ლურჯი მოცვი

ქართული კენკრის ექსპორტი აქტიურად ვითარდება

60
(განახლებულია 20:27 06.06.2021)
კენკროვანი კულტურები, კერძოდ კი ლურჯი მოცვი, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია და აქტიურად გადის ექსპორტზე, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა სამ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ბოლო დროს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.

„კენკროვანი კულტურები, კერძოდ კი ლურჯი მოცვი, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია და აქტიურად გადის ექსპორტზე. გასულ წელს, მეხილეობის მიმართულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოდან ექსპორტის ზრდაში. ლურჯი მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა სამ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს იქნება ყოველწლიურად მზარდი რიცხვი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი ახალი პლანტაცია შედის მსხომიარობაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნაგომრის აგროსახლი“ მოცვის პლანტაცია დაათვალიერა.

სახელმწიფოს მხარდაჭერით კოოპერატივმა, რომელიც 5 წევრს აერთიანებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში 2,5 ჰექტარზე მოცვის ბაღი გააშენა.

ახალი პლანტაციის გაშენებისათვის ინვესტიციამ 150 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, 100 ათას ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 35 ათასი ლარი პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მიღებული თანადაფინანსება. 

მოცვის ბაღში სეზონურად 30 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე იგეგმება.

პროექტი „დანერგე მომავალი“, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება, სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია და სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გურიის რეგიონში 450 ჰექტრამდე ფართობზე ახალი ბაღია გაშენებული, მათ შორის, 276 ჰექტარზე მოცვის პლანტაციებია. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება ჯამში 6 მლნ ლარს აღემატება.

60
ყაზბეგის რაიონი

საქართველოს მოქალაქეებმა მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს

27
(განახლებულია 09:36 17.06.2021)
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას წარმოადგენს

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2021 წლის მაისის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეებმა მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშში.

2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია, რომელიც პროცესის დასრულებას სამ წელიწადში გულისხმობს. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.

ანგარიშის თანახმად, სპორადული სისტემის ფარგლებში მიწის დარეგისტრირების სურვილი მილიონ ადამიანზე მეტმა გამოთქვა.

რაც შეეხება სისტემურ რეგისტრაციას, 2020 წლის ზაფხულში ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ოზურგეთის შვიდ მაღალმთიან სოფელში 9,2 ათასი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა.

პროგრამა ასევე გავრცელდა კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის 28 სოფელზე, სადაც უკვე განხორციელდა 16 ათასი მიწის ნაკვეთის აზომვა, 500 ნაკვეთის მონაცემები მუშავდება – რეგისტრაცია 2021 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

27
ლარი

ეროვნულ ბანკში ლარის გამყარების მიზეზები დაასახელეს

34
(განახლებულია 00:39 17.06.2021)
ლარის კურსმა დოლართან მიმართებით გამყარება მაისში დაიწყო და დღეისთვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 7,8%–ით გაიზარდა.

 

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინები გახდა მთავარი ფაქტორი, რომელმაც ეროვნული ვალუტა ლარის გამყარებაზე იმოქმედა, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

ლარის კურსმა დოლართან მიმართებით გამყარება მაისში დაიწყო და დღეისთვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 7,8%–ით გაიზარდა. 16 ივნისისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3, 1751 GEL/$1 ნიშნულზე დადგინდა. 

„რაც შეეხება ლარის კურსის ფორმირებას მოკლევადიან პერიოდში, აქ ძირითად როლს  მოლოდინები ასრულებს. მოგეხსენებათ, პანდემიის დაწყებასთან ერთად, ნეგატიურობისკენ შეიცვალა ეკონომიკური აქტორების მოლოდინი და ამან გამოიწვია კურსის მკვეთრი გაუფასურება, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში, როცა გაიხსნა ეკონომიკა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინი და ამან გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება“, – აღნიშნა ლეჟავამ.

ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურებისა და მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც საერთო ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს მარეგულირებელმა შვიდ აუქციონზე უკვე გაყიდა 242,9 მილიონი დოლარი.
ამასთან, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ნეგატიური მოლოდინების შესაკავებლად მომავალშიც განახორციელებს ინტერვენციებს.

34
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
კესარია აბრამიძე

„ვასაძეს უნდა გავყვე ცოლად, რომ დავამშვიდო...“ - კესარია აბრამიძის სკანდალური განცხადება

0
(განახლებულია 11:59 17.06.2021)
ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მებრძოლი ბიზნესმენის ლევან ვასაძის დამშვიდებას უცნაური ხერხით აპირებს

ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე ამბობს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ცოლად უნდა გაჰყვეს, რომ დაამშვიდოს. ეს განცხადება კესარიამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „პირველ ხაზზე“ გააკეთა, სადაც წამყვანმა ჰკითხა, თუ ყოფილან მის ცხოვრებაში „გაჭენებული ჰომოფობები“, რომლებიც მერე ლოიალურები გახდნენ.

„მე რომ დამინახეს და დამშვიდდნენ მერე? კი, ყოფილან. მგონი ლევან ვასაძეს უნდა გავყვე ცოლად და დავამშვიდო. ცოტა მოვალბო ლგბტ ადამიანების მიმართ. თეთრი კაბით კი ვარ, შემოაგორეთ სტუდიაში. ნუ, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. მგონი ასეთი ადამიანები კი არიან ერთი, ან ორი, მაგრამ დაიკუჭებიან და ნაგვის ურნაში ჩაიყრებიან“, - განაცხადა კესარიამ.

View this post on Instagram

A post shared by Kesaria (@kesaria_official)

„თბილისი პრაიდის“ ჩატარება 18-23 ივნისს არის დაგეგმილი. ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ თვითორგანიზებული სახალხო რაზმების შექმნა დაანონსა. პრაიდის ორგანიზატორების განმარტებით, ვასაძის განცხადებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა) და 144-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს.

0
თემები:
ქართველი სელებრითები