ნათია თურნავა

ნათია თურნავა: პანდემიის პირობებში „ალფა პეტმა" წარმოება გააფართოვა

66
(განახლებულია 20:10 17.02.2021)
საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 30 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის ნაწარმის კონტეინერების მწარმოებელი საწარმო „ალფა პეტი“ დაათვალიერა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომპანია 2018 წლიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტით სარგებლობს და აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში მიღებული დახმარებით გაფართოვდა, რის შემდეგაც რძის ნაწარმის კონტეინერების წარმოება დაიწყო.

თურნავას განცხადებით, „ალფა პეტი“ კონკურენტუნარიანი ქართული საწარმოა, რომელიც არა მხოლოდ ქართულ ბაზარს ამარაგებს, არამედ ექსპორტზეც გადის.

„პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ არათუ შეამცირა წარმოება, პირიქით, გაფართოვდა და სამომავლოდ ამ კუთხით კარგი პერსპექტივებიც აქვს. ახალი დანადგარი, რომელიც კომპანიამ სახელმწიფოს დახმარებით შეიძინა და დღეს სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, აძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია მიაწოდოს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონის ბაზარს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ალფა პეტიში“ ამ ეტაპზე 54 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს მიერ განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მილიონ ლარს შეადგენს.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

66
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (946)
მიწის დამუშავება

დევნილებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ

52
პროგრამის მიზანს წარმოადგენს მოწყვლადი დევნილების თვითდასაქმების/დასაქმების ხელშეწყობა მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის გზით.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 27 დევნილს ხელის ტრაქტორი გადაეცა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

დევნილებს ტექნიკა „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გადაეცათ. პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

უწყების ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დევნილთა სააგენტომ, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, 400-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა.

„დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა“ გათვლილია მოწყვლად დევნილებზე, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65.001-100.001-ს ფარგლებში მერყეობს.

დევნილები მხარდაჭერას გრანტის სახით ორი მიმართულებით:

1. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები;

2. თვითდასაქმებაზე ორიენტირებული არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივები.

მხარდაჭერა გულისხმობს ტექნიკა/დანადგარების შეძენას არაუმეტეს 2 500 ლარის ფარგლებში. ამასთანავე, შესაძლებელია ერთი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი იქნეს არაუმეტეს 3 ნივთი. თითო ნივთის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 150 ლარი.

მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც საქმიანობის დამწყებთათვის, ასევე უკვე არსებულის გაძლიერების მიზნით.

52
თბილისის აეროპორტი

შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა გამარტივდა

34
ქვეყანაში შემოსვლა შემსუბუქდება მხოლოდ მათთვის, ვინც ავიარეისებით ჩამოვა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოფრენისას თან უნდა იქონიონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.

საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა.

„ჩვენ განსაკუთრებით დიდ ნაკადებს ველოდებით უზბეკეთიდან. შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად, ვფიქრობთ, რომ ფრენები ამ ქვეყანასთან გააქტიურდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აქამდე კორონავირუსზე უარყოფითი შედეგის ამსახველი ცნობით საქართველოში შემოსვლა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და თურქეთის მოქალაქეებს, ასევე რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

  • საქართველოში ამ ქვეყნებიდან უნდა ჩამოვიდნენ საჰაერო გზით, დასაშვებია ტრანზიტი მესამე ქვეყნების გავლით;
  • საზღვარზე უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი;
  • საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს უცხოეთის მოქალაქეებმა საკუთარი ხარჯით უნდა ჩაიტარონ განმეორებითი PCR–ტესტი;
  • სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წინ საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია და საკუთარი საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.).

იმ პირებმა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, აუცილებლად უნდა გაიარონ 12-დღიანი კარანტინი. ამ შემთხვევაში აღარ არის აუცილებელი PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საზღვარზე, ასევე ტესტის განმეორებით ჩატარება მესამე დღეს.

34
საპატრულო პოლიცია

წავიდა და არ დაბრუნებულა: რამდენი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2020 წელს

24
(განახლებულია 09:12 07.03.2021)
დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მაგრამ 2020 წელს ასევე ეძებდნენ რუსეთის, თურქეთის და ნიდერლანდების თითო მოქალაქეს. აქედან თურქეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. საქართველოში 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 1000 ადამიანი, აქედან 2020 წელს დაიკარგა 42 ადამიანი, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად.

უწყების მონაცემებით, 2020 წელს სულ დაიკარგა 126 ადამიანი, აქედან 69 ცოცხალი იპოვეს, 15 - გარდაცვლილი. პოლიცია დღემდე ვერ ახერხებს 42 ადამიანის მოძებნას, მათ შორის 6 ბავშვია.

დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მაგრამ 2020 წელს ასევე ეძებდნენ და იპოვეს რუსეთის ერთი მოქალაქე, თურქეთის ერთი მოქალაქე და ნიდერლანდების ერთი მოქალაქე. ამასთან თურქეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს. დღემდე მიმდინარეობს ყაზახეთის ერთი და პოლონეთის ერთი მოქალაქის ძებნა.

საქართველოს შსს ძებნას 1973 წლიდან ახორციელებს, იმ დროიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა 6.097 და უკვე მოძებნილია 5.097 ადამიანი.

24