საწარმო „ქართლი ტექსტილი“

უპრეცედენტო მაჩვენებელი: საქართველოს ეკონომიკა აპრილში 45%-ით გაიზარდა

45
(განახლებულია 21:26 31.05.2021)
მიმდინარე წლის აპრილში ზრდა, სამთომოპოვებითი მრეწველობის გარდა, ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში შეინიშნებოდა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკა აღდგენას განაგრძობს - მშპ-ს ზრდამ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 44,8% შეადგინა, განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

აპრილში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება „საქსტატმა“ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოველთვიური მონაცემების საფუძველზე მოამზადა.

თოდრაძის ინფორმაციით, ოთხი თვის განმავლობაში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8,1% იყო.

აპრილში ზრდა შეინიშნებოდა გადამამუშავებელი მრეწველობის პრაქტიკულად ყველა დარგში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში, უძრავი ქონების სფეროში, პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობაში.

სამთომოპოვებით დარგში საპირისპირო - ვარდნის ტენდენცია შეინიშნებოდა. ამის მიზეზი ფერადი ლითონების მოპოვებითი სამუშაოების შემცირებაა.

რა და რამდენით გაიზარდა

აპრილში ექსპორტის ზრდამ 70% შეადგინა, ადგილობრივი ექსპორტი 61%-ით გაიზარდა, იმპორტი - 56%-ით. საერთო მაჩვენებლების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპილენძის კონცენტრატის, ფეროშენადნობის, ღვინის, ხილისა და ტანსაცმლის ექსპორტმა მეზობელ ქვეყნებში, ასევე ჩინეთსა და აშშ-ში.

იმპორტის ზრდა, ძირითადად, უკავშირდება ავტომობილებითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას.

წინა თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4871 ახალი საწარმო, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებული საწარმოების რიცხვი 300 იყო. გარდა ამისა, აპრილში რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,2%-ით გაიზარდა.

როგორც „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 93%-ით გაიზარდა და 8,4 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

გადამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა, ძირითადად, უკავშირდებოდა მეტალურგიული წარმოების, ასევე კვების პროდუქტების, სასმელებისა და ტანსაცმლის წარმოების გაფართოებას.

მშენებლობის გააქტიურების შედეგად გაიზარდა სამშენებლო მასალების წარმოებაც. კერძოდ, ცემენტის, ბეტონისა და სამშენებლო კონსტრუქციების წარმოების მოცულობა. სამშენებლო მასალების იმპორტი 84%-ით გაიზარდა, ცემენტის იმპორტი კი 4-ჯერ.

სამშენებლო სექტორში ზრდა უკავშირდება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობას, ასევე ისეთი ტიპის სამუშაოებს, როგორიცაა წყალმომარაგების, გათბობისა და კონდიცირების სისტემების მონტაჟი და სხვ.

ფინანსური სექტორის ზრდის მიზეზი კვლავ კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდაა. 51%-ით მოიმატა ფინანსური და სადაზღვევო კომპანიების სუფთა მოგებამ.

რას ფიქრობს ხელისუფლება

მთავრობაში ეკონომიკის ზრდის ტენდენციას უპრეცედენტო და პოზიტიური უწოდეს.  

„აპრილში ექსპორტი გაიზარდა 70%-ით, ფულადი გზავნილები – 144%-ით და ძალიან პოზიტიურია, რომ ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა არის ასევე ძალიან დამაჯერებელი და ოპტიმისტური... რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენს წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი“, - განაცხადა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განაცხადებით, 45%-მდე ეკონომიკური ზრდა მეტად მნიშვნელოვანი და დამაიმედებელია.

„ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, ბუნებრივია, ეს ნიშნავს მეტ შესაძლებლობას. ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სხვადასხვა პროექტში, ისევე როგორც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ინვესტორებისთვის. ზოგადად, გაცილებით ჯანსაღი და პერსპექტიულია მომავალი, განსხვავებით წინა პერიოდისგან – ვგულისხმობ 2020 წელს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ.

პროგნოზი დამაიმედებელია

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ 2021 წელს შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის თანდათანობით აღდგენა, რისი მთავარი მამოძრავებელი ძალაც ადგილობრივი მოთხოვნა იქნება.

„საგარეო მოთხოვნილება დარჩება მნიშვნელოვნად შემცირებული. რაც შეეხება მიმდინარე ციფრებს, საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავლები მინიმალურია და იანვარში წლიური 95%-ითაა შემცირებული. მცირე საერთო მოთხოვნილებისა და გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, წინასწარი მონაცემებით, საქონლის იმპორტი თებერვალში 12%-ით შემცირდა, ექსპორტი კი მცირედით გაუმჯობესდა და გაიზარდა 3%-ით“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წლის მეორე ნახევარში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებისა და ტურისტული სექტორის აღორძინების შემთხვევაში, ეკონომიკის ნაწილობრივი აღდგენა 2021 წელს 4% იქნება.

თუ პანდემიის გამო გლობალური შეზღუდვები გაგრძელდება, ეს გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე და აღდგენის პროცესი შენელდება. შედეგად, თუ საქართველოში ტურიზმი არ აღორძინდება, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 1% იქნება, ფიქრობენ ეროვნული ბანკის ანალიტიკოსები.

45
მსხალი ყუთებში

შიდა ქართლში თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

32
(განახლებულია 14:40 13.06.2021)
ახალ მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა  შესაძლებელი. ეს ფერმერებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების შესაძლებლობას მისცემს.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი  ახალი სამაცივრე მეურნეობა პროდუქციის მისაღებად უკვე მზადაა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამაცივრე მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

შპს „ქულსერვისის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1,2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 ათასი ლარი გრანტია, ხოლო 300 ათასი ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, პროგრამა ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით ფერმერების დასახმარებლად.

„მოგეხსენებათ, შიდა ქართლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებით გამორჩეული რეგიონია. ახალი მეურნეობა საშუალებას მისცემს ფერმერებს, შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, განვლილი წლების განმავლობაში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 180 მლნ ლარზე მეტი ღირებულების  1,700-ზე მეტი სესხი, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ კი დაახლოებით 27 მლნ ლარი შეადგინა.

„შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხით შენახვას და  გადამუშავებას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა  დაათვალიერეს.

32
სამკერვალო ფაბრიკა

ძველ საწარმოს ახალი სიცოცხლე - რაში დაეხმარა „იმერს“ სახელმწიფო

32
(განახლებულია 11:31 13.06.2021)
ქუთაისის ერთ-ერთი უძველესი სამკერვალო ფაბრიკა დღეს პროდუქციას ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავს, როგორიცაა Lebek,  Joy Lucy და Marks&Spencer.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმო „იმერს“, რომელიც 90 წლის არის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა,  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

სამკერვალო კომპანია „იმერი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია 2016 წლის დეკემბრიდან. საწარმო ორიენტირებულია პალტოების, ლაბადების და ტრიკოტაჟის ნაწარმის დამზადებაზე.

„პროგრამაში მონაწილეობით მოხდა საწარმოს გადაიარაღება. დღეს „იმერი“ წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გზავნის, საწარმოში კი 400 ადამიანია დასაქმებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში სამკერვალო საწარმო „იმერის“ საწარმოო პროცესს გაეცნო.

მინისტრს საწარმოს მფლობელმა მაია სიმონიძემ მიაწოდა ინფორმაცია განვითარების გეგმებისა და ახალი საერთაშორისო პარტნიორების შესახებ.

„იმერში“ უკვე მზადდება პროდუქცია ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორიცაა გერმანული Lebek და Joy Lucy, აგრეთვე ბრიტანული Marks&Spencer.

2016 წელს საწარმო გაფართოვდა, რამაც კომპანიას მისცა საშუალება უფრო მეტი დასავლელი პარტნიორი ჰყოლოდა. ჯამურმა ინვესტიციამ 315 ათასი ევრო შეადგინა. ინვესტიციის შედეგად საწარმოში 170 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მთლიანად, საწარმოში 400 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს პროდუქცია თითქმის მთლიანად ექსპორტზე გადის.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

32
ფურისულა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ივნისი

0
(განახლებულია 10:45 13.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 14 ივნისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

არ იჩქაროთ. დღეს შეიძლება ბევრი რამ ჩვეულებრივზე რთული გასაკეთებელი იყოს. უკან არ დაიხიოთ, თუ გზაზე დაბრკოლებები შეიქმნა. ასევე რთული იქნება ერთობლივ სამუშაოზე შეთანხმება, ადვილი არ იქნება კომპრომისის მოძებნა. სერიოზული უთანხმოებების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება, თუ მეგობრულად და ტაქტიანად მოიქცევით.

მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: ხართ ენერგიული, წარმატების მისაღწევად უკან არაფერზე იხევთ. გზაზე არ გაჩნდება დაბრკოლება, რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებთ. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. შესაძლოა, მათ რამე ახალი ინფორმაცია მოგაწოდონ ან საინტერესო იდეა შემოგთავაზონ. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები. ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული იქნება, შესანიშნავად უგებთ ერთმანეთს.

კურო: მშფოთვარე დღეა. არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ გზადაგზა და ეს მაინცდამაინც არ მოგეწონებათ. შესაძლოა გადაიდოს შეხვედრები, რომლებსაც მოუთმენლად ელოდებოდით, საკითხების გადაჭრა, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის. სამაგიეროდ გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. უნდა ეცადოთ, რომ მოცემული შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გამოიჩინეთ ინიციატივა როგორ საქმეებში, ისე პირად ურთიერთობებში.

ტყუპი: იღბლიანი იქნება დღის პირველი ნახევარი. დარწმუნებული ხართ თქვენს წარმატებებში და ინტუიცია არ გღალატობთ – მართლაც შესანიშნავი შედეგების მიღწევა შეგიძლიათ. კარგი დროა გეგმების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება ადრე დაწყებული საქმეების დამთავრება, პასუხების პოვნა კითხვებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსვენებას არ გაძლევთ.

კირჩხიბი: დღის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელია. გაქვთ შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოთ მნიშვნელოვან საქმეში, რომლისთვისაც ძალღონე არ დაიშურეთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა საქმიან სფეროში თანდათანობით მიილევა, მაგრამ ის კვლავ ძლიერი დარჩება პირად ურთიერთობებში. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ შეყვარებულ კირჩხიბებს. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად საერთო გეგმები განიხილოთ და იოცნებოთ.

ლომი: მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საქმე და საზრუნავი გექნებათ, დღეს ვერც უიღბლოსა და ვერც დაძაბულს ვერ ვუწოდებთ. ბევრ რამეს შესანიშნავად უმკლავდებით, მათ შორის, რთულ ამოცანებსაც. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ ნაცნობებთან, შესაძლებელია მათთან საერთო გეგმებიც გაჩნდეს.. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საჭიროა ყურადღება მცირე დეტალების მიმართ, რაც ზოგიერთ თქვენგანს გაუჭირდება.

ქალწული: დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული ემოციური ფონით იქნება გამორჩეული. შესაძლოა, მცირე წვრილმანებზეც კი ინერვიულოთ; მოსალოდნელია უთანხმოებები ახლობლებთან. ეს გაგანერვიულებთ. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დაგიბრუნდებათ ოპტიმიზმი, უკეთ გააკონტროლებთ თავს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. ახლობლებთან და საქმიან პარტნიორებთან შედეგიანი საუბრები.

სასწორი: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში არ გადაიღალოთ. ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე განწყობაზე. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფრის მშვიდად მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და ხელსაყრელი იქნება. მოგეცემათ რაღაც მნიშვნელოვან საქმეებთან გამკლავების საშუალება. ბევრი მიაღწევს წარმატებას იქ, სადაც ფანტაზიაა საჭირო.

მორიელი: დღის დასაწყისი შესაფერისი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ წინადადება, რომელიც ძალიან დაგაინტერესებთ. ასევე შეიძლება გაჩნდეს ძველი საქმიანი კავშირების აღდგენის შანსი. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ საშუალება, რომ გამოასწოროთ რომელიმე ძველ საქმეში დაშვებული შეცდომები. დიდი ალბათობაა, რომ თანხა მიიღოთ – შესაძლოა, დიდი არა, მაგრამ ეს მაინც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ნივთების შეძენაში.

მშვილდოსანი: შეიძლება ითქვას, რომ აღმაფრენის დღეა, რომელიც მოგიტანთ კარგ და მნიშვნელოვან სიახლეებს. გექნებათ ძველი კავშირების აღდგენის საშუალება. ასევე მოსალოდნელია, რომ მიიღოთ უჩვეულო, საინტერესო წინადადება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის, მომგებიანი გარიგებების დადებისთვის, თანამშრომლობაზე შეთანხმებისთვის. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯებიც, მაგრამ ეს ფუჭად დახარჯული ფული არ იქნება.

თხის რქა: ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება, მაღალია წარმატებების სწრაფად მიღწევის შანსი. არაა გამორიცხული სასარგებლო ნაცნობობა. ხართ ძალზე მომხიბვლელი, ამიტომ თქვენდამი გულგრილი ვერავინ დარჩება. შესაძლოა, ვიღაც თქვენდამი სასიყვარულო გრძნობითაც განიმსჭვალოს. დღის მეორე ნახევარში კარგად წარიმართება სახლის საქმეები. შეგიძლიათ იყიდოთ ავეჯი, ყოფითი ტექნიკა და სხვა ნივთები სახლისთვის.

მერწყული: ეცადეთ, შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი და სწორად შეაფასოთ თქვენი ძალები. რეალური შეხედულებები იმედგაცრუებისგან გიხსნით. აჯობებს, თუ ყურადღებას გაამახვილებთ პრაქტიკულ ამოცანებზე, ისეთზე, რომლებიც უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგების მიღების საშუალებას იძლევა. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. ეს ძალიან გაგახარებთ. მოგეცემათ ადრე დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსი.

თევზები: დღე კარგად აეწყობა, მაგრამ თქვენ დაჟინებით ცდილობთ მოძებნოთ საბაბი იმისთვის, რომ აღელდეთ და განაწყენდეთ. ეცადეთ, უფრო პოზიტიურად განეწყოთ. ამ შემთხვევაში ბევრ საინტერესო შესაძლებლობას აღმოაჩენთ, მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ წარმატებას. არ გარისკოთ იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. ფრთხილად მოქმედებით ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. დაფიქრებით ნათქვამი სიტყვა და მოქმედება როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

0