დეზერტირების ბაზარი

რატომ და რამდენით გაგვიძვირდა ცხოვრება?

1201
(განახლებულია 15:17 05.04.2021)
ბიზნესმენთა ნაწილი არ გამორიცხავს ეკონომიკურ კოლაფსს. რატომ? ფასები ყველა მიმართულებით იზრდება, ლარის კურსი არასტაბილურია. ექსპერტები ეროვნულ ბანკს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

სამსონ ხონელი

მარტის თვის მესამე დეკადის დასაწყისში გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გასაჯაროვდა. როგორც გაირკვა, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა კვლავაც ცხოვრების გაძვირებას უჩივის. ათიოდე დღეში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები გამოქვეყნდა და აღმოჩნდა, რომ წუხილი უსაფუძვლო არ არის.

„საქსტატის“ მონაცემებით, ინფლაცია საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ამ უწყების ინფორმაციით, ინფლაცია მარტში წლიურ 7,2 პროცენტამდე გაიზარდა. ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე გავლენა სურსათის ჯგუფში შემავალი პროდუქტების გაძვირებას და კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდირების პროგრამის დასრულებას ჰქონდა.

სურსათის ჯგუფში ფასები ყველაზე მეტად – 36 პროცენტით ზეთსა და ცხიმზე გაიზარდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მზესუმზირის ზეთის ღირებულება 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია.

ფასების ზრდა კი გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო, რაც ამ პროდუქტის მწარმოებელ უმსხვილეს ქვეყნებში – რუსეთსა და უკრაინაში მზესუმზირის მოსავლის შემცირების შედეგია. ამჟამად მსოფლიო ბაზარზე 1 ტონა მზესუმზირის ზეთის ფასი 1.653 დოლარია, რაც 2020 წლის სექტემბრის ფასზე 465 დოლარით, ანუ 39 პროცენტით მეტია. სურსათის ჯგუფში, ხილისა და ბოსტნეულის გარდა, ფასები ყველა პროდუქტზე გაიზარდა. გაძვირდა შაქარი, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები. ტკბილეული 13 პროცენტით გაძვირდა. ბოლო ერთ წელიწადში პურსა და პურპროდუქტებზე ფასები 7,7 პროცენტით გაიზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ფქვილსა და სხვა პროდუქტებზე ფასები მზარდია, მწარმოებლები მთავარ სამომხმარებლო პროდუქტზე ფასის მომატებას არც მომავალში გამორიცხავენ. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი კი ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც პურის სუბსიდირების პროგრამა დასრულდება და ე.წ. ქარხნული პურიც გაძვირდება, შესაბამისად ინფლაციაც უფრო მაღალი იქნება. მანამდე კი ჯამურად სურსათზე ფასები 5,7 პროცენტით არის გაზრდილი.

ქსელური მარკეტების გაერთიანების განმარტებით, საკვები პროდუქტების გაძვირებაზე ლარის გაუფასურებამ, საწვავის გაძვირებამ, იურიდიული პირების ერთი ნაწილისთვის კომუნალური ხარჯების გაზრდამ და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გაძვირებამ იმოქმედა.

სურსათთან ერთად მოსახლეობის ჯიბეს ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯებიც ურტყამს. ფასების ზრდა ამ მიმართულებითაც ძალიან საგრძნობია − თითქმის 14 პროცენტი. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროში ფასები ყველა მიმართულებით გაზრდილია, ეს არის: მოწყობილობა და აპარატურა, სამედიცინო პროდუქცია, მედიკამენტები, ამბულატორიული მომსახურება. როგორც დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, ფასების ცვლილება ძირითადად ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და არასტაბილური კურსის შედეგია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სისტემაში ფასები ყველაზე მეტად ფარმაცევტულ საშუალებებზე იზრდება, რაც სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ პრობლემა სამინისტროს დონეზე ვერ გადაწყდება. „კანონმდებლებთან ვმუშაობთ, ეს მიმდინარე პროცესია. მანამდე კი არ უნდა დავუშვათ, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაუარესდეს“, − განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

გაძვირდა აგრეთვე ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქონელი, სამშენებლო და სარემონტო მასალები. მიზეზი ამჯერადაც ლარის გაუფასურება, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯებია.

სამწუხაროდ, ვერც ავეჯით, საოჯახო ნივთებითა და სახლის მოვლით დაინტერესებულ ჩვენს მკითხველს ვანუგეშებ. ბოლო ერთ წელიწადში ფასები ჯამურად 12 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი − 17,4 პროცენტით, მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი − 16,4 პროცენტით, სახლისა და ბაღისთვის ტექნიკა − 14,2 პროცენტით, გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები − 12,2 პროცენტით, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქონელი და მომსახურება − 11 პროცენტით, ხოლო ავეჯი, საოჯახო ნივთები, იატაკის საფარი და რემონტი 9,6 პროცენტით გაძვირდა.

ფასები გაიზარდა ნავთობპროდუქტებზე, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად სხვა პროდუქტების გაძვირებას განაპირობებს. ტრანსპორტის ჯგუფშიც გაძვირების ტენდენციაა. ჯამურად ფასები 5,8 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე მეტად – 8,8 პროცენტით გაძვირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია. თუმცა თბილისის გზებსა და მაგისტრალებზე გაძვირების დინამიკა არ ასახულა. დაკვირვებული თვალი ადვილად შენიშნავს, რომ დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების სამარკო ნიშანი კვლავაც მრავალსაათიანი „საცობებია“.

თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელის მოყვარულთაც მძიმე დრო დაუდგათ. თრობა არ არის იაფი. ჯამურად ფასები 8,9 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის: თამბაქო 12,1 პროცენტით, ხოლო ალკოჰოლური სასმელი 6,2 პროცენტით გაძვირდა.

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, ეკონომიკური კრიზისი მაღალი ინფლაციით ძალიან დიდი პრობლემაა, ხოლო მზარდი ინფლაციის გამომწვევი მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა.

„მგონი ყველა დარწმუნდა, მათ შორის ეროვნული ბანკიც, რომ ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა. შესაბამისად, ინფლაციასთან დაკავშირებით ვერ გვექნება პოზიტიური მოლოდინები მანამ, სანამ ლარი გამყარებას არ დაიწყებს. სასწრაფოდ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის. სხვა შემთხვევაში ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება და წლის ბოლოს ინფლაცია 7 პროცენტზე მეტი იქნება“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი ხიშტოვანი.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემხედვარე, ბიზნესმენთა ერთი ნაწილი არც ეკონომიკურ კოლაფსს გამორიცხავს. მათ შორის არის დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია, რომელიც აცხადებს, რომ ეკონომიკის ხერხემალი – ლარი უმძიმეს მდგომარეობაშია.

„მნიშვნელოვანია პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება. რეგულაციები უნდა დავიცვათ. სხვა შემთხვევაში გამორიცხული არ არის ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი მივიღოთ. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ და ბიზნესმა კოორდინირებულად იმუშაონ ბაზრების დივერსიფიცირებაზე. დღითი დღე ძვირდება ნედლეულის და ნავთობპროდუქტების ფასი. მწარმოებელს პროდუქციის თვითღირებულება გაუძვირდა და მსყიდველობითუნარიანობა იკლებს, ხოლო პირველადი მოთხოვნის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველთვის არის, რაც არ უნდა გაიზარდოს ფასი“, − განაცხადა ივა ჭყონიამ.

რა რესურსი აქვს სახელმწიფოს, რომ გაუმკლავდეს მზარდ ინფლაციას? როგორც ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის შესამცირებლად ქმედითი ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს. დილემურ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ქმედითი ზომების მიღება, ერთი მხრივ, ისე, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაუახლოვდეს მიზნობრივ ნიშნულს, მაგრამ, მეორე მხრივ, ნაკლები პრობლემა შეექმნას ეკონომიკურ აქტივობას.

რაც შეეხება ინფლაციის სამომავლო პროგნოზს, მიმდინარე წლის ბოლომდე ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებელს საბაზისო ფარგლებში – 4,5 პროცენტის ნიშნულზე ელოდება. მოვლენათა პესიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში კობა გვენეტაძის უწყება ვარაუდობს, რომ ინფლაცია წლის ბოლოსთვის 7 პროცენტი იქნება.

და, ბოლოს, როცა ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ვსაუბრობთ, ანალიტიკოსთა შეფასებებზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ეროვნულ ვალუტას ვუმღეროთ: „ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ!..“ ეს, რა თქმა უნდა, მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სიმღერის ხალისი...

 

1201
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 10 აპრილს

109
(განახლებულია 08:54 10.04.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0126 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4260 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0126 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 10 აპრილს
ლარის კურსი 10 აპრილს
109
სოფელი

ვეფხია გიორგაძე: მთავრობამ მიწის ბაზრის ჩამოყალიბებაზე ფიქრი დაიწყო

116
(განახლებულია 21:57 09.04.2021)
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის გაფართოების შესახებ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის გაფართოების შესახებ ქვეყანაში მიწის ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, განაცხადა ეკონომისტმა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი – თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10 ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს რაოდენობრივი შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება. გარდა ამისა, გამოსყიდვის უფლება, იჯარით გაცემული „სახნავი“ კატეგორიის მიწების გარდა, გავრცელდება „სათიბ“ კატეგორიაზეც.

ამასთან, საქართველოში მოიჯარეები შეძლებენ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები, აქამდე ეს უფლება მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე ვრცელდებოდა. 

„კარგია, რომ მთავრობამ დაიწყო ფიქრი მიწის ბაზრის ჩამოყალიბებაზე, რადგან ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და მის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია“, – მიაჩნია ვეფხია გიორგაძეს.

მისი თქმით, მიწის ბაზარი მანამდე არ ჩამოყალიბდება, სანამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დაახლოებით 1.5 მლნ ჰა მიწის ფართობი კერძო მესაკუთრეების ხელში არ გადაინაცვლებს. ამისათვის კი პირველ რიგში უფასო პრივატიზაციაა საჭირო.

„იმის გამო, რომ მიწის ფასს ბაზარი ვერ განსაზღვრავს, ფერმერები ვერ ახერხებენ ბანკებსა თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტებში სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მოსაყვანად საჭირო სახსრების მოძიებას, შესაბამისად, ვერც დოვლათი იქმნება და ცდება მიწაც“, – აღნიშნა გიორგაძემ.

ეკონომისტის თქმით, დღეს საშუალოდ ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 3-4 ათასი დოლარის ეკვივალენტი ღირს ეროვნულ ვალუტაში.

  • „სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, გარდა იმისა, რომ იაფია, ძნელადაც იყიდება, ამიტომ ბანკები ერიდებიან ამ ტიპის ქონებით უზრუველყოფილი კრედიტების გაცემას, მიწის ბაზრის ჩამოყალიბების შემდეგ კი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსაყვანად საჭირო ფინანსების მოძიებას უფრო იოლად შეძლებენ“, – თქვა გიორგაძემ.

ვეფხია გიორგაძე მიიჩნევს, რომ მიწის კერძო მფლობელობაში გადასვლის შემდეგ გაჩნდება მასზე თავისუფალი მოთხოვნა–მიწოდება, ჩამოყალიბდება საბაზრო წონასწორობა და აისახება ფასზე, ის შეიძენს სრულფასოვანი უზრუნველყოფის სახეს და გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი სოფლის მეურნეობის განვითარების.

სახელმწიფო პროგრამის გაფართოებაზე გუშინ საქართველოს პრემიერ-მინტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ამ ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირონ დაახლოებით 11 ათას ჰექტრამდე სახნავი მიწა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ივლისში დამტკიცდა და მისი მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის ხელშეწყობა – მოიჯარეებისთვის იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის გზით.

ნატა პატარაია

116
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა

ხერთვისის უძველესი ციხესიმარგე - ვიდეო

0
ხერთვისის ციხის კომპლექსი, ისტორიკოსების მონაცემებით, X-XI საუკუნეებს განეკუთვნება, ხოლო ჟამთააღმწერელი ლეონტი მროველის გადმოცემით - ჩვენს ერამდე IV საუკუნეს

დღეს მიიჩნევა, რომ საქართველოს ეს ფეოდალური პერიოდის ერთ-ერთი უძველესი და კარგად შემონახული ციხეა. ინტერესი ამ ადგილისადმი უფრო და უფრო იზრდება.

ციხესიმაგრე აგებულია მდინარე ფარავნისა და მდინარე მტკვრის შეერთების ადგილთან, ვარძიის სამონასტრო კომპლექსიდან 15 კილომეტრში. ხერთვისი და ვარძია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის კანდიდატები არიან.

0