შახტი

ტყიბულში მეშახტეებმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწიეს

343
(განახლებულია 23:39 14.02.2021)
ამ დროისათვის შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მეოთხე უბნის თანამშრომლების მიერ გეგმის შეუსრულებლობის მიზეზებს შეისწავლის

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეოთხე უბნის მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

ამ კვირაში კომპანია „საქნახშირში“ განაცხადეს, რომ მეოთხე ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლებმა გეგმის შესრულება მხოლოდ 77%-ით შეძლეს, რაც შრომის კონტრაქტის თანახმად მათი იანვრის თვის ანაზღაურებაზე აისახა.

საპასუხოდ მეშახტეებმა მაღაროში შესასვლელი გადაკეტეს. მუშაობა 10 თებერვლიდან პარალიზებული იყო. კომპანიის თანამშრომლების ნაწილი ანაზღაურების სრულად მიღებას მოითხოვდა და უარს აცხადებდა შახტიდან ამოსვლაზე.

„ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ჩართულობით, 12 თებერვალს, მეშახტეებთან გამართული თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ მეშახტეები გეგმის 100%-ით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა დამატებით 1,3 ათას ტონაზე მეტ ქვანახშირს მოიპოვებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამთომომპოვებელი კომპანია შრომის ანაზღაურების ბონუსურ სისტემაზე 2020 წლის სექტემბერში გადავიდა. მეშახტეებთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი პირობები და როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები. 10 თებერვალს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მოხდა იანვრის თვის შედეგების შეჯამება-განხილვა. შედეგად გაირკვა, რომ მეოთხე უბანმა მოიპოვა 4,6 ათასი ტონა და გეგმა შესრულდა მხოლოდ 77.7 % -ით. შესაბამისად დღიურმა ანაზღაურებამ 48 ლარი შეადგინა.

ამ დროისათვის შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მეოთხე უბნის თანამშრომლების მიერ გეგმის შეუსრულებლობის მიზეზებს შეისწავლის. 10 დღის განმავლობაში მოხდება ყველა დოკუმენტის შესწავლა, გამოკვლეული იქნება გეგმის შესრულების შემაფერხებელი ფაქტორები, ავარიული, გეოლოგიური მდგომარეობა (მეშახტეების მიერ დასახელებული მიზეზები) და გაკეთდება დასკვნა, რომელიც გასაჯაროვდება. „საქნახშირისთვის“ მნიშვნელოვანია N4 უბნის თანამშრომლების ჩართულობა კომისიის მუშაობის პროცესში, აღნიშნულია განცხადებაში.

შრომის დისციპლინის ნებისმიერი დარღვევა შეფასებული იქნება შრომის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.

343
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 26 თებერვალს

54
(განახლებულია 07:18 26.02.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0067 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3265 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0067 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 26 თებერვალს
ლარის კურსი 26 თებერვალს
54
თემები:
ლარის კურსი დღეს
კომპანია  OMV -ს შესასვლელი

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია საქართველოს შელფზე ნავთობს მოძებნის

42
(განახლებულია 21:26 25.02.2021)
კომპანია შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე სეისმური დაზვერვის სამუშაოებს ჩაატარებს, ხოლო შემდეგ ბურღვას დაიწყებს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ავსტრიულ ნავთობისა და გაზის კომპანიასთან OMV პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ავსტრიულმა კომპანიამ OMV PETROM S.A. შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია ავსტრიული ჰოლდინგის OMV (Österreichische Mineralölverwaltung AG) ნაწილია, რომელიც 1956 წელს დაფუძნდა. აღნიშნული კომპანია ნავთობისა და გაზის მოპოვების მოცულობით ავსტრიაში რიგით მეორე და ევროპაში მეათე პოზიციას იკავებს.

„საქართველოს მთავრობამ მოიწონა ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება ხელმოწერილი... კომპანია OMV Petrom SA ცნობილია რუმინეთის შელფზე გაზის ერთ-ერთი მსხვილი საბადოს „დომინო 1“-ის აღმოჩენით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასევე წარმატებით წარიმართება კომპანიის საქმიანობა საქართველოშიც. დიდი წვლილი იქნება შეტანილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, იმიტომ რომ ნავთობის მოპოვება პერსპექტიული დარგია. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ კომპანიაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად საქართველოში ასეთი მსხვილი ბიზნეს-ჯგუფის შემოსვლა სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი სტაბილურია გარე შოკების მიმართ.

კომპანიამ შავი ზღვის სანაპიროებთან 5,3 ათასი კვადრატული კილომეტრის შელფურ მონაკვეთზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.

კომპანიას უკვე გააჩნია ნავთობის საბადოების მოძიების წარმატებული გამოცდილება. მან რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში აღმოაჩინა საბადო, რომლის რესურსების ღირებულება 1,5 მლრდ აშშ დოლარად ფასდება.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში სალიცენზიო მონაკვეთებზე ნავთობის მოპოვებით ექვსი ინვესტორი კომპანიაა დაკავებული. კიდევ შვიდი კომპანია საძიებო სამუშაოებს ახორციელებს, საშუალო წლიური მოპოვება, ბოლო 10 წლის მონაცემებით, 43,6 ათას ტონას შეადგენს.

42
საპატრულო პოლიცია

თბილისში მიმდინარე აქციის გამო გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდულია

0
(განახლებულია 13:42 26.02.2021)
თბილისში აქციის მიმდინარეობისას დედაქალაქის მოსახლეობა გადაადგილებას ალტერნატიული გზებით შეძლებს. უწყებაში განმარტავენ, რომ გადაკეტილი გზები აქციის დასრულებისთანავე გაიხსნება

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. თბილისში მიმდინარე აქცია მსვლელობის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტროტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს მზადება მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ლოზუნგით „თავისუფლებისთვის“ – დაიძრნენ კოლონები რეგიონებიდან, პარლამენტის შენობასთან კი სცენა მონტაჟდება. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით უკვე გაემართნენ. შემდეგ პარლამენტთან ძირითადი მიტინგი გაიმართება, ხოლო ბოლოს აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და პროტესტს იქ დაასრულებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდა გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.

  • აქციისა და მსვლელობის მიმდინარეობისას ასევე დროებით შეიზღუდება გადაადგილება შემდეგ ქუჩებზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, არჩილ ჯორჯაძის, გია ჭანტურიას, რეზო ლაღიძის, ვასო აბაშიძის, მესხიას ქუჩა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დროის განმავლობაში მოსახლეობა გადაადგილებას ალტერნატიული გზების მეშვეობით შეძლებს, კერძოდ მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. ასევე მოძრაობა თავისუფალი იქნება ჭონქაძის ქუჩასა და ზემო ვერის მიმართულებით გზებზე.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

0