Georgian Airways Airzena-ს თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში

გაიზრდება თუ არა ზაფხულისთვის ავიარეისები - სპეციალისტის განმარტება

85
(განახლებულია 23:44 08.04.2021)
მარტში საქართველოდან პირდაპირი ავიამიმოსვლა 18 მიმართულებით იყო შესაძლებელი, ზაფხულში კი ბევრად პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ზაფხულში საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე ახალი ავიაკომპანია გამოჩნდება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს 2021 წლის ბოლომდე 2019 წლის მონაცემებთან შედარებით საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადი 40-45%-ით აღდგეს, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მართავს ვებინარების ყოველთვიურ სერიას, რომელიც ეძღვნება COVID-19-ის გავლენას ტურიზმზე და საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციებს. რიგით მეორე ვებინარი მთლიანად საავიაციო ინდუსტრიას დაეთმო. პანელზე სიტყვით გამოსვლისას ვაკო ჭილაშვილმა საავიაციო ინდუსტრიაზე კორონავირუსის გავლენასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მარტის თვეში საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარულ ოპერირებას ახორციელებდა 17 ავიაკომპანია, პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდებოდა 18 მიმართულებით. ამ მიმართულებებს ზაფხულის სეზონზე დაემატება კიდევ 27 მიმართულება.

„გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ზაფხულში საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია, იმედი გვაქვს, რომ თუ მსოფლიოსა და საქართველოს ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს 2021 წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტების მგზავრთნაკადი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 40-45%-თაც კი აღდგეს“, - განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

2019 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადმა 5.2 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, 2010 წელთან შედარებით ზრდამ  640%-ი ზრდა შეადგინა. მაგრამ COVID-19-ის პანდემიამ 2020-2021 წლების მოლოდინები შეცვალა.

ჭილაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიით განპირობებულმა მდგომარეობამ ავიაციაზე ასახვა ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარ-თებერვლიდან დაიწყო.

„პანდემიამ ყველაზე მეტად ევროპის საავიაციო ინდუსტრია დააზარალა. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი 91%-იანი კლება განიცადა ევროპის საავიაციო ბაზარმა, რომელიც განპირობებული იყო უფრო მკაცრი შეზღუდვებით ვიდრე, ეს სხვა კონტინეტებზე დაფიქსირდა”, - განაცხადა ჭილაშვილმა.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ სხვა ქვეყნებთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა დაიწყო.

საქართველოში ჩამოფრენისას მგზავრებმა უნდა წარმოადგინონ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, ხოლო მესამე დღეს ტესტი ხელმეორედ უნდა ჩაიტარონ.

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაბამისი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლა თავისუფლად შეუძლია.

85
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 15 აპრილს

60
(განახლებულია 08:29 15.04.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4432 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურის 15 აპრილს
60
თემები:
ლარის კურსი დღეს
საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას  ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ტაჯიკეთის ტრანსპორტის მინისტრმა აზიმ იბრაგიმმა.

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

34
დოკუმენტს თბილისში ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ტაჯიკეთის ტრანსპორტის მინისტრმა აზიმ იბრაგიმმა

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველომ და ტაჯიკეთმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ტაჯიკეთის ტრანსპორტის მინისტრმა აზიმ იბრაგიმმა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

დოკუმენტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის გადამზიდველებს მათი საქმიანობის პროცესში.

ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან ამ დრომდე არ იყო გაფორმებული საავტომობილო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება, თუმცა საავტომობილო მიმოსვლაში შეფერხებების თავიდან არიდების მიზნით საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის იცვლებოდა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ბლანკები და ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება დაგროვდა.

დღეიდან ეს თანამშრომლობა უკვე ოფიციალური შეთანხმებით გამყარდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოდან არსებობს.

ქვეყნები თანამშრომლობენ TRACECA-ს („ახალი აბრეშუმის გზა“) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოს ტაჯიკეთში გააქვს კვების პროდუქტები, წამლები, ხე-ტყე, ელექტრომოწყობილობა და ავეჯი.

 

34
სოფიკო შევარდნაძე

„საათობრივად ვიკვებებოდი და დავდიოდი ფეხით 5 კილომეტრს“ - სოფიკო შევარდნაძე ოსულობაზე

0
(განახლებულია 14:13 15.04.2021)
საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი დედა მარტის მიწურულს გახდა. მას ვაჟი შეეძინა. სოფიკომ შვილის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე გაამხილა ორსულობის ამბავი

მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამზე“ ხშირად წერს ახალი ამპლუის შესახებ და თავის მოსაზრებებს თუ შეგრძნებებს უზიარებს სხვა დედებს. ამჯერად დედობისთვის მზადებასა და ორსულობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ორსულობისას რეჟიმზე გააკეთა აქცენტი: საათობრივად იკვებებოდა და ეძინა იმდენ ხანს, რამდენსაც ითხოვდა ორგანიზმი. ასევე ყოველდღე დადიოდა ფეხით 5 კილომეტრს, უსმენდა კლასიკურ მუსიკას და ჩასახვის დღიდან ელაპარაკებოდა პატარას.

„სრულფასოვნად ვმუშაობდი, ვიღებდი გადაცემებს და მხოლოდ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე გავუშვი ჯგუფი შვებულებაში. არაფერი არ წამიკითხავს, ხანდახან ვუსმენდი ბავშვთა ფსიქოლოგებს და ნეიროქოუჩებს, რათა გამეგო, როგორი მიდგომები და თეორიებია ადრეული აღზრდის მიმართულებით.
მჯეროდა, რომ დანარჩენი თავისით მოვიდოდა, გამოცდილებასთან ერთად“, - ამბობს სოფო.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია. ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები