ნაგავსაყრელი ლილოში

ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ახალ პროგრამას განახორციელებს

86
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, აღნიშნული პროგრამის გარდა, მიმდინარე წელს საქართველოში  ევროკავშირის მხარდაჭერით 2,5 მლნ ევრომდე ღირებულების ტექნიკური დახმარების კიდევ ორი პროექტი დაიწყება.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. ევროკავშირი საქართველოს გარემოს დაცვის მიმართულებაზე 20 მილიონ ევრომდე გამოუყოფს. ამის შესახებ იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ევროკავშირის ახალი, მასშტაბური პროგრამის დეტალები განიხილეს შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, ალექსანდრე დარასმა.

პროგრამა 2022-2027 წლებში განხორციელდება.

უწყების ცნობით, პროგრამა დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა:

  • წყლის რესურსების მართვა,
  • ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება,
  • ნარჩენების მართვა,
  • ინდუსტრიული ემისიების შემცირება,
  • დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, 
  • „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონმდებლობის და კლიმატის ცვლილების კუთხის ეროვნული წვლილის დოკუმენტით გათვალისწინებული კონკრეტული აქტივობების მხარდაჭერა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

საქართველოში გარემოს დაცვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 2 მარტს პარლამენტმა მიიღო „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის მომზადებული.

86
მოსავლის აღება ახალქალაქში

რა და რამდენი ითესება საქართველოში: ბოლო მონაცემები

36
2020 წელს ერთწლიანი კულტურები მეტ ფართობს იკავებდა, ვიდრე 2019 წელს და ძირითად ნაწილს სიმინდის, ხორბლის, ქერისა და კარტოფილის ნათესები შეადგენდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2020 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება გაიზარდა, ამასთან გაცილებით მეტი ითესება ისეთი კულტურები, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი და კარტოფილი, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

სოფლის მეურნეობის განვითარება არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი არ წყდებოდა მიწის დამუშავება და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2020 წელს ერთწლიანი კულტურები დაითესა 211,3 ჰექტარ მიწაზე, რაც 4,1%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს. ამავე დროს, ძირითადი ნაწილი ეკავა სიმინდის, ხორბლის, ქერისა და კარტოფილის კულტურებს.

ამავე მონაცემებით, ხორბლის წარმოება 2019 წელთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა და 101,2 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 27%-ით გაიზარდა და 263 ათასი ტონა შეადგინა, კარტოფილის კი - 10,8% -ით და 215,7 ათასი ტონა შეადგინა.

გარდა ამისა, 11,8%-ით გაიზარდა სხვა ბოსტნეულის წარმოება და 1,8 მლნ ტონას გაუტოლდა.

მოსავლიანობა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს სიმინდის, კარტოფილის და სხვა ბოსტნეულის მოსავლიანობა გაიზარდა, ამასთან ხორბლისა და ქერის მოსავლიანობა შემცირდა.

პროდუქციის სახეობა საშუალო მოსავლიანობა ტონა/ჰექტარი
ხორბალი          2,2
ქერი          1,9
კარტოფილი 13,2
სიმინდი  3,1
პომიდორი       15,2
კიტრი      13,3
კომბოსტო        26,2
ხახვი         7,6
ნიორი 3,1

საქართველოს ბაღები

საქართველოში გაიზარდა ასევე ხილისა და კაკლოვანების წარმოებაც. თესლოვანი ხილის (ვაშლი, მსხალი, კომშის და სხვა) წარმოების მაჩვენებელი 2020 წელს გასულ წელთან შედარებით 93,4%-ით გაიზარდა.

იმავე პერიოდში კურკოვანი ხილის (ქლიავი, გარგარი, ატამი და სხვა) წარმოება 64,2%-ით გაიზარდა.

კაკლოვანი ხილის წარმოებამ 2020 წელს შეადგინა 40,9 ათასი ტონა, თესლოვანი ხილის - 101,9 ათასი ტონა, ციტრუსების - 57,1 ათასი ტონა, სუბტროპიკული ხილის - 9,9 ათასი ტონა, ხოლო კურკოვანი ხილის - 63,2 ათასი ტონა.

სახელმწიფო ზრუნავს ბაღების განვითარებაზე. სოფლის მეურნეობის წარმოების სტიმულირების მიზნით, 2015 წლის მარტში ქვეყანაში პროგრამა „დარგე მომავალი" ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ფერმერებს ხეხილის ბაღების განახლებისა და გაშენების მიზნით ნერგების შესაძენად გაწეულ ხარჯებს უფინანსებენ.

დახმარების პროგრამები

2020 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების წახალისების მიზნით დამატებითი შეღავათები შემოიღო.

მაგალითად, პროგრამა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შეღავათიან ფასად დიზელის საწვავი, რომლის შესაძენად ბარათები 123,7 ათასზე მეტმა ფერმერმა მიიღო.

გარდა ამისა, წახალისების პროგრამის ფარგლებში 172 ათასზე მეტ ფერმერს სპეციალურ აგრობარათებზე აგროქულები დაერიცხათ.

საუბარია ფერმერებზე, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს. ერთ ჰექტარზე 200 ლარი ირიცხება.

აგრობარათებით ფერმერებს შეუძლიათ სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენა, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ერთწლიანი კულტურების მოყვანაზე მიმდინარე ხარჯების დასაფარად საბანკო კრედიტების ექვსთვიანი საპროცენტო განაკვეთის 100%-იან სუბსიდირებას ახდენს.

36
საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მოიწონა

45
(განახლებულია 17:05 17.04.2021)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სსფ-ს სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ახლა საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებას თანამშრომლობის ახალ პროგრამაზე ახორციელებს

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოიწონა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ინფლაციის და სავალუტო კურსის მიმართ, განაცხადა ერთობლივ ვიდეოკონფერენციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სუბირ ლალმა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე პანიკის შესაკავებლად არაერთხელ განახორციელა სავალუტო ინტერვენციები, რათა ინფლაციის განსაკუთრებული ზრდა არ დაუშვას.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ორიენტირებულია ინფლაციის მიზნობრივი დონის მიღწევაზე, რაც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია. ზოგადად, ინფლაციის ტარგეტირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, კარგ გავლენას ახდენს საქართველოზე და სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს ბაზრის უკონტროლო ფუნქციონირების თავიდან ასაცილებლად ", - განაცხადა ლალმა.

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რეგულატორი თავის პოლიტიკას მომავალში გააგრძელებს.

„საბანკო სისტემამ შეძლო ადეკვატური ბუფერების შენარჩუნება Covid-19-ის შოკთან გასამკლავებლად, რაც კრიზისამდე არსებული საზედამხედველო რეჟიმის ეფექტურობას ასახავს. სამომავლოდაც მნიშვნელოვანი იქნება პროაქტიული მიდგომების გატარება, ისე რომ საზედამხედველო პოლიტიკამ დააბალანსოს, ერთი მხრივ, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, სათანადოდ მართოს აქტივების ხარისხი", - განაცხადა გვენეტაძემ.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სსფ-ს სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

სსფ-ის პროგრამა

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერი სამწლიანი პროგრამა სსფ-მ 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. მოგვიანებით, პანდემიის გამო, პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და 12 აპრილს დასრულდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (EFF) მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა, რაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოსთვის 111 მლნ დოლარის ოდენობის ბოლო ტრანშის გადმორიცხვას, რის შედეგადაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საერთო თანხა 687 მლნ დოლარს გაუტოლდება.

საქართველოს ხელისუფლებამ სსფ-სთან თანამშრომლობის ახალ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკური სიტუაციის შეფასებისას, სსფ-მა აღნიშნა, რომ COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გადალახვისა და ვაქცინაციის დაწყების შემდეგ საქართველო პოტენციურად იმყოფება პანდემიის შედეგების გადალახვის განმეორებით ეტაპზე.

სსფ მიიჩნევს, რომ მომდევნო ნაბიჯები უნდა იყოს მკაცრი კონტროლი COVID-19-ზე, აღდგენის უზრუნველყოფა და რთულ პირობებში მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის დაცვა. ამასთან, საბაზო სცენარის თანახმად, ძლიერი აღდგენა მოსალოდნელია 2021 წლის მეორე კვარტალში, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა წელიწადში 3,5% იქნება.

45
კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდაში 39 წლის ექთანი დააკავეს

0
(განახლებულია 11:30 18.04.2021)
ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდის მკვიდრი ქალი დააკავა, იუწყება გამოცემა USA Today.

სამართალდამცველებმა 39 წლის ექთანი ნივიან პეტი ფელპსი (Niviane Petit Phelps) ხუთშაბათს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული „შეგნებულად და განზრახ იმუქრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოკვლით და სხეულის დაზიანების მიყენებით“.

საიდუმლო სამსახურის მონაცემებით, ბრალდებულმა მეუღლეს, რომელიც ციხეში პატიმრობას იხდის, რამდენიმე ვიდეო გაუგზავნა, სადაც გამოხატავდა რისხვას 2020 წლის არჩევნების შედეგების გამო, ასევე იარაღის ტარების ნებართვას მოითხოვდა. სასამართლოს ხელთ არსებული დოკუმენტებით, ფელპსმა ჩაწერა ხუთი ვიდეორგოლი, სადაც ჰარისის მოკვლით იმუქრებოდა და კონკრეტულ თარიღს ასახელებდა. აღნიშნულია, რომ ქალის მუქარას ამყარებდა მისი რწმენა, თითქოს ჰარისი „სინამდვილეში შავკანიანი არაა“.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ, რომელშიც ფელპსი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ მას დაითხოვენ.

ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

0