ვიტამინების, პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების საწარმო

ქართული ვიტამინები და საკვები დანამატები მეზობელ ქვეყნებში გაიყიდება

103
(განახლებულია 14:19 05.04.2021)
პროდუქტის დაფასოება ქილებში ხდება 300 გ-დან 5 კგ-მდე წონით, წარმოების მოცულობა კი წლიურად 40 ტონა საკვები დანამატია.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით თბილისში ვიტამინების, პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების საწარმო ამუშავდა.

Kompava Georgia – ამიერკავკასიის მასშტაბით პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების პირველი საწარმოა. კომპანია პროტეინებს, ამინომჟავებს, ვიტამინების კომპლექსებსა და სხვა საკვებ დანამატებს აწარმოებს. საწარმოში 2 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

„კომპანიას კარგი გეგმები აქვს და უახლოეს პერიოდში საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს, პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებში, შემდეგი კი ახალი ბაზრების მოძიებასაც დაიწყებს. იმედი მაქვს, „კომპავა ჯორჯია“ მალე გაზრდის გაყიდვებს, რასაც მოჰყვება წარმოების სიმძლავრისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

ახალ თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ საწარმოში ამ ეტაპზე 20 ადამიანია დასაქმებული.

პროდუქტის დაფასოება ქილებში ხდება 300 გ-დან 5 კგ-მდე წონით, წარმოების მოცულობა კი წლიურად 40 ტონა საკვები დანამატია.

კომპანია სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში. საწარმო ასევე სარგებლობს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ქონების კომპონენტით, რაც მეწარმისთვის გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას გულისხმობს.

Kompava Georgia ამ სფეროში მომუშავე წამყვანი სლოვაკური ბრენდის ფრანშიზას წარმოადგენს.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.

საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომლებიც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.

პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6.212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

103
მოსავლის აღება ახალქალაქში

რა და რამდენი ითესება საქართველოში: ბოლო მონაცემები

38
2020 წელს ერთწლიანი კულტურები მეტ ფართობს იკავებდა, ვიდრე 2019 წელს და ძირითად ნაწილს სიმინდის, ხორბლის, ქერისა და კარტოფილის ნათესები შეადგენდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2020 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება გაიზარდა, ამასთან გაცილებით მეტი ითესება ისეთი კულტურები, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი და კარტოფილი, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

სოფლის მეურნეობის განვითარება არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი არ წყდებოდა მიწის დამუშავება და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2020 წელს ერთწლიანი კულტურები დაითესა 211,3 ჰექტარ მიწაზე, რაც 4,1%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს. ამავე დროს, ძირითადი ნაწილი ეკავა სიმინდის, ხორბლის, ქერისა და კარტოფილის კულტურებს.

ამავე მონაცემებით, ხორბლის წარმოება 2019 წელთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა და 101,2 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 27%-ით გაიზარდა და 263 ათასი ტონა შეადგინა, კარტოფილის კი - 10,8% -ით და 215,7 ათასი ტონა შეადგინა.

გარდა ამისა, 11,8%-ით გაიზარდა სხვა ბოსტნეულის წარმოება და 1,8 მლნ ტონას გაუტოლდა.

მოსავლიანობა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს სიმინდის, კარტოფილის და სხვა ბოსტნეულის მოსავლიანობა გაიზარდა, ამასთან ხორბლისა და ქერის მოსავლიანობა შემცირდა.

პროდუქციის სახეობა საშუალო მოსავლიანობა ტონა/ჰექტარი
ხორბალი          2,2
ქერი          1,9
კარტოფილი 13,2
სიმინდი  3,1
პომიდორი       15,2
კიტრი      13,3
კომბოსტო        26,2
ხახვი         7,6
ნიორი 3,1

საქართველოს ბაღები

საქართველოში გაიზარდა ასევე ხილისა და კაკლოვანების წარმოებაც. თესლოვანი ხილის (ვაშლი, მსხალი, კომშის და სხვა) წარმოების მაჩვენებელი 2020 წელს გასულ წელთან შედარებით 93,4%-ით გაიზარდა.

იმავე პერიოდში კურკოვანი ხილის (ქლიავი, გარგარი, ატამი და სხვა) წარმოება 64,2%-ით გაიზარდა.

კაკლოვანი ხილის წარმოებამ 2020 წელს შეადგინა 40,9 ათასი ტონა, თესლოვანი ხილის - 101,9 ათასი ტონა, ციტრუსების - 57,1 ათასი ტონა, სუბტროპიკული ხილის - 9,9 ათასი ტონა, ხოლო კურკოვანი ხილის - 63,2 ათასი ტონა.

სახელმწიფო ზრუნავს ბაღების განვითარებაზე. სოფლის მეურნეობის წარმოების სტიმულირების მიზნით, 2015 წლის მარტში ქვეყანაში პროგრამა „დარგე მომავალი" ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ფერმერებს ხეხილის ბაღების განახლებისა და გაშენების მიზნით ნერგების შესაძენად გაწეულ ხარჯებს უფინანსებენ.

დახმარების პროგრამები

2020 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების წახალისების მიზნით დამატებითი შეღავათები შემოიღო.

მაგალითად, პროგრამა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შეღავათიან ფასად დიზელის საწვავი, რომლის შესაძენად ბარათები 123,7 ათასზე მეტმა ფერმერმა მიიღო.

გარდა ამისა, წახალისების პროგრამის ფარგლებში 172 ათასზე მეტ ფერმერს სპეციალურ აგრობარათებზე აგროქულები დაერიცხათ.

საუბარია ფერმერებზე, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს. ერთ ჰექტარზე 200 ლარი ირიცხება.

აგრობარათებით ფერმერებს შეუძლიათ სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენა, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ერთწლიანი კულტურების მოყვანაზე მიმდინარე ხარჯების დასაფარად საბანკო კრედიტების ექვსთვიანი საპროცენტო განაკვეთის 100%-იან სუბსიდირებას ახდენს.

38
საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მოიწონა

46
(განახლებულია 17:05 17.04.2021)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სსფ-ს სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ახლა საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებას თანამშრომლობის ახალ პროგრამაზე ახორციელებს

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოიწონა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ინფლაციის და სავალუტო კურსის მიმართ, განაცხადა ერთობლივ ვიდეოკონფერენციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სუბირ ლალმა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე პანიკის შესაკავებლად არაერთხელ განახორციელა სავალუტო ინტერვენციები, რათა ინფლაციის განსაკუთრებული ზრდა არ დაუშვას.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ორიენტირებულია ინფლაციის მიზნობრივი დონის მიღწევაზე, რაც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია. ზოგადად, ინფლაციის ტარგეტირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, კარგ გავლენას ახდენს საქართველოზე და სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს ბაზრის უკონტროლო ფუნქციონირების თავიდან ასაცილებლად ", - განაცხადა ლალმა.

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რეგულატორი თავის პოლიტიკას მომავალში გააგრძელებს.

„საბანკო სისტემამ შეძლო ადეკვატური ბუფერების შენარჩუნება Covid-19-ის შოკთან გასამკლავებლად, რაც კრიზისამდე არსებული საზედამხედველო რეჟიმის ეფექტურობას ასახავს. სამომავლოდაც მნიშვნელოვანი იქნება პროაქტიული მიდგომების გატარება, ისე რომ საზედამხედველო პოლიტიკამ დააბალანსოს, ერთი მხრივ, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, სათანადოდ მართოს აქტივების ხარისხი", - განაცხადა გვენეტაძემ.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სსფ-ს სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

სსფ-ის პროგრამა

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერი სამწლიანი პროგრამა სსფ-მ 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. მოგვიანებით, პანდემიის გამო, პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და 12 აპრილს დასრულდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (EFF) მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა, რაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოსთვის 111 მლნ დოლარის ოდენობის ბოლო ტრანშის გადმორიცხვას, რის შედეგადაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საერთო თანხა 687 მლნ დოლარს გაუტოლდება.

საქართველოს ხელისუფლებამ სსფ-სთან თანამშრომლობის ახალ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკური სიტუაციის შეფასებისას, სსფ-მა აღნიშნა, რომ COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გადალახვისა და ვაქცინაციის დაწყების შემდეგ საქართველო პოტენციურად იმყოფება პანდემიის შედეგების გადალახვის განმეორებით ეტაპზე.

სსფ მიიჩნევს, რომ მომდევნო ნაბიჯები უნდა იყოს მკაცრი კონტროლი COVID-19-ზე, აღდგენის უზრუნველყოფა და რთულ პირობებში მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის დაცვა. ამასთან, საბაზო სცენარის თანახმად, ძლიერი აღდგენა მოსალოდნელია 2021 წლის მეორე კვარტალში, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა წელიწადში 3,5% იქნება.

46
გამვლელები პირბადეებით

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 12:22 18.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.437 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 122 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.179 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 136 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

 

0