მოსახლეობა სააღდგომოდ პროდუქტებს იმარაგებს

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას ვარაუდობს

41
ვაქცინაცია ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია, ამავდროულად, ის ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გამარტივებას, მიიჩნევენ ბანკში

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და შიდა მოთხოვნის გამოცოცხლების ხარჯზე 2021 წელს 3,5%-ით გაიზრდება, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.

ADB საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2022 წელს ეკონომიკის სრული გახსნისა და ტურიზმის აღდგენის შემდეგ 6%-ით ვარაუდობს.

„როგორც ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა განაახლოს და 2022 წელს კიდევ უფრო დააჩქაროს”,- განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაცია ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია, ამავდროულად, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გამარტივება, ელექტრონული კომერციის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია საკვები პროდუქტების ექსპორტის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა.

ADB საქართველოში 2021 წელს ინფლაციის 5%-მდე შენელებას ვარაუდობს, 2022 წელს - 3,5%-მდე, მაგრამ ეს მაინც აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს.

ნავარაუდევია, რომ 2021 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 10%-მდე შემცირდება და 2022 წელს - 7%-მდე, სავაჭრო ბალანსის და ტურიზმის ეტაპობრივი გაუმჯობესების ფონზე.

გარდა ამისა, ADB-ს პროგნოზით, სურსათის მიწოდების შეფერხებების კომპენსაციის მიზნით ფართო სახელმწიფო მხარდაჭერის პირობებში 2021 წელს სოფლის მეურნეობა 3,2%-ით გაიზრდება, 2022 წელს - 3,9%-ით.

ბანკის პროგნოზებით, 2021 წელს ინვესტიციები შემცირდება 7,5%-ით, მაგრამ 2022 წელს ინვესტიციები გაიზრდება.

ნავარაუდევია, რომ 2021 წელს ექსპორტი გაიზრდება 7,1%-ით, ხოლო 2022 წელს გლობალური აღდგენის კვალდაკვალ 20,4%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც იმპორტი 2021 წელს გაიზრდება 3,6%-ით, ხოლო 2022 წელს - 8,9%-ით.

ADB-ს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველომ უნდა დააჩქაროს სოფლის მეურნეობის განვითარება ფერმერული მეურნეობების ცოდნის გაუმჯობესების, კავშირების დამყარების, ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების ხარჯზე.

„თანამდეროვე აგროგადამუშავების შექმნამ, ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებამ და კერძო ინვესტიციების მოზიდვამ ხელი უნდა შეუწყოს კონკურენციის განვითარებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ADB საქართველოს მთავრობას აძლევს რეკომენდაციას, გააგრძელოს ინვესტიციების სტიმულირება სარწყავ სისტემებში პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ევროკავშირისა და სხვა განვითარებული ბაზრების სტანდარტიზაციის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.

აზიის განვითარებული ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისათვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია.

41
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 6 მაისს

63
(განახლებულია 09:29 06.05.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4399 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 6 მაისს
ლარის კურსი 6 მაისს
63
თემები:
ლარის კურსი დღეს
მოსავლის აღება

რამდენად აისახება საქართველოზე რუსეთიდან წიწიბურის ექსპორტის აკრძალვა: თურნავას განმარტება

131
(განახლებულია 22:59 05.05.2021)
რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. რუსეთიდან წიწიბურის გატანაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა ქართულ ბაზარზე არ აისახება, განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება. მიზეზად დასახელდა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება. 

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს თავისუფალი ვაჭრობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, თუმცა, როგორ ჩანს, ამას თავისი შიდა მიზეზები აქვს. ჩვენს ბაზარზე ეს არ აისახება, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიო ბაზრების 2/3-თან, შესაბამისად, ძალიან მარტივად ჩანაცვლდება ეს დანაკლისი, თუ შეიქმნება, მაგრამ დღეს ეს დანაკლისი არ არის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რუსეთი საქართველოსთვის წიწიბურის ძირითადი მომწოდებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 701,7 ათასი დოლარის ღირებულების წიწიბურა შეიძინა, აქედან 701,4 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია რუსეთიდან შემოვიდა.

ადრე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთში მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმდინარე მოცულობები მოსახლეობის მოთხოვნებს ძირითადი სახეობების ბურღულეულზე, მათ შორის წიწიბურაზე, სრულად უზრუნველყოფს. ამასთან, 2020 წლის ნოემბრიდან მსოფლიოში არსებული კონიუნქტურის ფონზე იმპორტიორ ქვეყნებში რუსული წიწიბურის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

რუსეთში წიწიბურის ფასი წლის დასაწყისიდან იზრდება. უწყვეტი ზრდა მარტიდან ფიქსირდება. 19 აპრილის მდგომარეობით 1 კგ წიწიბურა რუსეთში ღირდა 96 რუბლი, რაც დაახლოებით 4,4 ლარს უდრის.

საქართველოში 1 კგ წიწიბურის ფასი 3,5 ლარიდან იწყება.

 

131
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტიდან  რეისები ხუთი ქვეყნის ცხრა  მიმართულებით შესრულდება

0
(განახლებულია 17:21 06.05.2021)
თებერვლიდან ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები გახსნა და იმ ქვეყნების ჩამონათვალი გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მაისში პირდაპირი რეგულარული რეისები ხუთი ქვეყნის ცხრა მიმართულებით შესრულდება, ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქუთაისის  აეროპორტიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოხვედრა პირდაპირი რეგულარული ავიარეისებით არის შესაძლებელი.

კერძოდ, მაისში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით აახლებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აწარმოებს და ფრენები ეტაპობრივად აღდგება“, -ნათქვამია განცხადებაში.

Wizz Air-მა 18 აპრილიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერ იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, 14 მაისიდან Wizz Air-ი ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს. მაისის ბოლოდან კი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ ორ ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი: 29 მაისიდან - კატოვიცეს მიმართულებით, 30 მაისიდან კი - გდანსკისა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან  2 მაისიდან ოპერირება დაიწყო ახალმა ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მაც, რომელიც პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ ახორციელებს სამი მიმართულებით: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი.

საჰაერო გზით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლია.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

0