ნათია თურნავა

ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას: თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კონფლიქტს ეხმაურება

65
(განახლებულია 22:47 11.06.2021)
ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტროს მიზანია შედგეს მოლაპარაკება, აღარ იყოს პროტესტი და „ნამახვანჰესი“ მშვიდ ვითარებაში აშენდეს.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ეჭვგარეშეა, რომ „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მძაფრდება. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობა ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებული პირობებით არ გაგრძელდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას „ნამახვანჰესის“ პროექტი და პრობლემა მემკვიდრეობით დახვდა და ის ამაზე აქტიურად მუშაობს.

მანამდე, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. კაშხლის მშენებლობის პროექტს ხელახლა შეისწავლიან სპეციალისტები. ხელისუფლება ირწმუნება, რომ კაშხალი მანამ არ აშენდება, სანამ ხელახლა არ დამტკიცდება ეკოლოგიური, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევები. ამასთან მორატორიუმი არ ეხება სხვა სამშენებლო სამუშაოებს რიონის ხეობაში.

თურნავას განცხადებით, ექსპერტებისთვის შექმნილია პლატფორმა, რათა ყველა ეკოლოგიური საკითხი უფრო მეტად გახსნილი და შესწავლილი იყოს.

ეკონომიკის სამინისტრო – „ნამახვანჰესის“ პროექტი ყოველმხრივ შესწავლილია>>

„თუ ექსპერტები აღმოაჩენენ, რომ რაიმე გამოსასწორებელია, ესეც უნდა იყოს ნათელი. 15-მდე ექსპერტმა და კვლევითმა ორგანიზაციებმა გაიწვიეს ეს საბუთები, მუშაობენ და ველოდებით მათ მოსაზრებებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო მედიატორების (ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენლები) ჩართულობით შეხვედრაზეც, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი, და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში „რიონის ხეობის მცველებიც“ ჩაერთვებიან.

თურნავას განცხადებით, პროექტის გაუმჯობესება და კითხვებზე პასუხის გაცემა გაცილებით უპრიანია მოლაპარაკების მაგიდასთან მოხდეს, ვიდრე ქუჩაში. მით უფრო, როდესაც ამას უძღვება მაღალი რეპუტაციის მქონე ევროპელი მედიატორი, აღნიშნა მინისტრმა.

თურნავას განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი ის არის, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი პრობლემატურია და მოსახლეობაში კითხვებს იწვევს.

„პირველ რიგში, ეს ეხება კალაპოტის ნაწილის ხანგრძლივი ვადით იჯარით გადაცემის თემას. კანონმდებლობით ეს ვადა, მაქსიმალური 99 წელი, დაშვებულია, მაგრამ რეალურად ეს იწვევს პრობლემებს. აქამდე ჩვენ არ გვქონია ასეთი მსხვილი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების გამოცდილება. რამდენი ათწლეულია, ასეთი დიდი ობიექტი არ აშენებულა. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვსწავლობთ, როგორ შეიძლება დაიხვეწოს კანონმდებლობა“, – ამბობს თურნავა.

ამ თემასთან დაკავშირებით სამინისტრო მოლაპარაკებასაც აწარმოებს ინვესტორთან.

„კარგია, რომ ინვესტორიც ამას გაგებით ეკიდება, რადგან მათი ამოცანაცაა, რომ პროტესტი არ იყოს და მშვიდ ვითარებაში აშენდეს პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის თვალსაჩინო პროექტი იქნება. ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას“, – განაცხადა თურნავამ.

ხანგრძლივი დაპირისპირება

„რიონის ხეობის მცველების" ლიდერი და აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი მიიჩნევს, რომ მთავრობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია და ერთიანი მოსაზრება არა აქვთ.

გოლეთიანის თქმით, ინვესტორისთვის იჯარით მიწის არა 99, არამედ 49 წლით გადაცემა პრობლემას ვერ გადაჭრის.

მისი თქმით, მთავრობასთან შაბათს მოლაპარაკებები გაიმართება საერთაშორისო მედიატორების ჩართულობით და ამაზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა შემდეგი მასშტაბური აქცია.

ამ ეტაპზე ჰესის მოწინააღმდეგეები განაგრძობენ პროტესტს და ამტკიცებენ, რომ თურქული კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ჩუმად ახორციელებს.

„რიონის ხეობის მცველებმა" ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამართეს საქართველოს დედაქალაქშიც, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს დაიწყო და 26 მაისს დასრულდა. აქციაზე მთავრობის მისამართით რიგი მოთხოვნები წამოაყენეს და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად ერთდღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ქალაქის პარალიზება დააანონსეს. მოთხოვნები არ შესრულდა და აქციის მონაწილეებმაც 24 და 25 მაისს თბილისის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათით გადაკეტეს.

შემდეგ აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ და პროტესტი იქ განაგრძეს, რათა კომპანია ENKA-ს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში ხელი შეუშალონ. სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დახვდათ მობილიზებული საპოლიციო ძალები და რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მომიტინგეებს სოფელ ნამოხვანისკენ და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ადგილისკენ გზას უღობავს.

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ რკინის ბარიკადების გარღვევა და სოფელ ნამოხვანისკენ წასვლა სცადა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანა. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ მომიტინგეებმა რკინის ჯებირებზე მუშტებით ბრახუნი დაიწყეს. ხმაურიანი პროტესტის ეს ფორმა თითქმის ერთი კვირა გრძელდება.

გარდა ამისა, „რიონის ხეობის მცველები“ გზას უღობავენ კომპანია ENKA-ს მანქანებს და მათ სამშენებლო მოედანზე არ უშვებენ. მომიტინგეების თქმით, კომპანიის მუშები ნამოხვანში პოლიციის მანქანებით ფარულად გადაჰყავთ.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი გააგრძელებენ რკინის ჯებირის გარღვევის მცდელობებს და ხმაურის აქციებს და ამით სამართალდამცველებსა და კომპანიის თანამშრომლებზე მორალურ ზეწოლას მანამ განახორციელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

აქციის მონაწილეები არ იშლებიან და რჩებიან კარვებში, რომლებიც სამ ლოკაციაზეა გაშლილი: რკინის ჯებირებთან, გუმათში ENKA-ს ოფისთან, ასევე სოფელ ტვიშში.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

65
თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (68)
ბათუმი

1000-ზე მეტი ვაკანსია: ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა

27
(განახლებულია 19:31 16.06.2021)
ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ბათუმში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა – რეგიონში მოქმედმა 65-მა კომპანიამ 1000-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფორუმი ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის!" ფარგლებში.

სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული მომსახურების, ვაჭრობის, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლებმა, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზეს პროფესიული უნარების განვითარების პროგრამები.

„დასაქმების ფორუმი არის უნიკალური მეთოდოლოგიით შემუშავებული ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს პირდაპირი კავშირები დაამყარონ ფორმალური პროცედურების გარეშე. ღონისძიების შედეგიანობა არ იზომება მხოლოდ დღეს წარმატებული შეთანხმებების რაოდენობით, რადგან ფორუმზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ დამსაქმებლებთან ურთიერთობის ღირებული გამოცდილება მიიღონ, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ", – განაცხადა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლია კილაძემ.

დასაქმების ფორუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რეგულარულად იმართება. ბათუმში იგი წელს მეორედ ჩატარდა. პირველი ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის" მაისში გაიმართა. მაშინ სამუშაოს მაძიებლებს 20-ზე მეტმა კომპანიამ 400-მდე სხვადასხვა ვაკანსია შესთავაზა.

27
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
კომენდანტის საათი

მინისტრის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკის 10%-იანი ზრდა გამორიცხულია

29
(განახლებულია 16:52 16.06.2021)
საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი ნიშნავს, რომ ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან უცხოეთში გაედინება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკის 10%-იანი ზრდა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში.

„მიუხედავად მრავალი რეფორმის განხორციელებისა და სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა, რომლის წყალობითაც ქვეყანა ვითარდება, ჩვენ პატარა ეკონომიკა გვაქვს. ჩვენ ვერ გავედით ისეთ მასშტაბზე, რომ მშპ ერთ ადამიანზე 10 ათასი დოლარი იყოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელი იქნებოდა", – განაცხადა კაკაურიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახდელო ბალანსის ანგარიშის მაღალი დეფიციტი აქვს.

„ჯერჯერობით ჩვენ მუდმივად გვაქვს ანგარიშის 10–12%-იანი დეფიციტი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკიდან დიდი ნაწილი გაედინება სხვა ქვეყნებში. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეკონომიკის 5%-იანი ზრდა ცოტაა, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას ვერ ექნება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა", – განაცხადა კაკაურიძემ.

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3%-დან 6,5%-მდე განაახლა. ფინანსთა სამინისტრო მოვლენების განვითარების სამ სცენარს განიხილავს – ბაზისური, ოპტიმისტური და პესიმისტური. ოპტიმისტური სცენარი ითვალისწინებს ტურიზმის უფრო სწრაფ ზრდას, კერძოდ, 2019 წლის დონიდან 40–45%-ის ფარგლებში. ის ასევე ითვალისწინებს ეკონომიკურ ზრდას სხვა სექტორებშიც.

29
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ლაბორატორიაში

აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა

0
ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველოს მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences დონაციის სახით გადასცემს.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

0