ბათუმი

რა არის ახალი საბანკო სფეროში? კომერციული ბანკების ერთი თვის მონაგარი

1075
(განახლებულია 12:49 06.03.2021)
შემცირებული საკრედიტო პორტფელი და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები. როდიდან გაიაფდება სესხები? მზარდი დეპოზიტები და გაფრთხილება მომხმარებლებს ანაბრებზე სარგებლის შემცირების შესახებ. რა ტენდენცია იკვეთება საბანკო სექტორში?

სამსონ ხონელი

კობა გვენეტაძის უწყებამ საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა. გაირკვა, რომ მიმდინარე წელი საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო. კერძოდ, იანვრის თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 113,368 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის 13 მილიონი ლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.3 მილიონი ლარით მეტია.

საბანკო სექტორში წლიდან წლამდე მზარდი შემოსავალი და მოგება მკითხველისთვის არახალია, თუმცა არ გამიკვირდება, ირონიული ტონით ბრძანოს − გაუჭირდებოდათ, თუ იცი?! მკითხველს საპასუხოდ შევახსენებ, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო გასული წელი საბანკო სექტორისთვის საკმაოდ რთული იყო. მხოლოდ მარტის თვეში ბანკებმა 943,1 მილიონი ლარი იზარალეს. მართალია, მომდევნო თვეებში კომერციული ბანკები ზარალზე არ გასულან, მაგრამ საბოლოო ჯამში 2020 წელი საბანკო სექტორმა 99,262 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. შედარებისთვის: 2019 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 953,6 მილიონ ლარს შეადგენდა. სხვაობის დაანგარიშება თქვენთვის მომინდია...

დარწმუნებული ვარ, მკითხველს, პირველ რიგში, აინტერესებს, რა ცვლილებებია საკრედიტო პორტფელში, როგორია საპროცენტო განაკვეთების მერყეობის დინამიკა. მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 48,2 მილიონი ლარით შემცირდა და თებერვლის თვეს საბანკო სექტორი 38,17 მილიარდი ლარის მოცულობის საკრედიტო პორტფელით შეხვდა. საანგარიშო პერიოდში საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტი 44,14 პროცენტს შეადგენდა. მიმდინარე წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი თითქმის ყველა საკრედიტო პროდუქტზე გაიზარდა. კერძოდ, გაძვირდა როგორც ავტოსესხი, ისე სალომბარდო, სამომხმარებლო, უძრავი ქონების შესაძენად თუ რემონტისთვის გაცემული იპოთეკური სესხები. რატომ?

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, საბანკო კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგია და ცალსახად დაკავშირებულია ნეგატიური მოლოდინებისა და რისკების მატებასთან.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი მიგვანიშნებს, რომ ვადაგადაცილებული სესხების წილის ზრდას თავად ეროვნული ბანკი ელის. მისივე თქმით, უახლოეს ორ-სამ თვეში ვითარება უნდა შეიცვალოს.

„იმედია, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად მაქსიმალური აქტივობა იქნება. შარშან, ზაფხულის პერიოდშიც დასტაბილურდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და ბაზარზე ამ კუთხით შემცირების ტენდენცია იყო. წელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ პირველი კვარტლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთები დაიკლებს“, − განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

გამართლდება თუ არა ეს ვარაუდი – დრო გვიჩვენებს, თუმცა უკვე დღეს საკამათო არ არის, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის დაკრედიტებას. საინტერესოა, საანგარიშო პერიოდში როგორი იყო ბიზნესის ცალკეულ მიმართულებებზე სესხების გაცემის დინამიკა.

მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ანუ სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში, არც მეტი, არც ნაკლები, 36,1 მილიონი ლარით შემცირდა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის მიმართულების დაკრედიტების მოცულობა და ის 13,57 მილიონ ლარს შეადგენს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი ამ მიმართულებით 7,68 მილიონი ლარით არის შემცირებული და 5,07 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე შემცირდა მრეწველობის დაკრედიტებაც – ლარში 105,36 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 75,01 მილიონი ლარით. საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით გაცემული სესხების ჯამური მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 219,6 მილიონ ლარს, ხოლო უცხოურ ვალუტაში 222,1 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობის დაკრედიტება ეროვნულ ვალუტაში 58,7 მილიონი ლარით შემცირდა და 49,06 ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტაში გაცემული სესხები 78,7 მილიონი ლარით შემცირდა და 89,8 მილიონ ლარს შეადგენს.

ვაჭრობის მიმართულებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები 80,8 მილიონი ლარით 241,6 მილიონ ლარამდე შემცირდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება 241,6 მილიონი ლარით შემცირდა და 131,2 მილიონი ლარი შეადგინა. ციფრებით მკითხველს აღარ გადავღლი და ვიტყვი, რომ შემცირებულია სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ფინანსური შუამავლობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დაკრედიტება. ჯამურად ბიზნეს-დაკრედიტების მოცულობა 2021 წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში 520,7 მილიონი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 527,8 მილიონი ლარით შემცირდა.

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, როგორც წესი, დაკრედიტებისა და ფინანსური აქტივობის მიმართულებით იანვრისა და თებერვლის თვეები ყველაზე ნაკლებად აქტიურია, შესაბამისად, ამ შედეგის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზადაც სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს. დეკემბრისგან განსხვავებით, დაკრედიტების მოცულობებში დიდი სხვაობაც ამავე მიზეზითაა გამოწვეული. რეალურად გასული წლის ყველაზე შედეგიან თვეს ვადარებთ მიმდინარე წლის პასიურ თვეს.

აქვე მკითხველის ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე გავამახვილებ: მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-საქმიანობის უკლებლივ ყველა მიმართულებით დაკრედიტების მოცულობა შემცირდა, ცალკეული მიმართულებების მიხედვით განსხვავებული იყო საშუალო საპროცენტო განაკვეთის დინამიკა. კერძოდ, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, განათლების, სასტუმროებისა და რესტორნების, ვაჭრობის, ფინანსური შუამავლობის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებისა თუ უძრავი ქონებით ოპერაციების დასაფინანსებლად ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, ხოლო სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, თევზჭერის მიმართულებით შემცირდა.

საინტერესოა, რა ტენდენცია გამოიკვეთა უცხოური ვალუტით დაკრედიტებისას. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, მრეწველობის, უძრავი ქონებით ოპერაციების და განათლების მიმართულებით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. ამავე ვალუტაში სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, თევზჭერის, მშენებლობის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის, ფინანსური შუამავლობის დაკრეტიტებისას საშუალო საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. ასე რომ, ახლა თავად გადაწყვიტეთ, რა მიმართულებით აპირებთ ბიზნეს-საქმიანობის დაწყებას, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ არაფერია უფრო მარადიული, ვიდრე ცვალებადობა.

შესაბამისად, სესხებზე საპროცენტო განაკვეთებიც ცვალებადია და თუ დღეს კომერციული ბანკები განათლებას უფრო იაფად აკრედიტებენ, ვიდრე ვაჭრობას, ხვალ შესაძლოა პირიქით იყოს. დავძენ, რომ ლარში ბიზნეს-სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11,54 პროცენტიდან 12,09 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 7,13 პროცენტიდან 6,97 პროცენტამდე შემცირდა.

საკრედიტო პორტფელისგან განსხვავებით, მართალია, მცირედით, 0.72 პროცენტით გაიზარდა საბანკო დეპოზიტების მოცულობა – საანგარიშო პერიოდში 34,88 მილიარდი ლარი შეადგინა. საბანკო დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 38,55 პროცენტია. მართალია, ეს საანგარიშო პერიოდს არ ეხება, მაგრამ საბანკო სექტორის ნაწილმა მომხმარებლებს დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ აცნობა. ანაბრებზე დარიცხული სარგებელი მომხმარებლებს აპრილიდან შეუმცირდებათ. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მაქსიმუმ 1 პროცენტი შეიძლება იყოს.

„ანაბრებზე არის მიზერული 0.25-პროცენტიანი ან მაქსიმუმ 1-პროცენტიანი ცვლილება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი ამ ეტაპზე არ არის სისტემური ხასიათის და ანაბარზე სარგებლის მოცულობა ყველა ბანკს არ შეუმცირებია. საქმე გვაქვს კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან, რაც გამოწვეულია შედარებით მაღალი ლიკვიდობით უცხოურ ვალუტაში და შეზღუდვებით, რის გამოც თანხის უცხოურ ვალუტაში დაბანდება ბევრად უფრო პრობლემურია, ვიდრე ეროვნულ ვალუტაში“, − აცხადებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

მისი თქმით, უცხოურ ვალუტაში სადეპოზიტო მიმართულებით პროცენტების შემცირება მოსალოდნელი იყო, თუმცა კრიზისმა პროცესს კიდევ უფრო ხელი შეუწყო.

და, ბოლოს, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, საპროცენტო შემოსავლები 14 მილიონი ლარით შემცირდა და მისი მოცულობა 367,56 მილიონ ლარს შეადგენს, გაზრდილია სხვა და არასაპროცენტო შემოსავლები, ზრდის მოცულობა ჯამურად 3 მილიონი ლარია. ამავე დროს საბანკო სექტორმა საკონვერსიო ოპერაციებიდან 13,4 მილიონი ლარი იზარალა.

სულ ეს არის. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, საბანკო სექტორმა წელი აქტიურად დაიწყო და ეკონომიკის შემდგომი ზრდისა თუ სტიმულირებისათვის ამ ტემპის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. დავძენ, ძნელია ანალიტიკოსების ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო, თუმცა შეგვიძლია მივანიშნოთ, რომ თავად საბანკო სექტორის სტაბილურობის ხარისხს დიდწილად სწორედ ეკონომიკური ზრდის ტემპი განაპირობებს...

 

1075
ბათუმი

ბათუმს ახალი ბულვარი ექნება

82
(განახლებულია 21:28 08.05.2021)
ადგილს ახალი ბულვარისთვის ბათუმში ისევე, როგორც სხვა ობიექტებისთვის აჭარაში,  სპეციალური კომისია განსაზღვრავს

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ბათუმში ახალი ბულვარის აშენებას გეგმავს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

პროგრამა „განახლებული რეგიონები“ გურიაში: რისი გაკეთება იგეგმება>>

მინისტრის თქმით, კიდევ ერთი ბულვარის მშენებლობა ბათუმში სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდება. სულ ამ პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელებაზე ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა ტენდერი 20 მლნ ლარზე.

ადგილს როგორც ახალი ბულვარისთვის ბათუმში, ისე ასევე სხვა ობიექტებისთვის აჭარაში,  სპეციალური კომისია განსაზღვრავს.

როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, ბათუმში ახალი ბულვარი და მწვანე სივრცე ხელს შეუწყობს ქალაქის განაშენიანებების განვითარებას.

„ბათუმში შეიქმნება ახალი ბულვარი და მოეწყობა  მწვანე სივრცე, რაც ხელს შეუწყობს როგორც არსებული განაშენიანებების რეკრეაციული კუთხით უზრუნველყოფას, ასევე  ახალი განაშენიანებების კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარებას“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება>>

ბათუმი საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე განვითარებადი ქალაქი. ადგილობრივი სადილერო კომპანიების ინფორმაციით, ქალაქში 2023 წლისთვის ექსპლუატაციაში შევა 135 საცხოვრებელი კომპლექსი ათასობით ბინით.

82
თემები:
საქართველოს რეგიონები
შემოვლითი გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

50
(განახლებულია 20:12 08.05.2021)
ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება. იუწყება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.

ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 11 ხიდზე მიმდინარეობს, ხოლო შვიდ ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია ერთ გვირაბზე, გაჭრილია ორი გვირაბი და მიმდინარეობს ორი გვირაბის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ახალი შემოვლითი გზა, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.

8 წუთი ბათუმიდან ქობულეთამდე: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს>>

სამშენებლო სამუშაების მიმდინარეობას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნენ.

50
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 9 მაისი

0
(განახლებულია 22:23 08.05.2021)
საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია 9 მაისს მღვდელმოწამე ბასილის, ამასიელი ეპისკოპოსის, მართლი გლაფირა ქალწულის, ასევე სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში
მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული

ბასილი ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე (306-307; ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.

ლიკინიუსს ვნება აღეძრა თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახურის, მართალი გლაფირა ქალწულის მიმართ. წმიდა ქალწულმა ამის შესახებ დედოფალს აცნობა და მფარველობა სთხოვა. დედოფალმა მამაკაცის ტანსაცმელში შემოსა ქალწული, ფული მისცა და ერთგული მსახურის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხითში მიმავალი გლაფირა ამასიაში შეჩერდა, სადაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა.

ეპისკოპოსი ქალაქში ტაძარს აშენებდა. მართალმა გლაფირამ დედოფლისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის მისცა მღვდელმთავარს, კონსტანციას კი წერილი გაუგზავნა და კიდევ სთხოვა ფული მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა ლიკინიუსმა ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან გამოეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური. სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, მართალი გლაფირა გარდაიცვალა (+322).

წმიდა ბასილი იმპერატორთან წაიყვანეს. სასამართლოზე ბასილიმ უარყო იმპერატორის წინადადება - გამხდარიყო უმაღლესი ქურუმი და სასიკვდილოდ გაემზადა. წმიდა ბასილიმ მშვიდად მიუშვირა თავი მახვილს.

სასჯელის აღსრულების შემდეგ ელპიდოფორი შეეცადა წმიდანის ნეშტი გამოესყიდა, მაგრამ ჯარისკაცებს იმპერატორის შეეშინდათ და ბასილის სხეული ზღვაში გადააგდეს.

სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსი 

სტეფანე პერმელი ეპისკოპოსი დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტუიჟელი მედავითნის სიმეონის ოჯახში.

წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა როსტოვის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად.

1383 წელს წმიდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად. ის ერთგულად მწყემსავდა თავის სამწყსოს, იცავდა სხვა ტომთა თავდასხმისაგან, შუამდგომლობდა მათ.

1395 წელს წმიდა სტეფანე გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა.

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი