ბაზრობა მშრალ ხიდზე

ეკონომიკის საგანგაშო ვარდნა და ოპტიმისტურად განწყობილი ხელისუფლება

95
(განახლებულია 19:02 26.04.2021)
საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გრძელდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, რომელიც მარტის ბოლოს გახდა ცნობილი, წლევანდელ თებერვალში, შარშანდელ თებერვალთან შედარებით, მშპ 5.1%-ით შემცირდა.

იანვარში მდგომარეობა კიდევ უფრო უარესი იყო – 2020 წლის იანვართან შედარებით კლებამ 11.5% შეადგინა.

რაც შეეხება გასული 2020 წლის მდგომარეობას, „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. 2019 წელს თუ მშპ 40,298 მილიარდი ლარის ეკვივალენტი იყო, 2020 წელს მშპ-ის მოცულობამ 37,815 მილიარდი ლარი შეადგინა. კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად დაწესებულმა შეზღუდვებმა და „ლოკდაუნმა“ ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვარდნა საქართველოს ეკონომიკას 1994 წლის შემდეგ არ ჰქონია, მათ შორის არც 2008 წლის აგვისტოს ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის მერე. შორეულ 1991-ში კლება იყო 21%, 1992-ში – 44%, 1993-ში – 29%, 1994 წელს – 10.4%. თუმცა, მაშინდელ წლებს თუ გავიხსენებთ, ეკონომიკური კრიზისისთვის ყველა პირობა ერთად იყო – სამოქალაქო ომი თუ ომი აფხაზეთსა და ცხინვალში, კრიმინალის აღზევება და კორუფცია ყველა დონეზე. რაც შეეხება აგვისტოს ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში საქართველოს ეკონომიკის ვარდნას, 2009 წელს მშპ 3.7%-ით შემცირდა.

ისევ გასულ წელს რომ დავუბრუნდეთ, შარშან ყველაზე მეტად შემდეგი დარგების ბრუნვა შემცირდა:

სასტუმროები და რესტორნები – 37.9%; ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (საქმიანობა, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკური სუბიექტის ძირითადი საქმიანობის განხორციელებას. მაგალითად, ავტომობილების თუ სხვა საშუალებების იჯარა და ლიზინგი და ა.შ.) – ასევე 37.9%; ტრანსპორტი და დასაწყობება – 22.3%; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 18.9%; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 18.4%; წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 11.1%; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 7.4%; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 5.6%; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5.0%; მშენებლობა – 4.7%.

რაც შეეხება შარშანდელ კრიზისულ პერიოდში გაზრდილ დარგებს, ესენია:

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (7.9%); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (3.6%); განათლება (3.1%); სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (1.8%); სხვა სახის მომსახურება (7.1%).

ხელისუფლების ოპტიმიზმი

„საქართველოს ეკონომიკური ვარდნის ტემპი 6.2%-ია, რაც მძიმეა ისეთი ეკონომიკისთვის, რომელიც, რომ არა პანდემია, ემზადებოდა ხუთ და მეტპროცენტიანი ზრდისთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

„გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეს არ არის ყველაზე მძიმე მაჩვენებელი, თუნდაც ევროზონაში ნავარაუდევი -8%-იანი ვარდნით“, – განაცხადა თურნავამ თებერვლის ბოლოს. მისი თქმით, 2021 წელი იქნება სწრაფი აღდგენის წელი და საშუალოვადიან პერსპექტივაში 2021-2024 წლებში საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში – 5.3%-ით.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრმა შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაში დადებითი მომენტიც იპოვნა.

