ლარი კიდევ უფრო დაეცა: კურსმა 3,4-იან ნიშნულს გადააჭარბა

ლარი კიდევ უფრო დაეცა: კურსმა 3,4-იან ნიშნულს გადააჭარბა

82
(განახლებულია 09:11 31.03.2021)
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით წელს ეროვნულმა ბანკმა ოთხ აუქციონზე უკვე 160 მილიონი დოლარი გაყიდა.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 31 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4118 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა – ბოლო 10 დღეში ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,5%-ით დაეცა.

ქართული ვალუტის გაცვლითი კურსი 3,4 ლარის ნიშნულს 2020 წლის 27 მარტს გასცდა, როდესაც დაფიქსირდა ისტორიული მინიმუმი – 3,4842 GEL/$1.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრებოდა. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ოთხ აუქციონზე უკვე 160 მილიონი დოლარი გაყიდა.

 

82
ფაბრიკა ანაბეჭდი

ადგილობრივი კომპანიებისთვის უნიფორმებს საქართველოში შეკერავენ

27
(განახლებულია 11:01 14.04.2021)
„ანაბეჭდი“ წლის განმავლობაში 300 ათასზე მეტ უნიფორმას კერავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართული სამკერვალო საწარმო „ანაბეჭდი“, რომელიც ქვეყანაში წამყვან ბრენდულ კომპანიებს უნიფორმებით ამარაგებს, სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით გაფართოვდა. 

„ანაბეჭდი“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. აღნიშნული მხარდაჭერით  საწარმო აღიჭურვა სპეციალური და უნივერსალური საკერავი მანქანა-დანადგარებით. შედეგად, წარმოების პროცესი უფრო სწრაფი გახდა, პროდუქცია კი - მეტად ხარისხიანი.

წარმოების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

 „კომპანიას გაფართოების ძალიან კარგი გეგმები აქვს.  შეიძინეს დანადგარები პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, უნიკალურ პროდუქციას უშვებენ და ამარაგებენ ბაზრის 90%-ს - მათ შორის, უნიფორმებით. ეს არის ადგილობრივი წარმოების განვითარების ერთ-ერთი შედეგი, რასაც ჩვენ ყოველთვის შევუწყობთ ხელს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 „ანაბეჭდი“ წლის განმავლობაში 300 ათასზე მეტ უნიფორმას კერავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. კომპანია უნიფორმებს ქმნის ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Agrohub, Goodwill, Elit Electronics, Carrefour, Domino, East Point და ა.შ. 

ფაბრიკაში ამ ეტაპზე 100–მდე ადამიანი მუშაობს. კომპანია ძალისხმევას არ იშურებს დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისთვის, ამიტომაც ისინი პერიოდულად გადამზადების კურსს გადიან.

აღნიშნული პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 3,7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

კომპანიის გეგმებშია ქსოვილების წარმოების დაწყება, რამდენადაც ამ ეტაპზე იგი უცხოეთიდან შემოაქვთ. ეს კომპანიას თანამშრომელთა შტატის გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლების შესაძლებლობას მისცემს

 „აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.

საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომლებიც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.

 

პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6.212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

27
თემები:
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“
ნათია თურნავა

თურნავა: თუ ინვესტორი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, მას გადაცემული მიწა ჩამოერთმევა

60
(განახლებულია 11:01 14.04.2021)
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ვრცელდება მოსაზრება, თითქოს ამ მიწაზე თურქები უნდა ჩამოასახლონ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

 

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. „ნამახვანჰესი“ არა თურქული ან ნორვეგიული, არამედ ქართული ჰიდროელექტროსადგურია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის პროექტის წინააღმდეგ პროტესტი 6 თვის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მშენებლობის შეწყვეტას და თურქული კომპანია ENKA-სთან გაფორმებული კონტრაქტის მოშლას მოითხოვენ. მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ჰესი გარემოზე დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს. ხელისუფლება აცხადებს, რომ პროექტის ძირითადი სამუშაოები 6 თვით შეჩერდება, რათა პროექტის ხელახალი გადამოწმება მოხდეს, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს.

თურნავას განცხადებით,  მიწა კომპანიისთვის უფასოდ არ გადაცემულა და ინვესტორი  830 მილიონ დოლარს იხდის.

„ინვესტორმა უკვე გადაუხადა 34 მილიონი ლარი 270 ადგილობრივ ოჯახს – თითო ოჯახს საშუალოდ 125 ათასი ლარი შეხვდა იმ მიწის სანაცვლოდ, რომელიც იურიდიულად სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ვინაიდან ეს ოჯახები იქ სახლობდნენ და საქმიანობდნენ, სახელმწიფომ მოითხოვა ამ კომპენსაციების გაცემა“, - განაცხადა თურნავამ. 

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული, მიზნობრივად გადაცემული მიწის რესურსი, რომელზეც ინვესტორს უფლება აქვს, მხოლოდ პროექტის მიხედვით ააშენოს ჰესის ნაგებობები.

„თუ ინვესტორმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები და ვერ ააშენა შესაბამის ვადებში კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროსადგური ან დაარღვია ნებართვით დაკისრებული უფლებები, მას ეს მიწა ჩამოერთმევა. ეს არის პირობადებული საკუთრება, რომლის საფასურიც ინვესტორმა გადაუხადა არა სახელმწიფოს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას“, - აღნიშნა თურნავამ.

რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები ამ დრომდე არ წყდება. გუშინ,  აქტივისტებმა თურქული კომპანია „ენკას“ ბაზასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს  და განაცხადეს, რომ კომპანია „ენკას“ მანქანებს არ გაატარებდნენ. მომიტინგეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც სწორედ კომპანიის მანქანების გამოჩენას მოჰყვა. პოლიცია გზის გათავისუფლებას შეეცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად სამართალდამცველებმა სოფელ გუმათში გამართული აქციის დროს ექვსი აქტივისტი დააკავეს. 

მანამდე აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი სოფელ ნამოხვანში, ორი დღის წინ კი პოლიციამ აიღო კარვები და ნამოხვანისკენ გზა გადაკეტა. ამის შემდეგ მომიტინგეებმა კარვები სოფელ გუმათში გაშალეს, „ნამახვანჰესის“ სამშენებლო ტერიტორიიდან უფრო მოშორებით. მომიტინგეები მოითხოვენ, მიეცეთ შესაძლებლობა პროტესტი კვლავ ნამოხვანში გააგრძელონ.

პოლიციამ კარვების აღების მიზეზად რიონის მოსალოდნელი ადიდება დაასახელა, რაც მომიტინგეებს საფრთხეს შეუქმნიდა. გარდა ამისა, 10 აპრილს რიონში აქციის ერთ-ერთი მონაწილე გაუჩინარდა, რომლის სამძებრო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. პოლიციამ ისიც განაცხადა, რომ კარვები მათ საძიებო სამუშაოების განხორციელებაში ხელს უშლიდა.

პოლიციის თქმით, აქტივისტები კომპანია ENKA-ს თანამშრომლებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ქვემო ნამახვანს“ და „ზემო ნამახვანს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.

60
დისტანციური სწავლება

ფოთში სასწავლო პროცესი შეწყდა: სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ

0
(განახლებულია 14:14 14.04.2021)
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.085 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 120 სამეგრელო–ზემო სვანეთში  დაფიქსირდა

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში  გაზრდილი ინფიცირების შემთხვევის გამო, საჯარო და კერძო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, იუწყება პირველი არხი.

ფოთის რესურს–ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთის მასშტაბით 11 საჯარო და ოთხი კერძო სკოლა ონლაინ–ფორმატში ორი კვირის ვადით გააგრძელებს ფუნქციონირებას. 

„აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. სასწავლო დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება პედაგოგთა ტესტირებები და სკოლის ადმინისტრაციები მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებენ“, – განაცხადა რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა ქორქიამ.

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.

0
თემები:
განათლება საქართველოში