კაფე-ბარები შარდენზე

ეკონომიკა იზრდება, ლარი მყარდება... დაიკლებს თუ არა ფასები?

1080
(განახლებულია 19:30 01.06.2021)
მეორე კვარტლის დასაწყისი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა – გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა რეკორდულად გაიზარდა. აისახება თუ არა ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ძვრები ფასებზე?

სამსონ ხონელი

გასული სამუშაო კვირის მიწურულს ეროვნული ვალუტის ვარდობისთვის თავგადასავალი გიამბეთ. აღვნიშნე, რომ მაისის თვის მეორე ნახევრიდან მოყოლებული სავალუტო ბაზარზე მოვლენები ყველასთვის მოულოდნელად განვითარდა, რამდენიმე დღეში ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში საშუალოდ 11.3 პუნქტით გამყარდა.

ანალიტიკოსთა შეფასებებზე დაყრდნობით მარტივად დავასკვენით, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება გაუმჯობესებული ეკონომიკური პარამეტრებისა და ამით გამოწვეული ოპტიმისტური მოლოდნების შედეგია. თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ მორიგი მოულოდნელობა რამდენიმე დღეში გველოდა. რას გულისხმობ? − ჩამეძიება მკითხველი და მეც განვმარტავ.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის აპრილის მონაცემები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გასული წლის აპრილთან შედარებით ეკონომიკის მოცულობა 44.8 პროცენტით გაიზარდა.

უწყების ექსპერტთა შეფასებით, რეკორდული ეკონომიკური ზრდა ძირითადად ე.წ. საბაზო ეფექტმა განაპირობა, რადგანაც ერთი წლის წინ ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობაზე მოქმედი მკაცრი შეზღუდვების გამო ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა. „საქსტატის“ ახალი მონაცემებით, 2021 წლის პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდა 8.1 პროცენტი იყო.  

„მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ზრდა შეინიშნებოდა დარგებში: გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის დარგში“, − ვკითხულობთ „საქსტატის“ შესაბამის დოკუმენტში.

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა ჰქონდა ექსპორტს. ის იანვარ–აპრილში 19.6 პროცენტით გაიზარდა. ასევე გაზრდილია საფინანსო და სადაზღვევო სექტორის საქმიანობაც, კერძოდ, 51 პროცენტით. გააქტიურდა ავტომობილებით ვაჭრობაც. ავტოიმპორტი 86 პროცენტით, ხოლო რეექსპორტი ექვსჯერ გაიზარდა.

საინტერესოა, რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი?

„ეს არის ე.წ. „ზამბარის ეფექტი“, ანუ „ლოკდაუნით“ შეკუმშული ეკონომიკა შეზღუდვების შერბილების ფონზე მკვეთრად გაიშალა.

აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. წინ კიდევ ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა და „კოვიდგამოცანა“ გვაქვს, რასაც პროფესიული ანალიზი და ბევრი შრომა სჭირდება“, − განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე მის უწყებაში განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები წარმოადგინა. როგორც ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა აღნიშნა, ახალი გათვლები ეკონომიკაში მიმდინარე იმ პოზიტიურ ცვლილებებს ეფუძნება, რაც ჯერ კიდევ მარტის თვეში დაფიქსირდა, როდესაც COVD-19-ის პამდემიის დაწყებიდან პირველად, ეკონომიკის მოცულობა, შემცირების ნაცვლად, 4 პროცენტით გაიზარდა.

„ბოლო პერიოდში ძალიან პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ. პროგნოზებს წარვადგენთ სამი სცენარით - საბაზისო, პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარებით. წინა პროგნოზებით შემუშავებული საბაზისო სცენარი განსაზღვრულია, როგორც მიმდინარე პესიმისტური სცენარი. რაც შეეხება საბაზისო, ანუ მთავარ სცენარს − ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 6.5 პროცენტი იქნება, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა ოპტიმისტური სცენარით განვითარდეს და ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი მივიღოთ, კერძოდ 10.2 პროცენტი“, − აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

საინტერესოა, რა არის ოპტიმიზმის საფუძველი. ლაშა ხუციშვილის თქმით, ოპტიმისტური სცენარი მიმდინარე წელს ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ აღდგენასა და ეკონომიკის სხვა დარგების დინამიკურ განვითარებას ითვალისწინებს. ფინანსთა მინისტრმა დასძინა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე ბიუჯეტის დეფიციტი 7.6 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე მცირდება, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ განახლებული პროგნოზით უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და მთავრობის ვალის შემცირების დინამიკა უფრო სწრაფი იქნება. სწორედ აღნიშნულ პროგნოზებზე დაყრდნობით დაიწყება ბიუჯეტში ცვლილებების პროექტისთვის მზადება.

მომდევნო სტრიქონები ექსპერტ–ანალიტიკოსთა შეფასებებს დავუთმოთ. როგორც გაირკვა, მათი ერთი ნაწილისთვის ეკონომიკური ზრდის აპრილის თვის რეკორდული მაჩვენებელი მოულოდნელი იყო.

„ველოდით ეკონომიკის ორნიშნა ზრდას, თუმცა ასეთ დიდს ნამდვილად არავინ ელოდა. ეს შედეგი არა მხოლოდ გასულ წელთან, არამედ 2019 წელთან შედარებითაც კი საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 21 პროცენტით მეტი. რასთან გვაქვს საქმე? ფაქტია, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი შთამბეჭდავია და თუ ის რეალურია, აუცილებლად უნდა აისახოს მოსახლეობაზე. დამატებითი მონაცემებია საჭირო, რომ შევაფასოთ კონკრეტულად რამ გამოიწვია სარეკორდო ზრდა“, − აცხადებს ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი.

დარწმუნებული ვარ, მკითხველი დამეთანხმება, ლოგიკური მინიშნებაა, რომ ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებმა საკუთარ ჯიბეზე უნდა იგრძნონ. თუ ნებისმიერი მიმართულებით ფასებს გადავხედავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ პოზიტიური ცვლილებები არ არის, მეტიც, რამდენიმე დღეა, რაც დედაქალაქის მოსახლეობას გაზის საფასური გაუძვირდა. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში „საქსტატი“ უკვე მაისის თვის ინფლაციის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს და მარტივად შევძლებთ გავაანალიზოთ, აპრილის თვის ეკონომიკური ზრდა რამდენად აისახა ფასებზე. მანამდე კი, როგორც ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აცხადებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ეკონომიკის აღდგენის შეუქცევადი პროცესი დაიწყო.

„იანვარ-აპრილში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია და აჭარბებს როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს. ამდენად, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მიუთითებს, რომ პანდემიის წნეხი ეკონომიკაზე მილევად რეჟიმშია. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ასეთი ზრდა მთელი რიგი ფაქტორებით არის განპირობებული. კერძოდ, აპრილში დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 93.4 პროცენტით მეტია, ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა კი 4876 ერთეულს გაუტოლდა. 2021 წლის აპრილში, გასულ წელთან შედარებით, ექსპორტი 70 პროცენტით გაიზარდა და მოცულობამ 378.1 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში 141 პროცენტით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობაც. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სულ 693 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 48 პროცენტით, ხოლო 2019 წლის მონაცემებზე 34 პროცენტით მეტია. ეს ჩამოთვლილი ფაქტორები ადასტურებს, რომ ეკონომიკის ზრდის კუთხით მიმდინარე წელი საკმაოდ პოზიტიური იქნება“, – აცხადებს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი.

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, ვის რისი მოლოდინი გვქონდა, ფაქტა, რომ აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იმედისმომცემია. ახლა მთავარია ამ პოზიტური ტენდენციის შენარჩუნება და კიდევ უფრო განვითარება, რაც, საკამათო არ არის, დიდწილად ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკდებული. ამიტომ მეტი სიფრთხილე და მეტი ვაქცინაცია...

 

1080
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 19 ივნისს

43
(განახლებულია 09:52 19.06.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0094 ლარით გაუფასურდა. 

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1681 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0094 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 19 ივნისს

 

43
მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა ქუთაისში

დაზუსტდა პირველ კვარტალში საქართველოში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი

25
(განახლებულია 08:52 19.06.2021)
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წონა აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, გადამამუშავებელ მრეწველობას და მშენებლობას.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) შემცირებამ 4,5% შეადგინა 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკის ვარდნა პირველ კვარტალში 4,2%-ს შეადგენდა.

დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2021 წლის 1 კვარტალში მშპ-ის მოცულობამ 3,4 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 6,8% შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე საანგარიშო პერიოდში 912,5 დოლარს შეადგენდა (ერთი წლის წინ – 1.016,3 დოლარს).

სფეროები – ლიდერები ზრდის მიხედვით

ყველაზე მეტი შემცირება 2021 წლის პირველ   კვარტალში აჩვენა სასტუმრო ბიზნესის, ადმინისტრაციული საქმიანობის, ასევე დასვენებისა და გართობის სფეროებმა.

ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ვარდნით

ეკონომიკის სფერო ვარდნა, %
სასტუმრო ბიზნესი 54,0
ადმინისტრაციული საქმიანობა 34,0
დასვენება და გართობა 25,4
მშენებლობა     19,4
ტრანსპორტი 9,0

ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამთომომპოვებელ (50,3%), საფინანსო (24%) და კავშირგაბმულობის (16,8%) სფეროებში.

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წონა აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, გადამამუშავებელ მრეწველობას და მშენებლობას.

ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2021 წლის I კვარტალში მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წონით

ეკონომიკის სფერო ხვედრითი წონა მშპ-ში %
ვაჭრობა   14,9
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები 11,8
გადამამუშავებელი მრეწველობა 10,6
სახელმწიფო მმართველობა 8,3
მშენებლობა     6,8

                    

 

  

    

    

 

 

25
საფრანგეთის პოლიცია

საფრანგეთში 16 წლის საქართველოს მოქალაქე თანატოლებმა მოკლეს

0
(განახლებულია 15:50 19.06.2021)
ქალაქ რუანის მერი მოქალაქეებს აფრთხილებს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ და ქალაქში ვითარება არ დაძაბონ. 

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ რუანის გარეუბანში, სოტევილ-ლე-რუანში (Sotteville-les-Rouen) საქართველოს 16 წლის მოქალაქე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ჯგუფებს შორის დაპირისპირებას 13 ივნისს საღამოს ემსხვერპლა. ის დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბიჭს დაზიანებები ძირითადად თავის არეში სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც ხელში რკინის ხელკეტები და ბლაგვი საგნები ეჭირათ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაღუპული საქართველოს მოქალაქე რუანის სკოლის მოსწავლე იყო, ის საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

თვითმხილველების განცხადებით, ხელჩართული ჩხუბი, სავარაუდოდ, ორი უბნის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას მოყვა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს 2002 წელს დაბადებული ერთი პირი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს, რადგან მისი მონაწილეობა კონფლიქტში არ დადასტურდა. შემდგომში დააკავეს 2005 წელს დაბადებული ორი მოზარდი, ისინი ამ დრომდე რჩებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში ეჭვმიტანილის სტატუსით.

გარდაცვლილ ახალგაზრდას ორშაბათს დაკრძალავენ. დაკრძალვის პროცესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრების გარდა საფრანგეთში მცხოვრები სხვა ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას, რასთან დაკავშირებითაც ქალაქის მერია მოუწოდებს მათ, არ შეეცადონ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დაელოდონ გამოძიებას.

0