„ეს შეეხო როგორც იმპორტის, დაახლოებით 16%-ით, ასევე ექსპორტის – 12%-ით ვარდნას, მაგრამ კარგია ის, რომ ექსპორტის შემცირების ტემპი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმპორტის, რამაც საშუალება მოგვცა, რომ გაუმჯობესებულიყო ჩვენი სავაჭრო დეფიციტი. ერთი მლრდ დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს ამ მხრივ, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს იყო“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავას თებერვლის ოპტიმიზმს აპრილის პესიმიზმი მოჰყვა: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა. წინა პროგნოზით, 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. S&P Global-ის პროგნოზით კი, 2021 წლის ბოლოსთვის მთლიანი საგარეო ვალი მშპ-ის 69.5%-ს მიაღწევს. მაგრამ IMF-ის მიერ პროგნოზის ცვლილების მიუხედავად ეკონომიკის ზრდის პროგნოზს არ ცვლის საქართველოს მთავრობა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მაღალი. ამაში დაგვეხმარება ჩვენი პრივატიზაციის პროგრამა, ასევე „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროგრამები. ერთი სიტყვით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა ჩვენი პროგნოზი გამართლდეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ უკვე 12 აპრილს.

ექსპერტების მოსაზრება

მშპ-ის 6.2%-იან შემცირების მთავარ მიზეზად ეკონომისტები მთავრობის მიერ დაწესებულ მკაცრ რეგულაციებს ასახელებენ. მათი თქმით, შედარებით მსუბუქი რეგულაციების შემთხვევაში შეიძლებოდა ეკონომიკა ნაკლებად დაზარალებულიყო.

„6%-იანი ეკონომიკური ვარდნა, ბუნებრივია, საკმაოდ მძიმეა და ეს განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობაზე. რეგულაციების ეკონომიკაზე გავლენის ეფექტის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებით გაზაფხულზე შემოღებული ბევრი შეზღუდვა შეცდომა იყო. მთავრობის ის არგუმენტი, რომ ევროპაშიც მსგავსი შეზღუდვები დაწესდა, არარელევანტურია, რადგან იქ სხვა მასშტაბის ეკონომიკაა“, – განაცხადა ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა.

ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ პანდემიას ემატება ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

„ეს არის უსაფუძვლო შეზღუდვებიდან დაწყებული, დამთავრებული იმ პოლიტიკით, რასაც ფინანსების არასწორი ხარჯვა ჰქვია. ვალით აღებული ფული იხარჯებოდა დახმარებებში, დეველოპერებისთვის ფულის ჩუქებაში. ეს არის ის პოლიტიკა, რამაც უარყოფითი შედეგი გამოიღო“, – ამბობს გერლიანი.

არასამთავრობო ორგანიზაცია HUB–Georgia-მ გამართა ონლაინ–კონფერენცია თემაზე: საქართველო 2020 წლის ეკონომიკური კრიზისის პირობებში – კრიზისის დაძლევის გზები. კონფერენციაზე მომოიხილეს წლის დანაკარგები, რაც ქვეყნის ეკონომიკამ პანდემის მიზეზით განიცადა. მათ შორის რამდენიმეზე გავამახვილებთ ყურადღებას:

ეკონომიკის ვარდნა – 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის 3,5%-ით, ხოლო საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 9,6%-ით შემცირების ფონზე საქართველოს ეკონომიკამ დაკარგა 4,5 მილიარდი ლარი, მოსალოდნელი 5.0%-იანი ზრდის ნაცვლად მშპ შემცირდა 6.2%-ით. 2020 წლის აპრილში ეკონომიკამ განიცადა მაქსიმალური – 16.6%-იანი ვარდნა.

ეკონომიკის ვარდნა ციფრებში – 2019 წლის რეალური მშპ 40,3 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეკონომიკური კრიზისის პირობებში რეალური მშპ 6,2%-ით შემცირდა და ქვეყნის ეკონომიკა რეალურად 37,8 მილიარდი ლარის ტოლი გახდა, რაც 2,5 მილიარდი ლარის კლებას ნიშნავს;

ტურიზმის სფერო – 2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები – 82%-ით შემცირდა და 0.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. პანდემიამდე ქვეყანაში ტურიზმის დარგი 3 მილიარდი დოლარის გენერირებას ახდენდა. ტურისტულ ინდუსტრიაში 300 ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი.

ამის გარდა, სხვა მაჩვენებლებიც ადასტურებს შექმნილი მდგომარეობის სირთულეს, თუმცა, როგორც ვნახეთ, ხელისუფლება მაინც ოპტიმიზმს გამოხატავს. უფრო მეტიც, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ამას წინათ განაცხადა, რომ 2021-2026 წლებში ევროპაში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება, ჯამში 34.5%-ით.

აქვე იმის გახსენებაც ღირს, რომ ხელისუფლების თუ ეროვნული ბანკის პროგნოზი ხშირად ზედმეტად ოპტიმისტურია და არ მართლდება ხოლმე. მაგალითად, შარშან, ნოემბერში, სებ-ის ანგარიშით, 2020 წელს ეკონომიკა მხოლოდ 5%-ით შემცირდებოდა, ხოლო 2021-ში მშპ 5%-ით უნდა გაზრდილიყო. იგივე მოლოდინი ჰქონდა მთავრობასაც. თუმცა, სულ ორიოდე თვეში გამოჩნდა, რომ რეალობა მნიშვნელოვნად უარესია.

თემურ იოსელიანი

 

95
ავტოსამრეცხაო

საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა სარეცხ საშუალებებს გამოუშვებენ

35
(განახლებულია 21:21 07.05.2021)
კომპანიამ სპეციალური ფორმულა შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი წყლის სიხისტეს, ამას გარდა მინიმალურად აბინძურებს გარემოს.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ფონიჭალაში სახელმწიფოს მხარდაჭერით სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი საწარმო აშენდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

თბილისსა და რეგიონებში ოთხი მცირე საწარმოს შექმნის პროექტი საქართველოს მთავრობამ აპრილის ბოლოს დაამტკიცა. ის განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

ქიმიური პროდუქციის საწარმოს შესაქმნელად შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფს“ (Ekokemika International) სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცემა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა.

Ekokemika International წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას, რომლის სათავო ოფისი და ძირითადი საწარმოო ბაზა მდებარეობს იტალიის ქალაქ პიაცენსაში. საწარმო აწარმოებს პროდუქტებს, რომელთა ფორმულები თვითონ Ekokemika International-მა შეიმუშავა და მის საკუთრებაშია.

ნედლეულს, რომელიც პროდუქტების შესაქმნელად გამოიყენება, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებენ. კომპანია 20 წელზე მეტია ბაზარზე მოქმედებს და მისი ძირითადი პროფილია ავტომობილების სარეცხი საშუალებების წარმოება.

ახალ ქარხანაში სარეცხ საშუალებებს სპეციალურად ქართული ბაზრისთვის დაამზადებენ. Ekokemika International-მა სპეციალური ფორმულა შექმნა ადგილობრივი წყლის სიხისტის გათვალისწინებით, ასევე გარემოს დაბინძურების შესამცირებლად. აგრეთვე გათვალისწინებულია ტექნოლოგიები, რომლითაც ადგილობრივი ავტოსამრეცხაოები მუშაობენ.

ამ დროისთვის კომპანია Ekokemika International-ს წარმომადგენლობა აქვს საქართველოში, ბელარუსში, სომხეთში, რუსეთსა და ყაზახეთში, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ათზე მეტ ქვეყანაში.

35
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ვაზილ ჰუდაკი

პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი წარმოადგინა

50
(განახლებულია 18:02 07.05.2021)
ჩემი მიზანია დავეხმარო საქართველოს მთავრობას სხვადასხვა რესურსის მობილიზაციაში, განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი წარმოადგინა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ჰუდაკი კარგად იცნობს საქართველოს და ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ, ამ გეგმაში საქართველოს სამომავალო განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, მეტ დასაქმებას და მეტ შემოსავალს ჩვენი მოქალაქეებისთვის, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ შევარჩიეთ ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს დიდი მეგობარი. მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში იგი მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში. ასევე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ის იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ხშირად სტუმრობდა საქართველოს. ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ჩვენს ეკონომიკურ გუნდს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, ჰუდაკმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სხვადასხვა რესურსის მობილიზებაში. ამასთან, მან კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობისა და საზოგადოების ხელშეწყობისთვის. პანდემიის გამო ეკონომიკის აღდგენისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ქვეყნებს რთულ პერიოდში უწევთ მუშაობა, თუმცა ეს ახალი შესაძლებლობების პერიოდიც არის. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროს საუკეთესო ხარისხი შევქმნათ“, – განაცხადა ჰუდაკმა.

