საავტომობილო გზა

„განახლებული რეგიონები“: გამოცხადდა ტენდერები 160 მლნ ლარზე

40
(განახლებულია 16:22 29.04.2021)
მუნიციპალური განვითარების ფონდმა რვა ტენდერი გამოაცხადა, თითოეულის მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოს 34 მუნიციპალიტეტში 160 მლნ ლარის თანხაზე ტენდერები გამოცხადდა, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების გეგმას შეიმუშავებს>>

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ გათვლილია ოთხ წელიწადზე და ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მლნ ლარს შეადგენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რვა ტენდერი გამოაცხადა, თითოეულის მოცულობა 20 მლნ ლარია.

ტენდერების შედეგად განისაზღვრება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 

ურბანული განახლების პროექტების მომზადებისას კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ თითოეული რეგიონის მახასიათებლები, ისტორიულ-კულტურული თავისებურებები და ობიექტების ფუნქციური დანიშნულება. 

სპეციალური კომისია, რომელიც განსაზღვრავს ურბანული განახლების კონკრეტულ პროექტებსა და ობიექტებს, მუშაობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. კომისიაში შევლენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები. 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი პროექტები:

  • მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია;
  • მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია;
  • რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა;
  • ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 29 აპრილს საინფორმაციო შეხვედრას გამართავს იმ სამშენებლო და საპროექტო კომპანიებთან, რომლებსაც ტენდერში მონაწილეობის მიღება სურთ.

40
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1015)
ურეკი–შეკვეთილის გზა

პროგრამა „განახლებული რეგიონები“ გურიაში: რისი გაკეთება იგეგმება

26
(განახლებულია 17:10 08.05.2021)
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა ოზურგეთში გაიმართა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო>>

„გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კომისიის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია ის პირველი ეტაპის აუცილებელი მდებარეობები, რომლებიც უნდა განვითარდეს ურბანულად. ამ ადგილების განვითარება გაზრდის მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებს, რითაც დიდ სარგებელს ნახავენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე - ვიზიტორები“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

  • ახალი პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკს, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიასა, ჩოხატაურში მოეწყობა ცენტრალური მოედანი და მოწესრიგდება დუმბაძის ქუჩა, ლანჩხუთში კი დაიგეგმა ცენტრალური მოედნის, ცენტრალური პარკისა და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე,  სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გურიაში კომისიის სხდომა ქუთაისის, ამბროლაურისა და ზუგდიდის შემდეგ გაიმართა,  კომისიის ფორმატში შემდეგი შეხვედრა უკვე აჭარაში, ხოლო მომდევნო კვირიდან კი აღმოსავლეთ საქართველოში გაიმართება.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა.

ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ოთხწლიანი  პროგრამა, რომელიც  საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

26
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1015)
ავტოსამრეცხაო

საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა სარეცხ საშუალებებს გამოუშვებენ

40
(განახლებულია 21:21 07.05.2021)
კომპანიამ სპეციალური ფორმულა შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი წყლის სიხისტეს, ამას გარდა მინიმალურად აბინძურებს გარემოს.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ფონიჭალაში სახელმწიფოს მხარდაჭერით სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი საწარმო აშენდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

თბილისსა და რეგიონებში ოთხი მცირე საწარმოს შექმნის პროექტი საქართველოს მთავრობამ აპრილის ბოლოს დაამტკიცა. ის განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

ქიმიური პროდუქციის საწარმოს შესაქმნელად შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფს“ (Ekokemika International) სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცემა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა.

Ekokemika International წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას, რომლის სათავო ოფისი და ძირითადი საწარმოო ბაზა მდებარეობს იტალიის ქალაქ პიაცენსაში. საწარმო აწარმოებს პროდუქტებს, რომელთა ფორმულები თვითონ Ekokemika International-მა შეიმუშავა და მის საკუთრებაშია.

ნედლეულს, რომელიც პროდუქტების შესაქმნელად გამოიყენება, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებენ. კომპანია 20 წელზე მეტია ბაზარზე მოქმედებს და მისი ძირითადი პროფილია ავტომობილების სარეცხი საშუალებების წარმოება.

ახალ ქარხანაში სარეცხ საშუალებებს სპეციალურად ქართული ბაზრისთვის დაამზადებენ. Ekokemika International-მა სპეციალური ფორმულა შექმნა ადგილობრივი წყლის სიხისტის გათვალისწინებით, ასევე გარემოს დაბინძურების შესამცირებლად. აგრეთვე გათვალისწინებულია ტექნოლოგიები, რომლითაც ადგილობრივი ავტოსამრეცხაოები მუშაობენ.

ამ დროისთვის კომპანია Ekokemika International-ს წარმომადგენლობა აქვს საქართველოში, ბელარუსში, სომხეთში, რუსეთსა და ყაზახეთში, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ათზე მეტ ქვეყანაში.

40
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1015)
საპატრულო პოლიცია ავტობანზე

უკვე მეხუთე დღე: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება

0
(განახლებულია 18:54 08.05.2021)
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკური კრიზისის, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების პირობებში ოჯახების ელემენტარული რჩენისთვის ხელფასები არ ჰყოფნით

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთზე დასაქმებული მუშები უკვე მეხუთე დღეა, არ მუშაობენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ, იუწყება პირველი არხი.

400–მდე მუშის გაფიცვა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მიმდინარეობს, სადაც გზის მონაკვეთის მესამე სატრანსპორტო კვანძია.

„კომუნიკაციაც არა გვაქვს, ვერ გვაგებინებენ, ვერ ვაგებინებთ, თარჯიმანი არის, მაგრამ ოფისშია, ობიექტებზე არ არის. რამე რომ დაგავალოს უფროსმა, ვერ გაიგებ. ძალიან გვიჭირს ასე. დაბალი ხელფასები გვაქვს და გაზრდას მოვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ბექა ციკორიშვილმა.

აქციის მეორე მონაწილე სერგო გელაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი – დღიური ხელფასის 30%–ით გაზრდა და შრომითი უსაფრთხოების დაცვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არც გვირაბებში, არც ხიდებზე არანაირი უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობას ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group ახორციელებს. 

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება>>

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ხევი–უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი თბილისი–არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა–თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

0