ნათია თურნავა

თურნავა: თუ ინვესტორი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, მას გადაცემული მიწა ჩამოერთმევა

160
(განახლებულია 17:25 14.04.2021)
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ვრცელდება მოსაზრება, თითქოს ამ მიწაზე თურქები უნდა ჩამოასახლონ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. „ნამახვანჰესი“ არა თურქული ან ნორვეგიული, არამედ ქართული ჰიდროელექტროსადგურია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის პროექტის წინააღმდეგ პროტესტი ექვსი თვის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მშენებლობის შეწყვეტას და თურქულ კომპანია ENKA-სთან გაფორმებული კონტრაქტის გაუქმებას მოითხოვენ. მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ჰესი გარემოზე დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს. ხელისუფლება აცხადებს, რომ პროექტის ძირითადი სამუშაოები ექვსი თვით შეჩერდება, რათა პროექტის ხელახალი გადამოწმება მოხდეს, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს.

თურნავას განცხადებით, მიწა კომპანიისთვის უფასოდ არ გადაცემულა და ინვესტორი 830 მილიონ დოლარს იხდის.

„ინვესტორმა უკვე გადაუხადა 34 მილიონი ლარი 270 ადგილობრივ ოჯახს – თითო ოჯახს საშუალოდ 125 ათასი ლარი შეხვდა იმ მიწის სანაცვლოდ, რომელიც იურიდიულად სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ვინაიდან ეს ოჯახები იქ სახლობდნენ და საქმიანობდნენ, სახელმწიფომ მოითხოვა ამ კომპენსაციების გაცემა“, – განაცხადა თურნავამ. 

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული, მიზნობრივად გადაცემული მიწის რესურსი, რომელზეც ინვესტორს უფლება აქვს, მხოლოდ პროექტის მიხედვით ააშენოს ჰესის ნაგებობები.

„თუ ინვესტორმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები და ვერ ააშენა შესაბამის ვადებში კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროსადგური, ან დაარღვია ნებართვით დაკისრებული უფლებები, მას ეს მიწა ჩამოერთმევა. ეს არის პირობადებული საკუთრება, რომლის საფასურიც ინვესტორმა გადაუხადა არა სახელმწიფოს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას“, – აღნიშნა თურნავამ.

რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები ამ დრომდე არ წყდება. გუშინ აქტივისტებმა თურქული კომპანია „ენკას“ ბაზასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და განაცხადეს, რომ კომპანია „ენკას“ მანქანებს არ გაატარებდნენ. სწორედ ამ კომპანიის მანქანების გამოჩენას მოჰყვა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება. პოლიცია გზის გათავისუფლებას შეეცადა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შედეგად – სამართალდამცველებმა სოფელ გუმათში გამართული აქციის დროს ექვსი აქტივისტი დააკავეს. 

მანამდე აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი სოფელ ნამოხვანში, ორი დღის წინ კი პოლიციამ ეს კარვები აიღო და ნამოხვანისკენ გზა გადაკეტა. ამის შემდეგ მომიტინგეებმა კარვები სოფელ გუმათში გაშალეს, „ნამახვანჰესის“ სამშენებლო ტერიტორიიდან უფრო მოშორებით. მომიტინგეები მოითხოვენ, მიეცეთ შესაძლებლობა პროტესტი კვლავ ნამოხვანში გააგრძელონ.

პოლიციამ კარვების აღების მიზეზად რიონის მოსალოდნელი ადიდება დაასახელა, რაც მომიტინგეებს საფრთხეს შეუქმნიდა. გარდა ამისა, 10 აპრილს რიონში აქციის ერთ-ერთი მონაწილე გაუჩინარდა, რომლის სამძებრო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. პოლიციამ ისიც განაცხადა, რომ კარვები მათ საძიებო სამუშაოების განხორციელებაში ხელს უშლიდა.

პოლიციის თქმით, აქტივისტები კომპანია ENKA-ს თანამშრომლებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ქვემო ნამახვანს“ და „ზემო ნამახვანს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.

160
მიწის დამუშავება

საქართველოს მთავრობა მიწის მოიჯარეებისთვის ახალ შეღავათებს აწესებს

54
(განახლებულია 19:14 10.05.2021)
მოიჯარეები, რომლებიც გარკვეულ სასოფლო–სამეურნეო მიწებს წლობით ამუშავებენ, მათ შესყიდვას 25-პროცენტიანი ფასდაკლებით შეძლებენ.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მიწის მოიჯარეებს ახალ შეღავათებს სთავაზობს.

შვეიცარია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წლიურად 10 მლნ დოლარს გამოუყოფს>>

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია 25%-იან ფასდაკლებაზე მიწის ნაკვეთის შესყიდვისას.

„იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავისი უფლება, პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები, ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25-პროცენტიანი ფასდაკლებით“, – განაცხადა თურნავამ.

მან აღნიშნა, რომ ასეთი დაახლოებით 2 ათასი მოიჯარეა და საუბარია ჯამში საკმაოდ დიდ ფართობზე.

მინისტრის განცხადებით, ადამიანები ამ მიწებს წლების განმავლობაში ამუშავებენ, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, ეს მიწები მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

ახალი შეღავათები კერძო ინვესტიციების მოზიდვისკენ არის მიმართული.

როგორც თურნავამ აღნიშნა, განკარგულება შეღავათების ამოქმედების შესახებ დღესვე იქნება ხელმოწერილი და მაშინვე ამოქმედდება.

მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა დაუმუშავებელი მიწის ფართობების მინიმუმამდე დაყვანა და მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობა.

54
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო

პოლონეთში ქართული ღვინის ონლაინ–დეგუსტაცია გაიმართა

20
(განახლებულია 18:16 10.05.2021)
პოლონური ღვინის კომპანიებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 25 კომპანიის პროდუქციას.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით პოლონეთში ღვინის პროფესიონალებისა და იმპორტიორებისთვის ქართული ღვინის ონლაინ–დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაზე, რომელიც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „მალინოვას“ მიერ იყო ორგანიზებული, იმ ქართული კომპანიების ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც დღეისათვის პოლონეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტს არ ახორციელებენ. 

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინო ონლაინ–ფორმატში გამომცემლობა „ვინისფერას“ ხელმძღვანელმა მარიუს კაპჩინსკმა კრაკოვიდან წარადგინა, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს გააცნო საქართველო, მისი ტრადიციები, ღვინის კულტურა და ისტორია.

პოლონეთში სადეგუსტაციოდ წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 25 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოების ნიმუშები.

„აღნიშნული ღვინოები მათ დეგუსტაციის მიმდინარეობისას დააგემოვნეს და შეაფასეს. მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს საქართველოდან პოლონეთში ექსპორტს 60-მდე კომპანია ახორციელებდა, ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო, დაფიქსირდა 30%-იანი ზრდა.

ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის პოლონეთში 2021 წელს აქტიური მარკეტინგული კამპანია გაგრძელდება. კამპანიას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „მალინოვა“ (Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K) განახორციელებს. სააგენტო აღნიშნულ კომპანიასთან 2016 წლიდან თანამშრომლობს.

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია ასევე აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

20
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 მაისი

0
(განახლებულია 09:16 10.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 11 მაისია, სამშაბათი. ახალმთვარეობა კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღეს გრძნობები გაბატონდება გონებაზე. თუ ნეგატივს ავყვებით და გულში წყენას შევუშვებთ, ის ღრმა კვალს დატოვებს დიდი ხნით. და თუ პოზიტიურ მომენტებზე შევაჩერებთ გულისყურს და უარყოფით წვრილმანებს არ მივაქცევთ ყურადღებას, დღე ძალიან პროდუქტიული იქნება, ამ დღისთვის დამახასიათებელი ენერგიულობა, შრომისუნარიანობა წარმატებების კარს გახსნის.

