დაკეტილი კაფე–რესტორნები თბილისში

თურნავა: იმედია რესტორნების გახსნა დადებითად ჩაივლის, რათა სრულყოფილ გახსნაზე ვიფიქროთ

322
(განახლებულია 19:06 15.02.2021)
დღეიდან საქართველოს მასშტაბით კვების ობიექტებმა და რესტორნებმა მუშაობა ღია სივრცეში განაახლეს. 1 თებერვლიდან ღია რესტორნები და კაფეები მხოლოდ აჭარის რეგიონში მუშაობდა.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. დღეს სარესტორნო ღია სივრცეების გახსნის პირველი დღეა და იმედი გვაქვს, ეს არ გააუარესებს ეპიდვითარებას, რათა შემდგომში ვიფიქროთ უფრო სრულყოფილ გახსნაზე, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ხვალიდან რესტორნები ღია სივრცეებში იხსნება: რა პრობლემების წინაშე დგას ბიზნესი>>

საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილ ვადაზე ადრე მიიღო. საქართველოში და, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები გაიხსნა. ისინი სტუმრების მიღებას მაქსიმუმ 21:00 საათამდე და მხოლოდ ღია სივრცეში შეძლებენ, ამას გარდა, შაბათ-კვირას ვერ იმუშავებენ.

„იმედი მაქვს, რომ ეს გახსნა არ გააუარესებს ეპიდვითარებას და იქნება კარგი საწინდარი იმისა, რომ შემდგომში ძალიან ფრთხილად, ვითარებაზე დაკვირვებით ვიფიქროთ შიდა სივრცეების გახსნაზე. რასაკვირველია, ამას დასჭირდება მოსამზადებელი პერიოდი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში ის პირადად აპირებს შეხვდეს რესტორნების გაერთიანებებს, რათა იმსჯელონ შიდა სივრცეების გახსნაზე. მისივე განმარტებით, შეხვედრებში აქტიურად ჩართვება შრომის ინსპექცია და ბიზნეს-ომბუდსმენი.

აღსანიშნავია, რომ იმ რესტორნებს, რომელსაც საკუთარი ვერანდა ან ღია სივრცე არ გააჩნია, თბილისის მერიამ მათი დაწესებულების მიმდებარე ტროტუარებით სარგებლობა შესთავაზა.

1 თებერვლიდან ღია რესტორნები და კაფეები მხოლოდ აჭარის რეგიონში მუშაობდა. რაც შეეხება რეგულაციებს,  კაფეებისა და რესტორნების მფლობელებმა ყველა აუცილებელი წესი უნდა დაიცვან, მათ შორის, სიცხის გაზომვა, ხელების დამუშავება, ერთჯერადი მენიუ ან მისი ელექტრონული ვერსია. პერიოდულად მოხდება თანამშრომლების ტესტირება კორონავირუსზე.

322
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (943)
კორონავირუსის ეპიდემია

COVID-19-ის ერთი წლის ქრონიკა და ინფიცირებული ეკონომიკის ანამნეზი...

319
(განახლებულია 15:57 01.03.2021)
რატომ და როგორ იზრდებოდა საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა. ერთი წლის ქრონიკა ციფრებში. დაუშვა თუ არა მთავრობამ შეცდომა, როცა შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო და რა დაღი დაასვა COVID-19-მა ქვეყნის ეკონომიკას?

სამსონ ხონელი

ერთი წელი გავიდა, რაც მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გვაუწყა, რომ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, განვლილ პერიოდს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, ვნახოთ, როგორი იყო ვირუსის გავრცელების დინამიკა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ უხილავ მტერთან საბრძოლველად და, რაც მთავარია, როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია ქვეყნის ეკონომიკაზე.

ამთავითვე უნდა ითქვას, მთავრობამ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინა და COVID-19-თან საბრძოლველად მზადება ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. მომდევნო წლის იანვრის თვის ბოლოს ვირუსის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, 29 იანვარს ჩინეთთან, ხოლო 23 თებერვალს ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

მას შემდეგ, რაც COVID-19-მა საქართველომდეც მოაღწია, მარტის დასაწყისში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, დაიხურა საბავშვო ბაღებიც. მარტის პირველ კვირაში იტალიასთან ავიამიმოსვლა აიკრძალა, ხოლო მაღალი გავრცელების ზონის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოგზაურებს ორკვირიანი კრანტინი და თვითიზოლაცია დაუწესდა.

