„ქართული ავიახაზების“ თვითმფრინავი

თბილისიდან მოსკოვში ჩარტერული რეისები დაინიშნა

1273
(განახლებულია 19:29 14.01.2021)
საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით თბილისსა და მოსკოვს შორის დროებითი ჩარტერული რეისები დაინიშნა.

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველად ასრულებს ჩარტერულ რეისებს თბილისიდან მოსკოვში ერევნის გავლით. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ავიაკომპანიაში აცნობეს.

როგორც ავიაკომპანიაში აღნიშნეს, რეისები შესრულდება პარტნიორ კომპანია Aircompany Armеnia-სთან თანამშრომლობით.

„ეს დროებითი ფრენებია, დანიშნული საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი რეისი ხვალ, 15 იანვარს არის დანიშნული. მომავალშიც შესრულდება თუ არა მსგავსი რეისები, ჯერ არ ვიცით“, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და საავიაციო კავშირი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეაჩერა. საქართველოს მთავრობამ უკვე რამდენჯერმე გადაიტანა რეგულარული საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლის განახლების თარიღი. ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, საავიაციო კავშირის აკრძალვა 2021 წლის 31 იანვრამდე მოქმედებს.

ამ მომენტისთვის საქართველო დახურულია რუსეთის მოქალაქეებისთვის. რუსეთიდან საქართველოში მოსახვედრად აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ფლობა ან საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეუღლის ყოლა. რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ ავიარეისებს, ისინი 2019 წლის ზაფხულში გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული დემონსტრაციების გამო შეწყდა. ამის შემდეგ ავიაკომპანიებმა ქვეყნებს შორის ფრენების შესრულება სატრანზიტო გზებით დაიწყეს – ერევნისა და სტამბულის გავლით.

საქართველოში შემოსვლის წესები

მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიან, ასევე მათი ოჯახის წევრები, თვითიზოლაციაში უნდა იმყოფებოდნენ რვა დღის განმავლობაში. მათ საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის პასუხი. თუ მგზავრს ეს საბუთი არ ექნება ხელთ, მას მოუწევს თვითიზოლაციის დაცვა 12 დღის განმავლობაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თვითიზოლაციის დაცვის შესაძლებლობა არ გააჩნია, მას კარანტინის ზონაში მოათავსებენ.

ეს წესები მოქმედებს ესპანეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, შვედეთის, ხორვატიის, იტალიის, კვიპროსის, სლოვენიისა და ისლანდიის მოქალაქეების მიმართ.

თვითიზოლაციისა და კარანტინის წესები არ ვრცელდება საქართველოში ჩამოსულ უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ დელეგაციათა წევრებზე. მათ უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის პასუხები სასაზღვრო პუნქტებზე.

კარანტინი არ ეხება ასევე გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებს, ასევე ამ ქვეყნებში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს. მათაც თან უნდა ჰქონდეთ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის პასუხები ან ტესტირება საკუთარი ხარჯით გაიარონ. ამ კატეგორიის მოქალაქეებს კარანტინის გავლა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ სოციალურ ელექტრონულ ანკეტაში, რომელსაც გამგზავრებამდე ავსებენ, მითითებულია, რომ ევროკავშირის ზემოხსენებული ხუთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმგზავრეს.

ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლა არ ეზღუდებათ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, პირებს, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან ჰუმანიტარული მისიით, თუ ასეთი მისიის შესრულება აუცილებელია (ექიმები, მოხალისეები), მძღოლებს, რომლებიც საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილეობენ, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების პერსონალს და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებს.

ვის და როგორ შეუძლია რუსეთში მოხვედრა

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, 2021 წლის 1 იანვრიდან ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ჩინეთისა და კიდევ 47 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა და პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლიათ ელექტრონული ვიზით.

ელექტრონული ვიზა, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, არ ავალდებულებს პირს, პირადად გამოცხადდეს ადგილზე. ის ინტერნეტით ფორმდება. მის მისაღებად უცხოელმა, სულ მცირე, ოთხი კალენდარული დღით ადრე უნდა შეავსოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სპეციალური ფორმა და მიამაგროს მას პასპორტის მონაცემები და ფოტოსურათი. ასეთ მგზავრს არც მოსაწვევი, არც სასტუმროს ჯავშანი ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც მგზავრობის მიზანს ადასტურებს, არ მოეთხოვება. თუ განცხადებაში შეცდომა ან არაზუსტი მონაცემები აღმოჩნდება, დოკუმენტებს შესაბამისი მითითებებით უკან დააბრუნებენ.

ერთიანი ელექტრონული ვიზა ერთჯერადია. მისი მოქმედების ვადა გაფორმების დღიდან 60 დღეს შეადგენს.

 

1273
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (908)
მთავრობის სხდომა

პრემიერმა ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება დაავალა

21
(განახლებულია 14:09 28.01.2021)
აღნიშნული პროექტის განხორციელება გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დასძინა გახარიამ.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების განხორციელება 2021-2024 წლების განმავლობაში იგეგმება.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით ვიწყებთ. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს  დაკომპლექტებული ამ ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები“, –  განაცხადა გახარიამ. 

პრემიერის თქმით, სახელმწიფოს ექნება კონკრეტული გეგმა, რომლითაც სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს. 

სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე მუშაობა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო.

 2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო,  საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების, ხოლო 179 კი ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაშია.  სახელმწიფოს ბალანსზე არსებული საწარმოებიდან ყველაზე მეტი - 134 საწარმო ეკონომიკის სამინისტროს მართვაშია, მეორე ადგილზე კი „საპარტნიორო ფონდია“ (28 საწარმო), 5 საწარმოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს.

21
თბილისი

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში პირველია

20
საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველომ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილი დაიკავა, მაშინ როდესაც წინა მაჩვენებელი 44–ე ადგილი იყო, ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის" (Transparency International) კვლევის შედეგები

კორუფციის აღქმის ინდექსს Transparency International–ი გამოკითხვების საფუძველზე ადგენს, რომლებსაც ექსპერტთა შორის და საქმიან წრეებში ატარებს. მსოფლიოს ქვეყნები 0–დან 100 ქულამდე სკალის მიხედვით ლაგდება. კორუფციის აღქმის ყველაზე მაღალ დონეს 0 აღნიშნავს, 100 — ყველაზე ნაკლებს.

საქართველომ წელს 56 ქულა მიიღო და 45–ე ადგილი პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან გაინაწილა. 

 

კვლევის თანახმად, საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია რეგიონში და საუკეთესო მაჩვენებლები აქვს აღმოსავლეთ ევროპასა (ევროკავშირის ქვეყნების გარდა) და ცენტრალური აზიის რეგიონში – 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას.

2020 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (88 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალისა და სამხრეთ სუდანში (12 ქულა).

ინდექსის ლიდერებს მასმედიის თავისუფლების, თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერებისა და საზოგადოებისთვის საბიუჯეტო სახსრების ამსახველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი დონე ახასიათებთ. 

ქვეყნებს, რომლებმაც ქულათა უმცირესი რაოდენობა მოიპოვეს, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და მასმედიის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაბალი დონე ახასიათებთ.

„საქართველოს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. მათ შორისაა: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა, პროკურატურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და სხვა“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. გასულ წელს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით კანონმდებლებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივით  მიმართეს.

კვლევა ეფუძნება Bertelsmann Foundation Transformation Index, Freedom House Nations in Transit, Global Insight Country Risk Ratings, World Economic Forum Executive Opinion Survey, და ასევე World Justice Project Rule of Law Index–ის მონაცემებს.

20
პუტინი დავოსის ონლაინ-ფორუმზე

დავოსის ფორუმი შედგა: პასუხი გაეცა კითხვას „რა ვაკეთოთ?“

0
(განახლებულია 15:40 28.01.2021)
დიაგნოზის დასმა რთული საქმეა, მაგრამ არც წამლის შერჩევაა მარტივი. განსაკუთრებით, თუ მთელ მსოფლიოზეა საუბარი, განსაკუთრებით, თუ ყველასთვის ნათელია, რომ მსოფლიო უბრალოდ კი არ ჩაეფლო კრიზისში, არამედ ტანჯვით გადააქვს გლობალური ეპოქის ცვლა.

დმიტრი კოსირევი

დავოსის ვირტუალურ ფორუმს, რომელიც ამ კვირაში გაიმართა, თითქოს სწორედ  ასეთი მიზანი ჰქონდა: შეეკრიბა საუკეთესოები და უძლიერესები, რათა მთელი მსოფლიოსთვის შესანიშნავი მომავლის საერთო გზა მოეძებნათ. და იქ გამომსვლელთაგან ყველაზე საინტერესო ისინი უნდა იყვნენ, ვინც თქვა: ასეთი გზა არსებობს, ხვალ გუშინდელზე უკეთესი უნდა იყოს და მსოფლიოს ამის გაკეთება შეუძლია.

 ბოლო დროს ხშირად ვისმენთ, რომ „მსოფლიო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც იყო“, რომ იქნება სრული საშინელება. დავოსის ორგანიზატორმა კლაუს შვაბმაც... თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი ოპტიმისტებზე ვილაპარაკოთ.

ვლადიმირ პუტინმა, ისევე როგორც ყველა სხვამ, სიტყვით გამოსვლისას დიაგნოზი დასვა. უამისოდ ვერ იქნებოდა. საინტერესო გამოვიდა, იმიტომ რომ გაიჟღერა ციფრებმა და ფაქტებმა. მაგალითად:

„ბოლო 30 წლის განმავლობაში მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში მოქალაქეთა ნახევარზე მეტის შემოსავლები სტაგნაციაში იყო, არ იზრდებოდა. ხოლო განათლების, ჯანდაცვის მომსახურების ღირებულება გაიზარდა. იცით, რამდენით? სამჯერ“.

ან ასეთი ფაქტები... თუმცა კიდევ ჩინეთზეც ვთქვათ: „თუ ერთ კაცზე დღე–ღამეში შემოსავლის დონედ 5,5 დოლარს ავიღებთ, მაშინ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჩინეთში უფრო დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების რაოდენობა 1,1 მილიარდიდან (1999 წლის მაჩვენებელი) დაახლოებით 300 მილიონამდე შემცირდა ბოლო წლებში“. იგივე სტატისტიკა რუსეთთან მიმართებაში აჩვენებს, რომ დღე–ღამეში 5,5 დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონეთა რაოდენობა 64 მილიონიდან 5 მილიონამდე შემცირდა.

პუტინის თქმით, დღეს კრიზისის საერთო დიაგნოზი ასეთია: წინანდელი მოდელი, რომელიც 30–40 წლის განმავლობაში მუშაობდა, აღდგენას არ ექვემდებარება, პანდემიურმა კრიზისმა მისი კატასტროფა დააჩქარა.

„აბსოლუტურად გასაგებია, რომ მსოფლიო ვერ წავა ეკონომიკის შენების იმ გზით, რომელიც მილიონ, ან თუნდაც „ოქროს მილიარდ“ ადამიანზე მუშაობს. ეს უბრალოდ დესტრუქციული პოზიციაა. ასეთი მოდელი არამდგრადია“.

მაგრამ „დასასრულის დადგომაზე“ დავოსშიც და დავოსამდეც ისმოდა ამა თუ იმ ფორმულირებით. ხოლო თუ მკურნალობის მეთოდებზე ვილაპარაკებთ, მოსკოვი ოთხ მარტივ და გასაგებ მიზანს ასახელებს თითოეული ხალხისა თუ ნებისმიერი საზოგადოების არსებობისთვის მომავალ ეპოქაში.   

ისინი მოკლედ ასე გამოიყურება:

  1. ადამიანს უნდა ჰქონდეს კომფორტული გარემო სიცოცხლისთვის. ეს არის საცხოვრებელი და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა: სატრანსპორტო, ენერგეტიკული, კომუნალური. და, რაღა თქმა უნდა, ეკოლოგიური კეთილდღეობა;
  2. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამუშაო ექნება, რომელიც მას მდგრადად მზარდ შემოსავალს და შესაბამისად, ღირსეულ ცხოვრებას მისცემს; 
  3. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ხარისხიან და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას  მიიღებს, როცა ეს დასჭირდება, რომ ჯანდაცვის სისტემა ნებისმიერ შემთხვევაში მისცემს მას თანამედროვე სამედიცინო მომსახურების მიღების გარანტიას;
  4. ოჯახის შემოსავლებისგან დამოუკიდებლად, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული განათლების მიღებისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა. მხოლოდ ასე შეიძლება თანამედროვე ეკონომიკის უფრო ეფექტურად განვითარების გარანტირება. ეკონომიკისა, როდესაც ადამიანი არის არა საშუალება, არამედ მიზანი.

ამ ოთხ პუნქტს მეხუთეც ერთვის: არ იჩხუბოთ, თორემ მსოფლიო შეიძლება „ყველა ყველას წინააღმდეგ“ უმართავ ომში ჩაეფლოს. თანაც  ჩხუბი დაგვიანებულიცაა — იმიტომ რომ, როგორც  რუსეთის პრეზიდენტმა თქვა:

„ეპოქა, რომელიც ცენტრალიზებული, ერთპოლარული სამყაროს აგებას ემსახურებოდა, დასრულდა. თუმცა არც დაწყებულა. მხოლოდ მცდელობა იყო. მაგრამ ესეც დამთავრდა. მსგავსი მონოპოლია თავისი ბუნებით ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ცივილიზაციის კულტურულ, ისტორიულ მრავალსახეობას. ახლა უკვე ახალი ეპოქა უნდა აიგოს — ისე, რომ განვითარების სხვადასხვა ცენტრები, თავიანთი თვითმყოფადი მოდელებით, პოლიტიკური სისტემებით, საზოგადოებრივი ინსტიტუტებით მშვიდობიან კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს“.

დავოსის ფორუმს ბევრი თავისებურება და წყალქვეშა დინება ჰქონდა. მაგალითად, ვის მიმართავდა პუტინი? ან ვის მიმაღთა წინა დღით ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, რომელიც არსებითად იგივეს ამბოდა? „ოქროს მილიარდსა“ და გიგანტურ კორპორაციებ, რომლებსაც დავოსი საკუთარ არენად მიაჩნიათ კაცობრიობის შემდგომი კურსის მოსანიშნად?  თუ მსოფლიოს თითქმის ორასამდე ქვეყანას, რომელთა დიდი ნაწილი უმწეო მწუხარებით შეჰყურებს მოულოდნელ ტალღას, რომელიც ყველაფრის გადარეცხვით იმუქრება?

კორპორაციების და „ოქროს მილიარდის“ თაობაზე ზემოთ ნახსენებ კლაუს შვაბთან დაკავშირებული ისტორია არსებობს. საუბარია მის სენსაციურ წიგნზე „COVID-19: დიდი გადატვირთვა“, რომელიც ამჟამინდელი დავოსის ფორუმისთვის პროვოკაციად იქცა — და არა მარტო მისთვის. შვაბი წიგნში შემაშინებელი გულახდილობით ამბობს დაახლოებით ამას: პანდემია შესანიშნავი საბაბია პლანეტის, ყველა სახელმწიფოსა და საზოგადოების დასათრგუნად, მორალურად გასანადგურებლად და შესაშინებლად. და სანამ ისინი კარანტინებში, ლოკდაუნებსა და პირბადეებში ისხდებიან ჩვენი მანტრის ქვეშ „მსოფლიო აღარსდროს იქნება წინანდებური“, ჩვენ, „ოქროს მილიარდის“ ინტელექტუალური ლიდერები, ვალდებული ვართ, გადავტვირთოთ მსოფლიო ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ.

ასე რომ, მსოფლიო ვერ და არ უნდა გახდეს წინანდებური, ის უკეთესი უნდა გახდეს,  და თურმე  არსებობენ ქვეყნები და ადამიანები, რომლებიც ასეთი მსოფლიოსკენ მოძრაობის არასწორ კურსს ადგენენ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0
თემები:
რუსეთი დღეს