თბილისი

რამ უწამლა ლარს? ანუ რატომ მყარდება ეროვნული ვალუტა

1224
(განახლებულია 13:48 28.05.2021)
სავალუტო ბაზარზე ათ დღეში შეცვლილი რეალობა, ეროვნული ვალუტის გარბენი ფსკერიდან მაღლა – ლარის გამყარების ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები.

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიაში ეროვნული ვალუტის ვარდობისთვის თავგადასავალს გიამბობთ. საამისო მიზეზი ნამდვილად არსებობს − მიმანიშნებს მკითხველი და მართალიც იქნება. მაისის თვის პირველ ნახევარში სავალუტო ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ამერიკული დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა. კერძოდ, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 3.42-3.45 ლარის ფარგლებში მერყეობდა და ისეთი პირი უჩანდა, ეროვნული ვალუტა ზაფხულს, საუკეთესო შემთხვევაში, ამ ნიშნულზე შეხვდებოდა. პესიმისტური პროგნოზებიც კეთდებოდა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობდა, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდებოდა და 1 ამერიკული დოლარის ფასი 4.00 ლარს მიუახლოვდებოდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სავალუტო ბაზარზე პოზიტიურ ცვლილებებს არავინ ელოდა. არადა, მოვლენები სწორედ ყველასთვის მოულოდნელი სცენარით განვითარდა.

მაისის თვის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, რამდენიმე დღეში ამერიკული დოლარის მიმართ ლარი 11,3 პუნქტით გამყარდა. კი, მართალია, მიმდინარე კვირა ეროვნულმა ვალუტამ მცირედი გაუფასურებით დაიწყო, თუმცა მეორე დღეს ლარი კვლავ გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა. საინტერესოა, რა განაპირობებს ეროვნული ვალუტის გამყარებას და როგორია ლარის მოკლე თუ საშუალოვადიანი პერსპექტივა?

პირველ რიგში ხელისუფლების მოსაზრებას შემოგთავაზებთ. ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ეროვნული ვალუტის გამყარებას ეკონომიკური აქტივობის აღდგენასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას უკავშირებს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკური აქტივობის, განსკუთრებით კი ტურიზმის სექტორის აღდგენისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა. ამასთან ერთად გაიზარდა ვაქცინაციის ტემპი. ლოგიკურია, რომ ყველა ეს ფაქტორი ლარის კურსზე პოზიტიურად აისახა“, − განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მინისტრმა ინფლაციურ პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინფლაციის ტარგეტირება, მიზნობრივ ნიშნულთან დაახლოება, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა და ეს უწყება ამ მიმართულებით ნაბიჯებს აქტიურად გადადგამს, რაც თავის მხრივ ფასების დონეზეც აისახება და მომდევნო თვეებში ინფლაცია შემცირდება.

დარწმუნებული ვარ, დაკვირვებული მკითხველი მარტივად შეამჩნევდა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება დროში COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას, კომენდანტის საათის გადაწევასა და რესტორნებისთვის ღია სივრცეში უკვე შაბათ-კვირასაც მუშაობის უფლების მიცემას დაემთხვა. სავაჭრო ცენტრებს სამუშაო დრო ორი საათით გაუხანგრძლივდათ. გაჩნდა ტურისტების დამატებითი ნაკადის შემოსვლის მოლოდინიც. ერთი სიტყვით, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გამოიკვეთა.

„უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივია, ლარზე პოზიტიურად ზემოქმედებს ექსპორტის ძალიან მაღალი ზრდის დინამიკა. ექსპორტი გაზრდილია არა მხოლოდ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არამედ პანდემიის წინა პერიოდთან შედარებითაც. ექსპორტის ზრდის პოზიტიური დინამიკა უცხოური ვალუტის შემოდინებასთანაა დაკავშირებული და, ბუნებრივია, ეს ლარის კურსზე დადებითად აისახა. ლარის კურსზე ასევე პოზიტიურად იმოქმედა ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდამ. ასეთი ტენდენციით ეროვნული ვალუტის კურსი კიდევ უფრო გამყარდება და, შესაძლოა, 3,00 ნიშნულამდე დავიდეს. ბუნებრივია, ლარის გამყარების უკვე არსებული მაჩვენებელი ფასებსა და ინფლაციაზეც პოზიტურად უნდა აისახოს“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე. მისი თქმით, ეკონომიკა რეცესიიდან სწრაფი ტემპით გამოდის. წლის დასაწყისში ქვეყანას ეკონომიკის საკმაოდ დიდი ვარდნა ჰქონდა, ხოლო მარტში ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა. მართალია, საშუალო წლიური მაჩვენებელი უარყოფითია, მაგრამ ექსპორტის მზარდ დინამიკას თუ გავითვალისწინებთ, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მაისში ქვეყანას ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელიც დადებითი ექნება. ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა რეცესიიდან ასე სწრაფად გამოდის, ანტიკრიზისული პროგრამის, ანუ იმ ღონისძიებების პოზიტიური შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ახორციელდებდა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას ხელი შუწყო სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესებამ, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების გაზრდამ. კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ექსპორტი 16 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3 პროცენტით შემცირდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 194,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მარტის თვის მაჩვენებელზე 3,02 პროცენტით მეტია. ანალიტიკოსთა კიდევ ერთი ნაწილი მიანიშნებს, რომ შედეგი გამოიღო ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამაც. „რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტით – 9,5 პროცენტამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან რეფინანსირების სესხების მოცულობამ მკვეთრად იკლო და თებერვლიდან დღემდე 1,1–1,4 მილიარდი ლარის ფარგლებში მერყეობს. წინა პერიოდში ეს მაჩვენებელი 1,7–3,3 მილიარდი ლარი იყო. რეფინანსირების სესხების ეს შემცირება მთავრობის მხრიდან კომერციული ბანკებისთვის საკრედიტო რესურსების მზარდმა მიწოდებამ განაპირობა. ანუ ეროვნული ბანკის რესურსები მთავრობის რესურსებმა ჩაანაცვლა, რაც ფისკალური არხებით „იაფი ფულის“ პოლიტიკის წარმოებას უწყობს ხელს“, − აცხადებს ანალიტიკოსი დავით გონდაური.

ანალიტიკოსთა ნაწილი ლარის გამყარების მიზეზად არა მხოლოდ ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებს, გააქტიურებულ ავიამიმოსვლასა და უცხოელი ტურისტების გაზრდილ ნაკადს ასახელებს, არამედ აცხადებს, რომ არსებობს სერიოზული ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რაც მეტ-ნაკლებად წარმატებულ ვაქცინაციას უკავშირდება.

„ბოლო დროს ვაქცინაციისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, ნდობის ხარისხი გაიზარდა. საზოგადოებაში გაჩნდა მომავლისადმი პოზიტიური განწყობა. ამას დაემატა ეკონომიკის მეტ-ნაკლებად გახსნაც და ისიც, რომ საზოგადოებამ, ასე თუ ისე, ისწავლა კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება − პირბადით, დისტანცირებითა და სხვადასხვა შეზღუდვებით. ამ ფონზე რესტორნები და სასტუმროებიც გაიხსნა, ანუ დაიწყო ეკონომიკის ყველა იმ დარგის აღდგენა, რომელიც COVID-19-ის პანდემიამდე ქვეყნის ეკონომიკისთვის განმსაზღვრელი იყო. ამ ფაქტორებმა ერთობლიობაში გამოიწვია პოზიტიური განწყობის შექმნა, რომელიც შესაბამისად ლარის კურსზე აისახა. სახეზეა როგორც ეკონომიკური, ისე ფსიქოლოგიური ფაქტორების ერთობლივი მოქმედება“, – აცხადებს ანალიტიკოსი ლადო პაპავა.

ერთი სიტყვით, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარების ძირითად ფაქტორებად ანალიტიკოსები ასახელებენ გაუმჯობესებულ ეკონომიკურ პარამეტრებს და ოპტიმისტურ მოლოდინს, რაც, მათივე თქმით, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შედეგია. ანუ ეკონომიკა თანდათან ამუშავდა და პესიმიზმი ოპტიმიზმმა ჩაანაცვლა. თუ ამ ვერსიას გავიზიარებთ, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ეროვნულ ვალუტას მკვეთრი გაუფასურება აღარ ემუქრება. ამ სენტენციას ისიც ამყარებს, რომ 1 ივნისიდან კოვიდ-რეგულაციების კიდევ უფრო მეტად გამარტივება და სახმელეთო საზღვრების გახსნა იგეგმება, რამაც ეკონომიკის ზრდას ხელი უნდა შეუწყოს. მარტივი ფორმულაა − გაზრდილი ეკონომიკა მეტ სავალუტო შემოსავლებს ნიშნავს...

1224
ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო „ფაბრიკა 1900“

რეკორდული ეკონომიკური ზრდა საქართველოში - გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა

47
(განახლებულია 09:38 31.07.2021)
2021 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროში ზრდა შეინიშნება.

თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება - მშპ-ს ზრდამ ივნისში 18,7% შეადგინა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებაში.

ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკა მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29,8%-ით გაიზარდა.

2020 წლის ივნისში ეკონომიკურმა ვარდნამ 7,7% შეადგინა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდა - 2021 წლის თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 5,1%-ით შემცირდა.

რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან ხუთ თვეში 11,5%-ს შეადგენს.

2021 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო  საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლება დაფიქსირდა მხოლოდ სამთო-მოპოვებით მრეწველობაში.

საქართველო 2021 წელს ეკონომიკის რეკორდულ ზრდას ელოდება

2021 წელს ეკონომიკური ზრდა 7,7%-ს შეადგენს, რაც დადებითად აისახება სამუშაო ადგილებზე, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„მოლოდინი გვაქვს, რომ, ჯერ ერთი, შესრულდება ვარაუდი, რომ მიმდინარე წელი სულ მცირე 7,7%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება, ასევე გაიზრდება დასაქმება“, – განაცხადა თურნავამ.

მისი განცხადებით, ივნისში ეკონომიკა გაიზარდა არამხოლოდ 2020 წელთან შედარებით, არამედ 2019 წელთანაც, როდესაც საქართველოს ეკონომიკის დონე სწრაფად ვითარდებოდა.

„ივნისში საკმაოდ მაღალი – 18,7%- იანი ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ პერიოდისთვის. ამასთან, ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020 წლის ივნისთან შედარებით. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, წელს 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ზრდა არის პრაქტიკულად ყველა დარგში და განსაკუთრებით გამოირჩევიან მსხვილი დამსაქმებლები - გადამამუშავებელი მრეწველობა, საბანკო და საფინანსო სექტორი, სასტუმრო და სხვა განთავსების ობიექტები, მშენებლობა და ვაჭრობა.

ამას წინათ ფინანსთა სამინისტრომ გადახედა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. იხილება ზრდის სამი სცენარი - საბაზო 7,7%, ოპტიმისტური 10,2% და პესიმისტური 4,3%. პროგნოზით, მშპ მაღალი იქნება 2022 წელსაც და 6,9%-ს მიაღწევს.

47
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 31 ივლისს

58
(განახლებულია 06:50 31.07.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0047 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1244 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0047 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 31 ივლისს
ლარის კურსი 31 ივლისს
58
თემები:
ლარის კურსი დღეს
მზის ჩასვლა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო

0
(განახლებულია 08:03 31.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 1 აგვისტოა, კვირა. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

არაერთი სიურპრიზი გელოდებათ. ესაა შემოქმედებითი ვნებების, მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და გრძნობების უეცარი „ამოფრქვევის“ დღე. აჯობებს, თუ არ მიიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, არ გამართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს – შედეგის გათვლა შეუძლებელია.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი>>

ვერძი: მრავალფეროვანი სიურპრიზები გელოდებათ – ვის როგორ გაუმართლებს. თქვენ გულში შეიძლება იფეთქოს მოულოდნელმა და ცეცხლოვანმა ვნებამ, რომელიც, დიდი ალბათობით, უბრალო რომანით არ დასრულდება. მალეც რომ დასრულდეს ეს კავშირი, ის თქვენს გულში საგრძნობ კვალს დატოვებს. გრძნობების მოზღვავება იმდენად უეცარი იქნება, რომ მომზადებას ვერ მოასწრებთ.

კურო: სჯობს, არავინ მოაწყოს თქვენი პროვოცირება, თუნდაც გარეგნულად ძალზე დამყოლი და აუღელვებელი ჩანდეთ. გარშემომყოფებს კი არა, თქვენც შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ სიმშვიდის განსახიერება ხართ. მაგრამ მაინც – მოსალოდნელია გაღიზიანების უეცარი შემოტევა, ამიტომ აჯობებს, თუ არავინ დაიწყებს თქვენი მისამართით „ისრების გამოსროლას“.