მარტის თვის მეორე დეკადაში ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საზღვარი ჩაიკეტა. ამავე პერიოდში დაიხურა სამთო კურორტები, აიკრძალა სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა, დაიხურა ყველა ტიპის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები. 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აიკრძალა ათ ადამიანზე მეტის შეკრება და შესაძლო დარღვევევბზე საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაწესდა – ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარი, იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარი.

31 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. აიკრძალა საქალაქთაშორისო და ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მგზავრობა ნებადართული დარჩა მხოლოდ კერძო ავტომობილებით, ასევე ტაქსით. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა, ხოლო დიდ ქალაქებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოები ჩაიკეტა. ამავე პერიოდიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

აპრილის თვის ბოლოს მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობა მაისის თვის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამავე პერიოდში ხალხის რჩეულებმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანეს. მთავრობას თითქმის იგივე უფლებები მიენიჭა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს, იმ განხვავებით, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა საჭირო უკვე აღარ იყო. კანონის მოქმედების ბოლო ვადა 15 ივლისით განისაზღვრა, თუმცა ის ჯერ მიმდინარე წლის 1 იანვრამდე, ბოლოს კი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.

ზაფხულის თვეებში, სავარაუდოდ, ტურისტული სეზონის გადასარჩენად შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე მოხსნილი იყო. 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ინფიცირების სულ 1487 და გარდაცვალების 19 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ეს, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო. ეპიდემიოლოგთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საშემოდგომოდ ინფიცირების რაოდენობის მატება სწორედ საზაფხულოდ კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების შედეგია.

სექტემბრის ბოლოს COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 6192-ს მიაღწია. ზუსტად ერთი თვის შემდეგ ეს მაჩვენებელი 40 ათასს მიუახლოვდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწია. თუ გიორგობისთვის ბოლოს ქვეყანას 136.000-მდე კოვიდ-ინფიცირებული ჰყავდა, გასული წლის ბოლოს მათი რაოდენობა 227.000-მდე გაიზარდა.

მთავრობა იძულებული გახდა, ოქტომბრიდან შეზღუდვები ისევ გაემკაცრებინა. პირბადე გარე სიცრცეშიც სავალდებულო გახდა. ნოემბრის პირველი დეკადის ბოლოს გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აიკრძალა. კომენდატის საათის გამოცხადებიდან მალევე, 28 ნოემბრიდან ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაიკეტა, ანუ „ლოკდაუნი“ მეორედ გამოცხადდა. აქვე მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო თითქმის 37 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა.

დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად მოეხსენება, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლად დამტკიცებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას კოვიდ-რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა გააცნო. გარკვევით ითქვა ისიც, რომ თუ მოსახლეობა პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის წესს გაითვალისწინებს, ქვეყანა თანდათან ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. როგორ აისახება შეზღუდვების მორიგი მოხსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი საზოგადოებაში არ წყდება დისკუსია − როდიდან და რა სახის რეგულაციები უნდა დაწესებულიყო, როგორია კოვიდ-შეზღუდვების ეფექტი ეპიდსიტუაციაზე და მისი ნეგატიური ზემოქმედების ხარისხი ეკონომიკაზე?

არახალია, ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. თანმიმდევრულად მივყვეთ და რამდენიმე პარამეტრი მიმოვიხილოთ.

მთლიანი შიდა პროდუქტი − გასულ წელს ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებეელი 1994 წლიდან მოყოლებული ყველაზე უარესი – 6.1 პროცენტი იყო, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების მსოფლიო მაჩვენებელს 2.1 პროცენტით აღემატება. არასახარბიელოა მიმდინარე წლის პროგნოზიც. მართალია, ბიუჯეტი 4.3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, ხოლო ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი წლის პირველი თვე ეკონომიკის 11.5 პროცენტიანი შემცირებით დასრულდა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები − სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გასული წლის საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, პირველი სამი კვარტლის მონაცემებით ვიხელმძღვანელოთ. ამ პერიოდში საქართველოში 719 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 პროცენტით ნაკლებია და ბოლო ათი წლის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

საგარეო ვაჭრობა − გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, კერძოდ, ექსპორტი 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი − 16.6 პროცენტით შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებებით, იმპორტის შედარებით უფრო დიდი მოცულობით შემცირება მისი ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებამ კი არა, ნავთობზე ფასების ვარდნამ და მსყიდველობითუნარიანობის კლებამ განაპირობა.

ფულადი გზავნილები − გასული წლის განმავლობაში საქართველოში საზღვარგარეთიდან რეკორდული ოდენობის − 1.886 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტია, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, COVID-19-ის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საგარეო ვაჭრობაც შემცირდა, ინვესტიციების მოცულობაც, ტურიზმიც და პრაქტიკულად ყველა სხვა ეკონომიკური აქტივობა, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდაში გარკვეული როლი მისმა ბოლომდე გაოფიციალურებამაც შეასრულა. სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვის გამო ემიგრანტებმა თანხის ახლობლისთვის ხელზე გატანების საშუალება დაკარგეს. ფულადი გზავნილები კონკრეტულ ადრესატამდე საბანკო სისტემის გავლით მიდიოდა და, შესაბამისად, მარტივად აღირიცხებოდა.

ტურიზმი − არავის გაუკვირდება, სფეროდან შემოსავალი ფაქტობრივად განულდა. სექტორი 2000-იანი წლების მაჩვენებლებს დაუბრუნდა.   

უმუშევრობა − გასული წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა 3.8 პროცენტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1,197 მილიონს დაუბრუნდა, რაც შვიდი წლის წინანდელი მაჩვენებელია.  

ეროვნული ვალუტა − თავისი არსებობის მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში პირველად გასცდა სამიან ნიშნულს. გასულ წელს ლარი საშუალოდ 16 პროცენტით გაუფასურდა.

და, ბოლოს, სიღარიბისა და უკიდურესი სიღარიბის ზუსტი სტასტისტიკა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ გასულ წელს სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა თითქმის 100 ათასით გაიზარდა და ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ასეთია COVID-19-ის ერთი წლის არასრული სტატისტიკა. ვნახოთ, რა იქნება კიდევ ერთი წლის შემდეგ. შეძლებს თუ არა საქართველო დროულად დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, გაუსწორდეს პანდემიას, დაამარცხოს უხილავი მტერი და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს... მანამდე კი, სხვა რა დაგვრჩენია, გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ხშირად დავიბანოთ ხელები.

 

319
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 1 მარტს

70
(განახლებულია 08:39 27.02.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0010 ლარით გამყარდა.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3255 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0010 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 1 მარტს
ლარის კურსი 1 მარტს
70
თემები:
ლარის კურსი დღეს
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია

„დიალოგი გაგრძელდება“: შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასრულდა

0
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შედგა ექვსპუნქტიანი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელსაც შეხვედრის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

შეხვედრაზე, რომელსაც მიშელის გარდა ესწრებოდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შედგა ექვსპუქნტიანი ჩარჩო-დოკუმენტი, რომელსაც შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს.

ამ ექვს პუნტქს შორისაა ისეთი საკითხები, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატმრების გათავისუფლება, მართლმსაჯულების რეფორმა. 

მიშელის თქმით, საქართველოს საკითხი რამდენიმე კვირაში განიხილება ევროპარლამენტში. მანამდე კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს შეხვედრა, რომელზეც, ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს.

„ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები. მისი თქმით, ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გამართული კონსლუტაციების შემდეგ.

„ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მამართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გვაქვს ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული კითხვები და გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბნენ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი), „ევროპული საქართველოს“ (დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია), „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე), „პატრიოტთა ალიანსის“ (ირმა ინაშვილი), რესპუბლიკური პარტიის (ხათუნა სამნიძე), ლეიბორისტული პარტიის (შალვა ნათელაშვილი), „მოქალაქეების“ (ალეკო ელისაშვილი), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე).

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ.

0