ვალუტის კურსი

ლარის კურსი 16 თებერვალს

2726
(განახლებულია 09:24 16.02.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2898 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 16 თებერვალს
2726
თემები:
ლარის კურსი დღეს (608)
კომპანია  OMV -ს შესასვლელი

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია საქართველოს შელფზე ნავთობს მოძებნის

35
(განახლებულია 21:26 25.02.2021)
კომპანია შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე სეისმური დაზვერვის სამუშაოებს ჩაატარებს, ხოლო შემდეგ ბურღვას დაიწყებს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ავსტრიულ ნავთობისა და გაზის კომპანიასთან OMV პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ავსტრიულმა კომპანიამ OMV PETROM S.A. შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია ავსტრიული ჰოლდინგის OMV (Österreichische Mineralölverwaltung AG) ნაწილია, რომელიც 1956 წელს დაფუძნდა. აღნიშნული კომპანია ნავთობისა და გაზის მოპოვების მოცულობით ავსტრიაში რიგით მეორე და ევროპაში მეათე პოზიციას იკავებს.

„საქართველოს მთავრობამ მოიწონა ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება ხელმოწერილი... კომპანია OMV Petrom SA ცნობილია რუმინეთის შელფზე გაზის ერთ-ერთი მსხვილი საბადოს „დომინო 1“-ის აღმოჩენით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასევე წარმატებით წარიმართება კომპანიის საქმიანობა საქართველოშიც. დიდი წვლილი იქნება შეტანილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, იმიტომ რომ ნავთობის მოპოვება პერსპექტიული დარგია. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ კომპანიაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად საქართველოში ასეთი მსხვილი ბიზნეს-ჯგუფის შემოსვლა სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი სტაბილურია გარე შოკების მიმართ.

კომპანიამ შავი ზღვის სანაპიროებთან 5,3 ათასი კვადრატული კილომეტრის შელფურ მონაკვეთზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.

კომპანიას უკვე გააჩნია ნავთობის საბადოების მოძიების წარმატებული გამოცდილება. მან რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში აღმოაჩინა საბადო, რომლის რესურსების ღირებულება 1,5 მლრდ აშშ დოლარად ფასდება.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში სალიცენზიო მონაკვეთებზე ნავთობის მოპოვებით ექვსი ინვესტორი კომპანიაა დაკავებული. კიდევ შვიდი კომპანია საძიებო სამუშაოებს ახორციელებს, საშუალო წლიური მოპოვება, ბოლო 10 წლის მონაცემებით, 43,6 ათას ტონას შეადგენს.

35
ბათუმში თაფლის ფესტივალზე პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოადგინეს

ლევან დავითაშვილი: მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს

22
(განახლებულია 21:01 25.02.2021)
2020 წელს თაფლის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 3,4-ჯერ არის გაზრდილი, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მესამე შეხვედრაზე დარგის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები და მიღწეული შედეგები განიხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დავითაშვილის განცხადებით, კერძო სექტორთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის დარგში არსებული პრობლემების განხილვისა და მათი ერთობლივი ძალებით გადაჭრის გზების მოძიებისთვის.

„2020 წელს საქართველოდან ექსპორტზე 21,7 ტონა თაფლი გავიდა, რაც 15,3 ტონით (3.4-ჯერ) აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. ექსპორტი ძირითადად განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში (12,9 ტონა), აშშ-ში (4,9 ტონა), კანადასა (1,8 ტონა) და კატარში (1.2 ტონა)“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა ონლაინ–შეხვედრაზე განმარტა, პროგრესი, რაც ბოლო პერიოდში მეფუტკრეობის სექტორში შეიმჩნევა, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩატარებული კვლევები ევროკავშირმა აღიარა. 

2020 წელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ ახალი კვლევები დანერგა და შესაბამისი აკრედიტაცია მიიღო. ამჟამად უკვე დანერგილია თაფლის კვლევა 120-მდე პარამეტრზე, აქედან დიდი ნაწილი უკვე აკრედიტებულია. 

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სახელმწიფოს მიერ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრის დანერგვა. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ლაბორატორიაში ფუტკრის რძისა და შხამის, ასევე დინდგელის კვლევის დანერგვის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პროდუქციის ექსპორტზე გატანას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ფუტკრის მოვლის თანამედროვე მიდგომების შესახებ გაიდლაინების შემუშავება, ფერმერთა ცოდნის ამაღლება, ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თაფლის ცნობადობის გაზრდა და ახალ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა.

„ქართული თაფლის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის უწყებებთან თაფლის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და სერტიფიკატების შეთანხმების/აღიარების მიმართულებით. გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, აშშ-თან, კანადასთან, იაპონიასთან“, – განაცხადა მინისტრმა.

მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მესამე შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებისა და ასოციაციების, კერძო ლაბორატორიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2016 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და ქვეყანა იმ სახელმწიფოების სიაში შეიყვანა, საიდანაც დასაშვებია თაფლის იმპორტი ევროკავშირში.

 

22
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საერთაშორისო აეროპორტი „ვნუკოვო“

რუსეთის ქართულმა დიასპორამ პუტინს ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართა

0
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან თბილისში გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული დემონსტრაციების გამო მოსკოვის ინიციატივით შეწყდა

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. რუსეთში ქართულმა დიასპორამ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართა.

1 მარტიდან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოფრენა შეუძლიათ როგორც ვაქცინაციის სერტიფიკატის, ისე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში. მაგრამ ჯერჯერობით ეს შესაძლებელია მხოლოდ ტრანზიტული რეისებით, სხვა ქვეყნების გავლით, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის ზაფხულში გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული დემონსტრაციების გამო შეწყდა.

რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალურ–კულტურული ავტონომიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე პრეზიდენტ პუტინის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ რუსეთში კორონავირუსულ ინფექციასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად მისი მოქალაქეებისთვის თავის საზღვრებს სულ უფრო მეტი ქვეყანა ხსნის.

„ასეთი ქვეყნების რიცხვში შედის საქართველო, რომელიც 2021 წლის 1 მარტიდან მზად არის მიიღოს რუსეთის მოქალაქეები PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში. გთხოვთ განიხილოთ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. ვიტოვებთ იმედს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უსწრაფესად აღდგება და განვითარდება“, - ნათქვამია წერილში.

საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის და ბელარუსის მოქალაქეები PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში ქვეყანაში მოხვედრას შეძლებენ. მაგრამ ეს არ ეხება სახმელეთო საზღვარს, სადაც ამ ეტაპზე კვლავ მოქმედი რეჟიმი რჩება.

0