„მილები“ და რიყის პარკი

თბილისში გიგანტური „მილები“ კვლავ გასაყიდადაა გამოტანილი

109
მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრის საერთო ფართობის ობიექტის საწყისი ფასი 71 მილიონი ლარია

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ ქალაქის ყველაზე ექსტრავაგანტული ნაგებობა, რიყის პარკში განლაგებული ე.წ. „მილები“, ელექტრონულ აუქციონზე უკვე მეორედ გამოიტანა.

პირველად აუქციონი 2020 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. მაშინ მილის ფორმის ორი გიგანტური ნაგებობა 95 მილიონ ლარად იყო შეფასებული. დღეს მისი ფასი 71,25 მილიონი ლარია.

აუქციონი 13 აპრილამდე გაგრძელდება.

აუქციონის პირობების თანახმად, მიწის ნაკვეთი დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცულ ზონაში მდებარეობს. შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი შეთანხმებული უნდა იყოს თბილისის მერიასთან მოქმედი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.

ობიექტის საერთო ფართი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

უმოქმედო საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში შედგება ცილინდრის ფორმის ორი ნაგებობისგან, რომელთა შიგნით განთავსდება მუსიკალური თეატრი და საგამოფენო სივრცე. სწორედ ფორმის გამო შეარქვეს ნაგებობას თბილისელებმა „მილები“.

პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.

შედეგად კულტურული ცენტრი, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დასრულდა, დღემდე არ ფუნქციონირებს.

საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. აქ შეიძლება საინვესტიციო წინადადების გაცნობა და მონაწილეობის მიღება ელექტრონულ აუქციონში. ობიექტი იყიდება სამთავრობო პროგრამის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში 2019 წლის შემოდგომიდან მოქმედებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამას წინათ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში აუქციონზე მეორედ გამოტანილი უძრავი ქონების ობიექტები ნაკლები ეღირება, ვიდრე პირველი აუქციონის დროს, საბაზრო სიტუაციის ცვლილებებიდან გამომდინარე.

პროექტი ითვალისწინებს ერთდროულად 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით. ობიექტების ჩამონათვალში შედის უძრავი ქონება: სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.

109
ფაბრიკა ანაბეჭდი

ადგილობრივი კომპანიებისთვის უნიფორმებს საქართველოში შეკერავენ

23
(განახლებულია 11:01 14.04.2021)
„ანაბეჭდი“ წლის განმავლობაში 300 ათასზე მეტ უნიფორმას კერავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართული სამკერვალო საწარმო „ანაბეჭდი“, რომელიც ქვეყანაში წამყვან ბრენდულ კომპანიებს უნიფორმებით ამარაგებს, სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით გაფართოვდა. 

„ანაბეჭდი“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. აღნიშნული მხარდაჭერით  საწარმო აღიჭურვა სპეციალური და უნივერსალური საკერავი მანქანა-დანადგარებით. შედეგად, წარმოების პროცესი უფრო სწრაფი გახდა, პროდუქცია კი - მეტად ხარისხიანი.

წარმოების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

 „კომპანიას გაფართოების ძალიან კარგი გეგმები აქვს.  შეიძინეს დანადგარები პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, უნიკალურ პროდუქციას უშვებენ და ამარაგებენ ბაზრის 90%-ს - მათ შორის, უნიფორმებით. ეს არის ადგილობრივი წარმოების განვითარების ერთ-ერთი შედეგი, რასაც ჩვენ ყოველთვის შევუწყობთ ხელს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 „ანაბეჭდი“ წლის განმავლობაში 300 ათასზე მეტ უნიფორმას კერავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. კომპანია უნიფორმებს ქმნის ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Agrohub, Goodwill, Elit Electronics, Carrefour, Domino, East Point და ა.შ. 

ფაბრიკაში ამ ეტაპზე 100–მდე ადამიანი მუშაობს. კომპანია ძალისხმევას არ იშურებს დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისთვის, ამიტომაც ისინი პერიოდულად გადამზადების კურსს გადიან.

აღნიშნული პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 3,7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

კომპანიის გეგმებშია ქსოვილების წარმოების დაწყება, რამდენადაც ამ ეტაპზე იგი უცხოეთიდან შემოაქვთ. ეს კომპანიას თანამშრომელთა შტატის გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლების შესაძლებლობას მისცემს

 „აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.

საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომლებიც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.

 

პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6.212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

23
თემები:
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“
ნათია თურნავა

თურნავა: თუ ინვესტორი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, მას გადაცემული მიწა ჩამოერთმევა

57
(განახლებულია 11:01 14.04.2021)
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ვრცელდება მოსაზრება, თითქოს ამ მიწაზე თურქები უნდა ჩამოასახლონ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

 

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. „ნამახვანჰესი“ არა თურქული ან ნორვეგიული, არამედ ქართული ჰიდროელექტროსადგურია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის პროექტის წინააღმდეგ პროტესტი 6 თვის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მშენებლობის შეწყვეტას და თურქული კომპანია ENKA-სთან გაფორმებული კონტრაქტის მოშლას მოითხოვენ. მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ჰესი გარემოზე დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს. ხელისუფლება აცხადებს, რომ პროექტის ძირითადი სამუშაოები 6 თვით შეჩერდება, რათა პროექტის ხელახალი გადამოწმება მოხდეს, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს.

თურნავას განცხადებით,  მიწა კომპანიისთვის უფასოდ არ გადაცემულა და ინვესტორი  830 მილიონ დოლარს იხდის.

„ინვესტორმა უკვე გადაუხადა 34 მილიონი ლარი 270 ადგილობრივ ოჯახს – თითო ოჯახს საშუალოდ 125 ათასი ლარი შეხვდა იმ მიწის სანაცვლოდ, რომელიც იურიდიულად სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ვინაიდან ეს ოჯახები იქ სახლობდნენ და საქმიანობდნენ, სახელმწიფომ მოითხოვა ამ კომპენსაციების გაცემა“, - განაცხადა თურნავამ. 

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული, მიზნობრივად გადაცემული მიწის რესურსი, რომელზეც ინვესტორს უფლება აქვს, მხოლოდ პროექტის მიხედვით ააშენოს ჰესის ნაგებობები.

„თუ ინვესტორმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები და ვერ ააშენა შესაბამის ვადებში კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროსადგური ან დაარღვია ნებართვით დაკისრებული უფლებები, მას ეს მიწა ჩამოერთმევა. ეს არის პირობადებული საკუთრება, რომლის საფასურიც ინვესტორმა გადაუხადა არა სახელმწიფოს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას“, - აღნიშნა თურნავამ.

რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები ამ დრომდე არ წყდება. გუშინ,  აქტივისტებმა თურქული კომპანია „ენკას“ ბაზასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს  და განაცხადეს, რომ კომპანია „ენკას“ მანქანებს არ გაატარებდნენ. მომიტინგეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც სწორედ კომპანიის მანქანების გამოჩენას მოჰყვა. პოლიცია გზის გათავისუფლებას შეეცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად სამართალდამცველებმა სოფელ გუმათში გამართული აქციის დროს ექვსი აქტივისტი დააკავეს. 

მანამდე აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი სოფელ ნამოხვანში, ორი დღის წინ კი პოლიციამ აიღო კარვები და ნამოხვანისკენ გზა გადაკეტა. ამის შემდეგ მომიტინგეებმა კარვები სოფელ გუმათში გაშალეს, „ნამახვანჰესის“ სამშენებლო ტერიტორიიდან უფრო მოშორებით. მომიტინგეები მოითხოვენ, მიეცეთ შესაძლებლობა პროტესტი კვლავ ნამოხვანში გააგრძელონ.

პოლიციამ კარვების აღების მიზეზად რიონის მოსალოდნელი ადიდება დაასახელა, რაც მომიტინგეებს საფრთხეს შეუქმნიდა. გარდა ამისა, 10 აპრილს რიონში აქციის ერთ-ერთი მონაწილე გაუჩინარდა, რომლის სამძებრო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. პოლიციამ ისიც განაცხადა, რომ კარვები მათ საძიებო სამუშაოების განხორციელებაში ხელს უშლიდა.

პოლიციის თქმით, აქტივისტები კომპანია ENKA-ს თანამშრომლებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ქვემო ნამახვანს“ და „ზემო ნამახვანს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.

57
წარბები

თუ წარბები გითხელდებათ, შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი: ექიმი გირჩევთ

0
(განახლებულია 14:24 14.04.2021)
ამერიკელი დერმატოლოგი ჩამოთვლის იმ სერიოზულ დაავადებებს, რომლებზეც წარბების ცვენა-შეთხელება შეიძლება მიანიშნებდეს

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თუ შენიშნავთ, რომ წარბები გითხელდებათ, შესაძლოა დადგა დრო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შეიმოწმოთ, აცხადებს აშშ–ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრი სეჯალ შაჰი.

მისი თქმით, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი, სხვა პრობლემების გარდა, წარბების ცვენასაც იწვევს და ეს ამ პრობლემის ფავრცელებული სიმპტომია.

გარდა ამისა, წარბების გათხელება ასევე შეიძლება იყოს ატოპიური დერმატიტის, ეგზემის ან მკვებავი ნივთიერებების (კერძოდ, რკინის) დეფიციტისა თუ ანემიის შედეგი.

ამასთან სპეციალისტი ზოგ შემთხვევაში გვირჩევს, წარბების ამოქნას მოვეშვათ და ბუნებრივი ზრდის საშუალება მივცეთ. საქმე ისაა, რომ ამ პროცედურამ თმის ფოლიკულებს შეიძლება გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენოს და საბოლოოდ დააზიანოს კიდეც.

როგორც დერმატოლოგი ამბობს, სჯობს წარბები იშვითად გამოიქნათ, განსაკუთრებით, უშუალოდ წარბის ძვლოვანი ქედის ზედა ნაწილში, და მხოლოდ მისი ქვედა ნაწილის მოწესრიგებით შემოიფარგლოთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით ამაზე.

0
თემები:
ექიმი გირჩევთ