ბიტკოინი და ევრო

კრიპტოვალუტების ტრეიდინგი: რა უნდა ვიცოდეთ ამ ბიზნესის შესახებ

122
(განახლებულია 17:46 05.04.2021)
რა არის საჭირო კრიპტოვალუტების ტრეიდინგში წარმატების მისაღწევად და რა უნდა იცოდეს დამწყებმა ტრეიდერმა – „Sputnik-საქართველოსთან“ კრიპტოვალუტების სერტიფიცირებული ექსპერტი ალექსანდრე სუდაძე საუბრობს.

საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, კრიპტოვალუტების ტრეიდინგი, ანუ ფულით ვაჭრობა ნაკლებად შრომატევად საქმიანობად ითვლება და ხშირად იოლად მიღებულ შემოსავალთანაც არის გაიგივებული. სწრაფად და მარტივად გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანები კი ნაცნობ-მეგობრების რჩევით ან სხვისი მიბაძვით დაუფიქრებლად ჰკიდებენ ხელს ამ ბიზნესს, თანაც ისე, რომ წარმოდგენაც არა აქვთ მასთან დაკავშირებულ რისკებზე. შედეგიც არ აყოვნებს და ხშირად მოგების ნაცვლად ისიც იკარგება, რაც იყო ჩადებული საქმიანობის დასაწყისში.

ალექსანდრე სუდაძე
ალექსანდრე სუდაძე

- რა არის კრიპტოვალუტების ტრეიდინგი და რამდენად მომგებიანია საქმიანობის ეს სფერო?

- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა ძალიან ჰგავს სხვა აქტივებით ვაჭრობას, ანუ თქვენ წინააღმდეგ თქვენნაირი და თქვენზე უფრო მცოდნე ადამიანია, რომელიც მუდამ ცდილობს თქვენი პოზიცია (Order position) უფრო სარფიანად ჩაიგდოს ხელში. ამას კი დამწყები ტრეიდერები ხშირად არ ითვალისწინებენ. ფულით სავაჭრო პლატფორმებზე, ანუ ბირჟებზე ვაჭრობა დიდ გამოცდილებას და თეორიულ ცოდნას მოითხოვს. თუმცა აქ, გარდა ფუნდამენტური ანალიზისა, საჭიროა ტექნიკური ანალიზის ღრმა ცოდნაც. საერთოდ, ერთი რამ მინდა ვურჩიო დამწყებ ტრეიდერებს – რა დეპოზიტითაც იწყებთ ვაჭრობას, შეეგუეთ იმას, რომ ის უკვე დაკარგულია. ეს რჩევა თქვენ დიდი დეპოზიტების უცებ დაკარგვისგან დაგიცავთ.

- ვის შეუძლია იყოს ტრეიდერი და რა არის ამისთვის საჭირო?

- ტრეიდინგის დაწყება ყველას შეუძლია, მაგრამ 90% ამ საქმიანობას პირველივე დეპოზიტის წაგების შემდეგ ანებებს თავს და დიდხანს მიჰყვება ნეგატიური ემოციები. ადვილი არაა უეცრად დიდი ფულის დაკარგვა და შემდეგ დასკვნების გამოტანა, სად დავუშვით შეცდომები. მთავარი რჩევა დამწყებთათვის – ნუ აჰყვებით სარეკლამო მოწოდებებს ე.წ. „შუამავალი“ ბროკერების მეშვეობით. ისინი უამრავი გზით (სატელეფონო ზარები, მეილები, SMS-ები და სხვა საკომუნიკაციო არხები) ცდილობენ უცოდინარი ადამიანების ფსიქიკაზე ზემოქმედებას, მათში სიხარბის გაღვივებას, მოუწოდებენ მათ უზომო შემოსავლების მიღებისკენ. სამწუხაროდ, ყველა მათგანი მხოლოდ მახეა, ისინი სთავაზობენ მათ თავის ე.წ. „ფინანსური კონსულტანტების“ რჩევებს და ვითომ მხარდაჭერას, რაც აბსოლუტური ბლეფია.

საერთოდ, თუ ვინმეს უნდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაწყება, არანაირი პლატფორმები და კონსულტანტები არაა საჭირო, ნებისმიერ კრიპტობირჟაზე დარეგისტრირების შემდეგ შეუძლია შეიტანოს თანხები და ივაჭროს ყველანაირი „ფინანსური კონსულტანტების“ გარეშე.

www.coinmarketcap.com-ზე შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოში ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი კრიპტობირჟა (Exchange), მთავარია ცოტა მეტი ყურადღებით შეისწავლოთ მათი რეგისტრაცია/ვერიფიკაციის წესები და აქტივების შეტანა/გატანის პირობები (ქვეყნების მიხედვით განსხვავდება).

- რა რისკებთან არის ეს საქმიანობა დაკავშირებული და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს დამწყები?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, უმთავრესი რისკი უცოდინრობა და საპირისპირო მხარის კომპეტენციის არასაკმარისად შეფასებაა. აქ ხდება ორ მხარეს შორის ვაჭრობა და ერთი მხარე აუცილებლად წაგებულია, მეორე – მოგებული. სავაჭრო პოზიციის დახურვისას შეუძლებელია ორივე მოგებული დარჩეს. ამიტომ ყველას კატეგორიულად ვურჩევ – სანამ კრიპტოვალუტით ვაჭრობას დაიწყებთ, მიებაროთ შედარებით მცოდნე ადამიანს, მოსწავლედ, უხადოთ ფული გამოცდილების გაზიარებაში, კარგად შეისწავლოთ მისი შეცდომები და მხოლოდ ამის მერე გაბედოთ თავადაც ვაჭრობა.

- თაღლითობის შემთხვევები თუ არის ამ სფეროში და როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან?

- სამწუხაროდ, ამ სფეროში თაღლითების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში, როდესაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე ერთხელ მაინც სადღაც აქვს გაგონილი, რომ კრიპტოვალუტა მკვეთრად იზრდება ფასში და ამაზე შეიძლება შემოსავლის მიღება. ხალხი პანდემიის გამო იძულებულია სახლში იჯდეს და ახალი შემოსავლები ეძებოს. საერთოდ, თაღლითები ყოველთვის სპეკულირებენ ისეთი თემებით, სადაც მოსახლეობის ფართო მასებს მწირი ცოდნა აქვთ, ან საერთოდ არ გააჩნია წარმოდგენა, რასთან აქვთ საქმე. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ინვესტიციაში და, განსაკუთრებით, მათ ვაჭრობაში, ანუ ტრეიდინგში სულ რამდენიმე თვეშიც კი ძალიან დიდი მოგების მიღებაა შესაძლებელი, მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რაზეც ზედაპირული წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ, ეს მხოლოდ დიდ უსიამოვნებებს მოუტანს მათ.

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად მეკითხებიან ისეთ კომპანიებზე, სადაც ხდება მოპატიჟებით გაწევრიანება, ანუ ე.წ. რეფერალური პროგრამით. მე რამდენიმე ათეული შემთხვევა შევისწავლე და აბსოლუტურად ყველა მათგანი თაღლითური გზით ცდილობს ფინანსური პირამიდის პრონციპით მოიზიდოს ახალი წევრები, მათ შენატანების ხარჯზე დაუფაროს ძველ წევრებს მოგების ნაწილი, ხოლო უმეტესი მოგება თვითონ მიისაკუთროს. ეს ყველაფერი ამოფარებულია ლამაზად შეფუთულ ლეგენდებს, სადაც უამრავი ფსევდო-მილიონერი გიყვებათ, თუ რამდენად დიდი და რევოლუციური აღმოჩენაა კრიპტოვალუტა და რამხელა წარმატებას მიაღწია მათმა „კომპანიამ“. ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ხოლმე მათი ე.წ. „ლიდერების“ და „მენეჯერ–პარტნიორების“ საუბარს, უმეტეს შემთხვევაში მათ ზედაპირული წარმოდგენაც კი არ აქვთ კრიპტოვალუტებზე.

ასევე არ ვურჩევ არავის ნაკლებად ცნობილ ბირჟებზე რეგისტრაციას, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში. იქ არაერთხელ დაფიქსირებულა აქტივის გამოტანის პრობლემები.

კრიპტოვალუტა ძალიან პერსპექტიული და მომგებიანი სფეროა, თუმცა მოსახლების უმეტესი ნაწილი ამ სფეროში საერთოდ გაუთვიცნობიერებელია და ზუსტად ამით სარგებლობენ თაღლითებიც.

- როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას ამ სფეროში?

- ეს სფერო არაა ყველასთვის, როგორც ამას ე.წ. „ფინანსურ-ბროკერული“ კომპანიები გპირდებიან. ასევე ამ სპეციალობის ათვისებას ნუ ეცდებიან ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ემოციების თითქმის ნულამდე დაყვანა და ცივი გონებით აზროვნება არ შეუძლია. ამ საქმეში აზარტი ძალიან დამღუპველია. მაგრამ თუ მაინცდამაინც გაქვთ სურვილი ამ რთულ და მაღალრისკიან საქმეს მოჰკიდოთ ხელი, აუცილებლად მიებარეთ რომელიმე სასწავლებელს (online-რეჟიმში ბევრის მოძებნაა შესაძლებელი), რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეცდებიან გადმოგცენ საჭირო ცოდნა და გამოცდილება. მე სპეციალურად არ გამოვიყენე სიტყვა – „გასწავლიან“. როგორც კი გაიგებთ, რომ ვინმე უფასოდ გთავაზობთ ტრეიდინგის სწავლებას, ან თაღლითია და სურს თქვენი დანაზოგების დაუფლება, ან თვითონაც არაფერი გაეგება და თქვენზე ატარებს ექსპერიმენტებს.

ნატა პატარაია

122
ავტომობილები თბილისში

კვლევა: რომელი ავტომობილებია უფრო პოპულარული საქართველოში

54
(განახლებულია 10:00 19.04.2021)
ავტომობილების გაყიდვა საქართველოში 2020 წელს 18%–ით შემცირდა, თუმცა ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია ფასებზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ 5%–ით შემცირდა

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოში ათას ადამიანზე 304 ავტომობილი მოდის, აქედან უმრავლესობა 15 წლის წინ არის გამოშვებული. ასეთი შედეგები აჩვენა კომპანია Galt & Taggart–ის კვლევამ.

კვლევის თანახმად, დაბალი გადახდისუნარიანობის გამო საქართველოს მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს მეორად ჰიბრიდულ და ეკონომიურ ავტომობილებს.

შეძენილი ავტომობილების გამოშვების საშუალო ვადაა 8 წელი, ამასთან საქართველოში გაყიდვისთვის შემოყვანილი ავტომობილების 67% იყო 1,5–2,5 ლიტრი მოცულობის ძრავით, კიდევ 19% – 1,5 ლიტრამდე მოცულობის და მხოლოდ 14% – 2,5 ლიტრზე მეტი მოცულობის.

2020 წელს შეძენილი და განბაჟებული ავტომობილების 42% იყო ჰიბრიდული ან ელექტრომობილი, 36% მუშაობდა ბენზინზე, ხოლო 21% – დიზელის საწვავზე.

ამასთან, როგორც კვლევამ აჩვენა, 2020 წელს ავტომობილების გაყიდვა საქართველოში 18%–ით შემცირდა და წელიწადში 226 ათასი ავტომობილი შეადგინა, თუმცა მოთხოვნის შემცირებამ ფასებზე მხოლოდ უმნიშვნელოდ იქონია გავლენა – ფასები მხოლოდ 5%–ით შემცირდა, ხოლო ზოგიერთი მარკის ავტომობილზე, ონლაინ–ავტოაუქციონების გამო, გაიზარდა კიდეც.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს საქართველოში იყო 1,13 მლნ ავტომობილი, აქედან 87% – მსუბუქი. ამასთან, მართვის მოწმობა ქვეყნის 1,31 მლნ მოქალაქეს აქვს.

კვლევის მონაცემებით, საქართველოში180,4 ათასი პოტენციური მყიდველია, თუმცა პროგრამა car-sharing და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგი მუშაობა ავტომობილების გაყიდვაზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს. ამავდროულად, მოძველებულმა ავტოპარკმა, პირიქით, შეიძლება გადაარჩინოს ავტობაზარი. რადგანაც საქართველოში ავტომობილების საშუალო ასაკი 18,5 წელია, ხოლო 10 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილი ტექდათვალიერებას არ გადის.

  • რაც შეეხება პოპულარულ ავტომობილებს საქართველოში, პირველ ადგილზეა MERCEDES-BENZ, მეორეზე – ВАЗ, ხოლო მესამეზე – TOYOTA და OPEL. ახლად შეძენილ ავტომობილებს შორის პირველ ადგილზეა TOYOTA, მას მოსდევს შემდეგ FORD და MERCEDES-BENZ.
54
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა

თერჯოლის რაიონში ფეროშენადნობების ქარხანა აშენდება

47
(განახლებულია 14:36 19.04.2021)
პროექტი ითვალისწინებს ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 ათასი ტონა იქნება.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფეროშენადნობების ქარხანა აშენდება, ნათქვამია ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

პროექტი ითვალისწინებს ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 ათასი ტონა იქნება. საწარმოში 2,8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და მასში 100 ადგილობრივის დასაქმება იგეგმება.

კომპანია „მანგანეზ ინდასტრი“ სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ საწარმოს მაქსიმუმ 2 წელიწადში აამუშავებს.

პროგრამის ფარგლებში საწარმოს ასაშენებლად კომპანიას 61 506 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა.

კომპანია აცხადებს, რომ წარმოებული პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც ქვეყანაში მილიონობით დოლარის შემოდინებას უზრუნველყოფს. პროდუქციის ექსპორტის ზრდა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ცვლადებზე, როგორებიცაა ვალუტის გაცვლითი კურსი, დასაქმება, შრომის პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ა.შ.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.

საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რაც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.

პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6.212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

47
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ჯო ბაიდენი

მოსაზრება: რა საჭიროა ბაიდენთან შეხვედრა?

0
(განახლებულია 15:48 19.04.2021)
რუსეთ–ამერიკის ისედაც კონფრონტაციული ურთიერთობების ბოლო თვეს აბსურდის თეატრი შეიძლება ეწოდოს — თანაც  ვაშინგტონელი მსახიობების შესრულებით.

პიოტრ აკოპოვი

ჯერ იყო და, ბაიდენმა მკვლელი უწოდა პუტინს, მერე „უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხესთან“ დაკავშირებით დაიძაბა ვითარება, ბოლოს აშშ–ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს დაურეკა და უახლოეს მომავალში შეხვედრა შესთავაზა, მეორე დღეს კი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოაწერა ხელი.

ამის შემდეგ პრესის წინაშე გამოვიდა და განაცხადა, რომ სურვილი არ აქვს, „წამოიწყოს რუსეთთან ვაქცი... ესკალაციისა და კონფლიქტის მორიგი ციკლი“, რომ აშშ დაინტერესებულია რუსეთთან  მუშაობით და საერთოდაც, მას სურს სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობები, რისთვისაც „პრეზიდენტ კლუტინთან... პუტინთან შეხვედრაა საჭირო ზაფხულში, სადმე ევროპაში“. ფარდა.

განა, სასაცილო არ არის? რა თქმა უნდა, მაგრამ, სიმართლე ითქვას, ბაიდენის შეცდომებზე ხუმრობაც კი უკვე აღარ არის სასაცილო და საინტერესო. თუმცა არც ის იქნებოდა სწორი, რომ ვითარება ისე წარმოგვეჩინა, თითქოს ვაშინგტონში არ იცოდნენ, რა მოუხერხონ რუსეთს და ამიტომაც მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდს მიმართავენ — ხან მწარეს სთავაზობენ მას, ხან ტკბილს.

არა , თეთრ სახლში და მის შემოგარენში სულელები არ სხედან — მათ ძალიან მკაფიო წარმოდგენები აქვთ იმაზე, რისი მიღწევა სურთ, მათ შორის, რუსეთის მიმართულებით. მაგრამ აქვთ კი მათ ამის შესაძლებლობა და ესმით, რამდენად სწორია მათი სტრატეგია ამერიკული ინტერესების თვალსაზრისით? არა. მაგრამ ამის გაგება მნიშვნელოვანია კრემლისთვის — სტრატეგიული კუთხით, ხოლო ტაქტიკური თვალსაზრისით ახლა საინტერესო სხვა რამაა: რა რეაქცია უნდა ჰქონდეს პუტინს მომხდარზე? ან უფრო მარტივად: წავიდეს თუ არა ბაიდენთან შეხვედრაზე?

ისე ჩანს, თითქოს ახლა მოლაპარაკებები მართლაც ამერიკელებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე რუსებს. აქედანაც წარმოიშვა ვარაუდი, თითქოს ბაიდენი, სხვადასხვა მიმართულების ნაბიჯებით, შეგნებულად უბიძგებს პუტინს, დათანხმდეს შეხვედრას, „აიძულებს სამიტში მონაწილეობას“. და თითქოს ამიტომაც ამერიკელებთან დათმობაზე წასვლა არაფრით არ შეიძლება — საჭიროა უარის თქმა და პაუზის გაკეთება.

ამერიკელებს ნამდვილად არ უყვართ, როცა უარს ეუბნებიან, მათ შორის, როცა მოლაპარაკებებზე არ თანხმდებიან. და ზოგჯერ ასეთი ტაქტიკა სრულად გამართლებულია — ასე უკვე კარგა ხანია იქცევიან ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რომელიც აშშ–ის მორიგი არამეგობრული მოქმედებების შემდეგ, უკვე ერთი წელია, ამერიკელებთან არანაირ კონტაქტზე არ მიდის. ირანელებმა არაერთხელ თქვე უარი ამერიკელებთნ პირდაპირ კონტაქტებზე — მათ შორის, უმაღლეს დონეზე. მაგრამ რუსეთის შემთხვევაში  მასშტაბი და კონტექსტი სხვაგვარია.

საქმე ის არაა, რომ პუტინმა პირველმა შესთავაზა ბაიდენს შეხვედრა. პუტინი მზადაა ყველას ელაპარაკოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ რა ინტერესები აქვს ახლა  რუსეთს? ამერიკასთან კონფრონტაციის შერბილებაზე შეთანხმება? რომელიმე მნიშვნელოვანი რეგიონული პრობლემის —  ახლო აღმოსავლეთის, ავღანეთის, ირანის ბირთვული გარიგების, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო–ბირთვული პროგრამის თაობაზე საერთო ენის გამონახვა? ამერიკელებისთვის წითელი ხაზების მონიშვნა უკრაინის მიმართულებით?

არა — ეს ყველა ლოკალური ამოცანაა. ირანის მიმართულებით მოსკოვმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთა 2015 წელს აშშ–ის მონაწილეობით შეთანხმებისთვის და ახლა არანაირად არ დაიწყებს ირანელებზე ზეწოლას. კორეის საკითხზე საერთოდ არაფერის გაკეთება არ არის შესაძლებელი. თანაც საუბარია არა იმაზე, რომ კიმ ჩენ ინი სარაკეტო–ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმაში დაარწმუნონ ( პრინციპში ეს არარეალურია), არამედ ყველაზე მარტივზე — ლაპარაკ–მოლაპარაკებებე.  მანამ, სანამ შტატები ფხენიანზე სასანქციო ზეწოლას არ შეასუსტებენ, ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობით არანაირ მოლაპარაკებაზე საუბარიც კი შესაძლებელი არ არის.

იქნებ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–თან“ დაკავშირებით მოლაპარაკების ცდა ღირდეს ამერიკელებთან? ესეც უსარგებლოა. ან რისთვის? თუ ევროპელები არულიად წარმატებით უმკლავდებიან საკუთარი ინტერესების დაცვის ამოცანას?  

უკრაინა? მაგრამ აქ ჯერჯერობით ყველანაირი, შედარებითი თანხმობის მიღწევაც კი შეუძლებელია — სანამ ვაშინგტონში არ გაიგებენ, რომ რუსეთის გაღიზიანება უკრაინის ატლანტიზაციით — ეს საუკეთესო მეთოდია მის სწრაფად დასაკარგავად.

ხომ არ დაელაპარაკოს პუტინი ბაიდენს ჩინეთზე, მოისმინოს მისი მონათხრობი, თუ რაოდენ სახიფათოა ჩინეთი რუსეთისთვის და რომ ეს ბრეჟნევსაც ესმოდა? რათა მერე სი ცზიპინთან ერთად იცინოს ამაზე.  

მაგრამ არცერთი ეს პრობლემა, მიუხედავად მათი მნიშვნელობისა, არ არის ბაიდენთან შეხვედრის საბაბი. უფრო მნიშვნელოვანია ადამიანური ინტერესი: რაც უნდა იყოს, პუტინისთვის ეს მეხუთე ამერიკელი პრეზიდენტია, რომელსაც პირისპირ ერთადერთხელ შეხვდა ათი წლის წინ და ისიც არც ისე ხანგრძლივად. და მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა მაშინ პუტინს საკმაოდ კარგი შესაძლებლობა მისცა საკუთარი პიროვნების ანალიზისთვის, ასეთი შთაბეჭდილებები არასდროს არ არის ზედმეტი. ისინი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო არენაზე პრაქტიკული მუშაობისთვის.

რუსეთის გეოპოლიტიკური სტრატეგია, საგარეო პოლიტიკური თამაში — აი, რა ხდის შეხვედრას სასურველს. რუსეთს უბრალოდ პრეტენზია კი არ აქვს 21–ე საუკუნის მსოფლიო სისტემის ფორმირებაში მონაწილეობაზე, არამედ უკვე აქტიურადაა დაკავებული ამით. ამასთან ამერიკული წესებით კი არ თამაშობს (როგორც ეს რუს ვაი–პატრიოტებს ელანდებათ, რომლებიც გამუდმებით კვნესიან, რომ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესების დაცვა კი არა, მათი ფორმულირებაც არ შეუძლია), არამედ მრავალპოლარულის მსოფლიოს პრინციპულად ახალ კარკასს აგებს. დიახ, რუსეთი ჩინეთთან ერთად მუშაობს ამაზე, მაგრამ აქ ორი ქვეყნის ინტერესები სრულად ემთხვევა. დიახ, რუსეთი ძალიან ყურადღებთ აანალიზებს აშშ–ის ნაბიჯებს და რეაგირებს მათზე, მაგრამ სხვაგვარად როგორ შეიძლება იყოს იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოს ამერიკული აკურატული დეკონსტრუქცია არის კიდეც ყველა რევიზიონისტული ძალების (ამერიკის თვალსაზრისით) საკვანძო ამოცანა?

ბაიდენი მართალია იმაში, რომ რუსეთი ამერიკის საქმეებში ერევა — მაგრამ არა არჩევნებში. სხვათა შორის, ამაზე „ვაშინგტონურ ჭაობთან“ კამათი უსარგებლოა:  მისი ბინადრებისთვის ეს დიდი ხანია, რაც საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ელემენტად იქცა.

დიახ, რუსეთი ნამდვილად ერევა და „არღვევს აშშ–ის ინტერესებს“ — მაგრამ საუბარია არა მათ გლობალურ ინტერესებზე, მათ თვითგამოცხადებულ უფლებაზე „მწყემსონ ხალხი“, რაც ამერიკელებს აღარც მორალურად შეუძლიათ და აღარც ფიზიკურად. რუსეთი, არის რა ამერიკაზე მატერიალურად ბევრად სუსტი, მაინც ფლობს ერთ უმნიშვნელოვანეს უპირატესობას.

ი ისტორიის სწორ მხარეს დგას — ანუ საკუთარ ტაქტიკას მსოფლიო ძალთა ბალანსისა და გლობალური არქიტექტურის სტრატეგიულად განსაზღვრული ტენდენციებიდან გამომდინარე აგებს. არსებითად რუსეთი გამოდის ცვლილებების ლიდერის როლში, როგორც ატლანტიკური მსოფლიო წესრიგის დაუმთავრებელი  ბაბილონის გოდოლის დემონტაჟის პროცესის მთავარი წარმმართველი. და ამ როლში აქვს შეხვედრას აზრი ბაიდენი იქნება ეს, კამალა ჰარისი თუ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი, მაგრამ განწირული ქალაქის ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0
თემები:
რუსეთი დღეს