საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მოიწონა

72
(განახლებულია 17:05 17.04.2021)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სსფ-ს სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ახლა საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებას თანამშრომლობის ახალ პროგრამაზე ახორციელებს

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოიწონა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ინფლაციის და სავალუტო კურსის მიმართ, განაცხადა ერთობლივ ვიდეოკონფერენციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სუბირ ლალმა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე პანიკის შესაკავებლად არაერთხელ განახორციელა სავალუტო ინტერვენციები, რათა ინფლაციის განსაკუთრებული ზრდა არ დაუშვას.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ორიენტირებულია ინფლაციის მიზნობრივი დონის მიღწევაზე, რაც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია. ზოგადად, ინფლაციის ტარგეტირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, კარგ გავლენას ახდენს საქართველოზე და სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს ბაზრის უკონტროლო ფუნქციონირების თავიდან ასაცილებლად ", - განაცხადა ლალმა.

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რეგულატორი თავის პოლიტიკას მომავალში გააგრძელებს.

„საბანკო სისტემამ შეძლო ადეკვატური ბუფერების შენარჩუნება Covid-19-ის შოკთან გასამკლავებლად, რაც კრიზისამდე არსებული საზედამხედველო რეჟიმის ეფექტურობას ასახავს. სამომავლოდაც მნიშვნელოვანი იქნება პროაქტიული მიდგომების გატარება, ისე რომ საზედამხედველო პოლიტიკამ დააბალანსოს, ერთი მხრივ, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, სათანადოდ მართოს აქტივების ხარისხი", - განაცხადა გვენეტაძემ.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სსფ-ს სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

სსფ-ის პროგრამა

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერი სამწლიანი პროგრამა სსფ-მ 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. მოგვიანებით, პანდემიის გამო, პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და 12 აპრილს დასრულდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (EFF) მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა, რაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოსთვის 111 მლნ დოლარის ოდენობის ბოლო ტრანშის გადმორიცხვას, რის შედეგადაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საერთო თანხა 687 მლნ დოლარს გაუტოლდება.

საქართველოს ხელისუფლებამ სსფ-სთან თანამშრომლობის ახალ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკური სიტუაციის შეფასებისას, სსფ-მა აღნიშნა, რომ COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გადალახვისა და ვაქცინაციის დაწყების შემდეგ საქართველო პოტენციურად იმყოფება პანდემიის შედეგების გადალახვის განმეორებით ეტაპზე.

სსფ მიიჩნევს, რომ მომდევნო ნაბიჯები უნდა იყოს მკაცრი კონტროლი COVID-19-ზე, აღდგენის უზრუნველყოფა და რთულ პირობებში მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის დაცვა. ამასთან, საბაზო სცენარის თანახმად, ძლიერი აღდგენა მოსალოდნელია 2021 წლის მეორე კვარტალში, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა წელიწადში 3,5% იქნება.

72
მსხალი ყუთებში

შიდა ქართლში თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

27
(განახლებულია 14:40 13.06.2021)
ახალ მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა  შესაძლებელი. ეს ფერმერებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების შესაძლებლობას მისცემს.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი  ახალი სამაცივრე მეურნეობა პროდუქციის მისაღებად უკვე მზადაა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამაცივრე მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

შპს „ქულსერვისის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1,2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 ათასი ლარი გრანტია, ხოლო 300 ათასი ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, პროგრამა ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით ფერმერების დასახმარებლად.

„მოგეხსენებათ, შიდა ქართლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებით გამორჩეული რეგიონია. ახალი მეურნეობა საშუალებას მისცემს ფერმერებს, შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, განვლილი წლების განმავლობაში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 180 მლნ ლარზე მეტი ღირებულების  1,700-ზე მეტი სესხი, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ კი დაახლოებით 27 მლნ ლარი შეადგინა.

„შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხით შენახვას და  გადამუშავებას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა  დაათვალიერეს.

27
სამკერვალო ფაბრიკა

ძველ საწარმოს ახალი სიცოცხლე - რაში დაეხმარა „იმერს“ სახელმწიფო

29
(განახლებულია 11:31 13.06.2021)
ქუთაისის ერთ-ერთი უძველესი სამკერვალო ფაბრიკა დღეს პროდუქციას ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავს, როგორიცაა Lebek,  Joy Lucy და Marks&Spencer.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმო „იმერს“, რომელიც 90 წლის არის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა,  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

სამკერვალო კომპანია „იმერი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია 2016 წლის დეკემბრიდან. საწარმო ორიენტირებულია პალტოების, ლაბადების და ტრიკოტაჟის ნაწარმის დამზადებაზე.

„პროგრამაში მონაწილეობით მოხდა საწარმოს გადაიარაღება. დღეს „იმერი“ წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გზავნის, საწარმოში კი 400 ადამიანია დასაქმებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში სამკერვალო საწარმო „იმერის“ საწარმოო პროცესს გაეცნო.

მინისტრს საწარმოს მფლობელმა მაია სიმონიძემ მიაწოდა ინფორმაცია განვითარების გეგმებისა და ახალი საერთაშორისო პარტნიორების შესახებ.

„იმერში“ უკვე მზადდება პროდუქცია ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორიცაა გერმანული Lebek და Joy Lucy, აგრეთვე ბრიტანული Marks&Spencer.

2016 წელს საწარმო გაფართოვდა, რამაც კომპანიას მისცა საშუალება უფრო მეტი დასავლელი პარტნიორი ჰყოლოდა. ჯამურმა ინვესტიციამ 315 ათასი ევრო შეადგინა. ინვესტიციის შედეგად საწარმოში 170 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მთლიანად, საწარმოში 400 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს პროდუქცია თითქმის მთლიანად ექსპორტზე გადის.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

29

საშინელი ავარია თბილისში: სატვირთო მსუბუქ ავტომობილებს შეეჯახა - ვიდეო

0
თბილისში კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ სატვირთო ავტომობილი რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა. იხილეთ ვიდეოკადრები ტრაგედიის ადგილიდან

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რა დროსაც შეეჯახა კიდეც სხვა მსუბუქ ავტომობილებს.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. მოგვიანებით კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს სასიკვდილო შედეგით.

0