საერთაშორისო სავალუტო ფონდის შენობა

საქართველოს ეკონომიკური ზრდა: სსფ-ის პროგნოზი

46
(განახლებულია 14:03 08.04.2021)
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5,8%-ით, 2023 წელს კი 5,5%-ით ზრდას ელოდება.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის აპრილის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს მშპ-ის ზრდა, ადრე პროგნოზირებული 4,3%-ის ნაცვლად, 3,5%-იან ნიშნულზე იქნება. ამასთან, სსფ 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5,8%-ით, 2023 წელს კი 5,5%-ით ზრდას ელოდება.

თავად საქართველოს მთავრობა 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით, 4,3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ 5,1%-ით შემცირდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკი თვლის, რომ 2021 წლის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენა, რომლის ძირითადი გამწევი ძალა ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. 

ეროვნული ბანკის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თუ ეპიდვითარება წლის მეორე ნახევარში მაინც გაუმჯობესდება და ტურისტული სექტორი ეტაპობრივ აღდგენას დაიწყებს, 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივი აღდგენა 4%-ს მიაღწევს.
თუ პანდემიის გამო გლობალური შეზღუდვები გაგრძელდება, მაშინ იგი ქვეყნის ეკონომიკაზე იმოქმედებს და აღდგენის პროცესი შენელდება. შედეგად – თუ საქართველოში ტურიზმი არ აღდგება, მაშინ 2021 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1% იქნება, აცხადებენ ეროვნული ბანკის ანალიტიკოსები.

46
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (980)
ფაბრიკა ანაბეჭდი

ადგილობრივი კომპანიებისთვის უნიფორმებს საქართველოში შეკერავენ

22
(განახლებულია 11:01 14.04.2021)
„ანაბეჭდი“ წლის განმავლობაში 300 ათასზე მეტ უნიფორმას კერავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართული სამკერვალო საწარმო „ანაბეჭდი“, რომელიც ქვეყანაში წამყვან ბრენდულ კომპანიებს უნიფორმებით ამარაგებს, სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით გაფართოვდა. 

„ანაბეჭდი“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. აღნიშნული მხარდაჭერით  საწარმო აღიჭურვა სპეციალური და უნივერსალური საკერავი მანქანა-დანადგარებით. შედეგად, წარმოების პროცესი უფრო სწრაფი გახდა, პროდუქცია კი - მეტად ხარისხიანი.

წარმოების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

 „კომპანიას გაფართოების ძალიან კარგი გეგმები აქვს.  შეიძინეს დანადგარები პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, უნიკალურ პროდუქციას უშვებენ და ამარაგებენ ბაზრის 90%-ს - მათ შორის, უნიფორმებით. ეს არის ადგილობრივი წარმოების განვითარების ერთ-ერთი შედეგი, რასაც ჩვენ ყოველთვის შევუწყობთ ხელს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 „ანაბეჭდი“ წლის განმავლობაში 300 ათასზე მეტ უნიფორმას კერავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. კომპანია უნიფორმებს ქმნის ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Agrohub, Goodwill, Elit Electronics, Carrefour, Domino, East Point და ა.შ. 

ფაბრიკაში ამ ეტაპზე 100–მდე ადამიანი მუშაობს. კომპანია ძალისხმევას არ იშურებს დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისთვის, ამიტომაც ისინი პერიოდულად გადამზადების კურსს გადიან.

აღნიშნული პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 3,7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

კომპანიის გეგმებშია ქსოვილების წარმოების დაწყება, რამდენადაც ამ ეტაპზე იგი უცხოეთიდან შემოაქვთ. ეს კომპანიას თანამშრომელთა შტატის გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლების შესაძლებლობას მისცემს

 „აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.

საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომლებიც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.

