საბანკო ტერმინალი

ვის, რატომ და რამდენით გაუძვირდა კრედიტი?

1152
(განახლებულია 18:11 19.03.2021)
ეროვნული ბანკის ვერდიქტი – გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი... რა ემუქრება 100 ათასზე მეტ მომხმარებელს?

სამსონ ხონელი

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი დათქმულ დროს შეიკრიბა. კომიტეტის წევრებმა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთზე იმსჯელეს. დისკუსიის დეტალები ჩვენთვის უცნობია, თუმცა ცნობილია გადაწყვეტილება. კერძოდ, კობა გვენეტაძის უწყებამ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტიდან 8.50 პროცენტამდე გაზარდა. რატომ შეწუხდნენ? − შესაძლოა ირონიული ტონით ჩამეძიოს ყველა ის მკითხველი, რომელმაც მეტ-ნაკლებად მაინც იცის, ეს გადაწყვეტილება რა „სიკეთეს“ მოუტანს მოქალაქეებს, რომელთა საბანკო საკრედიტო ვალდებულების პროცენტი ცვალებადია და პირდაპირ დამოკიდებულია რეფინანსირების განაკვეთზე. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები, მანამდე კი განვაგრძობ თხრობას და დავინტერესდები, ეროვნულ ბანკში რა ფაქტორებით იხელმძღვანელეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას.

კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, თებერვლის თვეში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა. გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ასეთ დროებით ფაქტორებს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ზოგადად არ ითვალისწინებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მარტის თვიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება, თუმცა სუბსიდიის საბაზო ეფექტი მიმდინარე წლის დეკემბერსა და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. არსებული პროგნოზით, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 4.5 პროცენტი იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. შეგახსენებთ, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია.

ეროვნულ ბანკში მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლებს დავუბრუნდეთ. კობა გვენეტაძის უწყებაში განმარტავენ, რომ ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ სახეზეა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რაც 2021 წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა და ნავთობპროდუქტებსა თუ სურსათზე ფასების ზრდაში ისახა. COVID-19-ის პანდემიის გამო საგრძნობლად შემცირებულია ეკონომიკური საქმიანობა, რაც ასევე ხელს უწყობს ინფლაციის ზრდას. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გაითვალისწინა, რომ ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებულ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება ფასების ზრდაზე დამატებით წნეხს აჩენს. კვლავ მაღალია გაურკვევლობა საგარეო მოთხოვნის აღდგენის დინამიკის კუთხით. რაც შეეხება დაკრედიტებას, მიუხედავად ბოლოდროინდელი შენელებისა, ის ზომიერ ზრდას განაგრძობს. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე ინფლაციის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აძლიერებს, რამაც მომავალში, სავსებით შესაძლებელია, კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ინფლაციის ზრდას.

ერთი სიტყვით, კობა გვენეტაძის უწყებამ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება. თუმცა, ეროვნულ ბანკში ისიც ითქვა, რომ 2021 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის დამატებით გაზრდის საჭიროება ამ ეტაპზე არ იკვეთება. ეროვნული ბანკი ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და გვპირდება, რომ უწყება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. ასე რომ, შეგვიძლია მშვიდათ ვიყოთ.

გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე გაირკვა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ეროვნული ბანკის ვერდიქტი მმართველი გუნდის საპარლამენტო წარმომადგენლობისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, როცა პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე ვმსჯელობდით, ვამბობდი, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწევდა“, − განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის მთავარ ენდოგენურ გამოწვევებად კვლავაც ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60 პროცენტს გადაცილებული სამთავრობო ვალი, მაღალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის კურსი რჩება, ხოლო მთავარი ეგზოგენური გამოწვევა პანდემია და ნედლეულის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდაა. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები.

