პროტესტი ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ ტენდერი გამჭვირვალე იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი

68
(განახლებულია 16:07 07.04.2021)
ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის რეალიზაციაზე ტენდერი გამჭვირვალე და კონკურენტულ პირობებში ჩატარდა, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფონდმა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) მიერ „ნამახვანჰესის" პროექტის კონკურსთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა და მათ უსაფუძვლო, მცდარი და ლოგიკას მოკლებული უწოდა.

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ უკვე 164-ე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა – „ნამახვანი ჰესის" კასკადის ტენდერის პროცედურები იყო სრულად გამჭვირვალე, შეესაბამებოდა არსებულ კანონმდებლობას და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ გავრცელებული ყველა ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია", – აცხადებს ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

ჩიქოვანის თქმით, კომპანიასთან შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკების დროს ჩართული იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალკვალიფიციური იურისტები. გარდა ამისა, სახელმწიფომ დაიქირავა საერთაშორისოდ აღიარებული და წარმატებული იურიდიული კომპანია White & Case, რომელიც ყველა მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ქვემო ნამახვანს“ და „ზემო ნამახვანს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.

„რაც შეეხება სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოთქმულ კიდევ ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, რომ კომპანიის შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, მინდა განვმარტო, რომ ტენდერში 26 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია მონაწილეობდა. ერთადერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შეირჩა Clean Energy Group, ყველაზე დაბალი ფასი იყო", – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი სრულად უფლებამოსილია ჩაატაროს მსგავსი ტენდერი.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მთავრობამ 2010 წელს დააარსა. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას შესაბამისი სახსრების მოძიებით, პროექტების შემუშავება და მათი ეფექტური განხორციელება. ფონდი ინვესტორებს სთავაზობს პოტენციური ელექტროსადგურების სოლიდურ ჩამონათვალს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების წინასწარი გათვლებით.

68
ავტომობილები თბილისში

კვლევა: რომელი ავტომობილებია უფრო პოპულარული საქართველოში

57
(განახლებულია 16:14 19.04.2021)
ავტომობილების გაყიდვა საქართველოში 2020 წელს 18%-ით შემცირდა, თუმცა ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია ფასებზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ 5%-ით შემცირდა.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოში 1000 ადამიანზე 304 ავტომობილი მოდის, აქედან უმრავლესობა 15 და მეტი წლის წინ არის გამოშვებული. ასეთი შედეგები აჩვენა კომპანია Galt & Taggart-ის კვლევამ.

კვლევის თანახმად, დაბალი გადახდისუნარიანობის გამო საქართველოს მოსახლეობა უპირატესობას მეორად ჰიბრიდულ და ეკონომიურ ავტომობილებს ანიჭებს.

2020 წელს განბაჟებული ავტომობილების საშუალო შეწონილი ასაკი 8 წელი იყო. ამასთან, საქართველოში გასაყიდად შემოყვანილი ავტომობილების 67% იყო 1,5–2,5 ლიტრი მოცულობის ძრავით, კიდევ 19% – 1,5 ლიტრამდე მოცულობის და მხოლოდ 14% – 2,5 ლიტრზე მეტი მოცულობის.

2020 წელს შეძენილი და განბაჟებული ავტომობილების 42% იყო ჰიბრიდული ან ელექტრომობილი, 36% მუშაობდა ბენზინზე, ხოლო 21% – დიზელის საწვავზე.

ამასთან, როგორც კვლევამ აჩვენა, 2020 წელს ავტომობილების გაყიდვა საქართველოში 18%-ით შემცირდა და წელიწადში 226 ათასი ავტომობილი შეადგინა, თუმცა მოთხოვნის შემცირებამ ფასებზე მხოლოდ უმნიშვნელო გავლენა იქონია – ფასები მხოლოდ 5%-ით შემცირდა, ხოლო ზოგიერთი მარკის ავტომობილზე, ონლაინ–ავტოაუქციონების გამო, გაიზარდა კიდეც.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს საქართველოში იყო 1,13 მლნ ავტომობილი, აქედან 87% – მსუბუქი. ამასთან, მართვის მოწმობა ქვეყნის 1,31 მლნ მოქალაქეს აქვს.

კვლევის მონაცემებით, საქართველოში 180,4 ათასი პოტენციური მყიდველია, თუმცა პროგრამა car-sharing და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგი მუშაობა ავტომობილების გაყიდვაზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს. ამავდროულად, მოძველებულმა ავტოპარკმა, პირიქით, შეიძლება გადაარჩინოს ავტობაზარი, რადგან საქართველოში ავტომობილების საშუალო ასაკი 18,5 წელია, ხოლო 10 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილები პირველად ტექდათვალიერებას ხშირად ვერ გადიან.

  • რაც შეეხება პოპულარულ ავტომობილებს საქართველოში, 2020 წლის მონაცემებით, რაოდენობით პირველ ადგილზეა MERCEDES-BENZ, მეორეზე – ВАЗ, ხოლო მესამეზე – TOYOTA და OPEL. ახლად შეძენილ ავტომობილებს შორის პირველ ადგილზეა TOYOTA, მას მოსდევენ FORD და MERCEDES-BENZ.
57
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა

თერჯოლის რაიონში ფეროშენადნობების ქარხანა აშენდება

50
(განახლებულია 14:36 19.04.2021)
პროექტი ითვალისწინებს ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 ათასი ტონა იქნება.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფეროშენადნობების ქარხანა აშენდება, ნათქვამია ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

პროექტი ითვალისწინებს ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 ათასი ტონა იქნება. საწარმოში 2,8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და მასში 100 ადგილობრივის დასაქმება იგეგმება.

კომპანია „მანგანეზ ინდასტრი“ სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ საწარმოს მაქსიმუმ 2 წელიწადში აამუშავებს.

პროგრამის ფარგლებში საწარმოს ასაშენებლად კომპანიას 61 506 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა.

კომპანია აცხადებს, რომ წარმოებული პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც ქვეყანაში მილიონობით დოლარის შემოდინებას უზრუნველყოფს. პროდუქციის ექსპორტის ზრდა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ცვლადებზე, როგორებიცაა ვალუტის გაცვლითი კურსი, დასაქმება, შრომის პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ა.შ.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.

საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რაც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.

პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6.212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

50
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი მზადაა გიორგი რურუა გარკვეული პირობებით შეიწყალოს

0
გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ხელისუფლებას პარლამენტში შესვლის წინაპირობად ოპოზიცია უყენებდა.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადაა შეიწყალოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძლებელი გიორგი რურუა, შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ხელისუფლებას პარლამენტში შესვლის წინაპირობად ოპოზიცია უყენებდა.

მასალა მომზადების პროცესშია

 

0