ეროვნული ბანკის ძველი ოფისის შესასვლელის ცხაურები

რა გადაურჩა ვირთხას, ანუ რამდენია ფული სეიფში?

1112
(განახლებულია 15:32 12.01.2021)
საბანკო სექტორის ერთი წელი - შემცირებული შემოსავლები, გაზრდილი ხარჯები, ნულთან მიახლოებული მოგება, კლებადი საკრედიტო პორტფელი და უკეთესი მომავლის იმედი...

სამსონ ხონელი

მკითხველს უნდა ვახარო - დანაპირებს ვასრულებ: წინამდებარე სტატიაში საბანკო სექტორის გასული წლის შედეგებს ვაჯამებ. შემოსავლები, ხარჯები, მოგება, ზარალი, დეპოზიტები და, რაღა თქმა უნდა, საკრედტიტო პორტფელის მოცულობა. თანმიმდევრულად მივყვეთ და რაკი ეროვნული ბანკი 2020 წლის საბოლოო მონაცემებს, სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს, მსჯელობისთვის ამავე უწყების თერთმეტი თვის მონაცემები მოვიშველიოთ.

მაშ ასე, გასული წლის იანვარი-ნოემბერში კომერციულმა საბანკო სექტორმა ჯამში 1.5 მილიონი ლარი იზარალა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის განმავლობაში მოგებამ 84.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ყოველთვიური ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კერძოდ, შემოსავლებმა 433.7 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში ვარაუდობდნენ, დეკემბრის თვეშიც, მსგავსი საოპერაციო მაჩვენებლების შენარჩუნების შემთხვევაში, ეკონომიკური კრიზისის ვითარებაშიც კი საბანკო სექტორი გასულ წელს დაახლოებით 100 მილიონი ლარის მოგებით დაასრულებდა. სულ სხვა გათვლები ჰქონდა „თიბისი ბანკის" გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს, რომელიც აცხადებდა, რომ საბანკო სექტორი 2021 წელს შეიძლება ნულთან ახლოს, ან მცირედი მოგებით შეხვედროდა. ვისი პროგნოზი გამართლდება? პასუხს უახლოეს მომავალში მივიღებთ, როცა ეროვნული ბანკის მორიგი ანგარიში გამოქვეყნდება. მანამდე კი მკითხველს შევახსენებ, რომ 2019 წელს კომერციული ბანკების ჯამური მოგება 953 მილიონი ლარი იყო.

ახლა კი ვნახოთ, როგორი იყო ბანკების საოპერაციო საქმიანობის პარამეტრები. გასული წლის თერთმეტ თვეში კომერციულმა ბანკებმა საპროცენტო შემოსავლების სახით 4.4 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. უფრო კონკრეტულად კი, 2020 წელს ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი სულ 1.85 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 პროცენტით ნაკლები იყო. დეკემბრის დასაწყისში ფიზიკური პირების სასესხო პორტფელი 18.6 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც მთლიანად საბანკო კრედიტების 51 პროცენტი იყო. ურიგო არ იქნება, ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელის სტრუქტურით დავინტერესდეთ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში კომერციულ ბანკებსა და ფიზიკურ პირებს შორის 3 მილიონი საკრედიტო ხელშეკრულება მოქმედებდა. მათ შორის: 1.3 მილიონი სამომხმარებლო სესხი; 112 ათასი იპოთეკური სესხი; 251 ათასი ე.წ. ბიზნეს-სესხი; 202 ათასი სალომბარდო სესხი და ბოლოს - 1.2 მილიონი სხვა დანიშნულების სესხები. ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებისთვის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12.34 პროცენტს შეადგენდა.

იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 1.28 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 8 პროცენტით აღემატებოდა 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს. იურიდიული პირების სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი კი 6.62 პროცენტი იყო. როგორც საბანკო სფეროს ექსპერტები განმარტავენ, კრედიტების სესხების განაკვეთებს შორის ასეთი სხვაობა, პირველ რიგში, კრედიტების განსხვავებული რისკიანობითა და სავალუტო შემადგენლობით არის განპირობებული.

საინტერესოა, როგორი იყო საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტი? ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.53 პროცენტი შეადგინა. მოგეხსენებათ, რომ ამ კონკრეტულ მაჩვენებელს მას შემდეგ ვაკვირდებით, რაც მთავრობამ სესხების ე.წ. ლარიზაციის პროგრამა დაამტკიცა. ეს 2017 წელს იყო და მაშინ სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ლარიზაციის პროგრამით ეროვნული ვალუტის კურსზე ზეწოლა შემცირდებოდა. დღეს ბევრი მათგანი უკვე აცხადებს, რომ ამ პროგრამამ ვერ გაამართლა და აუცილებელია, კრედიტები დოლარში ყოველგვარი ე.წ. ჩამკეტი შეზღუდვების გარეშე გაიცეს. რა არგუმენტი აქვთ? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. მათი შეფასებით, ბანკები დოლარში ძალიან ბევრ დეპოზიტს იღებენ, ვერ გასცემენ სესხს და უწევთ ამ თანხის ლარში დარეზერვება, რაც პრობლემაა. ბაზარი თავისუფალი უნდა იყოს და ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა კრედიტი მისთვის სასურველ ვალუტაში უნდა აიღოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში შემოვა დოლარი და ნაკლებ ტვირთად დააწვება ლარს.

ამ საკითხზე ეროვნულ ბანკში განსხვავებული პოზიციაა. კობა გვენეტაძე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას, რაც ლარიზაციის პროგრამის საფუძველია, დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ აუცილებელია ცვლილებების განხორციელება დროულად მოხდეს, რომ რთულ პირობებში სიტუაციასთან გამკლავება შევძლოთ. 

რა თქმა უნდა, საკრედიტო პორტფელის დახასიათება სრულყოფილი არ იქნება, თუ ორიოდე სიტყვა ვადაგადაცილებულ სესხებზე არ ვთქვით. მოგეხსენებათ, ეს მაჩვენებელი დიდწილად მსესხებელთა გადახდისუნარიანობის ინდიკატორია. ამ შემთხვევაში გასული წლის პირველი ათი თვის მონაცემებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ნოემბრის დასაწყისში საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ ჯამურად 570 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა თვის მაჩვენებელს 48 მილიონი ლარით აღემატებოდა. ამ ზრდის მიუხედავად საბანკო სექტორში ვადაგადაცილების მაჩვენებელი მაინც დაბალ ნიშნულზე - 1.54 პროცენტზე რჩება. თუმცა, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მომდევნო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზრდება. რატომ? ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხი საძებარი არ არის. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში ათასობით მოქალაქემ სამსახური დაკარგა და ათასობით მოქალაქეს შემოსავლები შეუმცირდა. ახლა ის დროა, როდესაც მსესხებელი იმაზე ფიქრობს და ზრუნავს, ბანკში კი არა, სახლში რა მიიტანოს. რამდენია საკრედიტო პორტფელის ჯამური მოცულობა? − სავარაუდოდ, დაინტერესდება მკითხველი და, რა გაეწყობა, სესხების თემატიკას მკითხველის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებით ამოვწურავ. კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობამ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში 37.36 მილიარდი ლარი შეადგინა.

ახლა საბანკო სექტორის არასაპროცენტო შემოსავლებს გადავხედოთ. ამ ჯგუფს განეკუთვნება საკომისიო გადასახადები, ჯარიმები და სხვ. ეს მაჩვენებელი ჯამურად 819 მილიონ ლარს, ანუ, 2019 წელთან შედარებით, 11 პროცენტით ნაკლებს შეადგენდა. საკომისიო გადასახადებიდან შემოსავალი საანგარიშო პერიოდში 293 მილიონი ლარი, ანუ, 2019 წელთან შედარებით, მთელი 20 პროცენტით ნაკლები იყო. საანგარიშო ერთი წლის განმავლობაში 46 პროცენტით შემცირდა და 35.8 მილიონ ლარს შეადგენდა შემოსავლები ჯარიმებიდან და საურავებიდან. რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს, ის დეკემბრის დასაწყისში 4.45 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წელთან შედარებით 30 პროცენტით მეტია. საბანკო სექტორს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდა. კერძოდ, დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 165 მილიონი ლარით არის გაზრდილი და უკვე 1 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო თავად ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი გაზრდილია 17 პროცენტით და 670 მილიონ ლარს აღწევს.

და, ბოლოს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის 1 დეკემბრისათვის 33.59 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მილიარდი ლარით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე), 2.21%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე. ლოგიკურია, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტითაც დავინტერესდეთ. გასული წლის დეკემბრის დამდეგს დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 38.03 პროცენტი შეადგინა. როგორი იყო საპროცენტო განაკვეთები? − ჩამეძიება მკითხველი და უპასუხოდ არც ამ კითხვას დავტოვებ. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.28 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.24 პროცენტი შეადგინა.

საინტერესოა, როგორ აფასებენ გასული წლის შედეგებს თავად საბანკო სექტორში? „საბანკო სისტემა ინტენსიურად მონაწილეობდა ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაში. ამ გეგმამ ლარიზაციის გაგრძელებას შეუწყო ხელი. იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ კი საკრედიტო პორტფელში დაახლოებით 650 მილიონი ლარი მოიზიდა. ლარის ლიკვიდობის ნაწილში დიდი მხარდაჭერა იყო მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან. საბანკო სისტემა მზად შევხვდა კრიზისს. მიმდინარე წელს ის მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რეაბილიტაციის პროცესს“, − განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. კრიზისის პერიოდში ეროვნული ბანკის როლზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად უჭერდა მხარს საბანკო სექტორს. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ კრიზისული მდგომარეობა მართოს. საბანკო სექტორი ოპტიმისტურად ვარაუდობს, რომ 2021 წელი გადალაგების პერიოდი იქნება. ხოლო 2022 წლიდან საბანკო სექტორი შეიძლება ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს.

ამასობაში საბანკო სექტორში სიახლეები დაანონსდა. კერძოდ, საქართველოში „ღია ბანკინგის“ პრინციპების ეტაპობრივი დანერგვა იწყება. გარდა ამისა, როგორც სამთავრობო პროგრამაში ვკითხულობთ, განიხილება ფიზიკური პირის გაკოტრების ინსტიტუტის შემოღების საკითხი. პერსონალური გაკოტრება პროცესია, რომლის დროსაც მოქალაქეს გაკოტრებულის სტატუსის მიღებით შეუძლია ვალაუვალობით გამოწვეულ პრობლემებს უპასუხოს. ამ ეტაპზე სულ ეს არის, უფრო დეტალურად უახლოეს მომავალში მოგახსენებთ.

 

1112
Туристические услуги и сервис - кризис в экономике

საქართველოში ტურისტების პირველი ჯგუფები, შესაძლოა, უკვე გაზაფხულზე შემოვიდნენ

28
(განახლებულია 20:42 22.01.2021)
ტურისტული სფერო ის დარგია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ძალიან დაზარალდა. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 90 პროცენტზე მეტით შემცირდა

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მომავალ კვირას ქვეყანაში შემოსვლის წესების ლიბერალიზაციაზე იმსჯელებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით 1 თებერვლიდან ზოგი რეგულაცია შემსუბუქდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველო რეგულარულ ავიამიმოსვლას 1 თებერვლიდან ყველა მიმართულებით აღადგენს.

თურნავას განცხადებით, რადგანაც ქვეყანაში ეტაპობრივად გაიხსნება ბიზნესი, ჩნდება შესაძლებლობა, ტურისტებსაც ვუმასპინძლოთ.

„ეს არ უნდა იყოს ერთიანი დარტყმა ჩვენი ეპიდვითარებისთვის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში უკვე ტემპს იკრებს ვაქცინაცია,  საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ვაქცინირებული ტურისტების მოგზაურობისა. ეს ადამიანები უფრო თამამად მოგზაურობენ.  აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტურისტების პირველი ჯგუფები ქვეყანაში გაზაფხულზე შემოვლენ“, — განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო ტურისტებს გახსნილ სასტუმროებსა და სარესტორნო ბიზნესს დაახვედრებს.

ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 მარტამდე გახანგრძლივდა

აღსანიშნავია, რომ ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ამიტომ ამ სფეროსა და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების დახმარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. 


 

28
კურორტი გოდერძი

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ

23
(განახლებულია 21:58 22.01.2021)
საქართველოს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით გრძელდება ხოლმე.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. კერძო სექტორის წარმომადგენლები მზად არიან, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს თავად შესთავაზონ გეგმა, თუ როგორ განაახლოს ბიზნესმა მუშაობა უსაფრთხოდ, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

დღეს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება  მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე ტურიზმის, მათ შორის, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა არ იგეგმება და არსებული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. 

ბიზნესმენები, პირველ რიგში, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნას ითხოვენ. მათი განცხადებით, ზამთრის კურორტები, სხვა კურორტებთან შედარებით, არათანაბარ პირობებშია. ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მზად არიან მთავრობის ყველა რეკომენდაციისა და რეგულაციის დაცვით მიიღონ დამსვენებლები.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და მესტიის სათხილამურო კურორტებზე სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, სასტუმროების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. 

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ამიტომ ამ სფეროსა და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების დახმარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. 

შეზღუდვების გამკაცრებასთან ერთად საქართველოს მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად ახალი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პირობებში ბიზნესსა და შეჭირვებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევს. 

მთავრობის მიერ შემუშავებული დახმარების პაკეტი ითვალისწინებს საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობას იმ სფეროებში დასაქმებული პირებისთვის, რომელთა საქმიანობაც იზღუდება დეკემბერი–იანვარში. ამასთან, გრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. 

ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად საშემოსავლო და ქონების გადასახადი ოთხი თვის ვადით ჰქონდათ გადავადებული, აღნიშნული ვადა 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდათ. 

გასულ სეზონზე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

23
ტოკიოს ოლიმპიადის ლოგოტიპი

კიდევ გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიადა: IOC-ი კომენტარს აკეთებს

0
(განახლებულია 22:27 22.01.2021)
IOC (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი), თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი და ტოკიოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოება უზრუნველყოს

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი ამ ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გადადებას ან გაუქმებას გამორიცხავს, მიუხედავად მედიაში გავრცელებული ხმებისა, ნათქვამია IPC-ის განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის ხელისუფლებამ თამაშების გაუქმების შესახებ შეუთანხმებელი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კონცენტრირდება. იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის მოადგილემ მანაბუ საკაიმ უარყო ეს ინფორმაცია.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), IPC, საორგანიზაციო კომიტეტი „ტოკიო 2020“ და ყველა პარტნიორი განწყობილია თამაშების წარმატებით ჩატარებაზე და ორიენტირებულია ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების უსაფრთხო და საიმედო ორგანიზებაზე. ეს პოზიცია არ შეცვლილა და დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა IOC-მა, „ტოკიო 2020-მა“ და იაპონიის მთავრობამ“, — ნათქვამია IPC -ის განცხადებაში.

თავის მხრივ, ოლიმპიური თამაშების მინისტრმა სეიკო ჰასიმოტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა, საორგანიზაციო კომიტეტი და ტოკიოს ხელისუფლება განაგრძობს სპორტული ფორუმისთვის მზადებას.

ამასთან, ზოგი მაღალი რანგის იაპონელი ჩინოვნიკი არ გამორიცხავს თამაშების გადადებას. ოსაკას პრეფექტურის გუბერნატორმა იოსიმურა ჰიროფუმიმ განაცხადა, რომ ოლიმპიადის გადადება არ სურთ, მაგრამ „გადატანა რეალურია“.

ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა