სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

ეკონომიკის მინისტრმა სახმელეთო საზღვრების გახსნის პირობები დაასახელა

115
(განახლებულია 22:08 30.03.2021)
საქართველოსთვის აუცილებელია ტურიზმის აღდგენა, რათა ქვეყნის ვალუტამ გამყარება დაიწყოს, აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველო გახსნის სახმელეთო საზღვრებს, როგორც კი ამის საშუალებას მისცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ბათუმმა ისრაელიდან პირველი ტურისტები მიიღო – ყველა აცრილია COVID-19-ზე >>

ქვეყნის სახმელეთო საზღვრები უკვე წელიწადზე მეტია დაკეტილია. ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. 2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველომ მოხსნა ყველა შეზღუდვა რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე. 

„ჩვენ გავხსნით სახმელეთო საზღვრებს, როგორც კი მოგვეცემა საშუალება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რათა ტურისტი შემოვიდეს და აქ დახარჯოს რესურსი, უცხოური ვალუტა შემოვიდეს და გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაძლიერებას საჭიროებს.

„ჩვენ ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რათა უცხოური და, ზოგადად, ინვესტიციები შემოვიდეს, რაც ეკონომიკის მდგრადობას განამტკიცებს, ასევე განამტკიცებს ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგრადობას. ეს ერთი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი არის ტურიზმისთვის მიმოსვლის გახსნა“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოში ტურიზმის სფერო კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. 2019 წელს ტურიზმის რეკორდულმა მიღწევებმა, როდესაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა 3,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები აიძულა 2020 წლისთვის უფრო აქტიურად მომზადებულიყვნენ.

თუმცა პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის მთელი გეგმები და იმედები დაანგრია – 2020 წელს ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი 427,7 დოლარამდე ჩამოვიდა, ხოლო საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 1,7 მილიონამდე შემცირდა.

115
თბილისის სილიკონ ველი

თურნავა: ინვესტორები ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით დაინტერესდნენ

9
(განახლებულია 13:16 18.04.2021)
ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. Silicon Valley-დან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები ქართული სტარტაპებიы გლობალურ ბაზარზე გატანით დაინტერესდნენ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და TECH Friends of Georgia-ს შორის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინფორმატში გაფორმდა აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სპეციალური შერჩევის პრინციპით გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც TECH Friends of Georgia განახორციელებს 500 ათასი აშშ დოლარის ინვესტირებას.

მინისტრის თქმით, პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა, ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი განავითარეს და  ყურადღება მიიპყრეს ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, „სილიკონის ველიზე“.

„ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ოთხ ამერიკელ ინვესტორს შორის. ესაა ვენჩურული ფონდები, რომლებიც საქმიანობენ „სილიკონ ველიზე“. მათ ერთობლივად შექმნეს ფონდი 500 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც მოხდება ჩვენ მიერ შერჩეული სტარტაპების თანადაფინანსება“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, სტარტაპების  შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები „სილიკონ ველიდან“.

ონლაინ ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აშშ-ის მინესოტას შტატის სენატორმა (2003-2009) ნორმ კოლემანმა (Norm Coleman) მიმართა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და TECH Friends of Georgia-ს მმართველმა პარტნიორებმა: ისააკ ეპლბაუმმა (Isaac Applbaum), ორი სასონმა (Ori Sasson), მარკ აბრამოვიჩმა (Marc Abramowitz) და ტედ ტუსინგმა (Ted Tussing). ღონისძიებას ესწრებოდა ასევე საქართველოს კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე.

ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაზე საქართველოში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება >>

Silicon Valley-ში განთავსებულია მაღალტექნოლოგიური კომპანიების დიდი ნაწილი, რომლებიც კომპიუტერებისა და მათი შემადგენლობის, განსაკუთრებით მიკროპროცესორების შემუშავებასთან არის დაკავშირებული, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მობილური კავშირის მოწყობილობებთან და სხვა. ამ ტექნოლოგიური ცენტრის დაარსება და განვითარება დაკავშირებულია წამყვანი უნივერსიტეტების, დიდი ქალაქების თავმოყრასთან ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე.

9
მოსავლის აღება ახალქალაქში

რა და რამდენი ითესება საქართველოში: ბოლო მონაცემები

39
2020 წელს ერთწლიანი კულტურები მეტ ფართობს იკავებდა, ვიდრე 2019 წელს და ძირითად ნაწილს სიმინდის, ხორბლის, ქერისა და კარტოფილის ნათესები შეადგენდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2020 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება გაიზარდა, ამასთან გაცილებით მეტი ითესება ისეთი კულტურები, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი და კარტოფილი, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

სოფლის მეურნეობის განვითარება არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი არ წყდებოდა მიწის დამუშავება და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2020 წელს ერთწლიანი კულტურები დაითესა 211,3 ჰექტარ მიწაზე, რაც 4,1%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს. ამავე დროს, ძირითადი ნაწილი ეკავა სიმინდის, ხორბლის, ქერისა და კარტოფილის კულტურებს.

ამავე მონაცემებით, ხორბლის წარმოება 2019 წელთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა და 101,2 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 27%-ით გაიზარდა და 263 ათასი ტონა შეადგინა, კარტოფილის კი - 10,8% -ით და 215,7 ათასი ტონა შეადგინა.

გარდა ამისა, 11,8%-ით გაიზარდა სხვა ბოსტნეულის წარმოება და 1,8 მლნ ტონას გაუტოლდა.

მოსავლიანობა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს სიმინდის, კარტოფილის და სხვა ბოსტნეულის მოსავლიანობა გაიზარდა, ამასთან ხორბლისა და ქერის მოსავლიანობა შემცირდა.

პროდუქციის სახეობა საშუალო მოსავლიანობა ტონა/ჰექტარი
ხორბალი          2,2
ქერი          1,9
კარტოფილი 13,2
სიმინდი  3,1
პომიდორი       15,2
კიტრი      13,3
კომბოსტო        26,2
ხახვი         7,6
ნიორი 3,1

საქართველოს ბაღები

საქართველოში გაიზარდა ასევე ხილისა და კაკლოვანების წარმოებაც. თესლოვანი ხილის (ვაშლი, მსხალი, კომშის და სხვა) წარმოების მაჩვენებელი 2020 წელს გასულ წელთან შედარებით 93,4%-ით გაიზარდა.

იმავე პერიოდში კურკოვანი ხილის (ქლიავი, გარგარი, ატამი და სხვა) წარმოება 64,2%-ით გაიზარდა.

კაკლოვანი ხილის წარმოებამ 2020 წელს შეადგინა 40,9 ათასი ტონა, თესლოვანი ხილის - 101,9 ათასი ტონა, ციტრუსების - 57,1 ათასი ტონა, სუბტროპიკული ხილის - 9,9 ათასი ტონა, ხოლო კურკოვანი ხილის - 63,2 ათასი ტონა.

სახელმწიფო ზრუნავს ბაღების განვითარებაზე. სოფლის მეურნეობის წარმოების სტიმულირების მიზნით, 2015 წლის მარტში ქვეყანაში პროგრამა „დარგე მომავალი" ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ფერმერებს ხეხილის ბაღების განახლებისა და გაშენების მიზნით ნერგების შესაძენად გაწეულ ხარჯებს უფინანსებენ.

დახმარების პროგრამები

2020 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების წახალისების მიზნით დამატებითი შეღავათები შემოიღო.

მაგალითად, პროგრამა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შეღავათიან ფასად დიზელის საწვავი, რომლის შესაძენად ბარათები 123,7 ათასზე მეტმა ფერმერმა მიიღო.

გარდა ამისა, წახალისების პროგრამის ფარგლებში 172 ათასზე მეტ ფერმერს სპეციალურ აგრობარათებზე აგროქულები დაერიცხათ.

საუბარია ფერმერებზე, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს. ერთ ჰექტარზე 200 ლარი ირიცხება.

აგრობარათებით ფერმერებს შეუძლიათ სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენა, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ერთწლიანი კულტურების მოყვანაზე მიმდინარე ხარჯების დასაფარად საბანკო კრედიტების ექვსთვიანი საპროცენტო განაკვეთის 100%-იან სუბსიდირებას ახდენს.

39