მზის პანელები

ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვა

35
(განახლებულია 11:35 05.06.2021)
პროექტი ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტის მეშვეობით განხორციელდა.

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. ბათუმში საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტი წარმატებით დასრულდა, ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პროექტი ბათუმის 13 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რაც ქალაქის სკოლების ნახევარს შეადგენს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლებში განთავსებული გენერაციის ობიექტები „ნეტო აღრიცხვის სისტემაშია“ ჩართული, რაც საშუალებას მისცემს სკოლებს სრულად გამოიყენონ გამომუშავებული ელექტროენერგია.

პროექტის განხორციელების ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, ბათუმის საჯარო სკოლის მზის პანელებით აღჭურვის პროექტი საპილოტეა და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.

ასევე, მან ყურადღება გაამახვილა პროექტის საგანმანათლებლო და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე, რისი მეშვეობითაც ახალი თაობა უკეთ შეძლებს გაეცნოს ინფორმაციას განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესახებ.

„რაც ყველაზე მთავარია, ესაა განახლებადი, სუფთა ენერგიის ათვისება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს მსოფლიოში ნომერი პირველი გამოწვევაა გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს, ვაწარმოოთ სუფთა ენერგია და ჩვენი ეკონომიკის ზრდასთან ერთად გამოვიყენოთ ადგილობრივი, სუფთა განახლებადი მწვანე ენერგია. ეს პროექტი ამის კარგი მაგალითია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

პროექტი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტუვური კომპანია შპს Via Solis-ის პარტნიორობით შემუშავდა.

საქართველოში მზის პანელების ქარხანა აშენდა >>

„ნეტო აღრიცხვა“ ეს არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესი, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.

35
ყაზბეგის რაიონი

საქართველოს მოქალაქეებმა მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს

32
(განახლებულია 09:36 17.06.2021)
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას წარმოადგენს

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2021 წლის მაისის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეებმა მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშში.

2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია, რომელიც პროცესის დასრულებას სამ წელიწადში გულისხმობს. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.

ანგარიშის თანახმად, სპორადული სისტემის ფარგლებში მიწის დარეგისტრირების სურვილი მილიონ ადამიანზე მეტმა გამოთქვა.

რაც შეეხება სისტემურ რეგისტრაციას, 2020 წლის ზაფხულში ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ოზურგეთის შვიდ მაღალმთიან სოფელში 9,2 ათასი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა.

პროგრამა ასევე გავრცელდა კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის 28 სოფელზე, სადაც უკვე განხორციელდა 16 ათასი მიწის ნაკვეთის აზომვა, 500 ნაკვეთის მონაცემები მუშავდება – რეგისტრაცია 2021 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

32
ლარი

ეროვნულ ბანკში ლარის გამყარების მიზეზები დაასახელეს

38
(განახლებულია 00:39 17.06.2021)
ლარის კურსმა დოლართან მიმართებით გამყარება მაისში დაიწყო და დღეისთვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 7,8%–ით გაიზარდა.

 

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინები გახდა მთავარი ფაქტორი, რომელმაც ეროვნული ვალუტა ლარის გამყარებაზე იმოქმედა, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

ლარის კურსმა დოლართან მიმართებით გამყარება მაისში დაიწყო და დღეისთვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 7,8%–ით გაიზარდა. 16 ივნისისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3, 1751 GEL/$1 ნიშნულზე დადგინდა. 

„რაც შეეხება ლარის კურსის ფორმირებას მოკლევადიან პერიოდში, აქ ძირითად როლს  მოლოდინები ასრულებს. მოგეხსენებათ, პანდემიის დაწყებასთან ერთად, ნეგატიურობისკენ შეიცვალა ეკონომიკური აქტორების მოლოდინი და ამან გამოიწვია კურსის მკვეთრი გაუფასურება, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში, როცა გაიხსნა ეკონომიკა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინი და ამან გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება“, – აღნიშნა ლეჟავამ.

ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურებისა და მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც საერთო ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს მარეგულირებელმა შვიდ აუქციონზე უკვე გაყიდა 242,9 მილიონი დოლარი.
ამასთან, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ნეგატიური მოლოდინების შესაკავებლად მომავალშიც განახორციელებს ინტერვენციებს.

38
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ეპიდემია საქართველოში

COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

0
(განახლებულია 11:59 17.06.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 741 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 414 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 39, აჭარა - 38, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 342.720-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.114-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.060 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.926 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.618, აჭარაში – 234, იმერეთში – 388.

647 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 181 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 9, იმერეთში – 14. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 602 ადამიანი, მათ შორის 348 – თბილისში, 221 – აჭარაში. 5.532 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11.150 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.122, აჭარაში – 1.469, იმერეთში – 1.097.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები