ადამიანები პირბადეებით

რამდენი დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს კორონავირუსის პანდემია

80
სახელმწიფო ვალი 2021 წელს ჩამოსცდება 60-პროცენტიან ნიშნულს და 57 პროცენტი იქნება, ოპტიმისტური სცენარით – 55 პროცენტი, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს კორონავირუსის პანდემია 2020–2021 წლებში 7.2 მლრდ ლარი დაუჯდა, განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. . ამის შემდეგ ერთ თვეში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 2020 წლის 22 მაისს მოიხსნა. საქართველოს საზღვრები იმ პერიოდში (მარტში) ჩაიკეტა და 2021 წლის 1 თებერვლამდე არ გახსნილა – ამ დროიდან გაიხსნა საჰაერო საზღვრები.

„ბიუჯეტმა საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიიღო პანდემიიდან გამომდინარე. ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში. ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, რომლის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, მაგრამ გაგვეყვანა პოსტპანდემიურ პერიოდში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ პერიოდში გადასახადების დანაკლისმა შეადგინა 1.9 მლრდ ლარი, ჯანდაცვის ხარჯები გაიზარდა 0.9 მლრდ ლარით, ბიზნესის მხარდამჭერმა პროგრამებმა შეადგინა 3 მლრდ ლარი, მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1.3 მლრდ ლარი.

„ჯამში 2020-2021 წლებში ბიუჯეტს პანდემია დაუჯდა 7.2 მლრდ ლარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე დაასახელა თანხა, რომელიც საქართველოს პანდემიასთან ბრძოლისთვის საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღო.

„საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი. პანდემიას საკმაოდ მაღალი ბუფერებით შევხვდით, რამაც მნიშვნელოვნად გაგვიადვილა რეაგირება. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ქვეყანას ჰქონდა მოპოვებული მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და გვქონდა საკმაოდ მსხვილი რეფორმების პაკეტი. ეს ყველაფერი იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები დონორებთან ჩვენი წარმატების“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრმა, ამავე დროს, კომენტარი გააკეთა ბიუჯეტის დეფიციტზეც და აღნიშნა, რომ ის კორონავირუსის პანდემიასთან ერთად გაქრება.

 „ბიუჯეტის დეფიციტში საკმაოდ დიდი ნაწილი, თითქმის ნახევარი არის ე.წ. კოვიდის დეფიციტი, რომელიც „კოვიდის“ დასრულებასთან ერთად, ბუნებრივია, დასრულდება“, – განმარტა ხუციშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, ფინანსთა მინისტრს აქაც დადებითი პროგნოზი აქვს 2021 წლისთვის.

„ამ მიმართულებითაც თუ გადახედავთ სხვა ქვეყნებს, სახელმწიფო ვალის ზრდა დაახლოებით ამ მასშტაბით მოხდა პრაქტიკულად ყველგან, გამომდინარე იქედან, რომ ყველა ქვეყანამ შესაბამისი ღონისძიებები განახორციელა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი სცენარები უკვე წელს საბაზისო სცენარში ჩამოსცდება 60-პროცენტიან ნიშნულს და იქნება 57 პროცენტი, თუმცა ჩვენ უფრო ოპტიმისტური სცენარის მოლოდინი გვაქვს და ასეთ სცენარში წელსვე საგარეო ვალი იქნება მშპ-ის 55 პროცენტის ფარგლებში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მშპ–ის ზრდამ აპრილში 44.8% შეადგინა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ხოლო წლის დასაწყისიდან ოთხ თვეში საშუალო რეალურმა მაჩვენებელმა 8.1% შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს ქართული ეკონომიკის ზრდის სამი სცენარი განიხილება – ბაზისური 6%–დან, ოპტიმისტური 10.2%–დან და პესიმისტური – 4.3%–დან. პროგნოზით, მშპ–ის ზრდა მაღალი იქნება და 2022 წელს 6.9%–ს შეადგენს.

ოპტიმისტური სცენარი ითვალისწინებს ტურიზმის უფრო სწრაფ ზრდას, კერძოდ, 2019 წლის დონიდან 40–45%–ის დონეზე. ის ასევე ითვალისწინებს ეკონომიკურ ზრდას ეკონომიკის სხვა სექტორებში.

განახლებული პროგნოზით უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და სახელმწიფო ვალის შემცირების დინამიკა უფრო სწრაფი იქნება. ამ პროგნოზებიდან გამომდინარე, დაიწყება ბიუჯეტში შესწორებების პროექტის მომზადება.