ტყუპი: ყველაზე ეფექტური გზა დღეს თქვენთვის დინებაზე მშვიდად გაყოლაა. არ ღირს გარემოებებზე შეწინააღმდეგება. უაზრობაა ბედთან კამათი და მით უმეტეს, მკაცრი გეგმის მიხედვით მოქმედება. გეგმის დაწყობა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ გზადაგზა მასში კორექტივების შეტანა მოგიწევთ. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ მოულოდნელ ვითარებებში.

კირჩხიბი: არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი, შესაძლოა, არცთუ ხელსაყრელად დაიწყოს და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ იყოს შესაფერისი, მაგრამ დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო ნაცნობობის დროა, როდესაც არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. ენდეთ ინტუიციას.

ლომი: ვერანაირი გაუთვალისწინებელი გარემო რიტმიდან ვერ ამოგაგდებთ. შესაძლებელია ასეთმა დაუგეგმავმა მოვლენამ დროებით თქვენი ყურადღება გაფანტოს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგიშლით, კალაპოტიდან ვერ ამოგაგდებთ და საქმეს მაინც მიიყვანთ ბოლომდე. ასე რომ, დღე პროდუქტიულად ჩაივლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ წვრილმანზე არ გაღიზიანდებით.

ქალწული: დღე მთლიანობაში მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის, თუმცა რაღაც მომენტებში, უდრო დღის პირველ ნახევარში მოულოდნელი მოვლენები, გაუგებრობებია მოსალოდნელია. პოზიტიური ტენდენციები მალე გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარში უკვე გაჩნდება ახალი, პერსპექტიული შესაძლებლობები. ეს პერიოდი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, ადვილად პოულობთ საერთო ენას ყველასთან, მათ შორის ახლად გაცნობილ ადამიანებთანაც.

სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისგან, რაღაც „თავქარიანი“ ექსპერიმენტების ჩატარებისგან. არ აჰყვეთ უკვე ნაცნობ ცდუნებებს, რადგან მორალური თუ მატერიალური შედეგები იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საფრთხის შემცველია ზედმეტი, გადაჭარბებული მოთხოვნები, ანუ დაკმაყოფილდით იმით, რაც დღეს გაქვთ.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. საკმაოდ პოზიტიური პერიოდი გელოდებათ რამე განსაკუთრებული იარყოფითი ძვრების გარეშე. მოასწრებთ დასვენებასაც და საქმეების გაკეთებასაც. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, ხოლო უსიამოვნებებისგან შინაგანი წინდახედულება და დღეს განსაკუთრებულად გამძაფრებული ინტუიცია დაგიცავთ.

მშვილდოსანი: შეგწევთ ძალა, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ არა მარტო თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, დამეგობრება საინტერესო ადამიანებთან. ნათლად გამოვლინდება თქვენი ლიდერის თვისებები. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ დაღლილობას ვერ იგრძნობთ – ენერგიით ხართ სავსე.

თხის რქა: საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. სერიოზული პრობლემები და სირთულეები, რომელთა გადალახვასაც ვერ შეძლებთ, არ გელოდებათ. ხართ მშვიდი და თავდაჯერებული, მაგრამ მოდუნება არ ღირს, რადგან ბედმა არაერთი შესანიშნავი შანსი შეიძლება მოგცეთ, რომ მეტოქეებსა და კონკურენტებზე გაიმარჯვოთ. სავარაუდოდ, გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები, მაგრამ მათი რეალიზების დაწყებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა.

მერწყული: დღეს ძალიან წაგადგებათ სრულფასოვანი დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ეს უფრო დღის პირველ ნახევარს ეხება, როცა გგონიათ, რომ ათასი საქმე გაქვთ სასწრაფოდ გასაკეთებელი. თავისუფლად შეგიძლიათ დასვენების უფლება მისცეთ თავს. ამისთვის დღის მეორე ნახევარი გამოდგება, როდესაც თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

თევზები: ეცადეთ, არ იჩქაროთ. დღეს კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და დაფიქრებული ნაბიჯები გადადგათ. არ ენდოთ ყველას, ვინც ერთი შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, დიდი სურვილი გაქვთ, რომ დაისვენოთ და მოდუნდეთ, მაგრამ საქმეები ამის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა მოკლე მანძილზე მგზავრობისა და გარემოს გამოცვლისთვის.

0