ნიკა შენგელია

ნიკა შენგელია: 2021 წლის მთავარი გამოწვევა ისევ ლარის კურსი და მაღალი ფასები იქნება

425
(განახლებულია 20:06 08.01.2021)
რითი დაგვამახსოვრა თავი 2020 წელმა და რა იქნება 2021 წლის მთავარი გამოწვევა – „Sputnik-საქართველოსთან“ ეკონომისტი ნიკა შენგელია საუბრობს.

- როგორ შეაფასებდით 2020 წელს?

- 2020-მა თავი, პირველ რიგში, ლარის კურსის მერყეობით დაგვამახსოვრა. ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პარალელურად დაიწყო. თუ მარტის დასაწყისში 1 დოლარის შეძენა 2,80 ლარად შეიძლებოდა, ორ კვირაში ლარმა 3,0-იან ნიშნულს გადააბიჯა. უკვე 27 მარტს კი ლარის ანტირეკორდი დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი 3,48 ნიშნულამდე მივიდა.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, გაზაფხულიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა რვა თვეში უკვე 25 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 843,2 მილიონი დოლარი გაყიდა. ამით მარეგულირებელმა ლარის კურსი წლის ბოლოსათვის 2.25–2.30 ფარგლებში შეინარჩუნა. 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე ქართული ლარი აშშ დოლარის მიმართ 14%-ით გაუფასურდა.

მთავრობამ შექმნილ კრიზისთან გასამკლავებლად დონორებისაგან 1,5 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აიღო, რომელსაც ძირითადად ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად იყენებს. ვალუტა ეროვნული ბანკის რეზერვებშია აკუმულირებული. სავალუტო ბაზარზე გაყიდული დოლარებისგან მიღებული ლარები კი სახელმწიფო ბიუჯეტს მიეწოდებოდა.

ეროვნული ბანკის რეზერვები წლის ბოლოსათვის 3,75 მლრდ დოლარამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს ეროვნულ ბანკს გააჩნია საკმარისი რესურსი ლარის კურსის მნიშვნელოვან დევალვაციასთან გასამკლავებლად.

ქვეყანა 2020 წლის ბოლოს ვალების მხრივ შემდეგი მაჩვენებლებით შეხვდა: 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თუ საქართველის შიდა და გარე ვალის თანაფარდობა მშპ-სთან მიმართებაში 41%-ს შეადგენდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 56%-ს მიუახლოვდა და 8,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან სამთავრობო სექტორზე მოდის 6,7 მილიარდი დოლარი, ხოლო დანარჩენი ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო კომპანიების ვალია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში მშპ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,6%-ით შემცირდა.

2020 წელს შემცირდა საგარეო ვაჭრობაც. იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,6%-ით არის შემცირებული. აქედან ექსპორტის მოცულობა შეგვიმცირდა 11,3%-ით, ხოლო იმპორტის – 15,9%-ით.

რაც შეეხება ინფლაციას, აქ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბრის მდგომარეობით 3,8%-ია, რაც თარგეთირებულთან მიახლოებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში პროდუქციაზე ფასები დაიწევს.

პანდემიიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა დასაქმების ბაზარიც. უმუშევრობასთან ერთად 2020 წელს გაკოტრებული კომპანიების რაოდენობაც გაიზარდა.

2020 წელმა ზემოაღნიშნულთან ერთად თავი ასევე დაგვამახსოვრა ე.წ. „ლოკდაუნებით“ და შეზღუდვებით. ეპიდემიის გამო ქვეყანა დიდი გამოწვევების წინშე დადგა. მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები კი ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის საკითხებში არცთუ ისეთი ეფექტური აღმოჩნდა – გაიზარდა ფასები საკვებ პროდუქტებზე. ყველამ, ვინც სამსახური დაკარგა, ვერ მიიღო 200-ლარიანი დახმარება 6 თვის მანძილზე და ა.შ. 

სამთავრობო გადაწყვეტილებებიდან პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალის მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით გამოქვეყნებული სხვადასხვა პროექტები – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დახმარების მოცულობის გაზრდა 600 მილიონ ლარამდე, ასევე საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელშიც 2020 წელს 330 მილიონ ლარამდე მოცულობის ბიუჯეტით წარდგა. მაგრამ სამწუხაროა, რომ აღნიშნული წამოწყება 2021 წელს მხოლოდ 50 მილიონიანი ბიუჯეტით ფინანსდება. ასევე აღსანიშნავია კომპანიების მხრიდან ზედმეტად გადახდილი დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების შემოღებაც.

ყველა ეს წამოწყება მისასალმებელია, თუმცა მეორე საკითხია – როგორ გაართმევენ ყველაფერ ამას პრაქტიკულად თავს. ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს კი უახლოეს 2-3 წელიწადში დავინახავთ.

- როგორი იქნება 2021 თქვენი პროგნოზით?

- 2021 წელს ისევ გამოწვევად დარჩება მაღალი ფასები, ლარის კურსი, უმუშევრობა და ნეპოტიზმი.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე სახელმწიფო ინსტიტუტები სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდებიან, გაგრძელდება ე.წ. „ლოკდაუნები“ და წერტილოვანი შეზღუდვები.

მარტის თვეში ველოდებით ინფლაციის მაჩვენებლის თარგეთირებულ სამიზნე მაჩვენებლამდე მიახლოებას (3%). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფასები პროდუქტებსა და მომსახურებაზე დაიკლებს.

მომავალ წელს ასევე მოიმატებს ფასები კომუნალურ გადასახადებზე. ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას კი პირველ და მეორე კვარტალში არ ველოდებით. საწვავზე პირველი და მეორე კვარტლის ჩათვლით შენარჩუნდება მაღალი ფასები. ვფიქრობთ, რომ 2021 წლის ზაფხულში ასევე ვერ შედგება ტურისტული სეზონი. ჩვენი პროგნოზებით 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 2-3 პროცენტის ფარგლებში გვექნება.

ნატა პატარაია

 

425
მადარინები

საქართველოდან ხუთ თვეში 17.3 მილიონი დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

32
წელს ქართული მანდარინი ექსპორტზე 14 ქვეყანაში გაიტანეს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, თურქმენეთი

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში 17.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 35.4 ათასი ტონა მანდარინი ექსპორტზე გაიტანეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან მიმდინარე წლის 17 იანვრამდე ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (16%) აღემატება 2019-2020 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, 2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (20.5 ათასი ტონა), სომხეთსა (7.6 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). ასევე, მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 40 ათას ტონას შეადგენს.

 

32
„ენგურჰესი“

ყველაზე მძლავრი სადგური „ენგურჰესი“ 20 იანვარს მუშაობას შეწყვეტს

41
(განახლებულია 18:00 18.01.2021)
„ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი დერივაციული გვირაბის დაგეგმილი რემონტის გამო 1 მაისამდე გამოირთვება.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის „ენგურჰესის გვირაბში სარემონტო სამუშაოები 20 იანვარს ღამის 12 საათზე დაიწყება, ნათქვამია კომპანია Engurhesi–ს განცხადებაში.

დერივაციური (ჰიდროტექნიკური) გვირაბის დაგეგმილი სამუშაოები 1 მაისამდე გაგრძელდება. ამის გამო „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი გამოირთვება.

„პროექტში თავიდანვე, 70-იანი წლებიდანვე ჩადებული იყო ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ენგურჰესის გვირაბის დაცლა, მდგომარეობის შეფასება, საჭირო და აუცილებელი სამუშაოების ჩატარება. ბოლო რემონტი 2006 წელს ჩატარდა, მას შემდეგ თითქმის 15 წელი გავიდა. 2018 წელს მოხდა გვირაბის ინსპექტირება, მოვნიშნეთ ადგილები, რომელთაც სჭირდებათ რემონტი და საიდანაც, სავარაუდოდ, ხდება წყლის გაჟონვა, რაც ელექტროენერგიის დანაკარგებს იწვევს", განაცხადა „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ.

მისი თქმით, ელექტროენერგიის ყოველწლიური დანაკარგი 200–250 მლნ კილოვატ საათს შეადგენს. რემონტის შედეგად დანაკარგი დაახლოებით 100 მილიონი კვტ/სთ–ით, ანუ 30–40%–ით შემცირდება.

საქართველოს ენერგეტიკაში უახლოეს წლებში 1,3 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება>>

ჰესის მუშაობის შეჩერების შესახებ კომენტარისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ენერგოსისტემას არ დააზარალებს, რადგან ამ პერიოდში სეზონური გამომუშავება მინიმალურია – დაახლოებით 500 მლნ კვტ–სთ.

როგორც უფრო ადრე Sputnik–საქართველოს ჰესის დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა, არის იმის ალბათობა, რომ, თუ სამუშაოები არ დაიწყება, მაშინ წყლის გაჟონვის გამო ჰესის მუშაობის შეჩერება დაუგეგმავად მოუწევთ.

გასული წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ „ენგურჰესის“ რემონტისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს 28 მლნ ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს. კრედიტი 15 წლის ვადით გაიცემა და აქედან 3,5 წელი შეღავათიანი პერიოდია.

კრედიტის საერთო თანხა, რომელსაც EBRD რემონტისთვის გამოყოფს, 100 მლნ დოლარს ჭარბობს, ამ თანხის დიდი ნაწილი სადგურის ჰიდროაგრეგატების რემონტსა და აღდგენას მოხმარდა.

„ენგურჰესი" 1961-1978 წლებში შენდებოდა. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, რომელიც ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

41
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
რეტრო კინოკამერა

40 წლის შემდეგ - ტელემაყურებლები სოსო ჩხაიძის ფილმ „შვიდკაცას“ ნახავენ

0
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ცნობილი ქართველი რეჟისორის, სოსო ჩხაიძის კინოფილმს აღადგენს

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. 40 წლის შემდეგ მაყურებლები ნახავენ სოსო ჩხაიძის მრავალსერიან მხატვრულ ფილმ „შვიდკაცას“, რომლის დასრულებაც კინორეჟისორს სიცოცხლეში არ დასცალდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 1987 წლებში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ეს პროექტი მიივიწყა. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.

„სამწუხაროდ, სოსო ჩხაიძეს არ დასცალდა ფილმის დასრულება, მაგრამ მან მოასწრო გადაღება, დამონტაჟება და გურიის ეპიზოდების ნაწილობრივი გახმოვანება. ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ფილმზე მუშაობა წელს საბოლოოდ დასრულდება და მაყურებელი იხილავს შვიდსერიან სატელევიზო მხატვრულ ფილმს“, - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმის დასრულებისთვის დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: არსებული მასალის აღდგენა, ხმის გაწმენდა, ფერთა კორექცია, დიალოგების ნაწილის ჩაწერა, მონტაჟის დასრულება, მიქსინგი, ტიტრებისა და სუბტიტრების დამზადება.

ქართველი სცენარისტი და რეჟისორი იოსებ ჩხაიძე 1937 წლის 18 მარტს დაიბადა თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1964-1969 წლებში სწავლობდა „ვგიკში“ გრიგორი ჩუხრაის სარეჟისორო სახელოსნოში. იგი არის შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ალბერტ შვეიცერის მედლის მფლობელი. სოსო ჩხაიძე 1992 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

0