50
არწივი მთებში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მაისი

0
(განახლებულია 18:38 07.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 8 მაისია, შაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

იღბალი იქნება თანმდევი ყველა საქმეში, რაც ოგანიზაციულ მომენტებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. საუკეთესო დღეა კომპრომისების მოსაძებნად, რთული სიტუაციების გასაშიფრად, ნესბიემიერი ღონისძიებისთვის – ოფიციალური მოლაპარაკებებიდან დაწყებული წვეულების მოწყობით დამთავრებული. ძალზე ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ საქმეები კარგად დაალაგოთ და საჭირო კალაპოტი მისცეთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

ვერძი: დღეს ვითარება თქვენგან მოითხოვს, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში. თუნდაც ეს თქვენთვის ჩვეული არ იყოს, იგრძნობთ მოთხოვნილებას, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საინტერესო ისაა, რომ გარშემომყოფები მშვიდად დაგითმობენ პირველობას. შესაძლოა, ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება სწორი არ იყოს, მაგრამ ამით მოგეცემათ შანსი, ყველას და საკუთარ თავსაც აჩვენოთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.

კურო: დღეს გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენით მანიპულირება მოინდომონ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც შეეცადოს თავისი მდგომარეობის, კავშირების ან პირადი მომხიბვლელობის გამოყენებას, რათა თავის თამაშში ჩაგითრიოთ. თუ ამ მცდელობას აჰყვებით, დროთა განმავლობაში ინანებთ – ამან შეიძლება თქვენს რეპუტაციას დაარტყას. ასე რომ, დღეს თქვენი თვალსაზრისი უნდა დაიცვათ და მოერიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან.

ტყუპი: დღეს კარგად ვერ გაართმევთ თავს იმ საქმეებს, სადაც ლოგიკური აზროვნებაა საჭირო – გათვლები, ანალიტიკა, მეცნიერება, დაგეგმვა, სწავლა. სამაგიეროდ, ძალიან იოლი იქნება კონტაქტები ადამიანებთან, მათი თქვენი იდეებითა და ემოციებით დამუხტვა. ამას გარდა, ურთიერთობებში მწვავედ იგრძნობთ სიყალბეს, რისი გამოყენებაც „სიცრუის დეტექტორის“ სახით შეგიძლიათ.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ კარიერული, პროფესიული თუ პიროვნული ზრდის მეთოდიკის გასაცნობად. ამ თემებზე წიგნების ნახვა ადვილია – ნებისმიერი წიგნის მაღაზიიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული. თუნდაც სკეპტიკურად უყურებდეთ მსგავს ლიტერატურას, ნამდვილად ღირს მისი შესწავლა, ან შეგიძლიათ შეეგუოთ დღევანდელ მდგომარეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაც კი წარმატებებს მოგიტანთ.

ლომი: დღეს ნებისმიერი შეკრების „მიზიდულობის ცენტრი“ შეგიძლიათ გახდეთ. გარეშემომყოფები თქვენკენ მოილტვიან. საჭირო შედეგი რომ მიიღოთ, საკმარისია თქვენი ქარიზმა გამოიყენოთ – უარს ვერავინ გეტყვით. სხვათა შორის, დღევანდელი ვითარება სხვანაირადაც შეიძლება შემობრუნდეს თქვენთვის – ირგვლივ მყოფებმა გასაქანი არ მოგცენ, სულის მოთქმა არ გაცადონ და სულ „ნაწილ–ნაწილ“ დაგიტაცონ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდ მანიპულატორად იქცეთ და ადამიანები თოჯინებივით ათამაშოთ. თუნდაც ეს მანიპულაცია სუსტი იყოს, მაგრამ არსი მაინც არ იცვლება. მზად ხართ, გარშემომყოფების მოქმედებებს საჭირო კალაპოტი მისცეთ. ამისთვის კი აამუშაოთ კავშირები, მინიშნებები, დაპირებები, ჭორები... ამან რომ არ იმუშაოს კიდეც, თქვენსას მაინც მიაღწევთ, მაგრამ უფრო ადვილი გზებით – ქედუხრელობითა და სხვების დარწმუნების უნარით.

სასწორი: დღეს ის იშვიათი დღეა, როდესაც ირგვლივმყოფებთან კამათში ნამდვილად შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. მაგრამ მაინც სჯობს, არა იკამათოთ, არამედ განიხილოთ, იმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე – იდეებზე, გეგმებზე, პერსპექტივებზე. დღეს არაფერი ისე არ გაგამხნევებთ, არაფერი გაგიჩენთ ცინცხალ იდეებსა და მოქმედების სურვილს, როგორც ტვინის კარგი „შეჯანჯღარება“. თანამოაზრეებთან ერთად ნებისმიერ ამოცანასთან შეჭიდებას შეძლებთ.

მორიელი: მოთმინებითა და გაგებით უნდა მოეკიდოთ ადამიანს, რომელსაც დღეს თქვენი დახმარება, მხარდაჭერა ან რჩევა სჭირდება. თუ კეთილ საქმეს დროს დაუთმობთ, არ ინანებთ. პირიქით, კეთილისმყოფელის როლში თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ. თქვენც ხომ დაგჭირვებიათ ვინმეს დახმარება ან რჩევა, და რატომ არ უნდა დაეხმაროთ თქვენ? და გახსოვდეთ, რომ სიკეთეცა და ბოროტებაც უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება.

მშვილდოსანი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ თავის მოთოკვა, რომ ახლობლებს ბრძანებები არ მისცეთ და თქვენი ვალდებულებების ნაწილიც მათ არ გადააბაროთ. ვერაფერს გააწყობთ – ეს გუნდის კანონია, ყოველთვის დამყოლი ვერ იქნებით, ხანდახან კლანჭებიც უნდა გამოაჩინოთ. ამასთან დღეს ეს თავისთავადაც შეიძლება გამოვიდეს – სიტუაცია ისე ჩამოყალიბდეს, რომ არჩევნის წინაშე დადგეთ: ან ვერ გაუმკლავდეთ ყველა საქმეს, ან სხვა დაიხმაროთ.

თხის რქა: დღეს ირგვლივ არსებული ატმოსფერო გაგახარებთ. სითბოსა და ურთიერთდახმარების განცდა თქვენში დაბადებს გრძნობას, რომ ყველა, ვინც გარშემო ტრიალებს, ერთი დიდი ოჯახია. ასეთი სიკეთით სავსე განწყობა აუცილებლად აისახება თქვენ ქცევაზე – ჩვეულებრივზე მეტად გულგახსნილი იქნებით ურთიერთობებში. თქვენი მომხიბვლელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ირგვლივ მყოფნი ვერ შეძლებენ – თუ მოინდომებთ, დაუძინებელ მტერსაც კი საუკეთესო მეგობრად აქცევთ.

მერწყული: თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს სასიამოვნო დივიდენდებით შეიძლება შემოგიბრუნდეთ. შესაძლოა, გარშემომყოფებთან თქვენი ცოდნით გაიბრწყინოთ, ან პერსპექტიული ნაცნობობა გააბათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სრულად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი დიდი ორატორული ნიჭი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ყოველთვის არაა მისასალმებელი, მაგრამ დღეს გამონაკლისი შეგიძლიათ დაუშვათ და „მჭევრმეტყველების მაგიური ძალა“ აჩვენოთ.

თევზები: დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს თქვენ შემდგომ ცხოვრებაზე. რა სახის იქნება ეს გავლენა – დადებითი თუ უარყოფითი, უკვე თვითონ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი შემთხვევისთვის, მთელი თქვენი ბუნებრივი ხიბლი აამოქმედოთ თითოეულ თანამოსაუბრესთან. მომხიბვლელობა კი, რაც მართალი, მართალი – არ გაკლიათ.

0