საპარლამენტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

საპარლამენტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

35
(განახლებულია 13:22 29.12.2020)
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იანვრის ბიუჯეტი წინა წლის წლიური ბიუჯეტის 1/12 იქნება.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორშაბათს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს მხარი დაუჭირა.

დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იანვრის ბიუჯეტი წინა წლის წლიური ბიუჯეტის 1/12 იქნება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია 1 662,2 მლნ ლარით და განისაზღვრება 16 758,1 მლნ ლარის ოდენობით.

სახელწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებების მოცულობა, 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2 460,7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384,5 მლნ ლარს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)

  2020 2021
შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 18 420,3 16 758,1
საგადასახადო შემოსულობები  8 979,4 10 342,3
ასიგნებები 15 923,8 18 384,5

ხარჯების მოცულობა 221.9 მლნ ლარით იზრდება და 12 778,3 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის, 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც 2021 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენდა, პროექტის საბოლოო ვერსიაში მოსალოდნელი ზრდა 4,3%-ს შეადგენს.

35
დოლარები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წელს ვალუტა უკვე მეორედ გაყიდა

16
იანვარში ორ აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით უკვე 80 მილიონი დოლარი გაყიდა

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წელს მეორე სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3,2964 GEL/$1.

რეგულატორმა გასაყიდად გაიტანა 40 მილიონი დოლარი.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, 2021 წელს - ორი. გასულ წელს რეგულატორმა მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა, წელს კი უკვე 80 მილიონი.

 

ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

ეროვნულმა ბანკმა 28 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3,2969 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

მანამდე სებ–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად — მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ცდება, სებ–ი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ინტერვენციებისთვის ასევე გამოიყენებს ვალუტას რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღო კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის შედეგების დასაძლევად.

16
პური

თბილისში პურის ახალი ქარხანა შენდება

45
(განახლებულია 16:58 27.01.2021)
საწარმოს პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე გავა, პირველ რიგში, აზერბაიჯანში, შემდგომში კი, შესაძლოა, რუსეთშიც.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ფასტფუდის რესტორნების ქსელი თბილისში პურის ახალ ქარხანას აშენებს, განაცხადა ქართველმა ბიზნესმენმა, კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ.

როგორც ჭყონიამ ტელეარხ Formula-ს ეთერში განაცხადა, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში სპეციალურად „მაკდონალდსისთვის“ ულტრათანამედროვე პურის ქარხანა გაიხსნება, რომელიც მსოფლიოში მეოთხე იქნება იმ რეცეპტებითა და ტექნოლოგიებით, რომლებსაც ისინი საქართველოში ნერგავენ. ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 6 მლნ ევროს შეადგენს.

მისი თქმით, პროდუქციას ექსპორტზეც გაიტანენ.

ესაა საექსპორტო პროდუქცია, რომელიც უნდა მივაწოდოთ აზერბაიჯანს, სადაც 22 რესტორანია და, შესაძლოა, სამხრეთ რუსეთშიც გავიტანოთ, აღნიშნა ჭყონიამ.

ჭყონიამ McDonald's-ის ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი 1990-იან წლებში გახსნა. ამჟამად საქართველოში McDonald's-ის სწრაფი კვების რამდენიმე რესტორანი მუშაობს. ამას გარდა ბიზნესმენი ფლობს Coca-Cola-ს ქარხანას და სხვა საწარმოებს საქართველოში.

45
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთიდან საქართველოში: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში ელოდებიან

0
საქართველოში 27-28 იანვარს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფის ვიზიტი იგეგმება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ერევნიდან ესტუმრება. ის უკვე იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

თავისი რეგიონული ტურნე მოჰამად ჯავად ზარიფმა აზერბაიჯანში ვიზიტით დაიწყო, დღეს კი სომხეთს ესტუმრა. ტურნეს დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გეგმავს ვიზიტს ქვეყნებში, რომლებთანაც მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარების საქმესა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხზე შესაძლებელია თანამშრომლობა.

რაც შეეხება საქართველოს, ვიზიტისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის პირველ პირებთან - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. შეხვედრა დაიგეგმა ასევე მინისტრის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან. თუმცა სამშაბათს გაირკვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რას უნდა ველოდოთ?

პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძის თქმით, მოჰამად ჯავად ზარიფის საქართველოში ვიზიტი შედგება ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის დათბობის ფონზე. პოლიტოლოგის აზრით, თეთრ სახლში ჯო ბაიდენის მოსვლით ირანისადმი დამოკიდებულება გადაიხედება.

„როგორც მოგეხსენებათ, ბაიდენმა უკვე მოუხსნა შეზღუდვები მოგზაურებს ზოგიერთი ქვეყნიდან, მათ შორის, ირანიდან. ასევე ცნობილია, რომ ტრამპი გამოვიდა ირანული შეთანხმებიდან, რაც ბევრისთვის არასასიამოვნო იყო. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ამ მიმართულებით დათბობა დაიწყება. შესაბამისად, ირანმა ეს მშვენივრად იცის და აპირებს მაქსიმალური მოგების მიღებას“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, აქტუალური იქნება კავკასიის რეგიონული დღის წესრიგიც.

„ნათელია, რომ თურქეთს აქ ხუთეულის ლიგის, რეალურად თავისი პლატფორმის შექმნა უნდა, სადაც რუსეთის ფედერაციასთან ერთად წამყვან ძალად ჩამოყალიბდება. როგორც ჩანს, ირანსაც არ სურს ჩამორჩეს მოვლენებს და პროცესში ჩართვის სურვილი აქვს. როგორც უნდა იყოს, სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთის იმპერია, ოსმანთა იმპერია და სპარსეთის იმპერია. როგორც ჩანს, ახლა ასეთივე ფორმულაში აღმოვჩნდით“, - განაცხადა სიხარულიძემ.

პოლიტოლოგის აზრით, დასავლეთისა და ირანის ურთიერთობის დათბობა საქართველოსთვის ხელსაყრელია.

„საქართველოს შეუძლია ირანთან უფრო ღიად თანამშრომლობა იმ მიმართულებებით, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია - ესაა იმპორტი, ენერგეტიკული საკითხები. ანუ ყველაფერი, რამაც შეიძლება შეამციროს საქართველოზე თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციის ზეწოლა. ამიტომ ეს ძალიან სასარგებლოა“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

სავაჭრო ურთიერთობები

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 2020 წელს 71,2%-ით შემცირდა და 74,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ასეთია „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემები.

2019 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 187,1 მილიონი დოლარი შეადგინა. 2020 წელს საქართველოდან ირანში 29,1 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც დაახლოებით 60%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.

ირანიდან საქართველოში კი 76%-ით ნაკლები პროდუქცია შემოვიდა, ვიდრე 2019 წელს - სულ 45,2 მლნ დოლარის ღირებულების.

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს ირანიდან საქართველოს 141 997 ირანის მოქალაქე ესტუმრა. ერთი ვიზიტის ხარჯი დაახლოებით 600 დოლარია.

მთლიანობაში 2019 წელს ირანის მოქალაქეთა ტურისტულმა ხარჯმა შეადგინა 160,7 მილიონი ლარი.

2020 წელს საქართველოში ჩამოსულ ირანელთა რაოდენობა 88%-ით შემცირდა და 17 053 ადამიანი შეადგინა.

დიპლომატიური ურთიერთობა

საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.

ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი, მაგალითად, პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი, რომელიც არსებითად უწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

გარდა ამისა, საქართველო და ირანი თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო უწყებების დონეზე.

ირანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა 2014 წლიდან იოსებ ჩახვაშვილს უკავია. ხოლო საქართველოში ირანის დიპლომატიურ უწყებას 2013 წლიდან აბას თალები-ფარი ხელმძღვანელობს.

0