საპროტესტო აქცია პარლამენტთან

რას მოუტანს პოლიტიკური დესტაბილიზაცია საქართველოს ეკონომიკას

183
(განახლებულია 15:46 01.03.2021)
როგორ იმოქმედებს  საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ქვეყნის ეკონომიკაზე - სპეციალისტებს ამაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ

ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაცია საფრთხეს პირველ რიგში ლარის სტაბილურიბას და ინვესტიციების შემოდინებას შეუქმნის, განუცხადა ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ Sputnik საქართველოს.

ოპოზიციამ ორი კვირის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციებისა და პიკეტების მოწყობა დააანონსა. პროტესტის მიზეზი 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაა. აქციაზე მოითხოვენ მელიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. 

ნიკა შენგელია
ნიკა შენგელია

ნიკა მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას 2019 წელს თბილისში არეულობების საქმეზე შეუფარდეს, რადგან ეს უკანონობად მიაჩნია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებამ დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.

„ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყნის  ეკონომიკაზე უკვე ნეგატიურად მოქმედებს ის პოლიტიკური ფონი, რომელიც ქვეყანაში ნიკა მელიას დაპატიმრების შედეგად შეიქმნა. ეს დაძაბულობა თუ დროზე არ განიმუხტა, მარტო ეროვნული ვალუტის კურსის დევალვაციასთან არ გვექნება საქმე - საფრთხე შეექმნება ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინაბასაც“- ამბობს ნიკა შენგელია. 

ეკონომისტის პროგნოზით, პირდაპირი უცხოური ინვესტციების  მაჩვენებლის გაუარესებას წინა წელთან შედარებით უკვე  მიმდინარე წლის პირველ კვერტალში უნდა ველოდოთ.

„თუ შექმნილი სიტუაცია თვეზე მეტი გაგრძელდა, გაჩნდება მაღალი ალბათობა იმისა, რომ ისეთმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა როგორიცაა „Fitch“-ი და  Moody’s ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაგვიუარესოს. ეს კი უკვე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყანას და რა თქმა უნდა მის მოსახლეობასაც“ - თვლის შენგელია.  

ეკონომისტის თქმით, უკვე ვხედავთ საერთაშორისო პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებიდან წამოსულ კრიტიკას საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ეს კი შეიძლება ნეგატიურად აისახოს იმ ფინანსური დახმარების მოცულობაზე, რომლებსაც საქართველო  საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და  დასავლელი პარტნიორებისგან ღებულობს.

„იმ პირობებში როდესაც მთელ მსოფლიოში პანდემია ბობოქრობს და  ჯერჯერობით მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკებს ისევ  ავტონომიურ რეჟიმში უწევთ ცხოვრება, დახმარების გარეშე არსებობა საქართველოს გაუჭირდება“- მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტს.

ეკონომისტმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება მიმდინარე წელს კვლავ აპირებს სესხის აღებას რათა დაფაროს 500 მილიონიანი ევრობონდების დავალიანება, რომელიც 2008 წელს იქნა აღებული, გარდა ამისა ქვეყანას საბიუჯეტო შემოსავლებში კლება აქვს და ნაწილი ამ სესხებისა ხარჯვით ნაწილს უნდა მოხმარდეს.

„ამ  პრობლემების დაძლევაში ქვეყანას როგორც ვიცი საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების იმედი აქვს, ამიტომ თუ მთავრობა პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მათეულ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს სანქციებიც არ დააყოვნებს, შესაბამისად გართულდება მოსახლეობისთვის ცხოვრებაც, რადგან  სესხებს და გრანტებს ვერ მივიღებთ ან უკეთეს შემთვევაში მივიღებთ უმნიშვნელოს“- ამბობს შენგელია.

მისი თქმით, მისასალმებელია ახალი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივად შემსუბუქების თაობაზე.

„იმედი მაქვს რომ მარტის ბოლოდან ეკონომიკა დაიწყებს ამოქოქვას თუნდაც ნელი ტემპებით. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო ,რომ  კომენდანტის საათის უცვლელად დატოვება კვლავ ზღუდავს იმ სექტორების სრულად ამუშავებას სადაც შეზღუდები მოიხსნა“-აღნიშნა შენგელიამ.

ნიკა შენგელიას  პროგნოზით  2021 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდა კვლავ უარყოფითი იქნება -4,9 %  ის გარშემო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ წლის განმავლობაში ახალი შეზღუდვები და ლოქდაუნები არ დაწესდა,  ეკონომიკის  2% იან ზრდაა მოსალოდნელი.

რატი აბულაძე
რატი აბულაძე

ეკონომისტი რატი აბულაძე კი მიიჩნევს, რომ ქართული ეკონომიკისთვის ძირითადი გამოწვევა არა პროტესტი ან პანდემიაა, არამედ მართვის დაბალი სტანდარტი, რეფორმების და ცვლილებების ქრონიკული საჭირობა.

„სამწუხაროდ, დღევანდელი პროცესებიც არ ემსახურება ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, არამედ ის პარტიულ კონფლიქტებს კვებას, ნულოვანი შედეგებით“, -  განაცხადა აბულაძემ.

შედეგად, საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის ზრდის პროგნოზირებადი მოცემულობაც მცირეა.

ეკონომისტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა საჭიროებს სტრუქტურულ ცვლილებებს, იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ეკონომიკურად პროდუქტიული საზოგადოება და ახალი ბიზნეს კლასი.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქებას, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან კომპანიებსა და საზოგადოებას, შეზღუდვების რეჟიმში ყოფნის რესურსი ამოეწურა, იმ ფონზე, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაურკვეველია.

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა და ეს, ფაქტობრივად, ყველა სფეროს შეეხო. ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ბიზნესი სტაგნაციაშია და ვინც შეინარჩუნა სამუშაო, ყოველდღიურად იბრძვის გადარჩენისთვის. სიტუაციას მოქმედი შეზღუდვებიც აღრმავებს. ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები აქტიურად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, რათა ეკონომიკა ნელ–ნელა გამოცოცხლდეს.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავიდან მოქალაქეების გადაადგილება იკრძალებოდა 22:00–05:00 საათამდე პერიოდში, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო, დრო ერთი საათით გაიზარდა  და  აღნიშნული შეზღუდვა 28 ნოემბრიდან 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებს.

ნატა პატარაია

 

183
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 10 აპრილს

109
(განახლებულია 08:54 10.04.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0126 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4260 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0126 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 10 აპრილს
ლარის კურსი 10 აპრილს
109
სოფელი

ვეფხია გიორგაძე: მთავრობამ მიწის ბაზრის ჩამოყალიბებაზე ფიქრი დაიწყო

116
(განახლებულია 21:57 09.04.2021)
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის გაფართოების შესახებ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის გაფართოების შესახებ ქვეყანაში მიწის ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, განაცხადა ეკონომისტმა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი – თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10 ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს რაოდენობრივი შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება. გარდა ამისა, გამოსყიდვის უფლება, იჯარით გაცემული „სახნავი“ კატეგორიის მიწების გარდა, გავრცელდება „სათიბ“ კატეგორიაზეც.

ამასთან, საქართველოში მოიჯარეები შეძლებენ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები, აქამდე ეს უფლება მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე ვრცელდებოდა. 

„კარგია, რომ მთავრობამ დაიწყო ფიქრი მიწის ბაზრის ჩამოყალიბებაზე, რადგან ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და მის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია“, – მიაჩნია ვეფხია გიორგაძეს.

მისი თქმით, მიწის ბაზარი მანამდე არ ჩამოყალიბდება, სანამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დაახლოებით 1.5 მლნ ჰა მიწის ფართობი კერძო მესაკუთრეების ხელში არ გადაინაცვლებს. ამისათვის კი პირველ რიგში უფასო პრივატიზაციაა საჭირო.

„იმის გამო, რომ მიწის ფასს ბაზარი ვერ განსაზღვრავს, ფერმერები ვერ ახერხებენ ბანკებსა თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტებში სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მოსაყვანად საჭირო სახსრების მოძიებას, შესაბამისად, ვერც დოვლათი იქმნება და ცდება მიწაც“, – აღნიშნა გიორგაძემ.

ეკონომისტის თქმით, დღეს საშუალოდ ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 3-4 ათასი დოლარის ეკვივალენტი ღირს ეროვნულ ვალუტაში.

  • „სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, გარდა იმისა, რომ იაფია, ძნელადაც იყიდება, ამიტომ ბანკები ერიდებიან ამ ტიპის ქონებით უზრუველყოფილი კრედიტების გაცემას, მიწის ბაზრის ჩამოყალიბების შემდეგ კი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსაყვანად საჭირო ფინანსების მოძიებას უფრო იოლად შეძლებენ“, – თქვა გიორგაძემ.

ვეფხია გიორგაძე მიიჩნევს, რომ მიწის კერძო მფლობელობაში გადასვლის შემდეგ გაჩნდება მასზე თავისუფალი მოთხოვნა–მიწოდება, ჩამოყალიბდება საბაზრო წონასწორობა და აისახება ფასზე, ის შეიძენს სრულფასოვანი უზრუნველყოფის სახეს და გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი სოფლის მეურნეობის განვითარების.

სახელმწიფო პროგრამის გაფართოებაზე გუშინ საქართველოს პრემიერ-მინტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ამ ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირონ დაახლოებით 11 ათას ჰექტრამდე სახნავი მიწა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ივლისში დამტკიცდა და მისი მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის ხელშეწყობა – მოიჯარეებისთვის იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის გზით.

ნატა პატარაია

116
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
სამძებრო ოპერაცია რიონზე

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

0
(განახლებულია 00:55 12.04.2021)
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მიეცეთ უფლება გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამცველები მათ ალტერნატიულ ლოკაციად სოფელ გუმათს სთავაზობენ

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა და აქციის ორგანიზატორებს კარვების სოფელ გუმათში ჩატანა შესთავაზეს, ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კარვების აღება სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონის მოსალოდნელ ადიდებას უკავშირდება.

„მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები იქედან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

აქციის მონაწილეები თანახმა არიან, პროტესტი გადაიტანონ სხვა ადგილას, მაგრამ არა სოფელ გუმათში, როგორც ამას შსს სთავაზობს, არამედ სოფელ ნამოხვანთან. მათი მტკიცებით, იმ ადგილას, სადაც კარვები იყო გაშლილი, რიონის ადიდება არ ხდება, რადგან ამაღლებული ადგილია და მდინარის ადიდება უბრალო საბაბია კარვების ასაღებად. პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში კარვებთან არ უშვებდა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები (დაახლოებით 400 ადამიანი) სოფელ გუმათთან „გუმათ ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებულები და მათ ნამოხვანიდან ქუთაისის მიმართულებით გზა პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს.

„მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ აქ... ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის მხარში დგომით ეს პრობლემა გადავჭრათ. მოვუწოდებთ მშვიდობიანად, ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და გადავიდეთ ხელჩართულ ბრძოლაზე. უბრალოდ, გვჭირდება ადამიანების სიმრავლე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს აქციაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ესწრებოდ კარვების აღების პროცესს.

„დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

პარალელურად რიონში მიმდინარეობს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ანთიძის ძებნა, რომელიც შაბათ საღამოს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ უშედეგოდ, ის დინებამ წაიღო. მის ძებნაში მყვინთავები არიან ჩართული.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვების აღება მათ შორის ამ ინციდენტსაც უკავშირდება - თითქოს კარვები სამძებრო ოპერაციას ხელს უშლიდა.

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 168-ე დღე გრძელდება. მთელი ეს პერიოდი აქციის მონაწილეები ღამეებს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. ამაღამ ისინი საკუთარ ავტომობილებში გუმათში გაათენებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

0