80
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1064)
ყაზბეგის რაიონი

საქართველოს მოქალაქეებმა მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს

27
(განახლებულია 09:36 17.06.2021)
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას წარმოადგენს

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2021 წლის მაისის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეებმა მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშში.

2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია, რომელიც პროცესის დასრულებას სამ წელიწადში გულისხმობს. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.

ანგარიშის თანახმად, სპორადული სისტემის ფარგლებში მიწის დარეგისტრირების სურვილი მილიონ ადამიანზე მეტმა გამოთქვა.

რაც შეეხება სისტემურ რეგისტრაციას, 2020 წლის ზაფხულში ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ოზურგეთის შვიდ მაღალმთიან სოფელში 9,2 ათასი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა.

პროგრამა ასევე გავრცელდა კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის 28 სოფელზე, სადაც უკვე განხორციელდა 16 ათასი მიწის ნაკვეთის აზომვა, 500 ნაკვეთის მონაცემები მუშავდება – რეგისტრაცია 2021 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

27
ლარი

ეროვნულ ბანკში ლარის გამყარების მიზეზები დაასახელეს

35
(განახლებულია 00:39 17.06.2021)
ლარის კურსმა დოლართან მიმართებით გამყარება მაისში დაიწყო და დღეისთვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 7,8%–ით გაიზარდა.

 

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინები გახდა მთავარი ფაქტორი, რომელმაც ეროვნული ვალუტა ლარის გამყარებაზე იმოქმედა, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

ლარის კურსმა დოლართან მიმართებით გამყარება მაისში დაიწყო და დღეისთვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 7,8%–ით გაიზარდა. 16 ივნისისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3, 1751 GEL/$1 ნიშნულზე დადგინდა. 

„რაც შეეხება ლარის კურსის ფორმირებას მოკლევადიან პერიოდში, აქ ძირითად როლს  მოლოდინები ასრულებს. მოგეხსენებათ, პანდემიის დაწყებასთან ერთად, ნეგატიურობისკენ შეიცვალა ეკონომიკური აქტორების მოლოდინი და ამან გამოიწვია კურსის მკვეთრი გაუფასურება, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში, როცა გაიხსნა ეკონომიკა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინი და ამან გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება“, – აღნიშნა ლეჟავამ.

ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურებისა და მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც საერთო ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს მარეგულირებელმა შვიდ აუქციონზე უკვე გაყიდა 242,9 მილიონი დოლარი.
ამასთან, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ნეგატიური მოლოდინების შესაკავებლად მომავალშიც განახორციელებს ინტერვენციებს.

35
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1064)
კესარია აბრამიძე

„ვასაძეს უნდა გავყვე ცოლად, რომ დავამშვიდო...“ - კესარია აბრამიძის სკანდალური განცხადება

0
(განახლებულია 11:59 17.06.2021)
ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მებრძოლი ბიზნესმენის ლევან ვასაძის დამშვიდებას უცნაური ხერხით აპირებს

ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე ამბობს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ცოლად უნდა გაჰყვეს, რომ დაამშვიდოს. ეს განცხადება კესარიამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „პირველ ხაზზე“ გააკეთა, სადაც წამყვანმა ჰკითხა, თუ ყოფილან მის ცხოვრებაში „გაჭენებული ჰომოფობები“, რომლებიც მერე ლოიალურები გახდნენ.

„მე რომ დამინახეს და დამშვიდდნენ მერე? კი, ყოფილან. მგონი ლევან ვასაძეს უნდა გავყვე ცოლად და დავამშვიდო. ცოტა მოვალბო ლგბტ ადამიანების მიმართ. თეთრი კაბით კი ვარ, შემოაგორეთ სტუდიაში. ნუ, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. მგონი ასეთი ადამიანები კი არიან ერთი, ან ორი, მაგრამ დაიკუჭებიან და ნაგვის ურნაში ჩაიყრებიან“, - განაცხადა კესარიამ.

View this post on Instagram

A post shared by Kesaria (@kesaria_official)

„თბილისი პრაიდის“ ჩატარება 18-23 ივნისს არის დაგეგმილი. ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ თვითორგანიზებული სახალხო რაზმების შექმნა დაანონსა. პრაიდის ორგანიზატორების განმარტებით, ვასაძის განცხადებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა) და 144-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს.

0
თემები:
ქართველი სელებრითები