დაპირებისამებრ ვნახოთ, რა იცვლება მოქალაქეებისთვის, რომელთა სესხებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. კითხვაზე საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსა და დასკვნებს მოვიშველიებ. მაშ ასე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად 124.300 მომხმარებელს საბანკო საკრედიტო ვალდებულების საპროცენტო განაკვეთი 0,5 პროცენტით გაეზარდა. რატომ? − დაინტერესდება მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ, ეს ის მომხმარებლები არიან, რომელთა საბანკო კრედიტები სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. საინტერესოა, როგორია ამ კატეგორიის საკრედიტო პორტფელის საერთო მოცულობა და სტრუქტურა? დღევანდელი მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7241,7 მილიონი ლარის მოცულობის სესხია გაცემული. რაც შეეხება მიზნობრიობას, 124.300 ხელშეკრულებიდან რაოდენობრივად პირველ ადგილზეა იპოთეკური ანუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი კრედიტები. 1 თებერვლის მონაცემებით, 54.800 ასეთი სესხია გაცემული, საშუალოდ 10,6 პროცენტში. მთლიანი პორტფელი კი 2.677,8 მილიონი ლარია.

რაკი სიტყვა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ კრედიტებზე ჩამოვარდა, მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 250,1 მლნ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული „საფინანსო სექტორის მიმოხილვის“ თანახმად, წლიურად კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 22 მილიონი ლარით გაიზარდა. კერძოდ, გასული წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 228,1 მილიონი ლარი იყო. ასე რომ, იმ მომხმარებლებს, რომელთაც იპოთეკური სესხები აქვთ, რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილე მართებთ. მხოლოდ სიფრთხილე არ შველის, მეტი შემოსავალია საჭირო და ლარის სტაბილურობა − ბძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიმდინარე წელს ე.წ. პრობლემური სესხების გაორმაგება ივარაუდა.

დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს... მეორე პოზიცია სამომხმარებლო ტიპის სესხებს უკავია. გაცემულია 36.100 სამომხმარებლო სესხი, რომლის საერთო მოცულობა 970,1 მილიონი ლარია. ამ ტიპის სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 13,06 პროცენტი შეადგინა. ბიზნესის დასაკრედიტებლად კი 29.300 ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც, 1 იანვართან შედარებით, 700 ერთეულით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3.359,5 მილიონი ლარია. მათ შორის: მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა საშუალოდ 12,8 პროცენტში 1.078,5 მილიონი ლარი გასცეს. მსხვილი ბიზნესი კი 2.281 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალოდ 12,59 პროცენტში. საანგარიშო პერიოდში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებიდან ყველაზე მცირე ავტოსესხია გაცემული. 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 22,4 მილიონი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,14 პროცენტში გაასესხეს. გაცემულია 3.300 სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა სულ 98,1 მილიონი ლარია.

საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42,9 პროცენტია. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო კრედიტებზეა − 14,6 პროცენტი. შემცირებულია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა.  

და, ბოლოს, „საზოგადოება და ბანკების“ ექსპერტთა შეფასებით, კობა გვენეტაძის უწყების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

დღეისათვის სულ ეს იყო, მალე პირველი კვარტალი გაილევა და მეც ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის ვრცელი ანალიზით დაგიბრუნდებით...

 

1152
ბათუმი

ბათუმს ახალი ბულვარი ექნება

74
(განახლებულია 21:28 08.05.2021)
ადგილს ახალი ბულვარისთვის ბათუმში ისევე, როგორც სხვა ობიექტებისთვის აჭარაში,  სპეციალური კომისია განსაზღვრავს

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ბათუმში ახალი ბულვარის აშენებას გეგმავს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

პროგრამა „განახლებული რეგიონები“ გურიაში: რისი გაკეთება იგეგმება>>

მინისტრის თქმით, კიდევ ერთი ბულვარის მშენებლობა ბათუმში სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდება. სულ ამ პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელებაზე ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა ტენდერი 20 მლნ ლარზე.

ადგილს როგორც ახალი ბულვარისთვის ბათუმში, ისე ასევე სხვა ობიექტებისთვის აჭარაში,  სპეციალური კომისია განსაზღვრავს.

როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, ბათუმში ახალი ბულვარი და მწვანე სივრცე ხელს შეუწყობს ქალაქის განაშენიანებების განვითარებას.

„ბათუმში შეიქმნება ახალი ბულვარი და მოეწყობა  მწვანე სივრცე, რაც ხელს შეუწყობს როგორც არსებული განაშენიანებების რეკრეაციული კუთხით უზრუნველყოფას, ასევე  ახალი განაშენიანებების კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარებას“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება>>

ბათუმი საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე განვითარებადი ქალაქი. ადგილობრივი სადილერო კომპანიების ინფორმაციით, ქალაქში 2023 წლისთვის ექსპლუატაციაში შევა 135 საცხოვრებელი კომპლექსი ათასობით ბინით.

74
თემები:
საქართველოს რეგიონები
შემოვლითი გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

48
(განახლებულია 20:12 08.05.2021)
ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება. იუწყება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.

ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 11 ხიდზე მიმდინარეობს, ხოლო შვიდ ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია ერთ გვირაბზე, გაჭრილია ორი გვირაბი და მიმდინარეობს ორი გვირაბის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ახალი შემოვლითი გზა, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.

8 წუთი ბათუმიდან ქობულეთამდე: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს>>

სამშენებლო სამუშაების მიმდინარეობას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნენ.

48
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
მთები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 მაისი

0
(განახლებულია 09:21 08.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 9 მაისია, კვირა. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

ეს დღე სიყვარულს უნდა მიუძღვნათ და არა ომსა და მტრობას. გრძნობები გამძაფრებული იქნება, რაც სიყვარულისთვის ძალიან კარგია, მაგრამ კამათისა და ჩხუბისთვის, რა თქმა უნდა – არა. ნებისმიერმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ თუ საქციელმა დიდი წყენა შეიძლება მოიტანოს. გადაწყვეტილებებს დღეს გული მიიღებს, რომელსაც რეალური გრძნობები სჭირდება, და არა – გონება.

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>

ვერძი: საზღვარი „საჭიროასა“ და „მინდას“ შორის შეიძლება დაირღვეს. მოგინდებათ გრძნობებზე აყოლა, მაგრამ ვარსკვლავები ამას არ გირჩევენ. ყველაფერი იოლად არ გამოგივათ, ხანდახან სერიოზული წინაღობების გადალახვა მოგიწევთ. მიუხედავად ამისა, პოზიტიური ტენდენციები ბევრ სფეროშია შესამჩნევი. იყავით შეუპოვარი და ეცადეთ, არ დაკარგოთ საკუთარი ძალების რწმენა. თუ ხელებს არ ჩამოუშვებთ პირველივე ბარიერის დანახვისას, ყველაფერი გამოგივათ.

კურო: საჭიროა თანამიმდევრულად მოქმედება და ქაოსისთვის თავის არიდება. აჩქარება შეცდომების მიზეზი შეიძლება გახდეს. დრო უნდა გამონახოთ სიტუაციაში გასარკვევად და სხვადასხვა ვარიანტის განსახილველად. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ასე შეძლებთ მოსალოდნელი ხარვეზებისთვის გვერდის ავლას. საღამოს დაისვენეთ და ისეთი რამ გააკეთეთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

ტყუპი: დღეს მაქსიმალურად გაძლიერდება შემოქმედებითი მისწრაფებები და თუნდაც არ იყოთ ხელოვნების სფეროში დაკავებული ადამიანი, ეს პოტენციალი თქვენში აუცილებლად გაიღვიძებს. ამას გარდა, მოსალოდნელია ურთიერთობები ძალზე საინტერესო ადამიანებთან და საინტერესო თემებზე. ასევე ხელსაყრელი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარი. ეს დიდ პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.

კირჩხიბი: საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ, რაც კარგად აისახება როგორც თქვენს კარიერაზე, ასევე ცხოვრებაზე ზოგადად. ასევე სასარგებლო იდეის მაგივრად შესაძლებელია ძალიან საინტერესო ნაცნობობა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომანტიკული შეხვედრა იყოს, მაგრამ მატერიალური თვალსაზრისით ეს ძალზე პერსპექტიული აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგი დღე გელოდებათ და ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი: დღეს ახალი საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის შესაძლებლობა გექნებათ. არაა გამორიცხული, რომ ერთ–ერთი ასეთი შეხვედრა ან გაცნობა რომანტიკული ხასიათისა აღმოჩნდეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას სერიოზული გაგრძელება მოჰყვეს. მთლიანობაში დღე ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო გელოდებათ. ხოლო იმისთვის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ, ენდეთ ინტუიციას, რომელიც დღეს საკმაოდ გამძაფრებული გექნებათ.