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?>>

ვერძი: დღევანდელი დღე მოითხოვს, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, უბრალოდ ფულთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა იმისთვის, რომ გაერკვიოთ თქვენს ბიუჯეტში, დაითვალოთ შემოსავლები და შეადგინოთ ბიზნეს–გეგმა უახლოესი კვირების ან დღეებისთვის. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მოგებაში დარჩებით.

კურო: იმდენად შრომისუნარიანი ხართ, რომ ეს თავადაც გაგაკვირვებთ, არამცთუ კოლეგებსა და ახლობლებს. ნებისმიერ პრობლემაში ძირეულად გაერკვევით და მისი გადასაჭრელად უნივერსალურ გასაღებს მოძებნით. სამეცნიერო ძიებანი, სწავლა და ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს, დღე ისე იოლად გამოგივათ, როგორც არასდროს. ერთადერთი – განწყობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ და გამოამჟღავნოთ გაღიზიანება მათ შორის უმიზეზოდაც.

ტყუპი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან დიდ ყურადღებას მოერიდოთ. არ ხართ იმგვარ განწყობაზე, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ, ამიტომ, თუ დრო ამის საშუალებას გაძლევთ, დაელოდეთ. სამაგიეროდ იდეალური დღეა იმისთვის, რომ მომავალ წარმატებას საძირკველი მოუმზადოთ. იმუშავეთ საკუთარ პროექტზე, მოამზადეთ საჭირო მასალები, მოიფიქრეთ არგუმენტები და როდესაც ყურადღების ცენტრში აღმოჩენის დრო დადგება, ყველას გაოცებას შეძლებთ.

კირჩხიბი: ერთნაირად ხელსაყრელი დროა საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. ბევრთან შეგიძლიათ კონტაქტის დამყარება, იცით, რას გრძნობენ ადამიანები. ახალი ნაცნობობით შეიძლება სათავე დაედოს მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს. ეს ბევრად იქნება დამოუკიდებული იმაზე, მოისურვებთ თუ არა ინიციატივის გამოჩენას. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ძალიან მოგენატრათ.

ლომი: აუცილებელია მუშაობა, მაგრამ სამუშაო გარემოს შექმნა შეიძლება გაგიჭირდეთ. დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციასა და დაგროვებულ საქმეებთან გამკლავებას მოითხოვს. მზად ხართ, თავი აჩვენოთ, მაგრამ გარშემომყოფები ხშირად ამოგაგდებენ კალაპოტიდან და ხელს შეგიშლიან. ყველაფერი ისე რომ გააკეთოთ, როგორც დაგეგმილი გაქვთ, დროებით მაინც უნდა გაერიდოთ ხმაურსა და ორომტრიალს, მოძებნოთ წყნარი ადგილი – სულ ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ საქმეები ფრიადზე შეასრულოთ.

ქალწული: გულწრფელი ურთიერთობების დიდი სურვილი გაგიჩნდებათ. ჩვეულებრივმა საქმიანმა საუბრებმა, შესაძლოა, გაგაღიზიანოთ და დაპირისპირებებიც კი გამოიწვიოს. თუ ვინმეს ახლოს გაცნობა გსურთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღეს გააკეთოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინაა ეს ადამიანი – ახლობელი, კოლეგა თუ პარტნიორი. ისაუბრეთ მასთან გულახდილად, გაიგეთ, რას ფიქრობს ის და რისკენ ისწრაფვის. ეს შეიძლება თქვენ შორის განსაკუთრებული ურთიერთობების პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

სასწორი: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მთელი ძალებით ცდილობთ კონფლიქტებს აარიდოთ თავი, მაგრამ კონფლიქტები თვითონ გეძებენ და გპოულობენ. დაპირისპირებები, წყენა ცარიელ ადგილზე – ეს ყველაფერი მოსალოდნელია იქ, სადაც თქვენ გაჩნდებით. სინამდვილეში კი გაუგებრობების მიზეზი თქვენ ხართ თქვენი გაძლიერებული ემოციებით და საკმარისია მცირე ნაპერწკალიც, რომ „ცეცხლი აგიზგიზდეს“. თუ არ გინდათ მთელი დღის კამათში გატარება, ყველა წვრილმანს ნუ გამოედევნებით.

მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს არანაირი გრანდიოზული ამოცანა არ დაისახოთ. ეს ის დღეა, როცა არ ღირს არაფრის დამტკიცება არც საკუთარი თავისა და არც სხვებისთვის. რაღაც საქმეები უკვე გაკეთებული გაქვთ, რაღაც კი მოიცდის. სჯობს, დაისვენოთ, მოდუნდეთ. მაგრამ თუ ერთ ადგილას ვერ ისვენებთ, ისეთი საქმე გააკეთეთ, რომელიც მინიმალურ სულიერ ძალას მოითხოვს. მაგალითად, მიხედეთ სახლის საკიტხებს, ან დიდი პროექტის ერთ რომელიმე ნაწილს.

მშვილდოსანი: დღეს თქვენი კონტაქტები გარშემომყოფებთან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. და ამაში „დამნაშავე“ თავად თქვენ იქნებით. გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები. თუნდაც თავს ძალა დაატანოთ, ამისგან მაინც არაფერი გამოვა – ხართ გაღიზიანებული და ჩხუბის პროვოცირება შეგიძლიათ. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და გააკეთოთ ის საქმეები, რომლებსაც მარტოც გაუმკლავდებით და სხვების დახმარება არ გჭირდებათ.

თხის რქა: დღეს ძირეულად შეიგრძნობთ ფრაზას „ცხოვრება თეატრია“, რადგან სწორედ თქვენ ითამაშებთ სპექტაკლში მთავარ როლს. შეგრძნება, რომ დგახართ პროჟექტორებით გაჩახჩახებულ სცენაზე, მთელი დღე გექნებათ და ეს შესაბამისად, ანუ დემონსტრაციულ მოქმედებას გაიძულებთ. უფრო მეტიც, შეიძლება ტრაგიკული როლიც მოირგოთ და მიანიშნოთ გარშემომყოფებს, თუ როგორ არ გაფასებენ და გიგებენ ისინი. ტრაგედია რომ კომედიად არ გადაიქცეს, ზედმეტიც არ მოგივიდეთ საკუთარი თავის შეცოდებაში.

მერწყული: წყნარი და მშვიდი დღე გელოდებათ, რომელიც სჯობს საოჯახო საზრუნავში ან სამომავლო გეგმების დაწყობაში გაატაროთ. დაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ სახლი და ამასთან, ფიქრებიც. არ გაწყენთ ბოლო ხანს გაკეთებული საქმეების შეჯამება და შემდეგ უახლოესი დროის მოქმედებების გეგმის შედგენა. ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებას კი აუცილებლად უნდა მოერიდოთ – მცირე წყენაც კი მძიმე დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს.

თევზები: დღეს მომატებული ცნობისმოყვარეობა და სხვისი საიდუმლოს გაგების სურვილი მოგეძალებათ. თუ ჩვეულებრივ დღეებში მაინცდამაინც არ გაწუხებთ, თუ რას მალავენ გარშემომყოფები თქვენგან, ახლა მზად ხართ, ამის გასაგებად ძალ–ღონე არ დაიშუროთ. სხვათა შორის, სიტუაცია შეიძლება ისე აეწყოს, რომ უნებურად სხვისი საიდუმლო შეიტყოთ ან საკუთარი შემთხვევით წამოგცდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ენას კბილი უნდა დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს გვერდი აუაროთ.

0