ლარი და დოლარი

ვისთვის და რა ვადით დარჩა უცვლელი სასესხო ვალდებულების პროცენტი?

1141
(განახლებულია 13:48 04.02.2021)
რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა. რატომ, რა ფაქტორებმა განაპირობა ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება. როგორია კობა გვენეტაძის უწყების 2021 წლის პროგნოზი – ეკონომიკური ზრდის ტემპი და ინფლაციური პროცესები.

სამსონ ხონელი

გადაწყვეტილება მიღებულია და მარტის შუა რიცხვებამდე ძალაშია. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წლის 3 თებერვლის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტის ნიშნულზე დატოვა. არადა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ინფლაციური პროცესებისა და ეროვნული ვალუტის საშუალოდ 17 პროცენტის ფარგლებში გაუფასურების გათვალისწინებით, ექსპერტ-ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას ვარაუდობდა. მოლოდინი არ გამართლდა. 

საინტერესოა, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რა ფაქტორები გაითვალისწინა კობა გვენეტაძის უწყებამ მორიგი გადაწყვეტილების მიღებისას? როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ბოლო ორი თვის განმავლობაში წლიური ინფლაციის 2.8 პროცენტამდე შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას უკავშირდება და დროებითი ხასიათისაა. არსებული პროგნოზით, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ უკვე მიზნობრივ მაჩვენებელს თანდათან დაუახლოვდება. ინფლაციის დინამიკაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, თუმცა მათ შორის ბოლო დროს ყურადღებას იქცევს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება, რაც განსაკუთრებით იანვარში გამოიკვეთა. ბუნებრივია, ინფლაციაზე ნეგატიური ზეწოლა რჩება COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური შეზღუდვების გახანგრძლივების ვითარებაში წარმოების ხარჯების ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: მიუხედავად შედარებით ძლიერი შიდა მოთხოვნისა, საგარეო მოთხოვნის მკვეთრი კლების გამო კვლავ შემცირებულია ერთობლივი მოთხოვნა. მართალია, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ასუსტებს ერთობლივი მოთხოვნის ნეგატიურ გავლენას ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მაგრამ ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი ხარისხის გამო ინფლაციაზე ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის გავლენა საკმაოდ საგრძნობია.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა გაითვალისწინეს, რომ კვლავ გაურკვეველია როდიდან დაიწყება გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის პროცესი და როგორი იქნება მისი დინამიკა. რთულად პროგნოზირებადია ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპიც. სავარაუდოდ, გასული წლის ეკონომიკური სტაგნაციის შემდეგ მიმდინარე წლიდან ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენა და მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტის ფარგლებში ზრდაა მოსალოდნელი. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში განმარტავენ, ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. საგარეო მოთხოვნა კი მხოლოდ მცირედით გაიზრდება და ჯამში მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება.

ერთი სიტყვით, როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება გამოიკვეთა. ითქვა ისიც, რომ, მართალია, იპოთეკური კრედიტების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირების სამთავრობო პროგრამის დასრულებას ფაქტობრივად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი აქვს, მაგრამ კომიტეტი მომავალში რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ზრდას არ გამორიცხავს.

და, ბოლოს, ეროვნული ბანკი გვპირდება, რომ ეს უწყება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს დააკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. დაპირება არახალია და მოულოდნელიც არ უნდა იყოს. დაკვირვების შედეგს ყველაზე ადრე 17 მარტს შევიტყობთ, როცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება.

ერთად ვნახოთ, მაინც რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას იმ მოქალაქეთათვის, რომელთა კრედიტებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ხუმრობა ხომ არ არის, თითქმის 125 ათას მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება! პროცენტი რომ არ მცირდება, ამას ვინ ჩივის, ახლა მთავარია, კიდევ უფრო არ გაიზარდოს, − გაიფიქრებს მკითხველი და არ გამიკვირდება. მეტი კონკრეტიკისთვის ურიგო არ იქნება, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული კრედიტების სტრუქტურაში გავერკვეთ. საამისოდ კი ეროვნული ბანკის მონაცემები და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვა მოვიშველიოთ.

მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7246.1 მილიონი ლარის მოცულობის 124 400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. გასული წლის ბოლო ორ თვეში ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 1100-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი 400.4 ათასი ლარით გაიზარდა.

საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებს შორის რაოდენობრივად ყველაზე მეტი ხელშეკრულება ე.წ. იპოთეკურ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზეა გაფორმებული. 1 იანვრის მონაცემებით, გაცემულია 54300 იპოთეკური სესხი, პორტფელის მოცულობამ 2646.1 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 10.66 პროცენტი შეადგინა.

მომდევნო პოზიცია ე.წ. სამომხმარებლო სესხებს უკავია. ამ ტიპის 36100 სესხია გაცემული, მთლიანი პორტფელის მოცულობა 965.7 მილიონი ლარია. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 13.07 პროცენტი შეადგინა.

ლოგიკურია, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ე.წ. ბიზნეს-სესხების რაოდენობაზეც ნეგატიურად აისახა. გასული წლის 1 ნოემბერთან შედარებით 2700-ით ნაკლები, 30000 ხელშეკრულებაა გაფორმებული. მთლიანი მთლიანი პორტფელის მოცულობა კი 3397.7 მილიონი ლარია. კომერციული ბანკები აშკარად მსხვილ ბიზნესს უფრო წყალობდნენ. ეს სექტორი ბანკებმა 2308.1 მილიონი ლარით, საშუალო  შეწონილ 11.88 პროცენტში დააკრედიტეს. მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1089.6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12.87 პროცენტში.

მიმდინარე წლის 1 იანვრის მონაცემებით, ყველაზე მცირე რაოდენობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხია გაცემულია, სულ 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.4 მილიონი ლარი ბანკებმა საშუალოდ 12.63 პროცენტში გაასესხეს.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ კრედიტებს შორის შეხვდებით სესხებს, რომელთა კონკრეტული  მიზნობრიობაც უცნობია. ასეთი 3100 სესხია გაცემული. პორტფელის მთლიანი მოცულობა 100.2 მილიონი ლარია.

კიდევ ორიოდე პარამეტრი და დასკვნაც არ დააყოვნებს: 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.7 პროცენტს შეადგენს. ანალიტიკური წრეების შეფასებით, ძალზე ლოგიკურია ის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება. კერძოდ, საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალია სამომხმარებლო სესხზე − 14.88 პროცენტი, ხოლო ყველაზე დაბალია იპოთეკურ კრედიტებზე − 11.60 პროცენტი.

ბოლოს, დასკვნის სახით: გასული წლის ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ქვეყანაში გაზრდილია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების, როგორც ხელშეკრულებების რაოდენობა, ისე მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა.

 

1141
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 10 აპრილს

109
(განახლებულია 08:54 10.04.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0126 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4260 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0126 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 10 აპრილს
ლარის კურსი 10 აპრილს
109
სოფელი

ვეფხია გიორგაძე: მთავრობამ მიწის ბაზრის ჩამოყალიბებაზე ფიქრი დაიწყო

116
(განახლებულია 21:57 09.04.2021)
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის გაფართოების შესახებ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის გაფართოების შესახებ ქვეყანაში მიწის ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, განაცხადა ეკონომისტმა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი – თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10 ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს რაოდენობრივი შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება. გარდა ამისა, გამოსყიდვის უფლება, იჯარით გაცემული „სახნავი“ კატეგორიის მიწების გარდა, გავრცელდება „სათიბ“ კატეგორიაზეც.

ამასთან, საქართველოში მოიჯარეები შეძლებენ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები, აქამდე ეს უფლება მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე ვრცელდებოდა. 

„კარგია, რომ მთავრობამ დაიწყო ფიქრი მიწის ბაზრის ჩამოყალიბებაზე, რადგან ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და მის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია“, – მიაჩნია ვეფხია გიორგაძეს.

მისი თქმით, მიწის ბაზარი მანამდე არ ჩამოყალიბდება, სანამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დაახლოებით 1.5 მლნ ჰა მიწის ფართობი კერძო მესაკუთრეების ხელში არ გადაინაცვლებს. ამისათვის კი პირველ რიგში უფასო პრივატიზაციაა საჭირო.

„იმის გამო, რომ მიწის ფასს ბაზარი ვერ განსაზღვრავს, ფერმერები ვერ ახერხებენ ბანკებსა თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტებში სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მოსაყვანად საჭირო სახსრების მოძიებას, შესაბამისად, ვერც დოვლათი იქმნება და ცდება მიწაც“, – აღნიშნა გიორგაძემ.

ეკონომისტის თქმით, დღეს საშუალოდ ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 3-4 ათასი დოლარის ეკვივალენტი ღირს ეროვნულ ვალუტაში.

  • „სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, გარდა იმისა, რომ იაფია, ძნელადაც იყიდება, ამიტომ ბანკები ერიდებიან ამ ტიპის ქონებით უზრუველყოფილი კრედიტების გაცემას, მიწის ბაზრის ჩამოყალიბების შემდეგ კი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსაყვანად საჭირო ფინანსების მოძიებას უფრო იოლად შეძლებენ“, – თქვა გიორგაძემ.

ვეფხია გიორგაძე მიიჩნევს, რომ მიწის კერძო მფლობელობაში გადასვლის შემდეგ გაჩნდება მასზე თავისუფალი მოთხოვნა–მიწოდება, ჩამოყალიბდება საბაზრო წონასწორობა და აისახება ფასზე, ის შეიძენს სრულფასოვანი უზრუნველყოფის სახეს და გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი სოფლის მეურნეობის განვითარების.

სახელმწიფო პროგრამის გაფართოებაზე გუშინ საქართველოს პრემიერ-მინტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ამ ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირონ დაახლოებით 11 ათას ჰექტრამდე სახნავი მიწა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ივლისში დამტკიცდა და მისი მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის ხელშეწყობა – მოიჯარეებისთვის იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის გზით.

ნატა პატარაია

116
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა

ხერთვისის უძველესი ციხესიმარგე - ვიდეო

0
ხერთვისის ციხის კომპლექსი, ისტორიკოსების მონაცემებით, X-XI საუკუნეებს განეკუთვნება, ხოლო ჟამთააღმწერელი ლეონტი მროველის გადმოცემით - ჩვენს ერამდე IV საუკუნეს

დღეს მიიჩნევა, რომ საქართველოს ეს ფეოდალური პერიოდის ერთ-ერთი უძველესი და კარგად შემონახული ციხეა. ინტერესი ამ ადგილისადმი უფრო და უფრო იზრდება.

ციხესიმაგრე აგებულია მდინარე ფარავნისა და მდინარე მტკვრის შეერთების ადგილთან, ვარძიის სამონასტრო კომპლექსიდან 15 კილომეტრში. ხერთვისი და ვარძია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის კანდიდატები არიან.

0