მეშახტეები ტყიბულში

ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება განახლდა - მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს

52
კომპანია „საქნახშირი“ თანამშრომლებს მათი მოთხოვნების საკონსულტაციო საბჭოზე განხილვას დაპირდა. მეშახტეების გაფიცვა 11 დღეს გაგრძელდა.

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ტყიბულში - მინდელისა და ძიძიგურის მაღაროებში - ქვანახშირის მოპოვება განახლდა. მაღაროელებმა გაფიცვა მე-11 დღეს შეწყვიტეს. ნათქვამია კომპანია „საქნახშირის“ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ქვანახშირის მოპოვება 3 ივლისიდან იყო შეჩერებული - მაღაროს 400 თანამშრომელი ითხოვდა ხელფასების 300 ლარით მომატებას და ეწინააღმდეგებოდა ბონუსების სისტემას, რომლითაც, მათი თქმით, ხელფასის დანამატი 30-40 ლარს არ აღემატებოდა. სამთომომპოვებელ კომპანია „საქნახშირში“ მათ მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევდნენ.

„საქნახშირში“ სამუშაო პროცესი სრულად აღდგა. ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრებზე განიხილავენ“, - აღნიშნეს კომპანიაში.

გაფიცვა წამოიწყეს მაღაროს თანამშრომლებმა, რომლებიც არ მოიპოვებენ ქვანახშირს, მაგრამ გამოაქვთ ის შახტიდან. ამის გამო ორივე მაღარო პარალიზებული იყო და ქვანახშირის მოპოვებას აზრი არ ჰქონდა, ვიდრე მისი გამოტანის საკითხი არ გადაწყდებოდა.

როგორც ადრე მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის თანამშრომელთა პროფკავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ Sputnik-საქართველოს განუცხადა, ის მეშახტეები, რომლებიც უშუალოდ მიწის ქვეშ ქვანახშირის მოპოვებაზე მუშაობენ, არ ითხოვენ ხელფასების მომატებას, რადგან მათი ანაზღაურება ორჯერ მეტია, ვიდრე გაფიცულების.

გაფიცულების ხელფასი 450-800 ლარია, ქვანახშირის მომპოვებელი მეშახტეებისა კი - საშუალოდ 1300 ლარი.

ბოლოს „საქნახშირმა“ თანამშრომლებს ხელფასები შარშან 20-30%-ით გაუზარდა. დოლაბერიძის თქმით, ახლა კომპანიას არა აქვს დარჩენილი თანხა, რადგან წარმოების სიმძლავრე შემცირებულია. ადმინისტრაცია საკითხის გადახედვას შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ ქვანახშირის მოპოვება თვეში 30 ათას ტონას მიაღწევს. ამჟამად მოპოვება 20-22 ათასი ტონაა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათთან მოქმედებს ბონუსების სისტემა, რომლის წყალობითაც მეშახტეები დაახლოებით 300-ლარიან დანამატს იღებენ.

მაღაროს თანამშრომლები უარს ამბობენ ბონუსების სისტემაზე და ფიქსირებული ხელფასის მომატებას ითხოვენ.

ამჟამად ტყიბულში ორი მაღარო მუშაობს - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი გაჩერებულია 2018 წლის ივლისიდან, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მიზეზით იქ მუშები დაიღუპნენ.

კომპანია „საქნახშირში“ 1250 ადამიანი მუშაობს, მათგან 600 უშუალოდ მოიპოვებს ქვანახშირს.

 

 

52
ნათია თურნავა

იაპონური კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

28
(განახლებულია 20:36 29.07.2021)
ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილ კორპორაცია „ტოიოტა ცუშოს“ წარმომადგენლებთან საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. იაპონური კორპორაცია „ტოიოტა ცუშო“ (Toyota Tsusho Corporation) საქართველოს ენერგეტიკითა და, მათ შორის, ე.წ. „მწვანე წყალბადის“ წარმოებით დაინტერესდა, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაპონური კორპორაცია „ტოიოტა ცუშოს“ (Toyota Tsusho Corporation) დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა.

„ტოიოტა ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე უკვე არის წარმოდგენილი. თუმცა შესაძლოა, ეს კომპანია ასევე გახდეს ინვესტორიც, რომელიც დაინტერესებულია ენერგეტიკით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოებით. ჩვენ ამ ინოვაციურ მიმართულებას ვავითარებთ და ვფიქრობთ, რომ საპილოტე პროგრამის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, იაპონიის მსხვილი კორპორაციები ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. სწორედ საინვესტიციო გეგმებს მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრაც.

საქართველოში იაპონიის ელჩის იმამურა აკირას განცხადებით, „ტოიოტა ცუშო“ იაპონიის უდიდეს სავაჭრო კომპანიებს შორისაა და ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ქარხნების მშენებლობა, ენერგეტიკის განვითარება, ფინანსები, ლოგისტიკა და სხვ.

ელჩის თქმით, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი, იყოს პარტნიორი სამომავლო ბიზნეს-ურთიერთობებში, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის სფეროს მიმართულებით.

„იაპონიის მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს იაპონური კომპანიების ამ აქტივობას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით – საქართველოში. შეხვედრაზე დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი პერსპექტივა, იდეა და ასევე ამ იდეების უახლოეს მომავალში განხორციელების გზები“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

კორპორაცია „ტოიოტა ცუშო“ „ტოიოტა ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში საქმიანობს და 66.000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს.

28
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ბაზრობა

საქართველოში ბაზრობების რაოდენობა დათვალეს

48
(განახლებულია 10:41 29.07.2021)
საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53,9 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 37,8 ათასი კაცი ვაჭრობს.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. 2021 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში 201 ბაზარი ფუნქციონირებდა, რომელთა მესამედიც თბილისშია განთავსებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

„საქსტატის“ მონაცემებით, რეგიონებში ბაზრების ყველაზე მეტი რაოდენობა განთავსებულია იმერეთში, ყველაზე ნაკლები რაჭ–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ამასთან, ბაზრების ძირითადი ნაწილი სასურსათოა, არასასურსათო პროდუქციით კი ბაზრების მესამედი ვაჭრობს. 

რეგიონი ბაზრების რაოდენობა
თბილისი 61
აჭარა 11
გურია 3
იმერეთი 41
კახეთი 24
მცხეთა–მთიანეთი 4
რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 2
სამეგრელო–ზემო სვანეთი 25
სამცხე–ჯავახეთი 6
ქვემო ქართლი 15
შიდა ქართლი 9

საქართველოში არსებული ყველა ბაზარი 1,9 მლნ კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე კი 50,8 ათასი მეტრია 

საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ბაზრებზე განთავსებულია 69 ვეტერინარულ–სანიტარული ლაბორატორია, 1,3 ათასი საწყობი და 385 მაცივარი.

ამასთან, 201–დან 157 ბაზარი სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში ყოველდღიურად ფუნქციონირებს, დანარჩენი კვირაში რამდენჯერმე ან კვირაში ერთხელ მუშაობს.

48
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

0
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

0