ქალწული: დღეს თქვენი მთავარი ძალა და იარაღი თქვენი სისუსტეები იქნება. ამ სისუსტეების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ გარშემომყოფებს „დაატერორებთ“, უნარი, რომ მიზანს ყველანაირი გზით მიაღწიოთ, აპოგეას მიაღწევს. ამასთან, თავად თქვენ მოგეჩვენებათ, რომ არაფერი განსაკუთრებული და უჩვეულო არ ხდება და გარშემომყოფების გრძნობებზე თამაში სრულიად ბუნებრივი რამაა. თუ ასე გააგრძელებთ, მალე ტირანად შეიძლება იქცეთ ოჯახში.

სასწორი: მთელი დღის განმავლობაში განწყობა შეიძლება ათასჯერ შეგეცვალოთ – მხიარულება მოულოდნელად „მოქუფრულმა“ ფიქრებმა ჩაანაცვლოს, თუმცა ერთი–ორ წუთში ამ ღრუბლებიდან ისევ მზემ გამოანათოს. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ემოციებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა არ ღირს. ასევე აჯობებს, თუ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას გადადებთ, ან გადააბარებთ იმას, რომლის განწყობა დღეს ჭირვეულობით არ გამოირჩევა.

მორიელი: დღეს თქვენში ტალანტი გაიღვიძებს: ნებისმიერი ბუზი, რომელიც გვერდით ჩაგიფრენთ, სპილოდ აქციოთ. მთელი დღის განმავლობაში ხან რა გაგაღიზიანებთ და ხან – რა. თუ არ გინდათ, ბუზღუნასა და აბეზარას სახელი დაგერქვათ, ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ ნეგატივს, გარშემომყოფების ნაკლოვანებებს. სამაგიეროდ შესანიშნავად გაართმევთ თავს იმ საქმეებს, რომლებშიც წვრილმანებისადმი ყურადღებაა საჭირო – სჯობს, სწორედ ასეთ საქმეებს დაუთმოთ დრო.

მშვილდოსანი: დღეს გული დიდი და ხმაურიანი კომპანიებისკენ გაგიწევთ, რომ თუნდაც სულ ცოტა ხნით აღმოჩნდეთ ყურადღების ცენტრში. ყოველ შემთხვვაში, თუ ასეთ ადგილას არ აღმოჩნდებით და ვერც ყურადღების ცენტრში მოექცევით, იოცნებოთ მაინც ამაზე. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ და გარშემომყოფები არ გააღიზიანოთ, თან იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი რეაქცია ირგვლივ მყოფების მხრიდან გამოსროლილ ირონიულ შენიშვნებზე ორმაგად მწვავე იქნება.

თხის რქა: მუდმივად მოგიწევთ სახლის საქმეებზე და საზრუნავზე ყურადღების გადატანა. ეს კარგიცაა – დროა, მიხედოთ საშინაო საქმეებს და სხვა საკითხები კი გადადოთ. მაინც არ გელოდებათ რამე გრანდიოზული გარღვევები და შედეგები საქმიანობაში. მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტი ყურადღება არ დაუთმოთ წვრილმანებს, მცირე უსიამოვნებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ რამდენიმე დღე ამაზე მოგიწევთ „ჩაციკლვა“.

მერწყული: გაუგებრობებით სავსე დღეა და ამის მიზეზი თვითონ თქვენი არათანმიმდევრულობა იქნება. დღეს გაცნობიერებულად მოგინდებათ წესების დარღვევა, შეიძლება სხვადასხვა წვრილმანმა მიიქციოს თქვენ ყურადღება, ისეთმა, რომელსაც სხვა დროს საერთოდ არ მიაქცევდით ყურადღებას. ამან შეიძლება ისე გაგიტაცოთ, რომ გასაკეთებელი საქმეები საერთოდ დაგავიწყდეთ, ამით კი თქვენი გეგმები დაირღვევა და კალაპოტიდან ამოვარდებით.

თევზები: თქვენში ყველაფერ მშვენიერსა და ლამაზზე განსაკუთრებული ალღო გაიღვიძებს და ეს მშვენირი, პირველ რიგში, ფულია. ძალიან დიდია დღეს იმის ალბათობა, რომ თუ საგაძური, არა, რამე ძველი ყუთი მაინც იპოვოთ და ამან დაგაინტერესოთ. შემოსავლებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. ერთადერთი, რაშიც უნდა იფრთხილოთ, ეს საკვებია – არის დიდი შანსი, რომ გაძლიერებული მადის გამო ფიგურას ზიანი მიაყენოთ.

0