ღვინის რესტორანი

ვიხსნათ ტურისტები შიმშილისგან - ქართველი ბიზნესმენები შეზღუდვების შერბილებას მოითხოვენ

83
„კომენდანტის საათის“ მოხსნა, ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადების დაწყება, რესტორნების ამუშავება უქმეებზე - ესაა ბიზნესმენების ძირითადი მოთხოვნები

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოში მოქმედი 14 ბიზნეს-ასოციაცია მოითხოვს კოვიდ-შეზღუდვების მოხსნას და ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას.

„კომენდანტის საათის“ მოხსნა, ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადების დაწყება, რესტორნების შაბათ-კვირას ამუშავება - ესაა ორგანიზაციების ხელმძღვანელების ძირითადი მოთხოვნები. გარდა ამისა, ბიზნეს-ასოციაციები მოითხოვენ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას, მცირე და საშუალო ბიზნესზე საგადასახადო წნეხის შემცირებას, ასევე ქვეყანაში ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების შეწყვეტას.

  • 2021 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში სულ 134,7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89,7%-ით ნაკლებია

„კომენდანტის საათის“ გამო, ძალიან ბევრი სტუმარი ჩვენთან ჩამოსვლაზე უარს ამბობს. რა თქმა უნდა, ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ საქართველოში ჩამოვიდნენ და საღამოს 9 საათზე რესტორანში არ წავიდნენ. მთავრია რეგულაციები შევიმუშაოთ, ვიცოდეთ როგორ ვმუშაობთ შემდეგი სეზონის განმავლობაში, მზად ვიყოთ ტურისტებისთვის ტურისტული პაკეტების შემუშავებისთვის. კითხვებს გვისვამენ და პასუხებს ვერ ვცემთ“, - განაცხადა „სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.

ბიზნეს-ასოციაციებს სურთ, რომ მათი ჩართვით შემუშავდეს კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ შეზღუდვების გარეშე ხორციელდებოდეს ბიზნესის ეფექტიანი მართვა იმგვარად, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ ზარალდებოდეს.

„ინიციატივის მიზანია, გვერდში დავუდგეთ მთავრობას, რათა ქვეყანამ ნაკლები დანაკარგით დაძლიოს ეკონომიკური პრობლემები. მთავრობამ არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, მათ შორის თქვენი უშუალო მონაწილეობითაც, დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის გახსნის პროცესი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის გადარჩენისათვის, ნელი ტემპით მიდის. სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა განცხადებები კი მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალი „ლოკდაუნის“ საშიშროებაზე“, - ნათქვამია ბიზნეს-ასოციაციების განცხადებაში.

განცხადების ავტორების თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარება და ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებების შესრულება მოხერხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიზნეს-სექტორი, რომელიც ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყაროა, ფეხზე წამოდგება.

ისინი მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და მას ექვსპუნქტიან გეგმას სთავაზობენ.

1. სასწრაფოდ გაუქმდეს „კომენდანტის საათი“

ეს მოთხოვნა აიხსნება იმით, რომ ქვეყანაში სამუშაო პროცესები წყდება ოთხი-ხუთი საათით ადრე, ამით ეკონომიკა ყოველდღე მილიონობით ზარალს იღებს.

2. დაიწყოს ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადება.

იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს უცხოელი ტურისტების მიღება. მზადების გარეშე მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღებას ქვეყანა ვერ შეძლებს. სტუმარ-მასპინძლობის სექტორი განადგურებულია.

3. რესტორნების ამუშავება შაბათ-კვირას

ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით, სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვან ღონისძიებებსა და ქეიფებს კერძო სექტორში. პლუს, ტურისტი შაბათ-კვირას რჩება მშიერი.

4. დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი.

ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად გაძლიერდეს პროპაგანდა ვაქცინაციის დადებით შედეგებთან დაკავშირებით. დღევანდელი როგორც ვაქცინაციის პროცესი, ასევე პროპაგანდა არადამაკმაყოფილებელია.

5. შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც ყველაზე დაზარალებულია ამ კრიზისის დროს, უნდა მოექცეს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ. ეს ეხება როგორც ზოგიერთი დარგების სუბსიდირებას, ასევე საგადასახადო წნეხის ან მოხსნას ან მინიმუმ შემცირებას.

6. შეწყდეს ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება.

ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია პოზიტიური მესიჯებისა და დადებითი განწყობის გარეშე. მედიასაშუალებები, ისევე როგორც მთავრობა, დაკავებულია მხოლოდ უარყოფით მესიჯების გაჟღერებით: ეპიდსიტუაციაზე, ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე, პოლიტიკურ სიტუაციაზე, ლარის კურსზე, მკვლელობები და ა.შ.

 

 

83
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 6 მაისს

63
(განახლებულია 09:29 06.05.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4399 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 6 მაისს
ლარის კურსი 6 მაისს
63
თემები:
ლარის კურსი დღეს
მოსავლის აღება

რამდენად აისახება საქართველოზე რუსეთიდან წიწიბურის ექსპორტის აკრძალვა: თურნავას განმარტება

131
(განახლებულია 22:59 05.05.2021)
რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. რუსეთიდან წიწიბურის გატანაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა ქართულ ბაზარზე არ აისახება, განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება. მიზეზად დასახელდა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება. 

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს თავისუფალი ვაჭრობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, თუმცა, როგორ ჩანს, ამას თავისი შიდა მიზეზები აქვს. ჩვენს ბაზარზე ეს არ აისახება, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიო ბაზრების 2/3-თან, შესაბამისად, ძალიან მარტივად ჩანაცვლდება ეს დანაკლისი, თუ შეიქმნება, მაგრამ დღეს ეს დანაკლისი არ არის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რუსეთი საქართველოსთვის წიწიბურის ძირითადი მომწოდებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 701,7 ათასი დოლარის ღირებულების წიწიბურა შეიძინა, აქედან 701,4 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია რუსეთიდან შემოვიდა.

ადრე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთში მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმდინარე მოცულობები მოსახლეობის მოთხოვნებს ძირითადი სახეობების ბურღულეულზე, მათ შორის წიწიბურაზე, სრულად უზრუნველყოფს. ამასთან, 2020 წლის ნოემბრიდან მსოფლიოში არსებული კონიუნქტურის ფონზე იმპორტიორ ქვეყნებში რუსული წიწიბურის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

რუსეთში წიწიბურის ფასი წლის დასაწყისიდან იზრდება. უწყვეტი ზრდა მარტიდან ფიქსირდება. 19 აპრილის მდგომარეობით 1 კგ წიწიბურა რუსეთში ღირდა 96 რუბლი, რაც დაახლოებით 4,4 ლარს უდრის.

საქართველოში 1 კგ წიწიბურის ფასი 3,5 ლარიდან იწყება.

 

131
კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი პაციენტი

დადგინდა, რომელი მამაკაცები ავადდებიან COVID-19-ის მძიმე ფორმით: ახალი კვლევა

0
(განახლებულია 19:59 06.05.2021)
მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მელოტი მამაკაცები 2,5−ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19−ის მძიმე ფორმით, ვიდრე ხშირი თმების მქონეები, იუწყება Daily Mail-ი ევროპის დერმატოლოგიური და ვენეროლოგიური საზოგადოების (EADV) პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამას გენების ის ვარიაცია უწყობს ხელს, რომელიც მამაკაცის გამელოტების რისკებს ზრდის.

„ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ გენ AR−ში CAG-გამეორებების რაოდენობა, რომლებიც მამაკაცის სიმელოტისადმი მიდრეკილებას განსაზღვრავს, გავლენას ახდენს იმაზეც, თუ რამდენად ხშირად შეიძლება განუვითარდეს მის მფლობელს COVID-19−ის მძიმე ფორმები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი ბიომარკერი შეგვიძლია ვირუსის იმ მტარებლების საიდენტიფიკაციოდ გამოვიყენოთ, რომლებისთვისაც რეანიმაციაში მოხვედრის რისკი მაქსიმალური იქნება“, — განაცხადა მარკონის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორმა ენდი გორენმა.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა უჰანში კორონავირუს SARS-CoV-2−ის აფეთქების პირველივე დღეებიდან  გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ახალი ტიპის ვირუსით მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებოდნენ, ვიდრე ქალები.

თავდაპირველად ბიოლოგებმა ეს ფაქტი იმას მიაწერეს, რომ მამაკაცის ფილტვების უჯრედები რეცეპტორ ACE2−ის უფრო მეტ მოლეკულას შეიცავს, რომლებსაც იყენებს კიდეც ვირუსი ინფიცირებისთვის. შემდგომში მეცნიერების მოსაზრება ამ საკითხზე გაიყო, თუმცა მკვლევართა უმეტესობა მაინც მიიჩნევს, რომ მამაკაცები ნამდვილად უფრო ხშირად ავადდებიან COVID−19−ით.

პროფესორმა გორენმა და მისმა კოლეგებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა. მათ ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ COVID−19−ის მძიმე ფორმით რეანიმაციებში მოხვედრილი მამაკაცების 80% მელოტი იყო.

ბიოლოგების აზრით, ინფექციის ეს თავისებურება შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო კორონავირუსული ინფექციისადმი უფრო მოწყვლადი პაციენტების გამოსავლენად, არამედ თავად ვირუსთან ბრძოლისთვისაც —  გენ AR−ის აქტიურობის დამთრგუნველი პრეპარატების დახმარებით.

პროფესორი გორენი და მისი კოლეგები ექსპერიმენტების პირველი შედეგების გამოქვეყნებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება