ვირთხის ნაკბენი, ანუ ლარის ერთწლიანი თავგადასავალი...

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეკორდები და ანტირეკორდები, სავალუტო აუქციონზე გაყიდული 873.222 მილიონი ამერიკული დოლარი და 14 პროცენტით გაუფასურებული ლარი, მეოთხედით გაძვირებული ევრო და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ვალუტებთან დაკარგული პოზიციები...

სამსონ ხონელი

წამზომი ახალი წლის პირველ დღეებს ითვლის, ჩვენ კი ისევ ვირთხის ნაკვალევს მივუყვებით და გასული წლის შედეგებს ვაჯამებთ. ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ფულად გზავნილებზე უკვე მოგახსენეთ, გავიხსენე ტურიზმის, ავიაციის, სარესტორნო ბიზნესისა თუ სამშენებლო სფეროში და უძრავი ქონების ბაზარზე განვითარებული მოვლენები. გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ პროცესები COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში გავაანალიზე. ვფიქრობ, ურიგოდ არ გავრჯილვარ. თუმცა, გასული წლის შედეგების შეჯამება სრულყოფილი არ იქნება, თუ ეროვნული ვალუტის თავგადასავალი არ გიამბეთ.

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ დაუხვდა ბიზნესი წიქარას?.. ვირთხის ნაკვალევი ანუ 2020 წელი ციფრებში...

არაფერი საამაყო, ვერაფრით გაგვახარებ! - ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. 2020 წელს ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი რამდენჯერმე დაამყარა. მკითხველს შევახსენებ: თავისი არსებობის მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის და ევროს მიმართ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. კერძოდ, 1 ამერიკული დოლარისა და 1 ევროს ღირებულება პირველად სწორედ გასულ წელს გადასცდა, შესაბამისად, 3.00 და 4.00 ლარს. ეროვნული ვალუტის ერთი წლის აღმა-დაღმა სვლას თანმიმდევრულად მივყვეთ.

გასული წლის დასაწყისში 1 ამერიკული დოლარი 2.87 ლარი ღირდა და არაფერი მოასწავებდა, რომ ეროვნულ ვალუტას პერსპექტივაში უმძიმესი დღეები ელოდა. მეტიც, ლარის გაცვლითი კურსი, მართალია, ნელა, მაგრამ სტაბილურად მყარდებოდა. ფაქტია, რომ უკვე მარტის თვის პირველი დეკადის ბოლოს დოლარის ფასი 2.77 ლარამდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი კი ორი თეთრით ნაკლებია 26 თებერვლის, ანუ იმ დღის ფასთან შედარებით, როდესაც საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
კოვიდ-ეკონომიკა და ფულადი გზავნილები... 2020 წელი ციფრებში

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სწრაფი ტემპით გაუფასურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19-ის პანდემიის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე დაიწყო და ერთი კვირის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ მანამდე არსებული ყველა ანტირეკორდი მოხსნა. 1 ამერიკული დოლარის ფასმა 3.01 ლარს მიაღწია. ლარმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა და უკვე ათი დღის შემდეგ მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. 27 მარტს 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 3.48 ლარს გაუტოლდა. ერთი სიტყვით, ეროვნულმა ვალუტამ ფსკერზე დაშვება მაშინ დაიწყო, როდესაც ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯერ კიდევ წესრიგში იყო. რატომ? ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, მარტის თვეში ლარის სწრაფი გაუფასურება სავალუტო ბაზარზე არსებული პანიკის შედეგი იყო. გაურკვევლობა ერთ კვირაში დასრულდა და 32 თეთრით გაიაფებული დოლარის ფასი 3.16 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. მოვლენათა ამგვარი განვითარება პირველადი დასკვნის საფუძველს იძლევა. მართალია, ლარი 2015 წლის თებერვლიდან მოყოლებული ხან ნელი და ხანაც საშუალო ტემპით უფასურდებოდა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის შედეგად სავალუტო ბაზარზე გაურკვევლობით გამოწვეული პანიკა რომ არა, ეროვნული ვალუტა, სავარაუდოდ, რყევების პანდემიამდე არსებულ ამპლიტუდას შეინარჩუნებდა და, მაღალი ალბათობით, სამიან ნიშნულს არ გადასცდებოდა.

პარლამენტი მთავრობას უსმენს - Sputnik საქართველო
ძველი–ახალი მთავრობა და „ოცნების“ ეკონომიკის თავგადასავალი

გასული წლის პირველი ნახევრის მიწურულს მძიმედ სნეულმა ლარმა ხუთი დღით მოიხედა, ამერიკულ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 2.96 ლარამდე გამყარდა. ზაფხულის თვეებში კურსი საშუალოდ 2.95-3.05 ლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ეროვნულ ვალუტას მორიგი განსაცდელი მესამე კვარტალში ელოდა. შემოდგომაზე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად ამერიკული დოლარის ფასი ისევ საგრძნობლად გაიზარდა. თავად განსაჯეთ: თუ სექტემბრის პირველ დღეს ამერიკული დოლარი 3.08 ლარი ღირდა, უკვე ოცი დღის შემდეგ გაძვირდა და ღირებულებამ 3.28 ლარი შეადგინა. თორმეტპუნქტიანი ნახტომი კი 6 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც 1 ამერიკული დოლარის ფასი 3.40 ლარს გაუტოლდა. მეოთხე კვარტალში და წლის მიწურულსაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 3.27-3.35 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

ერთი სიტყვით, გასული წლის განმავლობაში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ სულ 14 პროცენტით გაუფასურდა. თუმცა დოლარი არ ყოფილა ის ერთადერთი უცხოური ვალუტა, რომელთანაც ლარმა პოზიციები დათმო. 25 პროცენტით გაძვირდა ევრო, ხოლო ბრიტანული ფუნტი − 17 პროცენტით. შესაძლოა, მკითხველს მოეხსენება, თუ არა და ის ახლა შეიტყობს, რომ ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს 43 ვალუტასთან ადგენს, ამ 43-დან 36-ის მიმართ ლარი გაუფასურდა. ჩამონათვალი ვრცელია, მათ შორის რეგიონის ქვეყნებიდან არის სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათიც. ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლთან, ბელარუსულ რუბლთან, უკრაინულ გრივნასთან, ყირგიზულ სომთან, ტაჯიკურ სომონთან და ბრაზილიურ რიალთან მიმართებაში...

თბილისის საახალწლო განათება - Sputnik საქართველო
ათი დღით ადრე, ანუ ლარის წინასაახალწლო განწყობა

კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე წლის შემაჯამებელ სტატიაში დავუბრუნდეთ კითხვას, რამ გამოიწვია ლარის ასეთი გაუფასურება? გლობალური პანდემია და ეკონომიკური რეცესია − შესაძლოა, ბრძანოს მკითხველმა. თუმცა ყურადღებას ერთ გარემოებას მივაპყრობ. COVID-19-ის პანდემია მსოფლიოშია და არა მხოლოდ ჩვენში. ევროპაში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი კი საქართველოს ანალოგიურ მონაცემს აჭარბებს. ასე რომ, ამ ორი არგუმენტით აპელირება დასმულ კითხვაზე პასუხს ვერ მოგვცემს.  

უნდა გავითვალისწინოთ, მკვეთრად შემცირდა შემოდინებები, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში. დანაკლისმა 3 მილიარდ დოლარს მიაღწია. გასულ წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 5.35-ჯერ, ხოლო ტურისტების რაოდენობა 7.06-ჯერ შემცირდა და გასული საუკუნის მიწურულის მაჩვენებელს დაუბრუნდა.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
მთავრობა გადადგა! მთავრობა ხალხს ანგარიშს აბარებს

მაკროეკონომიკურ პარამეტრებს შორის შედარებით უკეთესი ვითარებაა საგარეო ვაჭრობაში. მეტიც, თუ 2019 წლის 11 თვეში იმპორტის უფრო მეტად შემცირების ხარჯზე უარყოფითი სავაჭრო სალდო 5.141 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ის 4.170 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. სხვა საკითხია, რომ იმპორტის კლება განაპირობა არა მისი ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებამ, არამედ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებამ, რეექსპორტზე მოთხოვნის შემცირებამ და, რაც კიდევ უფრო არსებითია, ადგილობრივ ბაზარზე მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებამ.

არახალია, წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვივარაუდე, რომ თუ რადიკალურად არაფერი შეიცვლებოდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლის ბოლოს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდებოდა. სამწუხაროდ, პროგნოზი გამართლდა. თუ 2019 წლის სამ კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ სულ 946 მილიონი დოლარი შეადგინა, გასულ წელს ის 719 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო
მთავარი ბანკირის გეგმები... რა გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკში?

სამაგიეროდ, ფულადი გზავნილების მოცულობა ხომ გაიზარდა? − ჩამეძიება მკითხველი. რა გაეწყობა, დავადასტურებ, ნამდვილად ასეა. მეტიც, დავძენ, გასული წლის თერთმეტი თვის მონაცემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 125 მილიონი დოლარით გაიზარდა. თუმცა აქ მკითხველის ყურადღებას ექსპერტთა მოსაზრებაზე გავამახვილებ. კერძოდ, მათი შეფასებით, 2020 წელს ფულადი გზავნილების ნომინალური მოცულობის ზრდა არა ჩვენი ემიგრანტების განსაკუთრებული ეკონომიკური აქტიურობის, არამედ დიდწილად ამ ფულადი გზავნილების მთლიანად ოფიციალურ სისტემაში გადასვლის შედეგია. გასული წლის ბოლოს ვწერდი, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვის, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად ადრესატისთვის ნაღდი ფულის ნებისმიერი ფორმით მიწოდება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. სხვა გზა არ იყო – ნაღდი ფული ოფიციალურ გზავნილებში გადამისამართდა და რაკი ეროვნული ბანკის სტატისტიკა მხოლოდ ფულადი გზავნილების ოფიციალური სისტემების მონაცემებს მოიცავს, 2020 წლის სტატისტიკამ ასახა ფულადი გზავნილების ის მოცულობა, რაც წინა წლებში სტატისტიკის მიღმა რჩებოდა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
კრედიტის ფასი, ანუ ემუქრება თუ არა საქართველოს დეფოლტი?

ორიოდე სიტყვა ეროვნული ბანკის მისამართით უნდა ითქვას. მოგეხსენებათ, ლარის კურსისა და ფასების სტაბილურობაზე სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი. უნდა ითქვას, რომ ლარის გაუფასურების გამო ეროვნული ბანკის მისამართით კრიტიკა მთელი წლის განმავლობაში არ ცხრებოდა. ისმოდა მოსაზრებები, რომ კობა გვენეტაძის უწყება მის ხელთ არსებულ ბერკეტებს არაეფექტურად იყენებდა. ქვეყნის მთავარ ბანკირს საყვედურობდნენ, რომ სავალუტო ბაზარს დოლარი დაგვიანებით მიაწოდა. კრიტიკოსების აზრით, ინტერვენციები გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო და არა მაშინ, როცა ამერიკული დოლარის კურსი 3.50 ლარს გაუტოლდა.

ასეა თუ ისეა, სწორედ გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე გაყიდული თანხის მოცულობის ათწლიანი რეკორდი მოხსნა. როცა 22 ოქტომბერს სავალუტო ბაზარს მორიგი 40 მილიონი დოლარი მიაწოდა, უკვე მაშინ სავალუტო აუქციონებზე კობა გვენეტაძის უწყების მიერ გაყიდული თანხის ჯამურმა მოცულობამ 569.65 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 278.55 მილიონი დოლარით აღემატებოდა. ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის განმავლობაში სულ 877.222 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. მიუხედავად მოცულობითი ინტერვენციისა, ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურება ვერ მოხერხდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
ქამარმოჭერილი ბიზნესი და არაპროგნოზირებადი ეკონომიკა...

და, ბოლოს, გასული წლის მიწურულს ქვეყნის მთავარმა ბანკირმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ჩვენში თავისუფალი მცურავი კურსია, თანაც თავისუფალი ხელოვნური ჩარევებისგან. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მისი მიზანი ფასების სტაბილურობაზე ზრუნვაა. ამაშია საქმე! რა გინდა რომ ქნა, როცა მკაფიოდ ჩანს, რომ ფასების ზრდის, ცხოვრების გაძვირების მთავარი ფაქტორი, სხვა მრავალ „სიკეთესთან“ ერთად, გაუფასურებული ლარია?!.

 

ყველა ახალი ამბავი
0