 

პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6.212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

22
თემები:
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“
ნათია თურნავა

თურნავა: თუ ინვესტორი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, მას გადაცემული მიწა ჩამოერთმევა

55
(განახლებულია 11:01 14.04.2021)
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ვრცელდება მოსაზრება, თითქოს ამ მიწაზე თურქები უნდა ჩამოასახლონ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

 

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. „ნამახვანჰესი“ არა თურქული ან ნორვეგიული, არამედ ქართული ჰიდროელექტროსადგურია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის პროექტის წინააღმდეგ პროტესტი 6 თვის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მშენებლობის შეწყვეტას და თურქული კომპანია ENKA-სთან გაფორმებული კონტრაქტის მოშლას მოითხოვენ. მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ჰესი გარემოზე დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს. ხელისუფლება აცხადებს, რომ პროექტის ძირითადი სამუშაოები 6 თვით შეჩერდება, რათა პროექტის ხელახალი გადამოწმება მოხდეს, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს.

თურნავას განცხადებით,  მიწა კომპანიისთვის უფასოდ არ გადაცემულა და ინვესტორი  830 მილიონ დოლარს იხდის.

„ინვესტორმა უკვე გადაუხადა 34 მილიონი ლარი 270 ადგილობრივ ოჯახს – თითო ოჯახს საშუალოდ 125 ათასი ლარი შეხვდა იმ მიწის სანაცვლოდ, რომელიც იურიდიულად სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ვინაიდან ეს ოჯახები იქ სახლობდნენ და საქმიანობდნენ, სახელმწიფომ მოითხოვა ამ კომპენსაციების გაცემა“, - განაცხადა თურნავამ. 

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული, მიზნობრივად გადაცემული მიწის რესურსი, რომელზეც ინვესტორს უფლება აქვს, მხოლოდ პროექტის მიხედვით ააშენოს ჰესის ნაგებობები.

„თუ ინვესტორმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები და ვერ ააშენა შესაბამის ვადებში კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროსადგური ან დაარღვია ნებართვით დაკისრებული უფლებები, მას ეს მიწა ჩამოერთმევა. ეს არის პირობადებული საკუთრება, რომლის საფასურიც ინვესტორმა გადაუხადა არა სახელმწიფოს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას“, - აღნიშნა თურნავამ.

რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები ამ დრომდე არ წყდება. გუშინ,  აქტივისტებმა თურქული კომპანია „ენკას“ ბაზასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს  და განაცხადეს, რომ კომპანია „ენკას“ მანქანებს არ გაატარებდნენ. მომიტინგეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც სწორედ კომპანიის მანქანების გამოჩენას მოჰყვა. პოლიცია გზის გათავისუფლებას შეეცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად სამართალდამცველებმა სოფელ გუმათში გამართული აქციის დროს ექვსი აქტივისტი დააკავეს. 

მანამდე აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი სოფელ ნამოხვანში, ორი დღის წინ კი პოლიციამ აიღო კარვები და ნამოხვანისკენ გზა გადაკეტა. ამის შემდეგ მომიტინგეებმა კარვები სოფელ გუმათში გაშალეს, „ნამახვანჰესის“ სამშენებლო ტერიტორიიდან უფრო მოშორებით. მომიტინგეები მოითხოვენ, მიეცეთ შესაძლებლობა პროტესტი კვლავ ნამოხვანში გააგრძელონ.

პოლიციამ კარვების აღების მიზეზად რიონის მოსალოდნელი ადიდება დაასახელა, რაც მომიტინგეებს საფრთხეს შეუქმნიდა. გარდა ამისა, 10 აპრილს რიონში აქციის ერთ-ერთი მონაწილე გაუჩინარდა, რომლის სამძებრო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. პოლიციამ ისიც განაცხადა, რომ კარვები მათ საძიებო სამუშაოების განხორციელებაში ხელს უშლიდა.

პოლიციის თქმით, აქტივისტები კომპანია ENKA-ს თანამშრომლებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ქვემო ნამახვანს“ და „ზემო ნამახვანს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.

55
გიორგი გახარია

ახალი პოლიტიკური ძალა: „ქართული ოცნების" ექვსი დეპუტატი გახარიას შეუერთდა

0
როგორც ადრე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, პარტიის შექმნის შემთხვევაში ყოფილი პრემიერი „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა დატოვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხოჯევანიშვილთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.

როგორც ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან  პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები, რომელთაც გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შესაბამისად, ვტოვებთ „ქართულ ოცნებას", - აღნიშნა დეპუტატმა.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

მას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

 

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება