მყიდველები პირბადეებით ბაზარში

საქართველოში ფასები იზრდება: გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა

155
(განახლებულია 00:24 03.04.2021)
მიმდინარე წლის მარტში წლიური ინფლაცია გაიზარდა ორჯერ, თვიური - თითქმის ოთხჯერ, ძირითადად კომუნალური მომსახურების ტარიფების ზრდის ხარჯზე

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის მარტში 2020 წლის მარტთან შედარებით წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა - მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იყო, მონაცემებს „საქსტატი“ ავრცელებს.

2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი შეადგინა. თებერვალში ინფლაცია 1,1%-ს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 6.9% შეადგინა, რაც მათ შორის კომუნალური მომსახურების გაძვირებით არის განპირობებული.

გასული წლის ბოლოს გაიზარდა სამომხმარებლო ტარიფები ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და წყალზე, მაგრამ მთავრობამ კომუნალურ მომსახურებაზე მოსახლეობის ხარჯების სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

  • პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება აისახა ინფლაციის დონეზე, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა, მაგრამ პროგრამა ნაწილობრივ მარტში დასრულდა, რამაც ინფლაციის ზრდა გამოიწვია.

მარტში თებერვალთან შედარებით ფასები შემცირდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (1,9%), ხოლო გაიზარდა (კომუნალური მომსახურების გარდა) ჯანმრთელობის დაცვაზე (3,6%), სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე (2,6%), ტრანსპორტზე (2,6%). მარტში სურსათზე ფასები 1,5%-ით გაიზარდა.

რა მოქმედებს ფასების დინამიკაზე საქართველოში

საქართველოში ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორისაა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორის ინფორმაციით, პირველ რიგში იზრდება ნავთობისა და საკვები პროდუქტების ფასები.

„პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, რაც ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

„მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება. ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დიდ ქალაქებში საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ >>

რეგულატორი მიიჩნევს, რომ მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აძლიერებს, რაც მომავალში, შესაძლოა, ინფლაციის ზრდაში აისახოს. ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით - 8,5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

155
ავტომობილები თბილისში

კვლევა: რომელი ავტომობილებია უფრო პოპულარული საქართველოში

59
(განახლებულია 16:14 19.04.2021)
ავტომობილების გაყიდვა საქართველოში 2020 წელს 18%-ით შემცირდა, თუმცა ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია ფასებზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ 5%-ით შემცირდა.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოში 1000 ადამიანზე 304 ავტომობილი მოდის, აქედან უმრავლესობა 15 და მეტი წლის წინ არის გამოშვებული. ასეთი შედეგები აჩვენა კომპანია Galt & Taggart-ის კვლევამ.

კვლევის თანახმად, დაბალი გადახდისუნარიანობის გამო საქართველოს მოსახლეობა უპირატესობას მეორად ჰიბრიდულ და ეკონომიურ ავტომობილებს ანიჭებს.

2020 წელს განბაჟებული ავტომობილების საშუალო შეწონილი ასაკი 8 წელი იყო. ამასთან, საქართველოში გასაყიდად შემოყვანილი ავტომობილების 67% იყო 1,5–2,5 ლიტრი მოცულობის ძრავით, კიდევ 19% – 1,5 ლიტრამდე მოცულობის და მხოლოდ 14% – 2,5 ლიტრზე მეტი მოცულობის.

2020 წელს შეძენილი და განბაჟებული ავტომობილების 42% იყო ჰიბრიდული ან ელექტრომობილი, 36% მუშაობდა ბენზინზე, ხოლო 21% – დიზელის საწვავზე.

ამასთან, როგორც კვლევამ აჩვენა, 2020 წელს ავტომობილების გაყიდვა საქართველოში 18%-ით შემცირდა და წელიწადში 226 ათასი ავტომობილი შეადგინა, თუმცა მოთხოვნის შემცირებამ ფასებზე მხოლოდ უმნიშვნელო გავლენა იქონია – ფასები მხოლოდ 5%-ით შემცირდა, ხოლო ზოგიერთი მარკის ავტომობილზე, ონლაინ–ავტოაუქციონების გამო, გაიზარდა კიდეც.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს საქართველოში იყო 1,13 მლნ ავტომობილი, აქედან 87% – მსუბუქი. ამასთან, მართვის მოწმობა ქვეყნის 1,31 მლნ მოქალაქეს აქვს.

კვლევის მონაცემებით, საქართველოში 180,4 ათასი პოტენციური მყიდველია, თუმცა პროგრამა car-sharing და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგი მუშაობა ავტომობილების გაყიდვაზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს. ამავდროულად, მოძველებულმა ავტოპარკმა, პირიქით, შეიძლება გადაარჩინოს ავტობაზარი, რადგან საქართველოში ავტომობილების საშუალო ასაკი 18,5 წელია, ხოლო 10 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილები პირველად ტექდათვალიერებას ხშირად ვერ გადიან.

  • რაც შეეხება პოპულარულ ავტომობილებს საქართველოში, 2020 წლის მონაცემებით, რაოდენობით პირველ ადგილზეა MERCEDES-BENZ, მეორეზე – ВАЗ, ხოლო მესამეზე – TOYOTA და OPEL. ახლად შეძენილ ავტომობილებს შორის პირველ ადგილზეა TOYOTA, მას მოსდევენ FORD და MERCEDES-BENZ.
59
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა

თერჯოლის რაიონში ფეროშენადნობების ქარხანა აშენდება

51
(განახლებულია 14:36 19.04.2021)
პროექტი ითვალისწინებს ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 ათასი ტონა იქნება.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფეროშენადნობების ქარხანა აშენდება, ნათქვამია ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

პროექტი ითვალისწინებს ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 ათასი ტონა იქნება. საწარმოში 2,8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და მასში 100 ადგილობრივის დასაქმება იგეგმება.

კომპანია „მანგანეზ ინდასტრი“ სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ საწარმოს მაქსიმუმ 2 წელიწადში აამუშავებს.

პროგრამის ფარგლებში საწარმოს ასაშენებლად კომპანიას 61 506 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა.

კომპანია აცხადებს, რომ წარმოებული პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც ქვეყანაში მილიონობით დოლარის შემოდინებას უზრუნველყოფს. პროდუქციის ექსპორტის ზრდა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ცვლადებზე, როგორებიცაა ვალუტის გაცვლითი კურსი, დასაქმება, შრომის პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ა.შ.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.

საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რაც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.

პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6.212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

51
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
მამუკა ხაზარაძე

გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად! - „ლელო“ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

0
(განახლებულია 17:10 19.04.2021)
ახალ დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ვადამდელ არჩევნებს.

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს. 

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას  ახალი, ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმება  მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ვადამდელ არჩევნებს. 

როგორც კუპრაძე აღნიშნავს,  გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე ერთხმად მიიღეს.

„დასრულდა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხელს მოვაწერთ ევროკავშირისა და ელჩების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად!“, – წერსპარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი  სოციალურ ქსელში.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“  მიიღებს  პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს. 

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.  კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. ასევე,  პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

16 აპრილს მმართველმა პარტიამ საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა შესთავაზა. დოკუმენტი ითვალისწინებს სისტემური საარჩევნო რეფორმების გატარებას, ცვლილებებს მართლმსაჯულების სფეროში, ასევე პარლამენტში უფლებამოსილებების გადანაწილებას. როგორც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, თუ თვითმართველობის არჩევნებში ხმების 40%-ს ვერ აიღებდა, არჩევნების ჩატარებაზე ოპოზოციის მოთხოვნას დათანხმდებოდა. 

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადყოფნა გამოთქვა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს ხელი მოაწეროს. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“  ლიდერებმა.

 

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება