ხეხილის ბაღი

საქართველოს მთავრობა ხეხილის ბაღების გაშენებას მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფინანსებს

87
(განახლებულია 17:19 01.06.2021)
პროექტის მიზანია მაქსიმალურად შეეწყოს ხელი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სასოფლო–სამეურნეო მიწების მიზნობრივ გამოყენებას ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მოწყობის გზით

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მოხსნა შეზღუდვა პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაფინანსების არეალზე, რომელიც მიმართულია სასოფლო–სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენებისკენ ბაღების გაშენების გზით, ნათქვამია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

პროექტი „დანერგე მომავალი“, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება, სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია და სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.

პროექტის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ფოთის გარდა) სასოფლო–სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების მაქსიმალურად ხელშეწყობა მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მოწყობის გზით.  

პროგრამამ „დანერგე მომავალი“ შექმნა კონკურენტუნარიანი და თანამედროვე მეურნეობები. პროგრამის დაწყებიდან დღემდე მრავალწლიანი ბაღები გაშენდა 10,5 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე.

პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენდა: ხეხილის ბაღების გაშენების შემთხვევაში ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის შემთხვევაში – 50%-ს; სანერგე მეურნეობის შექმნის შემთხვევაში – მეურნეობის ღირებულების 50%-ის დაფინანსებას.

მთავრობამ ცვლილებები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ორშაბათის სხდომაზე დაამტკიცა. შესწორებების თანახმად, სახელმწიფოს თანადაფინანსების მიღება ხეხილის ბაღების გაშენებაზე სასოფლო–სამეურნეო მიწებზე მთელ ქვეყანაშია შესაძლებელი.

პროგრამაში ცვლილებებით დაზუსტდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დასაფინანსებელი ჰექტრებისა და თანადაფინანსების მოცულობა.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 10%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 20%-ისა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების შემთხვევაში დაფინანსდება არაუმეტეს 50 ჰექტრის მოწყობა. ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის შემთხვევაში კი თანადაფინანსება მოხდება ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 15 ათასი ლარისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ისა (ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 18 ათასი ლარისა).

87
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (226)
LED განათება

გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია საქართველოში? - სემეკის პასუხი

18
ბუნებრივი აირის გაძვირებას თბილისში აქციები მოჰყვა, მანამდე კი გაიზარდა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები, პანდემიისა და მზარდი უმუშევრობის პირობებში კომუნალური გადასახადების გაძვირება მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. 1 ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება, აღნიშნულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სემეკმა ეს განცხადება გააკეთა ტარიფის შესაძლო მატების შესახებ პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული ხმების გასაქარწყლებლად.

როგორც კომისიაში აღნიშნავენ, „საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას“.

კომისია ვარაუდობს, რომ დეზინფორმაციის მიზანია ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის ხელის შეშლა.

„კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. სემეკი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ელექტროენერგია 1 იანვრიდან გაძვირდა. სემეკის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის 1 კვტ ელექტროენერგიის ფასმა 3,5 თეთრით მოიმატა და 26,537 თეთრი შეადგინა, მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით.

18
ბათუმი

1000-ზე მეტი ვაკანსია: ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა

29
(განახლებულია 19:31 16.06.2021)
ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ბათუმში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა – რეგიონში მოქმედმა 65-მა კომპანიამ 1000-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფორუმი ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის!" ფარგლებში.

სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული მომსახურების, ვაჭრობის, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლებმა, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზეს პროფესიული უნარების განვითარების პროგრამები.

„დასაქმების ფორუმი არის უნიკალური მეთოდოლოგიით შემუშავებული ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს პირდაპირი კავშირები დაამყარონ ფორმალური პროცედურების გარეშე. ღონისძიების შედეგიანობა არ იზომება მხოლოდ დღეს წარმატებული შეთანხმებების რაოდენობით, რადგან ფორუმზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ დამსაქმებლებთან ურთიერთობის ღირებული გამოცდილება მიიღონ, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ", – განაცხადა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლია კილაძემ.

დასაქმების ფორუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რეგულარულად იმართება. ბათუმში იგი წელს მეორედ ჩატარდა. პირველი ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის" მაისში გაიმართა. მაშინ სამუშაოს მაძიებლებს 20-ზე მეტმა კომპანიამ 400-მდე სხვადასხვა ვაკანსია შესთავაზა.

29
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები

პუტინმა და ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, იუწყება РИА Новости.

დოკუმენტი ეძღვნება სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებს.

„რუსეთმა და აშშ-მ აჩვენეს, რომ დაძაბულობის პერიოდებშიც შესწევთ უნარი, მიაღწიონ პროგრესს სტრატეგიულ სფეროში წინასწარი გათვლების უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული კონფლიქტების რისკებისა და ბირთვული ომის საფრთხის შემცირებასთან  დაკავშირებული ერთობლივი მიზნების რეალიზაციის საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მაგალითის სახით მითითებულია „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ“ (СНВ) შეთანხმების ამასწინანდელი გაგრძელების ფაქტი.

„დღეს ჩვენ ვადასტურებთ იმ პრინციპისადმი ერთგულებას, რომლის თანახმად, ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არასდროს არ უნდა გაჩაღდეს“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ორი ქვეყნის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ დაიწყება კომპლექსური დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მომავალ კონტროლს შეიარაღებაზე.

სტრატეგიული სტაბილურობისათვის საკვანძო შეთანხმება СНВ-3 ამოქმედდა 2011 წლის 5 თებერვალს. ეს ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა შეიარაღების შემცირებაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის და თითოეული ქვეყნისთვის ლიმიტს აწესებს: 700 კონტინეტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, ბალისტიკური რაკეტები წყალქვეშა ნავებსა და მძიმე ბომბდამშენებზე, ასევე 1550 ქობინი, 800 განთავსებული და განუთავსებელი გამშვები დანადგარი.

მხარეებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და არსენალი შეთანხმებაში მითითებულ ოდენობას არ აჭარბებს. 2021 წლის დასაწყისში, აშშ-ის სათავეში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, შეთანხმება უცვლელად ხუთი წლით გახანგრძლივდა. წინა ადმინისტრაცია შეთანხმების გაგრძელებას ბოლომდე აჭიანურებდა, რაც სტრატეგიული სტაბილურობის მთელ სისტემას ნგრევის საფრთხეს უქმნიდა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

 

0