია „ტოიოტა ცუშოს“ წარმომადგენლებთან საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. იაპონური კორპორაცია „ტოიოტა ცუშო“ (Toyota Tsusho Corporation) საქართველოს ენერგეტიკითა და, მათ შორის, ე.წ. „მწვანე წყალბადის“ წარმოებით დაინტერესდა, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაპონური კორპორაცია „ტოიოტა ცუშოს“ (Toyota Tsusho Corporation) დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა.

„ტოიოტა ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე უკვე არის წარმოდგენილი. თუმცა შესაძლოა, ეს კომპანია ასევე გახდეს ინვესტორიც, რომელიც დაინტერესებულია ენერგეტიკით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოებით. ჩვენ ამ ინოვაციურ მიმართულებას ვავითარებთ და ვფიქრობთ, რომ საპილოტე პროგრამის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, იაპონიის მსხვილი კორპორაციები ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. სწორედ საინვესტიციო გეგმებს მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრაც.

საქართველოში იაპონიის ელჩის იმამურა აკირას განცხადებით, „ტოიოტა ცუშო“ იაპონიის უდიდეს სავაჭრო კომპანიებს შორისაა და ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ქარხნების მშენებლობა, ენერგეტიკის განვითარება, ფინანსები, ლოგისტიკა და სხვ.

ელჩის თქმით, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი, იყოს პარტნიორი სამომავლო ბიზნეს-ურთიერთობებში, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის სფეროს მიმართულებით.

„იაპონიის მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს იაპონური კომპანიების ამ აქტივობას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით – საქართველოში. შეხვედრაზე დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი პერსპექტივა, იდეა და ასევე ამ იდეების უახლოეს მომავალში განხორციელების გზები“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

კორპორაცია „ტოიოტა ცუშო“ „ტოიოტა ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში საქმიანობს და 66.000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს.

31
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1111)
ბაზრობა

საქართველოში ბაზრობების რაოდენობა დათვალეს

48
(განახლებულია 10:41 29.07.2021)
საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53,9 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 37,8 ათასი კაცი ვაჭრობს.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. 2021 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში 201 ბაზარი ფუნქციონირებდა, რომელთა მესამედიც თბილისშია განთავსებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

„საქსტატის“ მონაცემებით, რეგიონებში ბაზრების ყველაზე მეტი რაოდენობა განთავსებულია იმერეთში, ყველაზე ნაკლები რაჭ–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ამასთან, ბაზრების ძირითადი ნაწილი სასურსათოა, არასასურსათო პროდუქციით კი ბაზრების მესამედი ვაჭრობს. 

რეგიონი ბაზრების რაოდენობა
თბილისი 61
აჭარა 11
გურია 3
იმერეთი 41
კახეთი 24
მცხეთა–მთიანეთი 4
რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 2
სამეგრელო–ზემო სვანეთი 25
სამცხე–ჯავახეთი 6
ქვემო ქართლი 15
შიდა ქართლი 9

საქართველოში არსებული ყველა ბაზარი 1,9 მლნ კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე კი 50,8 ათასი მეტრია 

საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ბაზრებზე განთავსებულია 69 ვეტერინარულ–სანიტარული ლაბორატორია, 1,3 ათასი საწყობი და 385 მაცივარი.

ამასთან, 201–დან 157 ბაზარი სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში ყოველდღიურად ფუნქციონირებს, დანარჩენი კვირაში რამდენჯერმე ან კვირაში ერთხელ მუშაობს.

48
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1111)
დავით ზალკალიანი

როგორ პასუხს გასცემს ქართული ხელისუფლება დასავლეთის კრიტიკაზე: ზალკალიანის ხედვა

0
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. დასავლეთისთვის ცნობილია საქართველოს მმართველი პარტიის არგუმენტები შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ ვაწარმოებთ დამატებით კონსულტაციებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

გუშინ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად  გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მკვეთრი კრიტიკა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლურ კურსში ეჭვი შეიტანეს.

„მინდა, გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნებიდან“, ისე პირადად მე ვარ მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იგივე შარლ მიშელის კაბინეტთან, რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი არგუმენტები მათთვის ამ დღეების განმავლობაში უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც იქნება, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად გავაანალიზოთ, თუ რა სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ზალკალიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის კურსი რჩება პროდასავლური და ამ არჩევანს განსაზღვრავს ქართველი ხალხი და მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომლის საფუძველზე 2 ოქტომბერს ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები.

„ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უკვე აქვს ოფიციალური მოწვევა ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, იქნება ეს OSCE/ODIHR (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - რედ.), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგიონალური ბიურო, თუ სხვა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. ასევე ორმხრივად ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს ამ არჩევნებს. უფრო მეტიც, არჩევნები რომ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ამის გარანტია არის ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სიტუაციის შეფასების მიზნით საქართველოში უკვე იმყოფება ევროპარლამენტარების ჯგუფი. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ემზადება კონსულტაციების მორიგი რაუნდისთვის საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებთან.

 

0